მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (04.09.2011)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.09.2011 4 კომენტარი | 2,149 ნახვა

პირველკლასელისრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

“ადამიანი სასოწარკვეთაში არ უნდა ჩავარდეს, რადგან მოწყალე უფალი თვითონ მივა მასთან.”

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.

ჩვენთან არს ღმერთი!

უფალი ბრძანებს: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც აირჩევს ამ გზას და მისი მიმდევარი მიიღებს მადლს, წყალობას, სიყვარულს, სიხარულს.

სადაც არის შენი საუნჯე, იქ იქნება გულიც. რა არის საუნჯე? უპირველეს ყოვლისა, ეს სულიერი საუნჯეა. ვისაც აქვს ჭეშმარიტი სარწმუნოება, გააჩნია დიდი სიყვარული, შეუძლია აპატიოს ცოდვები, ვინც ცდილობს, სიკეთე გააკეთოს, აქვს მოთმინება და ის სათნოება, რაც არსებობს, ბედნიერია, დგას ჭეშმარიტების გზაზე და მიდის ღვთის სასუფეველში. მაგრამ არიან ისეთი ადამიანები, რომელნიც ცდილობენ, სთესონ ღვარძლი, ურწმუნოება, უსიყვარულობა, განკითხვა… ეს პიროვნებები განწირულნი არიან და ხდებიან მკვიდრნი ჯოჯოხეთისა, მაგრამ ჩვენ არ უნდა შევიძულოთ ისინი, ვინც ბოროტებას სჩადიან, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით, მომავალში ვინ იქნებიან ეს ადამიანები. შეიძლება ცრემლითა და სინანულით, მოთმინებით მოიპოვონ მადლი ღვთისა და განიწმინდონ, როგორც განიწმინდა მარიამ მაგდალინელი, მარიამ მეგვიპტელი და მრავალი სხვა…

დღევანდელ სახარებაში წერია, რომ ვინმე ახალგაზრდა მივიდა მაცხოვართან და ჰკითხა: მოძღვარო სახიერო, რა გავაკეთო იმისათვის, რომ გავხდე ღირსი სასუფევლისა? უფალმა ჩამოთვალა სათნოებები: არა კაც ჰკლა, არა იპარო, არა იმრუშო, პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა. ყმაწვილმა მიუგო, რომ ამ ყოველივეს ასრულებდა. მაშინ მაცხოვარმა უთხრა: წადი და გაყიდე შენი ქონება, დაურიგე გაჭირვებულებს და შემომიდექ მეო. ახალგაზრდა დამწუხრებული წავიდა მაცხოვრისაგან, რადგან მეტად მდიდარი იყო. ე.ი. ვერ დასძლია საკუთარი თავი, სიმდიდრემ შეიპყრო, გააჩერა იგი.

ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რა არის სულიერი სიმდიდრე, რომელიც გაგვყვება მომავალ ცხოვრებაში. მიწიერი სიმდიდრე – ჩვენი სახლი, კარი, ქონება,- ეს ყველაფერი მიაცილებს ადამიანს სამარის კარამდე და ვის დარჩება, არავინ იცის.

ამიტომ შევთხოვთ უფალს, რომ მოგვცეს გული გონიერი, გახსნას ჩვენი გონება, სიბრძნე, რათა გვახსოვდეს, რა არის პირველი და უკანასკნელი.

უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენი სიმდიდრე. არა განცხრომაში და დროს ტარებაში, არამედ გაჭირვებულების დახმარებაში.

ღმერთმა ინებოს, მოგვცეს გული გონიერი, სიბრძნე, რათა გავარჩიოთ კეთილი და ბოროტი. უკეთუ დაეცემა ადამიანი, შეცდომას დაუშვებს, სულიერად დაეცემა, არ უნდა ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში იმიტომ, რომ უფალი მოწყალეა, თვითონ მივა დაცემულ პიროვნებასთან და ის კვლავ გააგრძელებს თავის გზას…

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, მოგცეთ სიბრძნე და გული გონიერი.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ამინ!

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.