მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (04.02.2018)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.02.2018 | 3,048 ნახვა

4 თებერვალს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორე უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონში, მრევლს ქადაგებით მიმართა.

“სიხარული და მწუხარება თითქოს ტყუპი ძმებივით არიან, ერთად დადიან. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა მწუხარებას ვგლოვობთ და ამას მოსდევს სიხარული. დღეს არის კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. დაე ინებოს უფალმა, რომ კაცობრიობამ დაამარცხოს ეს საშინელი სენი. განსაკუთრებით ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ განკურნოს ჩვენი ბავშვები, ჩვენი შვილები ამ საშინელი სენისაგან.

დღევანდელ დღეს ეწოდება უძღები შვილის კვირიაკე.

უფალმა ბრძანა იგავი: ერთ ადამიანს ჰყავდა ორი შვილი და უმცროსმა განუცხადა მამას, რომ მე მინდა მომცე ჩემი წილი და ცალკე ვიყო შენგან.

წავიდა, წაიღო თავისი წილი და მეძაობასა და თავისუფალ ცხოვრებაში გააბნია ეს ყველაფერი. ბოლოს ისე გაუჭირდა, რომ ენატრებოდა საჭმელი. იყო მწყემსი ღორებისა და ღორის საჭმელიც არ ჰქონდა.

და, აი, ამ დროს სინანული გაუჩნდა მას და თქვა თავის გულში: წავალ და ვეტყვი მამას: არა ვარ ღირსი, მეწოდოს შენი შვილი, მიმიღე როგორც ერთი მუშაკთაგანი, როგორც ერთი მსახური შენი.

როცა იგი უახლოვდებოდა თავის სახლს, დაინახა მამა და მამამ დაინახა თავისი შვილი. მამა გაეგება, სირბილით გაეგება მას და მოეხვია; მამამ ყველაფერი დაივიწყა, დაივიწყა ის წყენა, ის მწუხარება, რაც მან მიაყენა, მიიღო იგი როგორც ძვირფასი შვილი და მიაცემინა სამოსი.

ეს იგავი წინასწარეტყველებაც არის, წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ კაცობრიობა განუდგება უფალს, მაგრამ ისე გაუჭირდება, რომ დაბრუნდება უკან როგორც უძღები შვილი.

უფალი ამბობს: მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, ანუ რომელნიც შრომობთ და ტვირთი მძიმე გაქვთ, მოდით ჩემთან, აღიღეთ უღელი ჩემი, რამეთუ ტკბილ არს და რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი მსუბუქ არს.

ეს სიტყვები მეტყველებს იმის შესახებ, რომ მამაზეციერი არასდროს არ ტოვებს კაცობრიობას, მამაზეციერი ფიქრობს, ზრუნავს ჩვენზე.

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა მწუხარება ხშირად თრგუნავს ადამიანს, მაგრამ ადამიანმა არ უნდა დაკარგოს იმედი. ადამიანმა მუდამ უნდა იქონიოს იმედი ღვთისა. მაცხოვარი ამბობს: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა ადამიანმა იპოვოს თავისი გზა.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ერთადერთი გზა არის ის გზა, რომელსაც მიჰყავს ადამიანი ღმერთისაკენ და ეკლესია არის კარიბჭე სასუფეველისა. ღმერთმა ძალა მოგვცეს და მადლი მოგვცეს, რომ ვპოვოთ ეს ჭეშმარიტი გზა.

მოგვიახლოვდა დიდი მარხვა და ამით გვიახლოვდება დიდი მარხვის შემდეგ აღდგომის ზეიმი. ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს უფალმა.

არ უნდა დავკარგოთ იმედი. წარსულში თითქოს უფრო გვიჭირდა, უფრო უჭირდა ხალხს, მაგრამ სიხარული მაინც იყო. სად დაიკარგა ეს სიხარული, სად დაიკარგა ეს მშვიდობა? მაგრამ მშვიდობა დაბრუნდება, რადგან ჩვენთან არს ღმერთი.

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა.

ღმერთმა ინებოს რომ ყოველი უძღები შვილი დაბრუნდეს თავის მამასთან. ამინ!

დღეს ჩვენ ვლოცავთ შემდეგ გვარებს: სამხარაძეებს, მარტოლეკებს, გელბახიანებს, ზამბახიძეებს, ბახტაძეებს, თეთრუაშვილებსა და ჩიბურდანიძეებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, გაგამრავლოთ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ.”

წყარო: http://patriarchate.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.