მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (7 აგვისტო, 2011 წელი)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.08.2011 ერთი კომენტარი | 1,956 ნახვა

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი!

პატრიარქი” როცა სოლომონს, დავით წინასწარმეტყველის შვილს მეფედ აკურთხებდნენ, მან უფალს სიბრძნე და გული გონიერი სთხოვა, რადგან თუ სიბრძნე არ აქვს ადამიანს, თუ რეალურად ვერ ხედავს, რა პირობებში ცხოვრობს, ბოლომდე ვერ გაიტანს თავის გზას, ვერც საკუთარ ჯვარს იტვირთავს. აი, ამიტომ ძველმა რომაელებმა თქვეს: დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთადო.

აადამიანს აუცილებლად სჭირდება სიბრძნე. როგორ შეიძლება მან სძლიოს იმ განსაცდელს, რაც წინ ხვდება? მრავალი პრობლემაა ჩვენ წინაშე – უმუშევრობა, მოულოდნელად სამსახურიდან ათავისუფლებენ ხალხს……

ყოველმა ადამიანმა თავი უნდა დააყენოს იმ პიროვნების ადგილზე, რომელსაც უჭირს. როცა უფროსი ათავისუფლებს თანამშრომელს სამსახურიდან, ის ვერ ხედავს, რა უნდა ჭამოს, სვას, რა უნდა გააკეთოს. მას ხომ ოჯახიც ჰყავს?!

რამდენიმე დღის წინ კონფერენცია “ეკლესია და ეკონომიკა” ჩატარდა. რა კავშირშია ეკლესია ეკონომიკასთან? ვხედავთ, რომ მიწიერი გზის გავლის დროს გვჭირდება პური ჩვენი არსობისა. ამ პურის მოყვანას შრომა უნდა. მას მიწა, თესლი ესაჭიროება.

ჩვენი ხალხი ცოტა გაზარმაცდა. ისევ უნდა დავუბრუნდეთ იმ სიყვარულს, რომელიც ჰქონდა ჩვენს წინაპრებს დედამიწის, მიწის მიმართ.

მე გამიგონია ჩვენი წინაპრებისაგან, მშობლებისაგან, რომ ისინი ოცნებობდნენ, ოჯახს ერთი დღის სახნავი ჰქონოდა, ანუ რასაც ერთი დღის განმავლობაში მოასწრებდა და ამით შეინახავდა თავის ოჯახს.

ახლა სხვა მდგომარეობაა. ადამიანს ეძლევა მიწა, მაგრამ გლეხი არ ამუშავებს მას და მიზეზი ის გახლავთ, რომ ტექნიკა არ გააჩნიათ. ეს საქმე არ არის სიკეთისკენ მიმართული.

ბრძენ ადამიანს ძიება ახასიათებს. ასეთი პიროვნება მუდმივად ძიებაშია.…ერთი საქმე თუ არ გამოუვიდა, კიდევ ცდის რამდენჯერმე და რომელიმე გაამართლებს აუცილებლად.
ბრძენი ადამიანი არასდროს კარგავს იმედს.

თქვენ გახსოვთ, ალექსანდრე მაკედონელი როცა იბრძოდა, უამრავი თვალ-მარგალიტი და ოქრო-ვერცხლი მოჰქონდათ მის წინაშე. ის კი თავის მხედრებსა და ხალხს ურიგებდა. როდესაც სულ გასცემდა და არაფერი დარჩებოდა, ჰკითხავდნენ: “მეფეო, შენ რაღა დაგრჩაო?”
– “მე იმედი დამრჩა”, – პასუხობდა ის. სწორედ იმედი არ უნდა დაკარგოს ადამიანმა.

აალექსანდრე მაკედონელი იმდენად დიდი ადამინი იყო, რომ როდესაც შეატყო სიკვდილის მოახლოება, ითხოვა, როცა გაასვენებდნენ, მისი ხელი ჩამოეშვათ, რათა ხალხს დაენახა, მას არაფერი მიჰქონდა საიქიოში. აი, ეს სიბრძნეა საჭირო ადამიანისთვის.

მინდა გთხოვოთ ყველას, რომ ვიფიქროთ, რა არის სიბრძნე და როგორ შეიძლება ადამიანი გახდეს ბრძენი. რა არის ბრძენი პიროვნების თვისებები?
ბრძენი ადამიანი სასოწარკვეთილებაში არასდროს ჩავარდება. იგი არასდროს ეჯახება კედელს, მუდამ ეძებს გამოსავალს, კარს.

ასე რომ, სიბრძნე აუცილებელია ადამიანისათვის.

ერთმა ფილოსოფოსმა თქვა: ნამდვილი ფილოსოფოსი არის ის, ვინც ემზადება გარდაცვალებისათვისო.

ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე, გული გონიერი, საშუალება, რომ სხვას დაეხმაროთ.

როცა ადამიანი მოყვასს ეხმარება, იმას უფრო მეტი სიხარული აქვს, ვინც გასცემს. ეს იმით აიხსნება, რომ ვისაც ეხმარებიან, ის იმ საჭმელსა და ფულს მოიხმარს და ამით დამთავრდება. გამცემი პიროვნების მადლი კი გაცილებით დიდია, ცას სწვდება. ამიტომაა, რომ მას ბედნიერების წინათგრძნობა ეუფლება.

არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ სიღარიბეს არ უნდა შევეჩვიოთ. გვახსოვდეს, საქართველო მდიდარია და საჭიროა, ჩვენი ქვეყანა ბრძნულად გამოვიყენოთ.

ღმერთმა დაგლოცოთ და ყველას მოგცეთ სიბრძნე. არ დაგავიწყდეთ, გაქვთ დავალება, ფურცლებზე ბრძენი ადამიანის თვისებები ჩამოწეროთ.

ჩვენთან არს ღმერთი.

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი