მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (13.10.2013)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.10.2013 2 კომენტარი | 2,560 ნახვა

13 ოქტომბერს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

როგორ უწმიდესმა ქადაგებისას ბრძანა, ერი, რომელშიც უფროსი და უმცროსი თაობის მთლიანობა დარღვეულია, სუსტია.

“ძალიან ხშირად ჩვენ გვავიწყდება უფროსი თაობა, ჩვენი წინაპრები. ამიტომ, მაქვს სურვილი, გამოვყოთ დღეები, როდესაც გავიხსენებთ ჩვენს წინაპრებს, ილია მეორე გამოჩენილ ადამიანებს. მინდა, პირველი ასეთი შეხვედრა მოვაწყოთ წმინდა მეფე დავით აღმაშენებელთან”, – აღნიშნა პატრიარქმა და დასძინა, რომ დავით აღმაშენებლის ცხოვრება საოცრებაა, რადგან ეს არის მთლიანად მინდობა უფლისადმი.

ილია მეორე: “დიდგორის ბრძოლაში მეფე დავით აღმაშენებელმა ჩახერგა უკან დასახევი გზები და მზად იყო, საკუთარ ჯართან ერთად დაცემულიყო, თუმცა, ამავდროულად, ყველაფერს აკეთებდა გამარჯვებისთვის. შევთხოვ უფალს, გახსნას ჩვენი გონება, გაწმინდოს ჩვენი გული, რათა იგი იყოს ტაძარი სულისა წმინდისა. არსებობენ პიროვნებები, რომლებშიც ვითარდება კეთილი თვისებები, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც ბოროტების გარეშე არ შეუძლიათ; მუდმივად ცდილობენ, დათესონ ღვარძლი, მაგრამ ღვარძლი დაიწვება და ხორბალი დარჩება”.

პატრიარქის თქმით, ვინც წყალობს მოყვასსა თვისსა, მას წყალობს უფალი.

“ჩვენ იმდენად ვართ დაკავებული საკუთარ თავსა და ინტერესებზე ზრუნვით, ვერ ვხედავთ გაჭირვებულ ადამიანებს. ამიტომაც გვეუბნება უფალი – იყავით მოწყალენი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი მოწყალე არს. ვინც წყალობს მოყვასსა თვისსა, მას წყალობს უფალი”, – ბრძანა უწმიდესმა. მისივე თქმით, ადამიანი ხშირად არ ფიქრობს, რისთვის მოვიდა ამქვეყნად.

“შემთხვევით არაფერი ხდება და შემთხვევითი არ არის, რომ უფალმა ამ სოფელს მოგვიყვანა. ჩვენი მიზანი, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს ის, რომ დავუახლოვდეთ უფალს, მოყვასს, ბუნებას, რათა შეიკრას პიროვნების მთლიანობა. უფალი ყველას და ყველაფერს მხოლობით რიცხვში ქმნის. ტყუპები, შესაძლოა, გარეგნულად ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს, მაგრამ შინაგანად სრულიად განსხვავებული იყვნენ. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ვიყოთ ღვთის შვილები, შევქმნათ ახალი იდეები”, – აღნიშნა პატრიარქმა.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა ტრადიციულად რამდენიმე გვარი დალოცა.

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ლოცვა 18:00 საათზე, ხოლო წირვა – კვირას 10:00 საათზე დაიწყება. ტაძარში დაბრძანებული იქნება წმიდათაწმიდა ნაწილები, რომელიც სვეტიცხოვლობის დღესასწაულის შემდეგ ისევ გელათში დაბრუნდება.

მომავალი შაბათიდან საღამოს ლოცვა 18:00 საათის ნაცვლად, 17:00 საათზე დაიწყება.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • zviadi says:

    ამინ!

    მაპატიეთ უწმინდესო, რომ თქვენს დარიგებებს და დავალებებს არასოდეს არ ვასრულებ..

  • zviadi says:

    დავით მეფეს

    * * *

    აღმაშენებელი
    თბილისს მობრძანდება
    ყალყზე შემდგარი რაშით!
    გული გაიმაგრე,
    გული გაიმაგრე,
    გული გაიმაგრე,
    დავით!

    რა დაგვიტოვე,
    და რას გახვედრებთ,
    რით მოვიწონოთ თავი?
    ვერ ვიდავითეთ,
    ვერ ვითამარეთ,
    ვერ ვიდიდგორეთ,
    დავით!

    მიწა გაგვიყიდეს,
    ხორცი დაგვიფლითეს,
    გული ამოგგვგლიჯეს ტანჯვით!
    გარეჯს გვიფეთქებენ,
    რუსთველს გვიგინებენ,
    სულში გვაფურთხებენ,
    დავით!

    გადამთიელები,
    უცხოტომელები,
    ტაძრებს გვიფხაჭნიან დანით!
    გადამიარეთო! –
    ასე დაგვიბარე,
    გადაგვიარეს,
    დავით!

    ვერ დავიცავით
    სრულიად საქართველო,
    ვერ მოვუფრთხილდით წამით!
    ხმალი დაგვიჟანგდა,
    სისხლი გაგვიწყალდა,
    დავპატარავდით,
    დავით!

    მტერმაც გვლეწა
    და ერთურთიც ვლეწეთ,
    ვლეწეთ დღისით და ღამით!
    ტაოს მივტირით,
    ჰერეთს მივტირით,
    სამცხეს მივტირით
    დავით!

    კვნესის საქართველო,
    შენი საქართველო,
    გულში დაჭრილია ხარი!
    მუხლი მაგარი აქვს,
    არ დაიჩოქებს,
    ნუ გეშინია,
    დავით!

    თბილისი მაინც
    ისევ თბილისობს,
    გელათი ისევ ყვავის!
    იბადებიან დღესაც ლეკვები,
    სადიდგორენი
    დავით!

    მეფედ შენ გვსურხარ,
    შენ გვიპატრონე,
    შენი ხმლითა და ფარით!
    სხვა ღმერთს
    არა ვცნობთ!
    სხვა ხატს არა ვცნობთ!
    სხვა კაცს
    არა ვცნობთ
    დავით!

    აღმაშენებელო,
    თბილისს შემობრძანდი,
    თეთრი გიორგის მადლით!
    მუმლი მუხასაო!
    მუმლი მუხასაო!
    მუმლი მუხასაო!
    დავით!

    1989 წ.

    თინათინ მღვდლიაშვილი

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი