მთავარი » დღესასწაულები

საკვირაო ქადაგება (11.09.2011)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.09.2011 ერთი კომენტარი | 1,680 ნახვა

იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია II

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!

იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა“დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი.” როგორი რთულია ეს ცხოვრება, როგორი მოულოდნელი გარემოებით მოცულია, რასაც არ ელოდება ადამიანი, ხშირად ის ხდება. როგორც ხალხი ამბობს, ეს ცხოვრება მეტად რთულია და ცხოვრების ჩარხი ხან წაღმა ტრიალებს, ხან უკუღმა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ცხოვრება წაღმა ტრიალებდეს. ეს ჩვენი მოვალეობაა.

დღეს არის იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე. ეს დიდი დღესასწაულია. დღეს არის მძიმე მარხვა. მიუხედავად იმისა, რომ კვირა დღეა, თევზით არ ახსნილებს.

სახარებიდან თქვენ იცით, რომ მეფემ მოაწყო ზეიმი. ამ ზეიმის დროს მისმა ძმისშვილმა იცეკვა და ისე მოეწონა მეფეს, რომ შეპირდა მას ნახევარ სამეფოს. ის მივიდა თავის დედასთან და ჰკითხა, რა უნდა ვთხოვოო. ნათქვამია, რომ ფიცით შეჰფიცა მეფემ, რომ აუსრულებდა თხოვნას. და ურჩია დედამ, იოანე ნათლისმცემლის თავი სთხოვეო, რომ მოჰკვეთონ და მოგართვან სინით.

ჩვენ წინაშე ოთხი პიროვნებაა: წმიდა იოანე ნათლისმცემელი, მეფე იროდი, მისი ძმის ცოლი და ძმის შვილი. როგორი რთული ფსიქოლოგიაა, როგორი რთული გარემოცვაა. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს პატივს სცემდა მეფე, მაგრამ სადღაც სიძულვილიც ჰქონდა, იმიტომ, რომ მას ცოლად ჰყავდა ძმის ცოლი, ძმის სიცოცხლის დროს. იმ რაღაც ფიცის და ვნებების გამო, იგი არ არღვევს თავის ფიცს და ჯალათს აგზავნის, რომ მოჰკვეთონ თავი იოანე ნამთლიმცემელს, რომელიც საპყრობილეში იყო. საოცარია ეს ქალიშვილი და მისი დედა. როგორი უნდა იყოს ადამიანი, მითუმეტეს ქალიშვილი, რომელიც მეფეს მოსთხოვს ადამიანის თავს. როგორი უნდა იყოს სიძულვილი დედისა, რომელიც ურჩევს თავის შვილს ასეთ საშინელ საჩუქარს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან რთულია ადამიანის ბუნება. ჯოჯოხეთიდან შეიძლება ზეცაში ავიდეს ადამიანი და შეიძლება დაეცეს.

დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ საით მივდივართ, ვინ ვიყავით და ბოლოს ვინ ვიქნებით. ადამიანმა გადადგა უზარმაზარი ნაბიჯები XIX – XX საუკუნეებში და ადამიანი ამაღლდა ამით. ეს მეცნიერული და ტექნიკური განვითარება ევროპისა გადაიზარდა სოციალისტურ და კომუნისტურ იდეებში და ათეიზმში. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოება, რომელიც დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა, არის ის საცხოვნებელი საშუალება, რომელიც გადაარჩენს ქართველ ხალხს. სიკეთე, რომელიც დააფერთხა უფალმა ქართველ ხალხს, სიყვარული, თანდგომა, გაჭირვებული ადამიანის დახმარება, შენდობა, პატიება – ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ ღვთის მადლით და შეწევნით. ამ შემთხვევაში ჩვენ ვცხონდებით, საქართველო გადარჩება.

წმიდა იოანე ნათლისმცემელი შეგვეწიოს ჩვენ! ამ დღესასწაულს განსაკუთრებიტ აღნიშნავენ ყაზბეგის რაიონში, ეს ჩვენი კუთხის დღესასწაულია. წუხელ ხალხი ღამეს ათენებდა ნიშთან, რომელიც არის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელზე.

შეგვეწიოს წმიდა იოანე ნათლისმცემლის მადლი და მოგვცეს სულიერი ძალა, რომ გავუძლოთ უარყოფით, ნეგატიურ ტალღებს. დღეს მე ვთხოვე უფალს, რომ ყველანი ჩასწეროს წიგნსა მას ცხოვრებისასა.

ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ შენდება და უკვე დასასრულს უახლოვდება დარიალის ხეობაში წმიდა მთავარანგელოზების მონასტერი და უნდა ითქვას, რომ იგი ლავრა იქნება. ეს არის რუსეთის საზღვართან და მისი იქ აშენება შემთხვევითი არაა. ეს იქნება საქართველოს დაცვა. ხუთშაბათს არის მისი საზეიმო გახსნა და პირველი წირვა. ჩვენ ახლა ვამზადებთ ამ ორსართულიან ტაძარს. იქ იქნება მამათა მონასტერი. მინდა გთხოვოთ, რომ ვისაც გაქვთ დრო და სურვილი, ჩამობრძანდეთ დარიალის ხეობაში ოთხშაბათს. მთელი ღამე იქნება პარაკლისების კითხვა და ხუთშაბათს მე თვითონ შევასრულებ საზეიმო წირვას. ასევე მინდა გთხოვოთ, ვისაც აქვს სურვილი და საშუალება, შესაწირავად წამოიღოთ ერთი ტომარა ფქვილი, ერთი ბოთლი წითელი ღვინო და ერთი ბოთლი ზეთი კანდელებისთვის. ეს ძალიან გამოადგება არამარტო მონასტერს, არამედ მოსახლეობასაც. ჩვენ გვინდა ასევე დავეხმაროთ ზოგიერთ გაჭირვებულ რაიონს და გავუგზავნოთ მათ ფქვილი და სხვა სურსათი.

ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ!

ჩვენთან არს ღმერთი!

14-ში არის საეკლესიო ახალი წელი და სიონში იქნება პარაკლისი.

სალომე ლილუაშვლი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • თამარ ქობლიანიძე says:

    მადლობა სულიერ განათლებაში ასეთი დახმარებისთვის. დღეისათვის ასეთი ჟურნალის არსებობა აუცილებელია. გვფარავდეს ყველას უფალი და ღმერთმა დიდხანს და ჯანმრთელად გვიმყოფოს ჩვენი უწმინდესი

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

ქრისტე აღსდგა!