საკვირაო ქადაგება (14.04.2013)
14 აპრილს სამების საკათედრო ტაძარში, მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტიმა ილია მეორემ:
“სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, ჩვენთან არს ღმერთი! სახარებაში ვკითხულობთ, სადაც იქნება საუნჯე თქვენი, იქ იქნება გული შენი, მრავალი სულიერი და მატერიალური სიმდიდრის მქონეა საქართველო, ეს უპირველესად ჩვენი ეროვნება, ჩვენი ქართველობაა, ესაა უდიდესი მადლი, კურთხევა ღვთისა, თუნდაც იმიტომ, რომ როგორც ამბობს იოანე ზოსიმე: “ქართულითა ენითა განიკითხების მთელი მსოფლიო”.”
უწმიდესმა ქართული ენის შესახებ ისაუბრა: “ჩვენი დიდი წინაპარი წმინდა ილია მართალი ამბობს: მამული, ენა, სარწმუნოება და დღეს ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ დაგვაჯილდოვა ქართული ენით, რომელიც უდიდესი საიდუმლოებით მოცული ენაა. როგორ ფიქრობთ, იოანე ზოსიმე, რომელიც წერს “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისა”, საფუძველი რომ არ ჰქონოდა გაბედავდა იმის თქმას, რომ “ქართულითა ენითა განიკითხების მსოფლიო”? ეს ნიშნავს რომ ეს აზრი იოანე ზოსიმემდე იყო და ჩვენ დღეს მადლობას ვწირავთ უფალს, რომ დაგვაჯილდოვა ქართული ენით.”
“ადამიანი მტკიცედ უნდა იდგეს ეროვნულ ნიადაგზე, ქართველი ადამიანი უნდა იცნობდეს ჩვენს ისტორიას, კულტურას და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მცირე ხნით წასვლა უცხოეთში”, – ბრძანა უწმიდესმა.
პატრიარქმა ფინეთში მოგზაურობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ იქ მრავალ ქართველს შეხვდა, მათ შორის საქართველოდან ორი-სამი წლის წასულებს, რომელთა შვილებმაც ქართული ენა არ იციან. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, უცხოეთში ბავშვების გაგზავნით მშობლები შვილებს მძიმე მდგომარეობაში აგდებენ, რადგან მათ საკუთარი კულტურისა და ისტორიის შესახებ ბევრი არაფერი იციან, საზღვარგარეთ კი ქართულ ენას კარგავენ.
პატრიარქმა ქადაგების ბოლოს დალოცა მრევლი და სრულიად საქრთველო.
დავით დანელია
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.