მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (23.02.2014)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.02.2014 | 2,740 ნახვა

23 თებერვალს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც ამჟამად წმ მამა გაბრიელის ხატი წმ. მამა გაბრიელის წმიდა ნაწილებია დასვენებული, მრევლს ქადაგებით მიმართა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა და ღირსი მამა გაბრიელის ღვაწლის შესახებ ისაუბრა.

როგორც მეუფემ ბრძანა, დღეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში განსაკუთრებული ზეიმია.

“უახლესი ისტორიის მანძილზე, როგორც ერის, ასევე ეკლესიის ისტორიაში, არ ყოფილა წმიდანთა შერაცხვის შემდეგ მათი გადასვენება, წმიდანთათვის შესაფერის საკრძალთან შესაბამისი პატივის მიგება. ეს არის ზეიმი, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი თანამედროვე ქრისტიანული ეკლესიისა.

პირველ საუკუნეებში როდესაც ხდებოდა წმიდანთა შერაცხვა, ქრისტიანებს ჰქონდათ საშუალება, მიეღოთ კურთხევა მოციქულებისგან, იმ ადამიანებისგან უშუალოდ, ვინც მოწაფე იყო უფლისა, დედამიწაზე მობრძანებული განკაცებული ღმერთისა და განსაკუთრებული იყო მაშინ ადამიანთა სულიერი ძალა, სარწმუნოება და სხვა სათნოებანი. ბოლო საუკუნეებში, განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში, როდესაც სარწმუნოება შესუსტდა და იგი იდევნებოდა, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ძნელი გახლდათ სარწმუნოების შენარჩუნება. ყოველი ადამიანი, რომელიც ამ დროს იცავდა სარწმუნოებას, იგი ღვთისგან ღებულობდა უდიდეს მადლს, ძალას, და ის, ვინც ყველაზე მეტად გამოხატა ერთგულება ღვთისადმი, ვინც მთლინად თავისი სიცოცხლე შესწირა უფლის ერთგულებას, შეიმოსა განსაკუთრებული ძალით. ეს არის მადლი სულისა წმიდისა, რომლის ძალითაც იგი ახდენს თითქმის ისეთივე სასწაულებს, როგორსაც ახდენდნენ პირველი საუკუნის ქრისიტიანები,” – ბრძანა მეუფემ.

მიტროპოლიტ დანიელის თქმით, დღეს მთელი საქართველო გრძნობს, რომ მამა გაბრიელს ყოველი ჩვენგანი უყვარს.

“დღეს მთელი საქართველო გრძნობს, რომ მამა გაბრიელს ყოველი ჩვენგანი უყვარს. იგი მზად არის, ყოველი ჩვენგანისთვის ჯვარზე გაეკრას, ასეთი იყო მისი ცხოვრება. იგი მუდამ ტიროდა, იმიტომ, რომ ხედავდა სულიერად დაუძლურებულ საზოგადოებას, რომელსაც არ ჰქონდა სულიერი საზრდოს მიღების საშუალება და ევედრებოდა ღმერთს, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორებულიყო. იგი ებრძოდა ძალას, რომელიც ადამიანებს სარწმუნოებრივ ცხოვრებას უშლიდა. მან, შეიძლება ითქვას, კერპი შემუსრა. ანუ უღმერთო ბელადის ფოტოსურათი, დიდი ზეიმის დროს, როდესაც ყველანი აღნიშნავდნენ ათეისტური მსოფლმხედველობის, რეჟიმის ზეიმს, მან ეს კერპი დაახმო. იგი მარტო გამოვიდა მთელი იმპერიის წინაშე და ღმერთმა ის გადაარჩინა.

წარმოგიდგენიათ, როგორი წამება გამოიარა მან ამისთვის! ასეთ დროს, სიკვდილი სანატრელი იქნებოდა ყველა ადამიანისთვის. იგი არ მოკლეს, ძალიან დიდხანს აწამეს და ამ ყველაფერს გაუძლო და არათუ არ დაკარგა ფიზიკური და სულიერი, ძალა, არამედ კიდევ უფრო განმტკიცდა ღვთისა და მოყვასის სიყვარულში. წყლულების მიუხედავად, რომელიც მთელი ცხოვრება აწუხებდა, წამების შედეგად დარჩა, მხოლოდ სიყვარულს აფრქვევდა. ადამიანების ბედნიერებისთის მუდამ მზად იყო… იგი ქადაგებდა, ამხნევებდა ადამიანებს, განსწავლიდა და ლოცვით კურნავდა მათ.

ეს ხდებოდა მე-20 საუკუნის დასასრულს. ეს იყო წარმოუდგენელი მაგალითი სარწმუნოებისა. დიდი თავდადებისთვის ღმერთმა დიდი ძალა მისცა. ჩვენ ვხედავთ, როგორ ყველას გვაქვს დიდი მადლიერება მის მიმართ. ამიტომ მისი აღმოყვანება საფლავიდან და ეს რიტუალი დიდი ზეიმია. ჩვენ ვხედავთ მამა გაბრიელში, რომ საქართველოს ეკლესია ცოცხალია, მადლმოსილია, იგი კიდევ უფრო ძლიერდება და ასეთივე მაგალითს ჩვენ ვხედავთ მისი უწმიდესობის ცხოვრებაში. როგორც მამა გაბრიელი, მისი უწმიდესობაც ამ უღმერთობის ჟამს ჯვარზეა გაკრული და მისი ლოცვით ერში დიდი სულიერი აღმავლობა ხდება. შეიძლება ითქვას, ეს ორი მნათობი ჰყავს დღეს საქართველოს და ღმერთმა მათი ლოცვით, სულიერად გაჯანსაღებული, გაძლიერებული და ასევე ტერიტორიულად გამთლიანებული ჩვენი ქვეყანა გვანახოს. ეს აუცილებლად მოხდება, თუკი ჩვენ ყველანი იმ სწავლებას, მოძღვრებას მივყვებით, რასაც ისინი გვიქადაგებენ – ეს არის ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნეობა”, – ბრძანა მეუფე დანიელმა.

ქადაგების დასასრულს მიტროპოლიტმა დანიელმა მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა, რომლსაც ერის ფერიცვალების დღესასწაული უწოდა.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი