მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (3 ივლისი 2011 წელი)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.07.2011 | 1,553 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგებაჩვენთან არს ღმერთი!

ადამიანი და კაცობრიობა ცხოვრობს დროის სამ განზომილებაში: წარსული, აწმყო და მომავალი ყოველმა ადამიანმა უნდა იფიქროს იმის შესახებ, თუ ვინ ვიყავით ჩვენ, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით. ადამიანს აქვს ასეთი თვისება, რომ აიდეალებს თავის წარსულს. მუდამ ჰგონია, რომ ის უკეთესი იყო. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა დროს, ყოველ საუკუნეს, აქვს თავისი სახე, ჩვენ შეგვიძლია დავახასიათოთ ესა თუ ის საუკუნე.

მაგ. მე-20 საუკუნე – ეს აღმოჩენების საუკუნეა. გადაიდგა დიდი ნაბიჯები წინ, დიდი ნაბიჯები უკან. მეცნიერებაში და ტექნიკაში წინ, ზნეობაში და ყოფა -ცხოვრებაში უკან. აი ასეთი წინააღმდეგობები იყო. ეს კოსმოსის დაპყრობა, თვითმფრინავები, რაკეტები, იარაღი. დაახლოებით 30 წლის წინ, თბილისში იყო, სამშვიდობო კონფერენცია და იქ თქვეს გამოცდილმა და მცოდნე მეცნიერებმა, რომ მსოფლიოში შეგროვებულია იმდენი იარაღი, რომ 17-ჯერ შეიძლება მოისპოს სიცოცხლე დედამიწაზე. არამარტო ადამიანი, ცხოველები, ბაქტერიები. ეს იყო 30 წლის წინ და ახლა უარესია. 17-ჯერ რად უნდა დედამიწას ან სიცოცხლეს მოსპობა, ერთხელაც ეყოფა. მეცნიერები ამბობდნენ, რომ ჩვენ მთელი დედამიწა ვიმყოფებით ერთ კასრში, სადაც ჩასხმულია ნავთობი და არა აქვს მნიშვნელობა ვინ გაკრავს ასანთს: ამერიკა, რუსეთი, ევროპა თუ სხვა. ე.ი. ყველა აფეთქდება. ასეთი საშინელი სურათი იხატება ჩვენს წინაშე. მაგრამ, მე მინდა ვთქვა, რომ ამასთან ერთად ბევრი სიკეთეც იყო.

მე-20 საუკუნემ აღმოგვიჩინა ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო მუსხელიშვილი და მრავალი სხვა. მე-20 საუკუნემ ბევრი სიკეთე მოგვიტანა. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მე-20 საუკუნემ კაცობრიობას 2 მსოფლიო ომიც მოუტანა, რომლის დროს მრავალი ადამიანი მოისპო მრავალ ქვეყანაში. ამა თუ იმ პროცესს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ დადებითი მხარეები ავითვისოთ, ეს იქნება განათლებაში თუ ყოფა-ცხოვრებაში, უნდა შევიძინოთ და ჩვენს ცხოვრებაში გამოვიყენოთ. მაგალითად; ჩემთან იყვნენ მასწავლებლები ჩამოსული აშშ-დან. მათ მიამბეს საოცარი შემთხვევები, თუ იჩხუბებენ ამხანაგები ერთმანეთთან, ბავშვები, ისინი არ მიდიან სკოლიდან სანამ არ შერიგდებიან, უყურებენ მზეს, მზე არ უნდა ჩავიდეს, სანამ არ შერიგდებიან. ეს პრაქტიკა შესანიშნავია, ამას ნაბისმიერი ქვეყანა და ერი სიხარულით და სიამოვნებით მიიღებს.

მინდა, რომ ერთი თვალით შევხედოთ მომავალს, ჩვენი მომავალი მეტწილად საიდუმლოებით არის მოცული. მაგრამ სულიერი ადამიანი, მაინც ხედავს მომავალს და ის, უპირველეს ყოვლისა, შედგება მომავალი თაობისაგან, ჩვენი შვილები, ჩვენი შვილიშვილები, რას გააკეთებენ, როგორ მოიქცევიან. მე იმედით ვუყურებ ჩვენს მომავალს, იმიტომ, რომ ჩვენი ტაძრები, ღვთის მადლით და კურთხევით, სავსეა ახალგაზრდობით. ეს იმას ნიშნავს, რომ სიკეთის გზაზე დგანან და გააგრძელებენ მომავალშიც.

როცა ჩვენთან სტუმრები ჩამოდიან, ყველა ამბობს, რომ მათ ამდენი ახალგაზრდა ტაძრებში არსად არ უნახავთ. ქართველი ადამიანი ხედავს, რომ სულიერების და მაღალი ზნეობის გარეშე ადამიანი დაიღუპება. ამიტომ, ღმერთი გვიხსნის ჩვენ გონებას, გული გონიერი უნდა მონაწილეობდეს, გულიც და გონებაც. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ახალგაზრდობა ჭეშმარიტების გზაზე დადგეს? უპირველეს ყოვლისა მშობელმა უნდა აჩვენოს მაგალითი.

მე მახსენდება ჩემი მშობლები. ჩემთვის ჩემი მშობლები ყველაფერში მაგალითნი იყვნენ. ხშირი შემთხვევაა როცა ბავშვი ხედავს, რომ ცუდად იქცევა მშობელი დედა ან მამა, შინაგანად კრიტიკა და წინააღმდეგობა იზრდება, მის გულში და გონებაში. ამიტომ, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა გვიყვარდეს, უნდა ვენდობოდეთ ჩვენს შვილებს. მშობლებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რათა ბავშვმა იგრძნოს, რომ ის უყვარს მშობლებს და მათ ენდობიან.

ბევრი შემთხვევა იყო, როცა ვთქვათ, ბავშვს მოუპარია რაიმე. სწორედ იმ ბავშვს ჩააბარეს ფული, რომ გადაეცა ვიღაცისთვის. მისთვის ეს აღმოჩენა იყო, რომ მას ენდობიან, რადგან ენდობიან ის აღარ მოიპარავს. ასე, რომ ბავშვს უნდა ვასწავლოთ ცოდნა, შევაყვაროთ და არ ვაიძულოთ, რომ გაკვეთილები მოამზადოს. თვითონ უნდა ჰქონდეს ამის სიყვარული, განწყობა და უნდა უყვარდეს მას თავისი მასწავლებელი და მშობელი. უნდა უყვარდეს ის საქმე.

ასევე მე მინდა შეგახსენოთ, რომ შრომა აუცილებელია. ბავშვი ფეხზე რომ გაივლის, იქიდან უნდა ვასწავლოთ შრომა.

ჩვენთან მთაში იციან თქმა, “შვილი გაზარდე მტრულადა, გამოგადგება ძმურადა”. მართლა მტრულად კი არ ზრდიან, მკაცრად ზრდიან. დასავლეთ საქართველოში რომ იციან “შენი ჭირიმე”, “შენ გენაცვალე”. მე არ მახსოვს, რომ მთაში, მამას ან დედას ეთქვას შვილისთვის “შენი ჭირიმე”, “შენ გენაცვალე”. ასეთი სიმკაცრით ზრდიდნენ და ზრდიან შვილებს და ერთგულები გამოდიან ქვეყნისაც, მშობლებისაც. ასეთ მომავალს ვხედავ. ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენი მომავალი შავ ფერებში, ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენი მომავალი, როგორც ყოფნა არყოფნის მდგომარეობა.

უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქრთველო არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი არ დაუშვებს იმას, რომ საქართველო დაეცეს, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. საქართველო ღვთის მადლით და წყალობით გამთლიანდება. საქართველო იქნება ბედნიერი, ჩვენთან ერთად ბედნიერნი იქნებიან აფხაზები, ოსები და სხვანი.
ღმერთმა ინებოს, რომ აღსრულდეს ჩემი რწმენა, ჩემი იმედი მომავლისა, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!

ჩვენთან არს ღმერთი!

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი