მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (15.01.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.01.2012 | 1,492 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია II

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.

ჩვენთან არს ღმერთი!

სამება უპირველეს ყოვლისა, ვულოცავ 13 ადამიანს სომალელი მეკობრეებისგან გათავისუფლებას. ესაა დიდი მიღწევა, რადგან იქ კიდევ ბევრია სხვა და უფრო დიდი ხანია იქ არიან და ვერ ახერხებენ გათავისუფლებას. ყველას გილოცავთ ამ ადამიანების გადარჩენას. ისინი ნამდვილად გადარჩენილი ადამიანები არიან!

დღეს მე მინდა კიდევ ერთხელ ვისაუბროთ ადამიანზე, როგორც უდიდეს ფასეულობაზე. წმიდა ილია მართალმა გამოთქვა ასეთი სიტყვები: მამული, ენა, სარწმუნოება. ჩვენ დავუმატეთ და ვამბობთ: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ეს განსაკუთრებული ფასეულობაა და მას უნდა გავუფრთხილდეთ. ღმერთი, როგორც შემოქმედი ცასა და ქვეყანისა და ჩვენი მფარველი. “სამშობლო, როგორც უფალი ერთია ქვეყანაზედა.” ჩვენი სამშობლო, რომელიც მორწყულია მოწამეების სისხლით, როგორ იცავდნენ, სისხლს ღვრიდნენ ჩვენი წინაპრები, რომ დაეცვათ ჩვენი სამშობლო, კულტურა, ხატები მწერლობა… და ბოლოს, უდიდესი ფასეულობაა თვითონ ადამიანი. საოცარია, რომ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა – კარგსაც და ცუდსაც. ყოველდღე გადმოსცემენ, რომ ვიღაც მოკლეს, ამდენი ადამიანი დაიხოცა… ისე შეჩვეულია თანამედროვე მსმენელი, რომ თითქოს არაფერი მომხადრა. ეს ნიშნავს, რომ თანდათან გვიცივდება გული და ვეღარ ვხედავთ, რომ ადამიანი ერთხელ მოდის დედამიწაზე.

რა არის, ვინ არის ადამიანი?
ადამიანი არის ღვთის მიერ ქმნილი ხატება და მსგავსება თვისა. მაგრამ იდეა ადამიანის შესახებ მუდამ იყო ღვთის აზროვნებაში, მის გონებაში. უფალი ეუბნება წინასწარმეტყველს: შენ ჯერ ჩასახული არ იყავი დედის მუცელში, როცა მე გიცნობდი. ეს მარტო წინასწარმეტყველზე კი არაა დაწერილი, ჩვენზეა, ყოველ ადამიანზეა. ჩვენ არ ვიყავით, არც ჩვენი მშობლები და წინაპრები იყვნენ, როცა უფალი ჩვენ გვიცნობდა და ნებავდა, რომ მოვსულიყავით ამ სოფლად. რამდენად ძვირფასია ადამიანის სიცოცხლე, ყველას უნდა გვესმოდეს, განსაკუთრებით მინდა ყურადღება მივაქციო ჩვენს ახალგაზრდებს. ნიჭიერები, განვითარებული არიან, მაგრამ აღზრდა აკლიათ. ვერ აღზარდეს ვერც სკოლამ, ვერც მშობლებმა, ვერც ეკლესიამ. ხშირი შემთხვევაა, როცა სულ უბრალო საკითხზე ისინი ხმარობენ იარაღს, დანას და თითქოს ეს არაფერია. სინამდვილეში არის უდიდესი ცოდვა ღვთის წინაშე და არავითარ შემთხვევაში ადამიანმა ჩხუბის დროს არ უნდა გამოიყენოს იარაღი, არც ცივი, არც ცხელი. თუ ვაჟკაცი ხარ შენი ძალით ებრძოლე შენს მოწინააღმდეგეს. ეს ლაჩრობაა, როცა ადამიანი ადამიანს არტყამს დანას. ეს მეტყველებს შენს სისუსტეზე. თუ შეგიძლია უნდა ებრძოლო შენი კუნთებით და არა დანით და იარაღით. ეს უნდა დაიმახსოვროს და ესმოდეს ახალგაზრდობას. ადამიანი სიკვდილისთვის არ უნდა გაიმეტოს, რადგან ამით ღვთის ნებას ებრძვის. ღვთის ნებაა, რომ ადამიანი ცოცხლობდეს დედამიწაზე და შენ სპობ და ამოკლებ მის სიცოცხლეს.

ადამიანს ძალიან ხშირად აქვს სხვადასხვა მიდრეკილება. ზოგს აქვს მეცნიერებისაკენ, ზოგს სოფლის მეურნეობისაკენ, ზოგს მშენებლობისაკენ და ა.შ. მშობლების და მასწავლებლების სიბრძნე უნდა გამოიხატოს იმაში, რომ გაიგონ რომელი მიდრეკილებისაა ახალგაზრდა. ამიტომ საჭიროა ფსიქოლოგები. მინდა ვთქვა, რომ ფსიქოლოგები აუცილებელია ყოველ დაწესებულებაში, ეკლესიაშიც, სკოლებში, ინსტიტუტებში. მინდა, რომ ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ფსიქოლოგიას და ფილოსოფიას. ბოლო დროს, თითქოს, დაიხურა ფსიქოლოგიის და ფილოსოფიის ინსტიტუტი. მე ვთხოვ ხელისუფლებას, პრეზიდენტს, რომ მიაქციოს ამას ყურადღება, ადამიანს სჭირდება ფსიქოლოგიური, ანალიტიკური აზროვნება. როცა რაღაცას აკეთებს ადამიანი, უნდა გააანალიზოს ის დადებითია თუ არა, განხორციელდება თუ არა. ამიტომ ანალიტიკური აზროვნება აუცილებელია. ამის შესახებ 30 წელია ვლაპარაკობთ და მაინცდამაინც ვერ გავიგეთ, რომ ეს აუცლიებელია. ფსიქოლოგია, ლოგიკა, ფილოსოფია, როგორც საგანი, ისევე, როგორც მათემატიკა, ქართული ენა, ისე უნდა ისწავლებოდეს პირველიდან მეთორმეტე კლასამდე. ასე მივიღებთ ახალგაზრდობას, რომელიც არ დაუშვებს შეცდომას და უნარი ექნება ფილოსოფიური, ანალიტიკური და განყენებული აზროვნებისა. ამიტომ ჩვენმა განათლების სამინისტრომ, ოჯახებმა, სამრვდელოებამ, პატრიარქმა, პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ საკითხებს. ჩვენ გვჭირდება მოაზროვნე ახალგაზრდობა, და არა მხოლოდ მუშა ხელი. ისეთი ახალგაზრდობა, რომელიც დაადგება ჭეშმარიტ გზას. თქვენ ხედავთ, რა რთულია ადამიანის ცხოვრება. არის ასეთი გამოთქმა – “ეს მინდვრის გადავლა კი არ არის”, ეს რთული პროცესია და ბევრი შემთხვევაა, როცა ადამიანი ვერ იტანს სიძნეელეებს და თავს იკლავენ. ეს არ არის გამოსავალი. ამით სამუდამოდ ეშმაკს აძლევს სულს. სიცოცხლე ბრძოლაა. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ სიცოცხლისათვის, და იმისათვის, რომ ჭეშმარიტების გზას დავადგეთ. ამიტომ დიდი და მრავალი საქმეები გველოდება და ღმერთმა მოგვცეს ძალა, გონება და სიბრძნე, რომ შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა. როცა ვლაპარაკობთ ადამიანის უდიდეს ფასეულობაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველას გვეხება. ეს ოჯახშიც უნდა იყოს. როცა შვილი გეყოლება, შეხედე მას არა როგორც შვილს, არამედ, როგორც ხატებას ღვთისას. ის ერთხელ მოვიდა, წავა და აღარასოდეს დაბრუნდება დედამიწაზე. ამიტომ ასეთი თბილი, ლმობიერი და მოსიყვარულე ურთიერთობა უნდა იყოს ცოლსა და ქმარს შორის, მშობლებსა და შვილებს შორის. შვილები უნდა ეცადნონ, რომ გაახარონ მშობლები ყოველდღე, მშობლებმა ყოველდღე უნდა დალოცონ შვილები.

ბედნიერება მოდის, როცა ადამიანი პატივს სცემს მშობლებს. “პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა”. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.

კურთხევა უფლისა თქვენზედა იყოს, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

სალომე ლილუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი