მთავარი » სხვადასხვა

სამედიცინო ტერმინთა მართლწერის საკითხები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.09.2017 | 2,326 ნახვა

მედიცინა ყოველი ჩვენგანი პოტენციური პაციენტია, ავადმყოფობა და მკურნალობა ჩვენი ყოველდღიური რეალობაა და ბევრი სამედიცინო ტერმინი ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. მათგან ზოგიერთს დაუდევრობით ყოველდღიურად ვამახინჯებთ, რითაც გზას ვუკაფავთ და ვამკვიდრებთ შეცდომებს. გთავაზობთ ამ შეცდომების ტიპობრივ ნიმუშებს.

ყველაზე ხშირია და ხმოვანთა ურთიერთმონაცვლეობა: კარდიოლოგიის ნაცვლად კარდეოლოგია, გინეკოლოგიის ნაცვლად გენიკოლოგია ან გინიკოლოგია, მენინგიტის ნაცვლად მინინგიტი, ციროზის ნაცვლად ცეროზი, დეზინფექციის ნაცვლად დიზინფექცია, დიფთერიტის ნაცვლად დიფთირიტი, დიზენტერიის ნაცვლად დეზინტერია ან დიზინტერია, ბიულეტენის ნაცვლად ბიულეტინი, პანკრეასის ნაცვლად პანკრიასი.

ამას გარდა, თითო-ოროლა შემთხვევაში ხმოვანს აკლებენ ან უმატებენ. ამის მაგალითია ამ ბოლო წლებში გავრცელებული პლაკატი, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით დაიბეჭა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზედაც კი იყო გაკრული: მოსახლეობას სთავაზობდნენ პოლიომიელიტის საწინააღმდეგო აცრას, ოღონდ დაავადების სახელი პოლიომელიტის სახით იყო წარმოდგენილი. ეს შეცდომა რომ შემთხვევითი არ იყო, ამაზე მეტყველებს იმავე პერიოდის გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიები, რომელთა ტექსტშიც და სათაურშიც შეცდომა (ხმოვნის დაკლება) მეორდება.

სამაგიეროდ, ზოგჯერ ხმოვანს ზედმეტად ხმარობენ, ამის ნიმუშია ტუბერკულიოზი ნაცვლად ტუბერკულოზისა.

გვხვდება ვმ თანხმოვანთა უკუმიმდევრობა, კერძოდ, ტრამვა – ნაცვლად ტრავმისა.

ყველა ეს შეცდომა ორთოგრაფიული ხასიათისაა. ჩვენ მიერ განხილული შეცდომები მხოლოდ სამედიცინო ტერმინებში გვხვდება და ამ შეცდომების გამოსწორებაში გადამწყვეტი სიტყვა, უწინარეს ყოვლისა, თვით მედიცინის მუშაკებს ეკუთვნით.

სამედიცინო ტერმინთა ხმარებისას ხშირად მოგვდის ორთოგრაფიული შეცდომები. მათი სწორი ფორმებია:

მენინგიტი; გინეკოლოგია; ბიულეტენი

დიზენტერია; დეზინფექცია, დიფთერიტი; პანკრეასი

ციროზი; კარდიოლოგი(ა)

პოლიომიელიტი; ტუბერკულოზი.

მოამზადა ტყებუჩავა ანამ

წყარო: აფრიდონიძე, შუქია. ჩვენი ენა ქართული. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2009, გვ. 165-166.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.