მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (11.10.2020)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.10.2020 | 224 ნახვა

11 ოქტომბერს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო!

გილოცავთ დღევანდელ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას!

დღეს იყო წაკითხული სახარება, სადაც წარმოჩენელია, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს უფლის ლოცვა-კურთხევას და რამხელა განსხვავებაა იმ ორ მდგომარეობას შორის, როდესც ადამიანი შორომობს ღვთის მადლისა და კურთხევის გარეშე და როდესაც ადამიანს აქვს ღვთის ლოცვა-კურთხევა და იგი ემორჩილება უფლის სიტყვას!

დღეს მსოფლიოს თითქმის დავიწყებული აქვს უფლის ეს სწავლება. ჩვენი დღევანდელი სამყარო ავადაა იმით, რომ ადამიანები უფრო საკუთარ ძალებს ეყრდნობიან და ესავენ, ვიდრე ღვთის წყალობასა და ღვთის შეწევნას.

გახსოვთ უფალი იესო ქრისტეს სიტყვები, რომელიც ამბობს, ჩემ გარეშე არაფერი შეგიძლიათო? – „…თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიც ყოფად არცა ერთი“. იმავეს ამბობს დავით წინასწარმეტყველიც: „არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი“. და ეს სიტყვები კარგად ჩანს დღევანდელ სახერაბაში.

უფალი იესო ქრისტე მიდის გენისარეთის ტბასთან, რათა ხალხს უქადაგოს. როგორც ყოველთვის, მის გარშემო მრავალი ადამიანია შეკრებილი. ტბაზე ორი ნავია, ქრისტეს მომავალი მოციქულები – პეტრე, იოანე, იაკობი და სხვები თევზაობენ. უფალი სთხოვს მათ, ნავზე აუშვას, რომ იქიდან იქადაგოს. პეტრე თავის ნავს დაუთმობს და უფალი ქადაგებს ნავის კიჩოდან.

სხვათა შორის, ამბიონი ეკლესიაში სწორედ ნავის კიჩოს განასახიერებს, მის მსგავსად არის მოწყობილი, რათა გვახსოვდეს, თითქოს ჩვენც გენისარეთის ტბასთან ვიმყოფებით, საიდანაც ქადაგებს უფალი იესო ქრისტე.

აი, უკვე 2000 წელია, ამბიონიდან იქადაგება მისი სწავლება!

უფალი ქადაგებას რომ დაასრულებს, ეტყვის პეტრეს: ,,გადაისროლე ბადე, რომ დაიჭირო თევზი”. პეტრე პასუხობს: ,,მოძღვარო, მთელი ღამე ვითევზავეთ და ვერაფერი დავიჭირეთ; მაგრამ შენ სიტყვას დავუჯერებთ და გადავისვრით ბადეს”. და მართლაც, ისვრის ბადეს და იმდენი თევზი მოდის, რომ ორივე ნავი ივსება და ბადეებიც იხევა ასეთი სიმრავლისგან.

აი, აქ ჩანს, რომ მთელი ღამე იშრომეს თავისი ძალებით და ვერაფერი დაიჭირეს, ხოლო უფლის ლოცვა-კურთხევით, ასეთი სასწაული აღესრულა!

ეს გვაფიქრებს ჩვენც, ძვირფასო დებო და ძმებო, მუდამ უნდა ვევედროთ უფალს, მოგვცეს ლოცვა-კურთხევა ყოველ საქმეზე, იმიტომ რომ უფლის კურთხევის და ლოცვის გარეშე ადამიანის ცხოვრებას წარმატება არ აქვს. შეიძლება მის ცხოვრებაში, მის საქმიანობაში გარკვეული სიკეთე იყოს, მაგრამ საბოლოოდ არ არის ხარისხიანი და მადლმოსილი.

აი, ამას გვასწავლის დღევანდელი სახარება.

გარდა ამისა, რა პირობაა საჭირო კიდევ იმისათვის, რომ უფლის ლოცვა-კურთხევა გარდამოვიდეს ჩვენზე?

როგორც სახარებაში ვნახეთ, პეტრემ დაუჯერა უფალს. წარმოიდგინეთ, რომ თვითონ ის, მისი მამა-პაპა, მთელი მისი წინაპრების თაობები ამ გენისარეთის ტბასთან თევზაობდნენ და მისი ყოველი კუთხე-კუნჭული და დინება იცოდნენ და უცებ მოდის ადამიანი, რომელიც არასდროს უნახავთ არც ანკესით, არც ბადით, მეთევზეც კი არ არის და ეუბნება: ,,მოდი, ახლა გადააგდე ბადე და თევზს დაიჭერ”. ამ დროს პეტრე და მისი მეგობრები, რომლებიც პროფესიონალი მეთევზეები იყვნენ, მას მაინც უჯერებენ. აი, ასეთი დიდი სიმდაბლე და მოკრძალება გამოიჩინეს ამ ადამიანებმა!

და კიდევ ერთი მთავარი პირობა, რატომაც მიიღეს მათ ასეთი დიდი წყალობა ისაა, რომ პეტრე მოემსახურა უფალს, დაუთმო თავისი ნავი, დაეხმარა ღვთის სიტყვის ქადაგებაში, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დედამიწაზე! სწორედ ამიტომ მიიღო მან ასეთი დიდი მადლი და კურთხევა.

ასევე უნდა აღინიშნოს პეტრეს შინაგანი განწყობა, რომელიც მან გამოავლინა. პეტრემ რომ ეს სასწაული იხილა, დარწმუნდა, რომ ეს ნამდვილად სასწაულია. მას არ უთქვამს: „ბედმა გამიღიმა!“, „გამიმართლა!“ ან კიდევ მსგავსი რამ, რასაც ვამბობთ ხოლმე ადამიანები…

იგი მიხვდა, რომ მის წინაშე საოცარი ადამიანი დგას და რომ უფლის სასწაული აღესრულა! ამიტომ პეტრეს შეეშინდა და ეუბნება უფალს: „განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ!“

რას ნიშნავს: „განვედ ჩემგან“? თავისი ცოდვების გამო პეტრემ თავი ღირსად არ მიიჩნია, რომ უფალი იესო ქრისტე მის ნავში ყოფილიყო მასთან ერთად და აი, ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს!

ამ ყველაფერმა განაპირობა მადლის მიღება: მისმა მორჩილებამ, რომ იგი მოემსახურა უფლის სიტყვის ქადაგებას და გამოავლინა ასეთი სიმდაბლე და სინანული. პეტრე შეიცვალა, მასში თითქოს ახალი ადამიანი დაიბადა, მან შეიმეცნა და გააცნობიერა, რომ ცოდვილია და უფალთან ერთად ყოფნისა და დგომის ღირსი არ არის. ამიტომ უფალი ეტყვის მას: ,,ნუ გეშინია, ამიერითგან გყო შენ მესათხევლე კაცთა, ან მონადირე კაცთა” (ასეც გამოითქმება ხოლმე).
დაუკვირდით, რა საოცარი სიტყვებია: „განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ!“ პეტრეს ამ სიტყვების მაგალითზე წმინდა მამები გვმოძღვრავენ: სწორედ ასეთი განწყობა უნდა გვქონდეს ლოცვის დროს, როდესაც უფალს მივეახლებით; უნდა გვქონდეს პეტრეს მსგავსი სიმდაბლე, საკუთარი უღირსების შეგრძნება და ცოდვების განცდა, რომ უფალმა გვიპასუხოს.

ხშირად, როდესაც ღმერთს ვედრებით მივმართავთ, გვსურს, მისგან პასუხი მივიღოთ, გვსურს, გვქონდეს ღრმა რელიგიური განცდები, მაგრამ გვავიწყდება, რომ ჩვენ დღითიდღე ისე ვცხოვრობთ, რომ ღმერთი არ გვახსოვს, მისი მცნებებით არ ვცხოვრობთ. და როდესაც გაგვახსენდება უფალი და მივმართავთ მას, გვინდა, უმალვე გვიპასუხოს და ჩვენი თხოვნები შეისმინოს; მაგრამ ასე არ არის.

უფალი რომ მოგვიახლოვდეს, ჩვენთვის ეს შეიძლება დასასჯელადაც კი იქცეს! ამიტომ პეტრეს განწყობით უნდა ვევედროთ: განვედ ჩემგან, მე არ ვარ ღირსი, შენთან ვიყო, რომ აქ ვიდგე!

თუ უფალი ასეთ დროს არ გვპასუხობს, უნდა ვიკმაროთ ის, რომ ჩვენ იგი გვწამს, რომ ჩვენ მას ვიცნობთ, რომ ჩვენ იგი გვიყვარს. მთელი ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი აზროვნებით უნდა დავუმტკიცოთ მას, რომ მართლა გვსურს, რომ ჩვენი ერთადერთი წყურვილი და მისწრაფება არის ყოფნა უფალ იესო ქრისტესთან! და მაშინ მოვესწრებით იმას, რომ გავიგონებთ სასიხარულო ხმას უფლისა: „მოვედ ჩემდა, კურთხეულო შვილო!“ ამინ!

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

დღეს ჩვენ ვლოცავთ შემდეგ გვარებს: ფარჯანაძეებს, შერმაზანაშვილებს, გულისაშვილებს, ღუღუნიშვილებს, ბახბახაშვილებს და ღვინეფაძეებს.

ღმერთმა დაგლოცოთ, ძვირფასო ძმებო და დებო და თქვენი გვარები დალოცოს და გააძლიეროს უფალმა!

ჩვენთან არს ღმერთი!”




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი