მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (15.07.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.07.2012 | 2,574 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია ll

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი.

დიდხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი. ყველაზე დიდი საოცრება და საკვირველება დედამიწაზე არის თვითონ ადამიანი. ადამიანი არის გვირგვინი ღვთის ქმნილებისა. ილია მეორე ასე ფიქრობდნენ და დღესაც მრავალი ფიქრობს, რომ ადამიანი ადამიანისთვის არის ძმა, მეგობარი და უახლოესი პიროვნება. მაგრამ არის კიდევ სხვა შეხედულება: ძველმა რომაელებმა გამოთქვეს ლათინურად “ადამიანი ადამიანისთვის მგელია”-ო და მადლობა უფალს, რომ ქართველი ადამიანი არ იზიარებს ამას. ვერასდროს დავუშვებთ, რომ ადამიანი ადამიანისთის მგელი იყოს.

ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ პერიოდში. ეს არის საერთაშორისო არასტაბილური მდგომარეობა. როცა ადამიანს ავიწყდება თავისი უკვდავი სული, რწმენა და ზოგი მოხვეჭაზეა, მატერიალურ დოვლათს იხვეჭს და თვითონაც არ იცის რატომ და რისთვის. არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ძარცვავენ ხალხს, ავიწროვებენ, მაგრამ არიან კეთილი ადამიანები. ადამიანები, რომელნიც ცხოვრობენ სხვისთვის და იმათ სიმძიმეს, იმათ ტვირთს ღებულობენ თავის თავზე. მადლობა უფალს, რომ ჩვენ ასეთი ბევრი გვყავს. ჩვენთან არიან ისეთი მორწმუნე ადამიანები, რომლებიც ყოველდღე საავადმყოფოებში დადიან, ეხმარებიან გაჭირვებულ ადამიანებს. მახსენდება ჩემი სტუდენტობის წლები. იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელნიც ლოცვის შემდეგ რჩებოდნენ და ეკითხებოდნენ დარჩენილ ხალხს: “ხომ არ გჭირდება ბინა, ჩამოსული ხომ არ ხარ”-ო. მართლაც, მათ სჭირდებოდათ და ისინი შეიფარებდნენ, აჭმევდნენ, ასმევდნენ. მადლობა ღმერთს ასეთი ადამიანები, რომ ჩვენთანაც არიან.

მე მინდა შევეხო ერთ ძალიან მტკივნეულ საკითხს, რომელიც აწუხებს ჩვენს ერს. ეს არის დამოკიდებულება ადამიანთა შორის და დამოკიდებულება პარტიათა შორის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ქართელი ადამიანის უკან არის სამშობლო და ისეთი არაფერი დავუშვათ, რომ ევნოს სამშობლოს, წარსულ კერას. მე ქადაგების დროს ვახსენე, რომ არ უნდა შევასხათ ერთმანეთს ტალახი. და ახლა ჩვენ მოგვდის უარესი ამბავი ერთმანეთს ესვრიან ქვებს. ქართველი ქართველს ესვრის ქვებს, შეიძლება თავში მოარტყას და იქვე მოკლას. ეს არის ძმობა და მეგობრობა?! ეს არის დამახასიათებელი სულმდაბლობისა და მინდა მივმართო ყველას, პოზიციას, ოპოზიციას, პარტიის წევრებს, თუ რიგით ადამიანებს, არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა გააკეთოთ. ეს არის სირცხვილი თქვენი და ქართველი ერისა. როგორ ბედავს ადამიანი, სხვა ადამიანს რომ არტყამს. სად არის ჩვენი სარწმუნოება, სიკეთე. არ უნდა გვრცხვენოდეს ჩვენ? საქართელო არის წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა და ამ წილხვედრი ქვეყნის ადამიანი იღებს ქუჩაში ქვებსა და ესვრის სხვა ადამიანებს, რომლებიც მისულნი არიან იქ; იმედი მაქვს, ქართველები ამას აღარ გააკეთებენ. თქვენ შეგიძლიათ შეხვდეთ ერთმანეთს, ისაუბროთ, იკამათოთ, მაგრამ ქვებით ცემა და მით უმეტეს, იარაღის გამოყენება ყოვლად დაუშვებელია. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ურთიერთობა დაიძაბება ქართველებს შორის, ქართველების მტერს სწორედ ეს უნდა, რომ დაიპყროს მთელი საქართელო.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დაამშვიდოს ჩვენი ახალგაზრდობა.

თქვენ გახსოვთ, როგორ ლოცულობდა დავით წინასწარმეტყველი: “მოიხსენე უფალო დავით, და ყოველი სიმშვიდე მისი”. ამას გავალებთ თქვენ და მთელ საქართველოს, რათა სიმშვიდე მოვიდეს ჩვენს გულში, გონებაში და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივმართოთ ასეთ სასტიკ ღონისძიებას.

ჩვენთან არს ღმერთი.

მოამზადა სოფიკო აბულაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი