მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (28.02.2023)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.03.2023 | 100,390 ნახვა

28 თებერვალს, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა და პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).

“გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

როგორც იცით, ყოველდღიურად და ყოველ საეკლესიო მსახურებაზე იკითხება წმინდა ეფრემ ასურის ლოცვა, რომლითაც წმინდა ეკლესია დაგვმოძღვრავს და გვასწავლის, რა არის უმთავრესი ცოდვა, რომელიც ხელს გვიშლის ღმერთთან დაახლოებაში, ჩვენს სულიერ ცხოვრებაში, ჩვენს გამოსწორებაში, მადლის მოხვეჭაში.

წმინდა ეფრემ ასური ჩამოთვლის ამ ცოდვებს. ეს ცოდვებია: სული უქმობისა, სული მოწყინებისა, სული მთავრობის მოყვარებისა და ცუდად მეტყველებისა.

მესამე თხოვნაში იგი ევედრება უფალს, რომ აშოროს მთავრობის მოყვარება. რა არის ეს მთავრობის მოყვარება, როგორი ვნებაა? ის დაკავშირებულია და გამოვლინებაა ჩვენი დაცემული ბუნებისა და შეიძლება გამოვლინდეს ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. შეიძლება გამოვლინდეს ოჯახშიც, სამსახურშიც და ადამიანებთან ურთიერთობაში. ეს არის განწყობა, როდესაც ადამიანს სურს, დაიქვემდებაროს სხვა ადამიანები, რომ თვითონ იყოს უფროსი, სხვებს მოახვიოს თავისი გავლენა, იქონიოს ძალაუფლება და, საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ადამიანების მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება, როცა ჩვენ გვინდა, ყველა და ყველაფერი ჩვენს ინტერესებს დავუკავშიროთ.

რა თქმა უნდა, ეს ცოდვა დიდად ეწინააღმდეგება სახარებას, უფალ იესო ქრისტეს სწავლებას, რომელიც ხშირად ბრძანებდა: „თუ გინდა, პირველი იყო, იყავი, როგორც მსახური ადამიანთა…” და ,,უფალი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მისცემს მადლსა.“

ეს მთავრობის მოყვარება, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ჩვენს ამპარტავნებასთან. ამიტომ როდესაც გვინდება, სხვას ჭკუა ვასწავლოთ, ვამხილოთ, როცა არ გვეკითხებიან, რჩევები მივცეთ და ასე შემდეგ, აი, აქედან ჩანს, რომ ჩვენ ვართ შეპყრობილნი ამ მთავრობის მოყვარების ვნებით. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი ძალიან რთულად ასატანია სხვების მიერ, მაგრამ, რაც მთავარია, მასთან ვერ მიდის სულიწმიდის მადლი, იმიტომ რომ მხოლოდ სიმდაბლესთან მიდის სულიწმიდის მადლი. შესაბამისად, ის თავის ცოდვებსაც ვეღარ ებრძვის, ვეღარ ასწორებს და ღმერთს ვერ უახლოვდება.

ამიტომ არის, რომ ასე გულმოდგინედ ვევედრებით უფალს: ,,ღმერთო, მომაშორე ეს, ნუ მიმცემ მე სულსა მთავრობის მოყვარებისასა”. ღმერთმა ინებოს, რომ აი, ამ დიდ მარხვაში ჩვენ დავძლიოთ მთავრობის მოყვარეობის სული, ყოველგვარი სურვილი და მისწრაფება, რომ ვმბრძანებლობდეთ სხვა ადამიანებზე, იმდენად დამანგრეველია ადამიანის სულისთვის ეს ვნება. მაგრამ ვისაც მიეცა ღვთისგან პირველობა, მაღალი თანამდებობა, ეს დიდი საპასუხისმგებლო მდგომარეობა, მას უნდა ახსოვდეს, რომ მიზანი ამ დიდი მსახურებისა არის სწორედ მსახურება ადამიანისა და მსახურება ღვთისა, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნისამდე, ამინ.”




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი