მთავარი » საზოგადოება

“ჩვენს პრობლემებს არც ერთი ტელევიზია არ აშუქებს”…

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.06.2010 2 კომენტარი | 2,254 ნახვა

სამცხე-ჯავახეთიმესხეთმა, როგორც წინააზიისა და დასავლეთ ევროპის დამაკავშირებელმა მხარემ, ყველაზე მეტი ჭირ-ვარამი გამოიარა. იგი მტრის დასახვედრად მუდამ სადარაჯოზე იდგა და უძველესი დროიდანვე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. სწორედ დღევანდელი მესხეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა ქართველ ტომთა პირველი გაერთიანება “დიაოხი”, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ქართული სახელმწიფოს წარმოქმნაში. ისტორიული მესხეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი დღეს თურქეთის სახელწიფოს საზღვრებშია.

სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთი რაიონია ნინოწმინდა (ყოფილი ბოგდანოვკა), რომელიც ჩვენი ქვეყნის უკიდურეს სამხრეთში ზღვის დონიდან 2040 მეტრზე მდებარეობს. მას განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნლობა აქვს ქრისტიანული საქართველოსთვის. ჩვენი წელთაღრიცხვის III საუკუნეში სომხეთიდან პირველად წმინდა ნინო სწორედ აქ შემოვიდა. რაიონის სახელწოდებაც მას უკავშირდება. წმინდანი თავდაპირველად ფარავნის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებულა, სადაც დღეს სოფელი ფოკა მდებარეობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია XIII-XIV საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ნიმუში – ფოკის დედათა მონასტერი.

მიუხედავად ასეთი ისტორიული მნიშვნელობისა, როგორც ჩანს, ნინოწმინდას სათანადო ყურადღება არ ექცევა. დღეს რაიონის მხოლოდ 1, 39 %-ს შეადგენენ ქართველები, სომხები – 95, 78%-ს, აზერბაიჯანელები და ბერძნები – 0,01%-ს, 40%-მდე – აჭარისა და სვანეთის მაღალმთიანი რეგიონებიდან გადმოსახლებულები, 2, 75% კი – რუსები, უმრავლესობა დუხობორები, რელიგიური დისიდენტები არიან, რომლებიც ნინოწმინდაში XIX საუკუნის შუა პერიოდში დამკვიდრდნენ. ეროვნულ უმცირესობაში მოქცეული ქართველები კი საკუთარ მიწა-წყალზე თავს დაჩაგრულად გრძნობენ, არ გააჩნიათ ნორმალური საცხოვრებელი პირობები და ზეწოლას განიცდიან სხვა ერების წარმომადგენლების მიერ. იქმნება საფრთხე, ნინოწმინდა ქართველების გარეშე დარჩეს…

ინტერნეტ-ჟურნალი “ამბიონი” ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკაში მცხოვრებ ქართველებს გაესაუბრა და სცადა, ის მთავარი პრობლემები წარმოეჩინა, რაც მათ დღეს ყველაზე მეტად აწუხებთ.

თამარ წიკლაური (დაწყებითი კლასების პედაგოგი) : “ქართველები გორელოვკაში ცოტანი, თან ახალი დამკვიდრებულები ვართ და რაც ყველაზე საწყენია – ძალიან დაჩაგრულები. ჩვენთან, ძირითადად, აჭარიდან ჩამოსახლებული მუსლიმანები ცხოვრობენ. ყველანაირად გვიჭირს. მარტო ჩამოგვასახლეს და ამით მორჩა, მიგვანებეს თავი, არც მიწები გვაქვს, არც საცხოვრებელი პირობები. ისეთ სიტუაციას გვიქმნიან, რომ ბევრი ჩამოსული უკან მიდის. დიდ პრობლემას წარმოადგენს ქართული სკოლის უქონლობა. ელემენტარულად შენობა არ გვაქვს, რომ სკოლა მოვაწყოთ. რუსული სკოლის შენობაში ვართ და ხან რა პრობლემას ვაწყდებით და ხან – რას. ყველაზე აუცილებელი სკოლისა და მიწების საკითხია მოსაგვარებელი. დასაქმების ერთადერთი საშუალება ჩვენთან სკოლაა. საგზაო პროექტი განხორციელდა, მაგრამ ვერ დასაქმდა ჩვენი გაჭირვებული ჩამოსახლებული ხალხი, ძირითადად მოსახლეობას პრეტენზია აქვს მიწებზე. მიწა თუ ყველას ექნება, დასაქმების პრობლემაც შედარებით მოიხსნება. უმეტესად ქართველები აქ იმის იმედით ბრუნდებიან, რომ საქონელი და მიწა ექნებათ და თავს ასე გაიტანენ. ამასთან ერთად, წყლის პრობლემაც გვაქვს. ცუდი მდგომარებაა იმ მხრივაც, რომ აქ დამკვიდრებული მოსახლეობის ნაწილი ჩვენს მიმართ აგრესიულადაა განწყობილი. მათ არ უნდათ მიწების გაყოფა და ყველანაირად ცდილობენ, აქედან გაგვაქციონ”.

ნესტან მახარაშვილი (ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი) : “ყოველთვის ვცდილობთ, თბილისში განვითარებულ მოვლენებს თვალყური მივადევნოთ. გვაქვს მიმოსვლის საშულება, ზოგჯერ ჩამოვდივართ და აქ ჩამოგვაქვს ინფორმაცია, თუ ამის საშულება არაა, ინტერნეტისა და ტელევიზიის საშულებით ვიგებთ სიახლეებს. თუმცა თბილისში არსებული მედიასაშუალებებისაგან იმავე ყურადღებას ვერ ვგრძნობთ. ჩვენს პრობლემებს არც ერთი ტელევიზია არ აშუქებს.

დიდი პრობლემაა სარწმუნოების მხრივაც. ეკლესია არ გვაქვს. რაიონში ერთადერთი დედათა მონასტერია. იქ სამლოცველო ააშენეს, სადაც ქართველები შევდივართ და ვლოცულობთ-ხოლმე. ეს ძირითადად შაბათ-კვირას ხდება. მოძღვრები ამოდიან და წირვა-ლოცვას ატარებენ. მიუხედავად სირთულეებისა, ჯერ-ჯერობით მაინც ვახერხებთ შეძლებისდაგვარად ეკლესიურ ცხოვრებას. აქ მყოფი მოსახლეობა ადრე ქართველებს თურმე უშლიდა ეკლესიაში სიარულს, ლოცვას, თუმცა დღეს სიტუაცია შედარებით გამოსწორდა ამ მხრივ. ახლა, პირიქით, ჩვენ ვეუბნებით, რომ გამოგვყვნენ და ერთად ვილოცოთ. ნელ-ნელა ვცდილობთ, რომ მეგობრული ურთიერთობა დავამყაროთ მათთან. ამას ჩვენ ვცილობთ, თორემ, სამწუხაროდ, ისინი – არა”.

ყოველივე ამის მიუხედავად, ასინი არსად წასვლას არ აპირებენ და თამამად აცხადებენ: “ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ მიზანს მივაღწიოთ და მშობლიური მიწა-წყალი არ მივატოვოთ”.

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • ნაtია says:

    ამ ხალხს ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ და დავეხმაროთ. ისინი თავიანთი მდგომარეობით, ბრძოლის ხაზზე დგანან.სამწუხაროდ ხელისუფლებას ეს ადამიანები არჩევნების წინაც არ ახსენდება მგონი.ან კიდევ თუ გაიხსენა, იქ მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებს დაიცავს რადგან მათი მხარდაჭერა მოიპოვოს და შევიწროებული ქართველები საკუთარ მიწა–წყალზე დაუცველები და დაჩაგრულები არიან.(((

  • ლაზი says:

    ნინოწმინდაში და სამხრეთ საქართველოს სხვა რეგიონებში სადაც ქართული მოსახლეობა ან არ არის ან უკიდურესად უმცირესობაშია რა ხანია უკვე ქართული კულტურის და გარემოს შენარჩუნების საკითხი უმწვავესად დგას და ეს ამ სტატიიდანაც კარგად იგრძნობა. რაც რა თქმა უნდა ისტორიული უსამართლობა და ქართული კულტურის კიდევ ერთი კრახი იქნება, რაც თავის დროზე ჩვენი მტრების მიერ არის შეგნებულად მოწყობილი. ყველამ კარგად ვიცით რომ ჩვენი მთავრობა ნაცვლად იმისა რომ თვალის ჩინივით უფრთხილდებოდეს იქაურ ქართულ მოსახლეობას აინუნშიც არ აგდებს, როგორც სხვა უამრავ ეროვნულ საკითხს. მაგრამ ის რომ მხოლოდ სიმართლის აღნიშვნით შემოვიფარგლოთ რაღაც ძალიან მცირედად მეჩვენება. იქნებ ვინმემ თქვას რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ ან თითოეულმა ქართველმა ამ პრობლემის მისახედად?

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი