მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (24.06.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.06.2012 | 2,634 ნახვა

ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია ll

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი.

უფალი ბრძანებს: “და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა”. ე.ი. ერი უნდა იყოს რჩეული და იმ რჩეულთაგან უფალი აღამაღლებს პიროვნებას. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რა უნდა ვაკეთოთ, რაშია ჩვენი პასუხისმგებლობა ღვთის, ჩვენი თავისა თუ ერის წინაშე.

ისეთი დიდი პიროვნება, როგორიც იყო ამერიკის პრეზიდენტი, ამბობდა: ნუ იფიქრებთ, ამერიკამ რა უნდა მოგცეთ თქვენ. იფიქრეთ, ყოველმა ჩვენგანმა რა უნდა მისცეს ამერიკას. ეს არის ბრძენი ადამიანის, ჯონ კენედის სიტყვები.

არის შემთხვევები, როცა ადამიანი ბერდება და თავის გზასა და ადგილს მაინც ვერ პოულობს. უნდა ვთხოვოთ უფალს: “ღმერთო, მაუწყე მე გზა, რომელსაცა ვიდოდე”.

დღეს ახალგაზრდობის დღესასწაულია. ასეთი დადგენილება გამოვიტანეთ ჩვენ, რომ ამ თვის ბოლო კვირა უნდა იყოს ახალგაზრდობის დღესასწაული.

ახალგაზრდობა- ეს უდიდესი ძალაა, რაც სასიკეთოდ უნდა იყოს გამოყენებული, ჩვენი ქვეყნის, ყოველი ოჯახის საკეთილდღეოდ. მაგრამ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, როგორი გაზრდილია ესა თუ ის პიროვნება, როგორ გავზარდეთ ჩვენ იგი.
მიმაჩნია, რომ ახალგაზრდა ადამიანის გაზრდაში უნდა მიიღოს მონაწილეობა ოჯახმა, სკოლამ და ეკლესიამ.

ახალგაზრდები არიან მაქსიმალისტები და უნდათ, ყველაფერი ერთ წუთში გამოასწორონ თავის თავში, ოჯახსა თუ საზოგადოებაში. ეს ასე არ ხდება. ყველაფერი თანმიმდევრობით უნდა სრულდებოდეს.

ერთი დიდი ადამიანი ამბობდა, რომ ის გამოასწორებდა საკუთარ ქვეყანასა და ერსა, მაგრამ ვერ გამოასწორა.

როცა ვსაუბრობთ ადამიანის შესახებ, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავაკვირდეთ ამ პიროვნებებს ერთ თვისებაზე: შეუძლია თუ არა მას, მოუსმინოს სხვა ადამიანს. თუ არ შეუძლია და სულ თვითონ უნდა ილაპარაკოს, ის ვერაფერს გააკეთებს. ამიტომ არაერთხელ მითქვამს და მომავალშიც, ალბათ, დაიწერება, წიგნი გამოვა.

ყველაზე რთულია ადამიანი, რომელსაც კატეგორიული აზროვნება გააჩნია. თუ კატეგორიულად აზროვნებს, ე.ი. მე რასაც ვიტყვი, ის არის ჭეშმარიტება და მეტი არაფერი, ეს უდიდესი შეცდომაა. ასეთი ადამიანი ყოველთვის დამარცხებული იქნება. ადამიანმა უნდა მოუსმინოს სხვა პიროვნებებს – დიდსა და პატარას, განათლებულსა თუ გაუნათლებელს და შემდეგ გააკეთოს ისე, როგორც თვოთონ მიაჩნია სწორად. მაგრამ მოსმენის კულტურა უნდა გააჩნდეს ყველა ადამიანს.

დღეს, როცა ვდღესასწაულობთ ახალგაზრდობის დღეს, მინდა, რომ თქვენ, ყველანი, მკვიდრნი საქართველოსი, უცხოეთში მცხოვრები ქართველები, სტუდენტები, მოსწავლეები, დაუკვირდეთ და იფიქროთ, შეგიძლიათ თუ არა, მოუსმინოთ სხვას, გაიზიაროთ სხვისი აზრი. ზოგს სირცხვილად მიაჩნია სხვისი მოსმენა. სირცხვილი ეგ კი არ არის, სირცხვილი გახლავთ ის, როცა ადამიანი არ აცდის სხვებს და სულ თვითონ ლაპარაკობს.

დღეს მინდა დავლოცო მთელი ახალგაზრდობა, ყველა აბიტურიენტი, ის ჩვენი ახალგაზრდები, რომელნიც ემზადებიან უმაღლესში სასწავლებლად, ქმნიან ოჯახს, იწყებენ შრომას. მსურს,დავლოცო ჩვენი ბავშვები, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი ახალგაზრდობა. ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე, რომ განარჩიოთ, სად არის თეთრი, სად – შავი, სად – კეთილი, სად – ბოროტი.

კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი