მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (18.09.2011)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.09.2011 ერთი კომენტარი | 1,583 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.

ჩვენთან არს ღმერთი!

ილია მეორე მე არა ერთხელ მითქვამს, რომ ყველაზე დიდი საიდუმლო, სასწაული არის თვითონ ადამიანი. პიროვნება კი სასწაულს სხვაგან ეძებს, რადგან ვერ ხედავს მას საკუთარ თავში. უნდა ჩავიხედოთ გულში და უფალს დავინახავთ. ჩვენი გული არის ტაძარი “წმიდისა სულისა”. დიდი მეცნიერი და ფიზიოლოგი პავლოვი ამბობდა, რომ ადამიანს გააჩნია ორი გონება – დიდი და პატარა. დიდი – ეს არის გული და პატარა კი – ტვინი. ერთხელ ერთი თანამდებობის პირი, კომუნისტი მეთაური ეკითხება პავლოვს (პავლოვი, მოგეხსენებათ, მღვდლის შვილი იყო): “თქვენ ასეთი დიდი მეცნიერი ბრძანდებით და ნუთუ ხართ მორწმუნე ადამიანი?” პავლოვმა უპასუხა: როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი – არა, შეიძლება წმიდანი გახდეო. ეს ყველაფერი მიამბო პავლოვის მოწაფემ, რომელიც ჩამოვიდა ჩემი აფხაზეთში ყოფნის დროს. ეს მოხდა დაახლოებით 50 წლის წინ. აი, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ჩავიხედოთ ჩვენს გულში.

ბიბლიაში წერია, რომ “ადამიანი ხედავს სახესა კაცისასა, ხოლო ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა”. ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს გულის სისპეტაკეს დავით წინასწარმეტყველი, მეფე ისრაელისა: “გული წმიდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა”. დავით წინასწარმეტყველი იშვიათი მეფე და ფსიქოლოგი იყო. იგი ადამიანის გულს ხედავდა.

მაინც რა ურთიერთდამოკიდებულება არის ღმერთსა და ადამიანს შორის? ღმერთი მოდის ჩვენკენ და ჩვენ უნდა მივიდეთ უფალთან, უნდა შევხვდეთ ერთმანეთს და არ უნდა ავცდეთ. ასეთი პატარა საგალობელი დაიწერა: “დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო…” არის ისეთი მდგომარეობა, როცა ადამიანს აღარ შეუძლია გააგრძელოს თავისი გზა. ეცემა ტალახში, ცოდვებში და ეუბნება უფალს: “დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო…” ე.ი. მე აღარ მაქვს ძალა, რომ მოვიდე შენთან, არამედ შენ მოდი ჩემთან. ერთ-ერთი გზა, რომელსაც მიჰყავს ადამიანი უფალთან, ეს არის მოწყალება. მაცხოვარი ამბობს: “ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნეს”. ღმერთი მათ შეიწყალებს. მინდა გითხრათ, რომ ბევრი გაჭირვებულია და ელოდება ჩვენს დახმარებას. ხშირი შემთხვევაა, როცა ჩვენ გავივლით და ვერც ვხედავთ მათ.

სულ რამდენიმე დღის წინ დარიალის ხეობაში გაიხსნა წმიდა მთავარანგელოზების მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძარი და მონასტერი. ეს არის საოცრება. დღესასწაული კი არა, სასწაული იყო. ადრე მე გავაფრთხილე, ჩამოეტანათ შესაწირავი მონასტრისთვის და გაჭირვებული ხალხისთვის. ბევრმა მორწმუნემ შეასრულა კურთხევა: 300 ტომარა ფქვილი, 1,2 ტონა ზეთი და 600 ლიტრი ღვინო შეწირეს მონასტერს, რაც გაჭირვებულებს დაურიგეს. აი, ასეთია ქართველი ადამიანი, თვითონ მოიკლებს და სხვას მისცემს. ჩვენ ასევე გავუგზავნეთ რამდენიმე რაიონს – ზემო და ქვემო სვანეთს, ლენტეხს და ფშავ-ხევსურეთს 100-100 ტომარა ფქვილი და ეს მათ ძალიან დაეხმარა. განსაკუთრებით უჭირთ მთაში მაცხოვრებლებს. ჩვენ გვინდა თიანეთსაც შევეწიოთ. როცა გექნებათ საშუალება, ეკლესიაში მოიტანეთ ფქვილი, ზეთი, ღვინო და ეს ყველაფერი დაურიგდება გაჭირვებულ ხალხს.

მოწყალება არის პირდაპირი გზა სასუფეველში. მითქვამს და მინდა გავიმეორო: იყო ერთი მორწმუნე ქალბატონი, რომელიც ეხვეწებოდა ღმერთს, მოდი და მითხარი, როგორ მოვიდე სასუფეველში. მოესმა ხმა: მოემზადე, მე მოვალ შენთანო. ქალბატონმა მთელი ავეჯი გამოიტანა ეზოში, ალაგებდა და ასუფთავებდა სახლს. ამ დროს მასთან მივიდა გაჭირვებული და სთხოვა დახმარება . მან უარით გაისტუმრა და უთხრა, არ მცალია, უფლის მოსვლისათვის ვემზადებიო. გაჭირვებული ბავშვიც შეხვდა ქუჩაში, რომელსაც არ მიაქცია ყურადღება. ასევე მოხდა მესამე შემთხვევაშიც. ყველაფერი დაალაგა და ელოდებოდა უფალს, მაგრამ მაცხოვარი არ მივიდა. დაიწყო ტირილი და ლოცვა. მოესმა ხმა: სამჯერ მოვედი შენთან და უარი მითხარიო.

ამ გაჭირვებულის სახით ჩვენთან უფალი მოდის. ღმერთმა მოგცეთ გული გონიერი, ხედვა, რათა მოყვასის გაჭირვება დავინახოთ.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

ჩვენთან არს ღმერთი!

სალომე ლილუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი