მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (01.07.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.07.2012 ერთი კომენტარი | 2,903 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია ll
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი.
ილია მეორე “დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი”. დრონი იცვებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. ჩვენ უკვე აღარ ვგავართ ჩვენს წინაპრებს, მშობლებს, ისინი უფრო მორიდებულნი, კეთილნი იყვნენ. მაგრამ ჩვენ მაინც ვართ სისხლი და ხორცი წმიდისა მეფისა დავით აღმაშენებლისა, სისხლი და ხორცი თამარ მეფისა და შოთა რუსთაველისა.

წინათ იყვნენ ისეთი ბრძენი ადამიანები, რომელთაც ფილოსოფოსები ეწოდებოდა. “ფილოსოფია”- ეს არის “სიბრძნის სიყვარული” – უნდა მიყვარდეს სიბრძნე. ფილოსოფოსებთან ერთად იყვნენ კრიტიკოსების სხვა ჯგუფიც. ფილოსოფოსები ხშირ შემთხვევაში დადიოდნენ სოფელ-სოფელ ქადაგებდნენ ამბობდნენ, რომ სიკეთე გაეკეთებინა ადამიანს. მათ ჰყავდათ მრავალი მიმდევარი, სადაც წავიდოდნენ ფილოსოფოსები იქ მისდევდნენ მათი მიმდევრები და ამ ფილოსოფოსებს დაარქვეს პერიპატები. “პერიპატო” – მოსეირნეა. ამიტომ ეს ფილოსოფოსებიც იყვნენ მოსეირნეები და პირადად გადასცემდნენ თავის სიბრძნეს. მეორენი – იყვნენ კრიტიკოსები. ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა თქვა, რომ “ჩვენ აღარ გვყავს ფილოსოფოსები, დაგვრჩა მხოლოდ კრიტიკოსები.” მართლაც ასე ადამიანი, რომელიც აკრიტიკებს, უპირველეს ყოვლისა, თვითონ უნდა გააკეთოს უკეთესი და შემდეგ აკრიტიკოს. რას ვიზამთ, ეს ჩვენი ბუნებაა და ეს კრიტიკა ძალიან ხშირად გადადის განკითხვასა და ცოდვაში.

პავლე მოციქული ამბობს: “ურთიერთ არს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი”. ჩვენი მოწოდებაა, რომ ერთმანეთის ტვირთი, სიმძიმე ვიტვირთოთ. ეს სულიერია, მატერიალური თუ სხვა ეს ადამიანმა უნდა იტვირთოს.
მე მახსენდება ჩემი ახალგაზრდობის წლები. მყავდა შესანიშნავი მოძღვარი მამა შიო ძიზავა. ხშირად ჩამოდიოდა ჩემთან ჯერ ბათუმში, მერე სოხუმში. აღსარებას მამა შიოს ვაბარებდი. როცა ხედავდა, რომელიმე ცოდვის გამო შეწუხებული ვიყავი, მომეხვეოდა და მეტყოდა, “მეუფეო, ილოცე, ნუ განიცდი,” მეც მომსვლია ასეთი ცოდვაო. შეიძლება მას არც ჰქონდა ასეთი ცოდვა ჩადენილი, მაგრამ იმდენად ლმობიერი და კეთილშობილი იყო, რომ ამშვიდებდა ადამიანს, ასევე – მეც. როცა დავამთავრებდით აღსარებას, მომეხვეოდა და მეტყოდა: “მეუფეო, ახლა შენ ანგელოზი ხარ, ღმერთმა შეგინდო შენ ცოდვები”. ასე, რომ ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვითვირთოთ.
დღევანდელ დღეს ჩვენ დავარქვით “თანადგომის” დღე. უნდა დაუდგეს ყოველი ადამიანი გვერდით მეგობარს, ნაცნობს, უცნობს, რომ გაუადვილოს მას მისი სიცოცხლე.

მინდა მოვიყვანო ერთი მაგალითი. ახალგაზრდა ბერი მოღვაწეობდა უდაბნოში და ისეთ სიმაღლეს მიაღწია, რომ ხალხს კურნავდა. ერთხელ მოუყვანეს ქალიშვილი, რომელიც ვერ განკურნა. მერე ის ქალიშვილი დაუტოვეს იქ, რომ ლოცვით გაძლიერებულიყო და ლოცვით განეკურნა და ეშმაკსაც ხომ არ სძინავს, განკურნა ის ქალიშვილი მაგრამ, სცოდა მასთან. იმდენად განიცადა ის საშინელი ცოდვა, რომ მოკლა ის ქალი და გადააგდო სადღაც კლდეზე. მღვდელი წავიდა იმ გამოქვაბულიდან და ფიქრობდა, როგორ მოეკლა თავი. უდაბნოში დაინახა ერთმა ბერმა, რომელიც მრავალი წლის მანძილზე მოღვაწეობდა და ნახა, რომ იმ ახალგაზრდა ბერს რაღაც უბედურება ჰქონდა ჩადენილი. გააჩერა და ჰკითხა, რა აწუხებდა და ყველაფერი უამბო. ახლა მოვდივარ, რომ თავი მოვიკლაო. მე ერთ რამეს გეტყვი: ასეთი ცოდვა მეც ჩამიდენია ახალგაზრდობაში და დარჩი ჩემთან, ერთად ვილოცოთ, ორივეს ერთნაირი ცოდვა გვაქვსო. დარჩა და მრავალი წელი იყო მის მორჩილებაში და იმ მდგომარეობიდან გამოვიდა. როცა ნახა იმ მოხუცებულმა ბერმა, რომ უკვე განკურნებულია უთხრა მას, ახლა წადი და ცალკე იმოღვაწევე. ასე გადაარჩინა ბერმა ახალგაზრდა ბერი.

ღმერთმა მოგვცეს ჩვენ მადლი და ძალა. უპირველეს ყოვლისა, მადლი, “უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი”. მადლი, რომელიც გარდაქმნის ადამიანს. მრავალი განსაცდელია დედამიწაზე, მრავალი ცოდვა, მრავალი სიკეთე, მრავალი ბოროტება. ბოროტება ებრძვის სიკეთეს. მაგრამ ბოროტება, როგორც უღრან ტყეშია ანთებული სანთელი, ისე უნათებს გზას ადამიანს. სიკეთე არასდროს არ იკარგება. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, ადამიანის ცხოვრება არის სწრაფვა უფლისაკენ – ვერტიკალი და ჰორიზონტალი – სწრაფვა ადამიანისაკენ. ადამიანის გაჭირვება უნდა დავინახოთ, უნდა ვუთანაგრძნოთ, რაც არ უნდა მძიმე ცოდვა იყოს. თქვენ უნდა დაეხმაროთ მას და ღმერთი დაგეხმარებათ თქვენ.

დღეს არის თანადგომის დღე, ღმერთმა მოგვცეს ყველას ძალა, რომ შვეწიოთ გაჭირვებულებს.

ჩვენთან არს ღმერთი!

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • ნინო says:

    მე მგონი ჩვენ აღარც ფილოსოფოსები გვყავს და აღარც კრიტიკოსები. ჩვენ გვყავს დოყლაპიები, ყვარყვარეები და ცინიკოსები.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი