მთავარი » საზოგადოება

“სამართლიანობის აღდგენა თუ კრიმინალის წახალისება?”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.02.2013 | 1,875 ნახვა

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ახალმა პარლამენტმა, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, პატიმართა და პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების მიზნითა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, ამნისტია სახელმწიფოს მიერ კრიმინოგენული სიტუაციის კონტროლისა და პრევენციის სათანადო მექანიზმების არსებობის პირობებში, ფართომასშტაბიანი ამნისტიის შესახებ კანონპროეტი მიიღო.

ამ კანონპროექტის მეშვეობით ათასობით ადამიანი შეიწყალეს: პოლიტპატიმრები, სხვადასხვა დანაშაულისთვის დაპატიმრებული ადამიანები და ე.წ. კანონიერი ქურდები.

რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, ამნისტიის კანონს “ნაციონალური მოძრაობა” მოსახლეობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებს.

რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა ამნისტიამ? რამდენად უკავშირდება იგი ქვეყანაში დანაშაულის ზრდას? ამ და სხვა თემებზე “ამბიონს” ესაუბრება ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში და სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ფსიქოლოგიის პედაგოგი.

– როგორ შეაფასებთ იმ ფართომასშტაბიან ამნისტიას, რომელიც განხორციელდა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ?

ბესო ალადაშვილი (ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში): “ამნისტია, ზოგადად, არის ფართოდ გავრცელებული მოვლენა, რომელსაც ძალიან ბევრი ქვეყნის ხელისუფლება მიმართავს, მაგრამ, წესისამებრ, ეს ხდება გარკვეულ თარიღებთან თუ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით – პრეზიდენტის არჩევა იქნება თუ პარლამენტის, როგორც ამჯერად მოხდა. ხშირად ამას აქვს პოპულისტური დანიშნულება. მაგრამ არის მეორე გარემოება, როდესაც ამნისტიას მოითხოვს გარდაუვალი აუცილებლობა, თუ დავრწმუნდებით, რომ ეს ადამიანი დაპატიმრებული იყო უსამართლოდ, ან სასჯელის მოხდის პროცესში მასზე ხორციელდებოდა ყველა საერთაშორისო ნორმით აკრძალული ზემოქმედება – ფსიქოლოგიური, ფიზიკური, მორალური თუ სხვა. ნებისმიერ ხელისუფლებას, ახალსა თუ ძველს, უნდა ჰქონდეს შეგრძნება და მოვალეობა იმისა, რომ ეს ადამიანები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ, ან შეუმსუბუქდეთ სასჯელი, ან გადაიხედოს მათი საქმე.

ჩვენს შემთხვევაში, განსაკუთრებით პოლიტპატიმრების საქმეში, ადგილი ჰქონდა მეორე გარემოებას.
რაც შეეხება ჯაშუშობის მუხლით გასამართლებულ პირებს, მინდა პირდაპირ ვთქვა, არც ერთ საქმეზე წარმოდგენილი არ იყო მტკიცებულებათა ის წყება, რომელიც ცალსახად დაგვიდასტურებს, რომ ამ ადამიანებს ჩადენილი აქვთ (314 მუხლით გათვალისწინებული) ჯაშუშობის დანაშაული. არ ვიცი, ეს იყო არაპროფესიონალიზმის ბრალი თუ ხალხი იმდენად უდანაშაულო გახლდათ, რომ ვერ შეუქმნეს ხელოვნურად ეს მტკიცებულებები.

გარდა ამისა, ამნისტია შეეხო ისეთ ადამიანებს, ვინც სასჯელს იხდიდა ბიზნეს ინტერესებისა თუ გარკვეული პოლიტიკური შეხედულებების გამო და სხვა”.

– გარდა პოლიტპატიმრებისა და სხვადასხვა ინტერესის გამო დაკავებული ადამიანებისა, ამნისტია შეეხო ძალიან ბევრ მსჯავრდებულს. რას გვეტყვით ამის შესახებ, რამდენად სწორი იყო მთავრობის გადაწყვეტილება?

რა თქმა უნდა, გათავისუფლდა ძალიან ბევრი პატიმარი და ვფიქრობ, ესეც იყო ობიექტური გადაწყვეტილება, ჩვენ ხომ ვიცით, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე ოპერატიული მუშაობის დროს, სასამართლო ხელისუფლება თუ აღმასრულებელი, იგივე იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის ჩარჩოებში ვერ ჯდებოდა. პირველ რიგში, სასჯელის შეკრებითობის პრინციპმა მიგვიყვანა აბსურდამდე და ამიტომ ნებისმიერი პიროვნების დასჯა ახალი შესწორებით ხდებოდა ასტრონომიული წლების მისჯით. საზოგადოების ფართო მასები, თუნდაც მცირე დანაშაულისთვის, ისჯებოდა არაადეკვატურად. სწორედ ამან განაპირობა ასეთი ფართომასშტაბიანი ამნისტია.

მაგრამ ზოგადად რომ ვთქვათ, რაც უფრო დემოკრატიულია ქვეყანა, იქ ამნისტიის საჭიროება არ უნდა იყოს. კანონი უნდა იდგეს თავის სიმაღლეზე და იყოს ისეთი გამართული, რომ სასჯელი სრულად შეესაბამებოდეს დანაშაულის სიმძიმეს. ამ შემთხვევაში, გამონაკლისების გარდა, მასშტაბური ამნისტიის საჭიროება აღარ იქნება. ამნისტია ნიშნავს, რომ ხელისუფლება აღიარებს საკუთარ დანაშაულს. ამ შემთხვევაში “ქართულმა ოცნებამ” აღიარა არა თავისი დანაშაული, არამედ შეეცადა გამოესწორებინა წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაული იმ ათასობით პატიმრის წინაშე, რომლებიც უკანონოდ გაუსაძლის პირობებში იხდიდნენ სასჯელს.

– არჩევნების შემდეგ ქვეყანაში, გარკვეულწილად, გაიზარდა დანაშაულის ფაქტები, რაც დეკემბრის თვეში თავად შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმაც დაადასტურა. დღეს საზოგადოება შიშობს, რომ ეს ფართომასშტაბიანი ამნისტია, რომელიც ხორციელდება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კავშირშია კრიმინალის მომძლავრებასთან. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს საპარლამენტო ოპოზიციაში მყოფი ნაციონალური მოძრაობა და პრეზიდენტი. როგორია თქვენი, როგორც ექსპერტის პოზიცია ამ საკითხზე?

ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, სერიოზული ეჭვი არსებობს, რომ სტატისტიკური მონაცემები წინა ხელისუფლების დროს არ შეესაბამებოდა რეალობას და აქედან გამომდინარე, არ გვაქვს საშუალება, მოხდეს შედარება წინა წლების სტატისტიკური მონაცემებისა ამჟამინდელ მდგომარეობასთან.

ასევე, ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ გასულ წლებში თითქმის ყველა მედიასაშუალება და განსაკუთრებით ტელევიზიები ხელისუფლების კონტროლის ქვეშ იყო და ფაქტობრივად, დანაშაულის გაშუქება არ ხდებოდა, თუ არ ჩავთვლით ისეთ რეზონანსულ დანაშაულებს, როგორიცაა ზურაბ ჟვანიას, გურამ შარაძის, გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის მკვლელობა, იგივე 26 მაისს მეტროს თავზე აღმოჩენილი გვამების საქმეს და სხვა.

ამ დანაშაულებს ვერანაირად ვერ დამალავდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია ისეთი შემთხვევა, რომელსაც ასეთი რეზონანსი არ ჰქონდა და საზოგადოებამ ვერაფერი გაიგო.

რაც შეეხება ამინისტირებულთა კავშირს დანაშაულის ზრდასთან, გათავისუფლდა 5000 -ზე მეტი პატიმარი, რა თქმა უნდა, აქედან ყველა “ანგელოზი” არ იქნება და შეიძლება რაღაც ნაწილი ყოფილი პატიმრებისა დაუბრუნდეს თავის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ არა საგანგაშო რაოდენობა.

დეკანოზი დავით (ციცქიშვილი): “ამნისტია რომ განხორციელდა, თავისთავად, დადებითი ფაქტია, მაგრამ სანამ პატიმარს გაათავისუფლებ, საჭიროა დადო გარკვეული ფსიქოლოგისა და სულიერი მოძღვრის დასკვნა პატიმრის მდგომარეობაზე, რამდენად აქვს გააზრებული თავისი დანაშაული და რამდენად ინანიებს მას.

ეკლესიური კუთხით, ციხე არის დიდი სკოლა ღმერთთან დაახლოების, საკუთარ თავში ჩახედვისა და ბევრი რაღაცის გაანალიზების. ზოგი პატიმარი სასიკეთოდ იყენებს ამ გარემოს და ცდილობს, გახდეს უკეთესი და ჭეშმარიტად მოინანიოს თავისი დანაშაული როგორც კანონის, ისე ღვთის წინაშე, ხოლო ზოგთან არ ხდება ეს გარდატეხა. ამიტომ კარგი იქნებოდა, რომ ამ კუთხითაც შეფასებულიყო თითოეული პატიმრის მდგომარეობა. თუმცა კიდევ ვიმეორებ, ღმერთი მოწყალეა, ის ყოველთვის გვპატიობს ჩვენს შეცდომებს, თუ მას გულწრფელად ვინანიებთ და აქედან გამომდინარე, მეც მივესალმები ამ ფართომასშტაბიან ამნისტიას.

პატიმრის გათავისუფლების შემდგომ კარგი იქნება, თუ იზრუნებენ საზოგადოებაში მათ ინტეგრაციაზე, მაგ.: თუ მოხდება ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, მოძღვრების ჩარევა, მათ დასაქმებაში ხელშეწყობა და ა.შ.

აი, მაგალითად, ნარკომანების შემთხვევაში არის ერთი ასეთი თერაპიული მეთოდი, რომელშიც ყოფილი ნარკომანია ჩართული და რაც ეხმარება მას ამ სენისა და პრობლემების დაძლევაში. შეიძლება ამგვარი მეთოდი გამოიყენონ პატიმრებთან მიმართებაშიც და ჩართონ ყოფილი პატიმრები, რომლებიც დახმარებას გაუწევენ ახლადგათავისუფლებულებს.

როდესაც ამ მასშტაბის ამნისტია ხორციელდება, შესაძლებელია დანაშაულმაც იმატოს, მაგრამ მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვიტავს.

ბევრ პატიმარს უთქვამს ჩემთვის, რომ მე ვერ შევიცვლებოდი და ვერ გადავაფასებდი ბევრ რაღაცას, ციხე რომ არ ყოფილიყოო. მაგრამ, სამწუხაროდ, არიან ისეთებიც, რომლებიც კვლავ უბრუნდებიან დანაშაულებრივ ცხოვრებას. თუმცა, ზოგადად, შეწყალება მაინც სწორი და გამართლებული გადაწყვეტილებაა, მიუხედავად მისი უარყოფითი მხარეებისა”.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი