მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (04.10.2020)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.10.2020 | 215 ნახვა

4 ოქტომბერს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო!

გილოცავთ დღევანდელ დღეს! დღეს არის ჯვართამაღლების დღესასწაულის შემდგომი კვირა და სულთმოფენოებიდან მე-17 კვირა, როდესაც ეკლესიებში იკითხება სახარება ქანაანელი დედაკაცის ასულის განკურნების შესახებ.

როგორც სახარებაში ვკითხულობთ, უფალ იესო ქრისტესთან მოდის ძალიან დამწუხრებული ქანაანელი დედაკაცი, იმიტომ რომ მისი შვილი მძიმედ ავადაა და ასე მიმართავს უფალს: „ძეო დავითისაო, შემიწყალე მე!“

„ძე დავითისა“ ნიშნავს მესიას, ეს მესიანისტური წოდებაა და ისრაელში ეს ყველამ იცოდა.

საოცრია, რომ ამ დედაკაცმა, რომელიც წარმართი იყო (რადგან ქანაანელები ნახევრად წარმართები იყვნენ), განჭვრიტა, თუ ვისთან მიდის იგი და რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა და მესია. ეს ქანაანელი დედაკაცი ასეთი მიმართვით ევედრება უფალს თავისი შვილის განკურნებას. მაგრამ უფალი იესო ქრისტე არაფერს ამბობს, თითქოს არც იმჩნევს და პასუხის გაცემას აყოვნებს. ეს ქალბატონი კი კვლავაც ითხოვს და თაყვანს სცემს უფალს.

შემდეგ უფალი იესო ქრისტე მას ასეთ სიტყვებს ეუბნება: „არა კეთილ არს მოღებად პურისა შვილთაგან და დაგებად ძაღლთა“. თითქოს როგორი მკაცრი სიტყვებია! ანუ ჯერ ეტყვის: ებრაელების საცხოვნებლად მოვედიო და შემდეგ, როდესაც ეს ქალბატონი კვლავაც განაგრძობს ვედრებას, უკვე აი, ასეთ მკაცრ სიტყვებს ეუბნება.

თითქოს რაოდენ სასტიკი ნათქვამია! ძაღლებს არ უნდა მივცე პური, რადგან უნდა წავართვა შვილებს და ისე მივცე ძაღლებსო, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ქალბატონმა იესო ქრისტეს თვალებში სულ სხვა რამ ამოიკითხა. უფალი ამას სისასტიკით და სიმკაცრით კი არ ეუბნება, არამედ მის თვალებში გამოსჭვივის დიდი სიყვარული, სითბო და დიდი ღვთაებრივი ძალა!

სიტყვიერად უფალი მას თითქოს მკაცრად მიმართავს, მაგრამ მთელი თავისი მზერით, გამომეტყველებით, მისი დამოკიდებულება ძალიან ალერსიანი იყო და ამით უფალი თითქოს მოუწოდებს მას: განაგრძე შენი ვედრება, იმიტომ რომ მართალი ხარ, სწორად იქცევი.

ეს ქალბატონიც განაგრძობს ლოცვა-ვედრებას. ამის შემდეგ უფალი საოცარ სიტყვებს ამბობს: „დიდ არს სარწმუნოებაი შენი, დედაკაცო, გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს“ და განკურნა ამ ქალის ასული!

აი, ასეთი სახარებაა დღეს წაკითხული, რომელიც ბევრ რამეზე გვაფიქრებს. უფალმა არა მარტო განკურნა ეს ასული, არამედ ამით დიდი მაგალითი მოგვცა, დიდი გაკვეთილი შეგვამეცნა როგორც იმდროინდელ ებრაელებს, ისევე ჩვენ, თანამედროვე ქრისტიანებს!

იმიტომ, რომ ჩვენ ხშირად ვევედრებით უფალს, ვლოცულობთ, რომ გვაშოროს მწუხარება, შეგვიმსუბუქოს ტვირთი და მრავალ სხვა რამეს შევთხოვთ უფალს. არც თუ იშვიათად უფალი აყოვნებს, როგორც ამ დედაკაცის შემთხვევაში დააყოვნა პასუხი. ხშირად ჩვენს შემთხვევაშიც აყოვნებს უფალი, რომ შეგვისრულოს თხოვნა.

სამწუხაროდ, ხშირად გვიფიქრია, ღირს კი საერთოდ ლოცვა-ვედრების გაგრძელება, როდესაც თხოვნების შესრულება ყოვნდება?! ადამიანები ასე ხშირად ვფიქრობთ. ისმენს უფალი ჩემს ლოცვას? თუ არ ისმენს, როდემდე ვილოცო?!

ამ ქალს კიდევ მალე შეუსრულდა თხოვნა; თქვენ გახსოვთ სხვა წმინდანების მაგალითები, როგორებიც იყვნენ: ზაქარია და ელისაბედი, იოაკიმე და ანა, და მრავალი სხვა, რომლებსაც ათწლეულობით უწევდათ ლოცვა და ლოდინი. ჩვენ კი ხშირად უკან ვიხევთ, ვფიქრობთ, რომ აზრი არ აქვს, უფალი არ ისმენს, არ გვპასუხობს…

ქანაანელი დედაკაცის მაგალითი დღეს გვმოძღვრავს, რომ მოუთმენლობა ლოცვისას არასწორია; რომ მიუხედავად უფლის დაყოვნებისა, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ლოცვა მოუკლებელად, უნდა ვევედროთ უფალს, რადგან იესო ქრისტე თავისი სიმკაცრისა და სისასტიკის გამო კი არ აყოვნებს და არ გვისრულებს თხოვნას, არამედ რათა გამოიცადოს ჩვენი სარწმუნოება, სიმდაბლე, როგორც გამოიცადა ამ ქანაანელის რწმენა.

რა თქმა უნდა, უფალმა ყველაფერი უწყის; უფალმა იცის, რა გვაქვს გულში და რა გვსურს, მაგრამ მას უნდა, რომ ჩვენ თვითონაც გავერკვეთ, ნამდვილად გვინდა თუ არა უფლისგან ამა თუ იმ თხოვნის აღსრულება. ნამდვილად არის თუ არა ჩვენთვის ერთადერთი იმედი ღმერთი და უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც ლოცვით მივმართავთ. თავადვე უნდა დავინახოთ საკუთარი თავი, ადამიანი თვითონ უნდა დარწმუნდეს თავის სურვილებსა და მისწრაფებებში.

უფალს, რა თქმა უნდა, ყველაფრის აღსრულება შეუძლია ჩვენთვის, მაგრამ როდესაც ჩვენ უფალს რაიმე ძალიან მნიშვნელოვანს, ძალიან სერიოზულსა და დიდს ვთხოვთ, აუცილებლად უნდა გამოიცადოს ჩვენი რწმენა განსაცდელებით, გარკვეული მწუხარებით, უნდა გამოიწრთოს ადამიანი, რათა თავადვე დაინახოს, გაიაზროს სიდიადე იმ სათხოვნელისა, რისთვისაც ლოცულობს.

ამავე დროს, მვედრებელს უნდა ჰქონდეს სიმდაბლე, რომ იცოდეს, რომ ღვთის მიერ ბოძებული – ეს არ არის მისი დამსახურებული ნიჭი, არამედ – არის ღვთის დიდი წყალობა!

აი, ასეთი საოცარი სახარებაა დღეს, ძვირფასო დებო და ძმებო!

გილოცავთ დღევანდელ დღეს!

ინებოს უფალმა, რომ სწორედ ასეთი განწყობით ვისწავლოთ ლოცვა!
და თუ ჩვენ ასე ვილოცებთ, დიდი სარწმუნოებით და დიდი სიმდაბლით, მაშინ ჩვენც გავიგონებთ იმ სანატრელ ხმას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „დიდ არს სარწმუნოებაი შენი, შვილო, გეყავნ შენ სურვილისამებრ შენისა, ამინ!“




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი