მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (26.07.2020)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.07.2020 | 155 ნახვა

26 ივლისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მრევლს ქადგებით მიმართა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი).

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტემიერ საყვარელნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო, ჩვენ ყველანი ვემზადებით დიდი დღესასწაულისათვის, მომავალ კვირას საქართველოს ეკლესია აღნიშნავს უდიდესი წინასწარმეტყველის – ილია თეზბიტელის ხსენებას.

თქვენ იცით, ეს არის წმინდანი, რომელიც ცეცხლოვანი ეტლით იყო ცაში ატაცებული და საღვთო სწავლების მიხედვით, უფალი დააბრუნებს მას, როდესაც დედამიწაზე დაიწყება ყველაზე სატსიკი დევნა სარწმუნოებისა, ეს იქნება მეორედ მოსვლის წინა ჟამი, როდესაც ანტიქრისტე, ანუ ქრისტეს სახელით მოსული თვითმარქვია, დაუწყებს დევნას ჭეშმარიტ სარწმუნოებას. ილია თეზბიტელი, როგორც ცნობილი დამცველი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, მამხილებელი ცრუ მოძღვრებათა, კერპთთაყვანისმცემლობისა, შეებრძოლება ცრუ სწავლებებს და მოწამეობრივ აღსასრულს მიიღებს.

საქართველოს ეკლესიაში ყოველთვის იყო დიდი თაყვანისცემა ამ წმინდანისა, რადგანაც ქრისტეს შობამდე ექვსი საუკუნით ადრე ჩვენი ქვეყანა გახდა ღირსი ილია თეზბიტელის ხალენისა, მისი მოსასხამისა.

ეს არის ნიშანი იმისა, რომ როგორც ილია თეზბიტელი იქნება ბოლო ჟამს მქადაგებელი და დამცველი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, ასევე ის ქვეყანა, რომელსაც მიენიჭა მისი სიწმინდე, მოწოდებულია, იყოს ჭეშმარიტი დამცველი მართლმადიდებლობისა. სწორედ ამისთვის ამზადებს უფალი ამ ქვეყანას, ამიტომ დაუდგინა მფარველად ღვთისმშობელი.

არ არის შემთხვევითი, რომ თანდათან ჩვენ ვხედავთ სწორედ ამ ჟამის მოახლოებას. მრავალი ნიშანია ამისა. მთავარი ნიშანი, როგორც უფალი სახარებაში ბრძანებს, არის განმრავლება ცრუ მოძღვრებათა და ცრუ წინასწარმეტყველებათა იმ სახით, ისეთი მასშტაბით, როდესაც თვით რჩეულნიც, რჩეული პიროვნებები, რჩეული ქრიტიანული ერები და ქვეყნებიც კი ცდუნდებიან. სწორედ ეს არის ანტიქრისტეს მოსვლის წინა პერიოდი.

და აი, ჩვენ ბოლო საუკუნეებში ვხედავთ, რომ რჩეული ქრისტიანული ერები თანდათან კარგავენ სარწმუნოებას და მათში სულ უფრო და უფრო იმატებს ღვთის სარწმუნოების მოწინააღმდეგე, მდევნელი ძალები.

XIX საუკუნეში, როდესაც საქართველოში უკვე ნელ-ნელა შემოდიოდა სული ურწმუნოებისა, სულის ღვთისბრძოლისა, ეროვნული ფასეულობების უარყოფისა, აი, სწორედ მაშინ ღმერთმა მოუვლინა საქართველოს წმინდა ილია მართალი – ილია ჭავჭავაძე, რომელიც აღიმართა, ვითარცა სალი კლდე ამ ბოროტი მანქანების წინააღმდეგ.

არ არის შემთხვევითი, რომ მას ერქვა ილია, რადგან სწორედ ილია თებზიტელის შემართებით, მხნედ ებრძოდა იგი ყოველგვარ ანტიეროვნულ, ანტიქრისტიანულ ფასეულობებს. მის გვერდით იბრძოდნენ აკაკი წერეთელი და დასი მთელი ჩვენი ღირსეული მამულიშვილებისა.

არ არის ასევე გასაკვირი, როდესაც XX საუკუნის დასასრულს უფალმა ეკლესიის წინამძღოლად მოგვივლინა პატრიარქი, რომლის სახელიც არის ილია ილია თეზბიტელის სახელით. დიახ, ისიც, წმინდა ილია თეზბიტელის მსგავსად, სარწმუნოებასთან, სულიერ და ეროვნულ ფასეულობებთან კიდევ უფრო გაძლიერებულ ბრძოლას დაუპირისპირდა და უპირისპირდება თავისი სიკეთით, არააგრესიით, სიყვარულით, სიწმინდის მაგალითებით. რასაკვირველია, ბოროტი ძალა ცდილობს, როგორმე ჩრდილი მიაყენოს ამ ღვაწლს, ისევე, როგორც ცდილობდნენ, ილიასთვის ჩრდილი მიეყენებინათ. ეს არის ბოროტი ძალის ცნობილი იარაღი – სიკეთის მიმართ ცილისწამება.

დღევანდელ სახარებაში ჩვენ წავიკითხეთ, რომ თვით უფალს, რომელმაც ეშმაკეული განკურნა, რომ ვეღაფერი ვერ თქვეს, დააბარლეს, თვითონ ბოროტი სულის, ეშმაკის ძალით დევნის ეშმაკებსო, რაც, რასაკვირველია, აბსურდია.

აი, სწორედ ეს აბსურდია ის ცილისწამებები, რომლებიც იყო წმიდნა ილია მართლის წინააღმდეგ, ჩვენი დიდი პატრიარქის წინააღმდეგ, რადგან მისმა საქმეებმა ქართველი ერი გამოიყვანა იმ სულიერი უძლურებიდან, რომლშიც იმყოფებოდა ჩვენი ერი XIX და განსაკუთრებით XX საუკუნეში.

ჩვენი ერი რომ ნამდვილად ფეხზე დადგა, ამის ნიშანი იყო წლევანდელი წელი – მთელ მსოფლიოში შეწყდა რელიგიური მსახურება, მართლმადიდებელ ეკლესიებში აიკრძალა მრევლის მისვლა და აღდგომას მხოლოდ საქართველოში იყო ისეთი მრევლი, რომელიც არ შეუშინდა განსაცდელს, ტაძარში იდგა და ადიდებდა უფლის აღდგომას. ეს არის გამარჯვება, ეს არის პატრიარქის ღვაწლის ნაყოფი, ამას გილოცავთ ყველას!

მომავალი კვირა არის ილია თეზბიტელის ხსენება, ასევე არის წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენება, არის ჩვენი პატრიარქის ანგელოზის დღე და ეს არ არის შემთხვევითი. ეს დღე განსაკუთრებულია ივერიის გაბრწყინებისათვის, რადგან ამ დღეს, სწორედ 2 აგვისტოს, თხოთის მთაზე იხილა სასწაული მეფემ მირიანმა, რის შემდეგაც მოექცა, მთელი ერი ქრისტიანული ნათლობით განანათლა და ქრისტიანობა გამოაცხადა სახელმწიფო რელიგიად.

აი, ასეთი დღე გველოდება ერთი კვირის თავზე. ყველას გილოცავთ ამ დღეს, ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ღირსეულად შევხვდეთ ამ დღეს – დიდი სარწმუნოებით, დიდი სასოებითა და დიდი სიყვარულით.

გილოცავთ ყველა დღესასწაულს! დღეს არის გაბრიელ მთავარანგელოზის კრების ხსენება. გაბრიელი არის მთავარანგელოზი, რომელიც უმნიშვნელოვანეს საიდუმლოებებს უცხადებს კაცობირიობას. პირველ რიგში, მან ახარა ღვთისმშობელს, რომ იგი იქნებოდა დედა მაცხოვრისა და მისგან იშვებოდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენც გვესმინოს გაბრიელ მთავარანგელოზის სასიხარულო უწყება ჩვენი ერის სულიერად კვლავ განმტკიცებისა, კვლავ გამთლიანებისა და დედაეკლესიის წიაღში გაბრწყინებისა.

დღეს ჩვენ ვლოცავთ ნეკრესისი ეპარქიიდან ჩამობრძანებულ სამონასტრო დასის წევრებს, ორი მონასტრის წარმომადგენლებს – წმინდა სერგი რადონეჟელის სახელობის დედათა მონასტერს, იღუმენია მართას წინამძღოლობით და ივერიის ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტერს, მონაზონ იოანას წინამძღოლობით; მათთან ერთად ვლოცავთ მრევლს, რომელიც ჩამობრძანდა. ვუსურვებთ ამ მონასტრებს, მრევლსა და ეპარქიას გაძლიერებას, გახარებას, შეგეწიოთ ყოვლადწმინდა სამების მადლი და პატრიარქის ლოცვა-კურთხევა.

ასევე დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელით, მისი დავალებით, ვლოცავთ გვარებს: ხაბურზანიები, ხაბურძანიები და ქაბურძანიები. სამივე გვარი დალოცოს ღმერთმა, მოანიჭოს მათ სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა, მტკიცე და შეუორგულებელი სარწმუნოება, სასოება და სიყვარული, ყოველთა კეთილთა საქმეთა შინა კეთილი წარმატება, იცოცხლეთ და იდღეგრძელეთ მრავალსა წელსა მრავალჟამიერ!

ჩვენთან არს ღმერთი!“




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი