მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (19.02.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.02.2012 | 3,052 ნახვა

სამების საკათედრო ტაძრის დეკანოზი ბიძინა გუნია

ჩვენთან ერს ღმერთი!

ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო! თითოეულმა ზრდასრულმა პიროვნებამ იცის, რომ წელიწადი 4 სეზონისაგან შედგება. მაგრამ ამაზე უფრო მნივნელოვანია, მორწმუნე ადამიანი აცნობიერებდეს საეკლესიო და საპასექო წელიწადის მნიშვნელობას. მამა ბიძინა გუნია პასექი, ანუ აღდგომა. დროის ინტერვალს აღდგომიდან აღდგომამდე საპასექო წელიწადი ეწოდება და იგი, 4 სეზონისგან განსხვავებით, სამ პერიოდად იყოფა. ახლა საპასექო წლის მესამე პერიოდში ვიმყოფებით. პირველი პერიოდი მოიცავს აღდგომიდან დროის ინტერვალს ყოველთა წმიდათა კვირიაკემდე. აღდგომიდან 50-ე დღე გახლავთ სულთმოფენობა და სულთმოფენობის მომდევნო არის ყოველთა წმიდათა კვირა. მეორე პერიოდი ყოველთა წმიდათა კვირიდან იწყება და მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე გრძელდება. ხოლო მესამე პერიოდი, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, გახლავთ მეზვერისა და ფარისევლის კვირიდან ვნების შვიდეულის შაბათის ჩათვლით დროის ინტერვალი. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? თითოეულ ამ პერიოდში განსხვავებული ლოცვითი მსახურებები აღესრულება. ყველაზე საზეიმო პირველი, ანუ ზატიკის პერიოდი გახლავთ.

ჩვენ ახლა დიდი მარხვის მესამე პერიოდში ვიმყოფებით, რომელიც სამ ქვეპერიოდად იყოფა. ეს არის დიდი მარხვისთვის მოსამზადებელი 4 კვირა დღე: მეზვერისა და ფარისევლის, უძღები შვილის, ხორციელის კვირა, როდესაც საშინელი სამსჯავროს ხსენება ხდება და ბოლო – ყველიერის, ანუ შენდობისა და ადამის სამოთხიდან განდევნის კვირა. ამის შემდეგ უშუალოდ მოდის 6 კვირა დიდი მარხვისა. პირველი კვირა გახლავთ მართლმადიდებლობის ზეიმი, ბოლო – ბზობა და მესამე ქვეპერიოდი ვნების შვიდეულია.

რატომ გავამახვილეთ ამაზე ყურადღება? იმიტომ, რომ ჩვენთვის ეკლესიაში მოსვლისას ყოველი კვირა დღე არ იყოს ერთნაირი, რომ ვიცოდეთ, მათ განსხვავებული საზრისი აქვთ და განსაკუთრებული სწავლება შეესაბამება თითოეულ პერიოდს.

დღევანდელი დღე, ხორციელის კვირა საშინელ სამსჯავროს უკავშირდება. მწუხრისა და ცისკრის ჟამზე, ასევე, საღმრთო ლიტურღიაზე აღესრულება თხოვნითი კვერექსი. მწუხრის ჟამზე თხოვნითი კვერექსი შემდეგი სიტყვებით იწყება: “აღუსრულოთ სამწუხრო ვედრებაი ჩვენი უფალსა.” ცისკრის ჟამზე – “აღუსრულოთ საცისკრო ვედრებაი ჩვენი უფალსა”. ხოლო საღმრთო ლიტურგიაზე – პირდაპირ: “აღუსრულოთ ვედრებაი ჩვენი უფალსა”. თხოვნითი კვერექსი რამდენიმე მუხლისაგან შედგება და აქ არის ერთი განსაკუთრებული მუხლი, სადაც ჩვენ საშინელ სამსჯავროს ვიხსენებთ. ეს მუხლი ასე ჟღერს: ქრისტიანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩვენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი და კეთილი სიტყვისგებაი წინაშე საშინელსა სამსჯავროსა ქრისტესა ვითხოვოთო. დავაკვირდეთ სიტყვებს. ანუ წელიწადში ერთხელ, დიდმარხვის მესამე მოსამზადებელ კვირას ჩვენ საშინელ სამსჯავროს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ და სახარებაც ამას ეხება, ოღონდ დღე-ღამის განმავლობაში, მწუხრზე, ცისკარსა და საღმრთო ლიტურგიაზე ამას ყოველდღე აღვავლენთ ეკლესიაში. რატომ? საშინელი სამსჯავროს ხსენება პიროვნებას გაუნათებს გონებას და მას სრულად წარმოუდგენს ადამიანთათვის საღმრთო განგებულებას. განა მარტო განკაცდა მაცხოვარი, ან ნათელ იღო და ზეცად ამაღლდა? არამედ ჩვენ მრწამსიდანაც ვიცით: “და კუალად მომავალ არს განსჯად ცხოველთა და მკუდართა”. ნამდვილად სრულყოფის გზაზე დგას ის ადამიანი, ვინც ამ დღისათვის ემზადება. ხოლო მომზადება ნიშნავს იმას, რომ იგი სინანულის საიდუმლოში ხშირად იღებდეს მონაწილეობას, ქრისტიანული საქმეებით აღასრულებდეს ყოველივეს და ეზიარებოდეს მაცხოვრის ყოვლადწმიდა სისხლსა და ხორცს.

ამ დღესთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო რამ გახლავთ საცნაური და უპირველესად, მათ შორის, ერთ-ერთზე გავამახვილებ ყურადღებას. პრესასა და ტელევიზიაში ვრცელდება ცნობები, რომ 2012 წლის დეკემბერში ქვეყნის დასასრული იქნება. ეს წარმართული აზროვნების ნაყოფია და აქ ორ დიდ ტყუილს აქვს ადგილი. პირველი ტყუილი იმაში მდგომარეობს, რომ სახელდება ქვეყნიერების აღსასრულის წელი და რიცხვი და ჩვენ კიდევ ვიცით მათე მახარებლის 24-ე თავის 36-ე მუხლიდან და ლუკა მახარებლის მე-13 თავის 32-ე მუხლიდან იესო ქრისტეს მაცხოვნებელი სიტყვები, რომ დრო და ჟამი მეორედ მოსვლისა არავინ უწყის, არცა ანგელოზთა ღვთისათა, მხოლოდ მამა ზეციერმა უწყისო იგი. აქედან ჩვენ მარტივი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ. ვინც ცრუბრძნობს მეორედ მოსვლის თარიღის დასახელებას, ის ცრუ და მატყუარაა. ასე რომ, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ როგორ უნდა ვამხილოთ ცრუ სწავლებანი. მეორე ტყუილი პირველზე უფრო დიდია. როდესაც საუბრობენ ქვეყნიერების დასასრულზე, არ ლაპარაკობენ სამსჯავროზე. ეს არის ყველაზე უფრო დიდი მახე, დაგებული ადამიანებისათვის, რომლებიც ქვეყნიერების დასასრულს ოდენ ხორციელი თვალსაზრისით განიხილავენ და ავიწყდებათ, რომ, დიახაც, აპოკალიფსის პერიოდი, დრო და ჟამი მეორედ მოსვლისა დადგება, მაგრამ არ გვეუბნებიან, გვიმალავენ, რომ ამ დროს საშინელი სამსჯავრო იქნება. გვიმალავს ე.წ. წარმართული წინასწარმეტყველება, თორემ მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოება ნათლად ქადაგებს ამას, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. ჩვენ ყოველ თხოვნით კვერექსზე ვევედრებით უფალს, რომ სამსჯავროზე წარმდგარნი გავმართლდეთ უფლის წინაშე. ასე რომ, შეიარაღებული ორი, როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმის სიბრძნით, მორწმუნე ადამიანისათვის დღესავით ნათელია სიცრუე წარმართული ე.წ. წინასწარმეტყველებებისა. ამიტომ არ უნდა გამოვიჩინოთ ზედმეტი ყურადღება ამგვარი ინფორმაციებისადმი. უბრალოდ, შეიძლება მოვისმინოთ, რათა გავიგოთ, რა კუთხით, რა მიმართებით უნდა ვამხილოთ ან გავუნათოთ დაბნეულ ადამიანებს გონება. ახლა უშუალოდ სახარებასთან დაკავშირებულ სწავლებაზე გადავიდეთ.

როგორც მოგახსენეთ, ყოველ კვირას თავისი საზრისი აქვს და ეს ერთგვარი სულიერი, ცნობიერი საფეხურებია უფლისკენ სავალ გზაზე. თუ პიროვნება იფიქრებს, აი, მოდი, მე მარხვას დავიცავ, მერე რა, რომ ტაძარში არ წავალ, აღდგომას მივალ, მამაოს თავს შევაცოდებ და რაღა გზა დარჩება, მაკურთხებს, რომ ვეზიარო. ეს მცდარი მოსაზრება გახლავთ. საქმე ისაა, რომ ადამიანი თუ არ განიმსჭვალა მეზვერისა და ფარისევლის სახარებისეული სწავლებით, თუ არ მიბაძა მონანულ მეზვერეს, თუ არ განისწავლა იმ სახარებისეული ჭეშმარიტებით, რომელიც უკავშირდება უძღები შვილის კვირას და არ აღენთო იმ სიყვარულით, რაც მონანულ ადამიანს უნდა გააჩნდეს, თუ არ გაიარა მომდევნო საფეხური – საშინელი სამსჯავროს ხსენება და მეოთხე კვირა, მოსამზადებელი დიდი მარხვისა, ადამის განდევნა სამოთხიდან… ადამის სახით მთელი კაცობრიობაა სასუფევლიდან განდევნილი და მაცხოვარი იმიტომაც მოვიდა, რომ ძე შეცდომილი აცხოვნოს, ოღონდ ძალას უფალი არავის ატანს, მხოლოდ ნებით, გაცნობიერებით ხდება ეს. ამიტომაცაა საჭირო ამ საფეხურების გავლა. პირველი კვირა მართლმადიდებლობის ზეიმისა აუცილებლად უნდა განვიცადოთ. ყოფილა შემთხვევა, მიკითხავს პიროვნებისთვის, რომელსაც თავი მორწმუნედ მოჰქონდა, თუ იცოდა, როდის იყო მართლმადიდებლობის ზეიმი. ზოგი ზეიმად ბრწყინვალე აღდგომას სახავს, ზოგიც შობას ან სხვა რაიმე დღესასწაულს. ჩამოთვლილი დღეები მართლაც უდიდესი დღესასწაულებია, მაგრამ ესენი არ გახლავთ მართლმადიდებლობის ზეიმი. მართლმადიდებლობის ზეიმი დიდი მარხვის პირველ კვირას უკავშირდება, ასე დაადგინა ეკლესიამ. ახლა საკითხავია, რას ზეიმობს ამ დროს ეკლესია? ეს სამომავლო სასაუბრო თემაა.

მეორე კვირა გრიგოლ პალამას ხსენებას უკავშირდება. მესამე – ჯვრის თაყვანისცემის და ა.შ. და თუ ეს საფეხურები ცნობიერად არ გაიარა ადამიანმა, მისთვის აღდგომის დღესასწაული ოდენ წითლად შეღებილი მოხარშული კვერცხი ან პასკა იქნება და საფლავზე ღვინის დასხმა, ანუ მხოლოდ გარეგნული ფორმებით აღნიშვნა იმ უდიდესი სიხარულისა, რასაც მაცხოვრის ბრწყინვალე დღესასწაული ჰქვია.

დღევანდელი სახარება შეგვაგონებს, თუ როგორი იქნება სამსჯავრო. და აი, ორ ნაწილად გაიყო კაცობრიობა. უფალი მარჯვნინ აყენებს იმ პიროვნებებს, ვინც გამართლდა და მისი ნება გამოიძია და აღასრულა, ხოლო ვინც ეურჩა მის ნებას, ისინი მარცხნივ განაწესა. გავიხსენებ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ერთ-ერთ შეგონებას. იგი ამბიონიდან ბრძანებდა, რომ თითოეული ადამიანი თავისი ცხოვრების წესით განიკუთვნებს ადგილს, მარჯვნივ იქნება უფლისაგან თუ მარცხნივ. აკი ბრძანებს უფალი, ვისაც ვუყვარდე, სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს და ვისაც არა ვუყვარდე, სიტყვანი ჩემნი არა დაიმარხნესო. და აი, ნაწილმა დაიმარხა უფლის სიტყვა, გამოიძია მისი ნება და აღასრულა, დაითმინა ყოველივე და ამიტომ უფალი მას ეუბნება: კურთხეულნო, მოდით და დადექით ჩემს მარჯვნივ და შედით სასუფევლის სიხარულშიო. და ვინც არ დაითმინა ყოველივე, ვისაც უფალი არ უყვარს,ანუ ვინც არ იძიებს უფლის ნებას და არ აღასრულებს, მათ ეუბნება უფალი: წყეულნოო. ასე რომ, სამსჯავროზე თითოეულ პიროვნებას მოეთხოვება, თუ რამდენად შეეწია ადამიანს, რომელსაც შიოდა ან წყუროდა, შიშველი იყო და მიუსაფარი და ჭირდებოდა სითბო, ან პატიმარი, სნეული გახლდათ. საოცარია ის სახარებისეული თხრობა, რომელსაც დღეს ჩვენ ვისმენთ. მართალნი, რომელნიც ყველაფერს აკეთებენ თავიანთი ძალის შესაბამისად და მთლიანად დაიხარჯნენ, უფალს გაკვირვებით ეუბნებიან: როდის იყო, უფალო, შენ მოხვედი და გშიოდა და გაჭამეთ ან გასვით, ან ავად იყავი და მოგხედეთო?! ეს სიტყვები მათ თავიანთი წესიერი ცხოვრებიდან, სიკეთიდან გამომდინარე მოსდით და ფიქრობენ, თუ რაიმე სიკეთე გააკეთეს, ეს მხოლოდ უფლისგან იყო, რომ მათ არც არაფერი გაუკეთებიათ. ასე თავმდაბლობით, თავგანწირვით ცხოვრობდნენ ისინი, ამიტომ უხარია მაცხოვარს მათი სიტყვის მოსმენა. ხოლო ისინი, ვინც არ გამართლდნენ, ფიქრობენ, რომ როდის იყოო, უფალო, შენ მოხვედიო, რადგან მაცხოვარი მართლაც რომ მოსულიყო, იმიტომ მოეპყრობოდნენ მას კარგად, რომ უფალი იყო, ტორემ ავიწყდებათ მაცხოვრის შეგონება: ვინც უფლის სახელით ნებისმიერ დავრდომილს, მშიერ-მწყურვალს, მიუსაფარს თუ გაჭირვებულ ადამიანს გვერდში დაუდგება, ის ამით უფალს უკეთებს სიკეთეს. ამიტომაც სახარებაში ნათლად წერია: რასაცა იქმოდე, გულითად იქმოდე ვითარცა ღმრთისა და ნუ ვითარცა კაცთასაო. დღევანდელი სახარებით განბრძნობილნი, განმსჭვალულნი ამ სახარებისეული სიკეთითა და სწავლების სიმაღლით ჩვენ ეს საფეხურიც უნდა გავიაროთ და უნდა ვეცადოთ, არა თუ დღეს, ან ხვალ, არამედ ყოველი დღე გავატაროთ ისე, რომ გვახსოვდეს როგორც მეზვერისა და ფარისევლის, უძღები შვილის იგავი, ასევე დღევანდელი შეგონება, რათა ჩვენ განვიმსჭვალოთ სახარებისეული სწავლებით და ვიცოდეთ, რომ ღვთის სიტყვა ცხოველსმყოფელია და თუ ადამიანი დაიუნჯებს, მასში აუცილებლად დაიწყება ფერისცვალება. ის ხორციელი, გარეგანი კაციდან სულიერი, შინაგანი კაცისაკენ გარდაიქმნება.

მინდა მოგახსენოთ წმიდა ეფრემ ასურის შეგონება იმ დღესთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება სამსჯავრო. იგი ბრძანებს, რომ ჩვენ ოთხი რამ მოგვეთხოვება. პირველი – სამსჯავროზე სარწმუნოების აღიარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხშირად პიროვნება დადის ტაძარში და ელემენტარულ დონეზეც არ ცდილობს გაერკვიოს, რა განსხვავებაა მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმს შორის, ან დიოფიზიტობასა და მონოფიზიტობას შორის, ან ბაპტისტები ვინ არიან. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მხოლოდ ერთადერთი გზა, ჭეშმარიტება არის მართლმადიდებლურ ქრისტიანობაში. ამიტომ სარწმუნოების აღსარება აუცილებლად მოეთხოვება პიროვნებას. მეორე – ნათლობის ვალდებულება. ხშირად გვავიწყდება, რომ მოვინათლეთ რა, მოგვეტევა არა როგორც ადამისეული, არამედ პიროვნული ცოდვები და შევძლებთ სწორად ცხოვრებას? ნათლობის ვალდებულება თითოეულ პიროვნებას უნდა ახსოვდეს და ამისთვის უნდა ემზადებოდეს, თუ როგორ პასუხს მიუგებს უფალს. მესამე – შეურყვნელი სარწმუნოება. ხშირად ადამიანი თავს დებს მართლმადიდებლობაზე, მაგრამ თავისუფალ დროს ასტროლოგიას უთმობს და იკვლევს მის ბედისწერას, მიდის მკითხავთან, მჩხიბავთან. თითქოს იმის გამო, რომ უნდა, სიკეთე მიიღოს, ვთქვათ, შვილი არ ჰყავთ ოჯახში, მიდის ადამიანთან, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს მართლმადიდებლობასთან, რითაც თავის სარწმუნოებას ღალატობს. მეოთხე – საქორწინე შესამოსელი. ანუ მისი შესამოსელი შესვრილია თუ არა. თუ იგი განწმენდილია ცოდვებისაგან, თეთრი, სპეტაკი უნდა იყოს იგი.

საეკლესიო სწავლებით ვიცით, რომ არ არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც სცოდავენ და ამას გულის სიღრმემდე ინანიებენ და არიან პიროვნებები, რომლებიც ცოდვის ჩადენას ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევენ. მეორენი ღვთის წინაშე ვერ გამართლდებიან. ამიტომაც მოგვეცა ჩვენ საშუალება დღეს, მოვისმინოთ სახარება და გავერკვეთ და გვახსოვდეს ყოველთვის, რომ თითოეულ პიროვნებას მოელის საშინელი სამსჯავრო და ამისთვის დღესვე, ახლავე, ყოველდღე უნდა მოემზადოს იმ ჯვრის სიმძიმიდან გამომდინარე, რაც მას განგებამ, უფალმა უბოძა.

ერთი რამ კიდევ მინდა დავძინო. წმიდა იოანე ოქროპირი, სვეტი მართლმადიდებლური სარწმუნოებისა საოცარ სიტყვებს ბრძანებს, რომ საშინელი სამსჯავროს დროს პიროვნებას არ გამოადგება თავისი ორატორული ნიჭი. ხშირად ორატორი მიჩქმალავს რა სიმართლეს, განმართლებულად წარმოაჩენს თავს. არც ასაკი იქნება გასამართლებელი პიროვნებისთვის, რომ ის ხანდაზმულია და ამიტომ არაა ეკლესიური. არის ერთი რამ, რაც ასე მინდა ვთქვა. წმიდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ საშინელ სამსჯავროზე ბავშვები ამხილებენ თავიანთ მშობლებს და განსაკუთრებით მუცლად მოწყვეტილი ბავშვები. ეს საშინელი ტკივილია, განსაცდელია. ამიტომ ჟამი სინანულისა, აღსარების, ზიარების და სახარებისეული სწავლების შეთვისებისა კიდევ არის. ღმერთმა მოგვცეს ჩვენ ნიჭი იმისა, რომ სახარებისეული სწავლება შევისისხლხორცოთ, განვიმსჭვალოთ მისით და აღვასრულოთ იგი.

დღეს გახლავთ ხორციელის კვირა და ხდება ხორცით დაურწყება, ანუ საღამოს 12 საათიდან ხორცს აღარ ვიხმევთ. მომდევნო კვირა არის ყველიერის შვიდეული და ყველიერის კვირით დასრულდება. ოთხშაბათსა და პარასკევს სრულდება წმიდა ეფრემ ასურის ლოცვა. ყველიერის კვირა ყოვლითურთ ხსნილია გარდა ხორცისა.

ღმერთმა დაგლოცოთ!

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი