მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (01.01.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.01.2012 5 კომენტარი | 2,743 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!

პატრიარქი ახლით და ძველით ახალ წელს გილოცავთ! ღმერთი იყოს ჩვენი, მთელი ქვეყნის მფარველი. უფალმა ინებოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა სუფევდეს საქართველოში, მთელ მსოფლიოში და ღმერთმა ინებოს, რომ ყოველ გაჭირვებულ ადამიანს შემწეობა გამოუჩინოს, ყოველი შეცთომილი ჭეშმარიტების გზაზე დააყენოს…

მინდა გესაუბროთ ხატის შესახებ, რომელსაც “საქართველოს იმედი ვუწოდეთ”. ასეთი ხატი მსოფლიოში არსად მინახავს და მას მიეცემა ღვთის მადლითა და წყალობით განსაკუთრებული ძალა კურნებისა, დახმარებისა, იმედისა და ამიტომ მას დიდი მნიშვნელობა ექნება.

როცა ხატთან ლოცვა აღევლინება, მაშინ იჩენს სასწაულებრივ თვისებებს, ამიტომ, გადავწყვიტეთ ამ ხატის წინაშე ყოველდღე, დღის 2 საათზე პარაკლისი შესრულდეს. ეს იქნება “წმიდა სამების”, “იესო ტკბილის”, “ღვთისმშობლის” და “ყოველთა წმიდათა” პარაკლისი.

ხანდახან საუბრობენ, რომ ბევრი ოქრო დაიხარჯა ხატის შემკობაზე და ა.შ. მთავარი ოქრო კი არ არის, არამედ ის,რომ ქართველმა ხალხმა თავისი გული და გონება ჩააქსოვა ამ ხატში. “საქართველოს იმედის” ხატის შექმნაზე ფიქრი ჯერ კიდევ 30 წლის წინ დაიწყო. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა შექმნილიყო ეს ხატი.

აქ არიან ქართველი და მსოფლიო წმიდანები, შევთხოვთ მათ მოიღონ წყალობა ჩვენს ქვეყანაზე, მთელ მსოფლიოზე და ვთხოვოთ დაგვეხმარონ ამ განსაკუთრებულ წლებში და დღეებში.

სიხარული და მწუხარება, თითქოს ტყუპი ძმები არიან. არსებობს ხალხური გამოთქმა “სიკვდილმა უთხრა სიცოცხლეს, ჩემი ძმა ხარო” და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მწუხარება სიხარულად აქციოს, ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომელნიც მწუხარენი არიან, რომელნიც საავადმყოფოებში, ციხეებში იმყოფებიან.

მსურს, ერთი სამწუხარო ამბავი მოგახსენოთ. ჩვენთან ბრძანდებოდა ათონის მთიდან ეროვნებით ბერძენი, მამა ეფრემი. ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, რომელმაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სარტყელის ნაწილი ჩამოიტანა, მოსკოვში რამდენიმე მილიონი ადამიანი მივიდა ამ სიწმიდის თაყვანისსაცემად და ახლა ცნობილი გახდა, რომ მამა ეფრემი დააპატიმრეს. მინდა, გთხოვოთ ყველას რომ მამა ეფრემისთვის ლოცვები აღვავლინოთ, რომ უფალმა გაათავისუფლოს იგი. იმედია,უფალი შეისმენს ჩვენს ლოცვებს. ჩვენ მწუხარენი ვართ ამის გამო. მამა ეფრემი მეტად სულიერი პიროვნებაა.

ვატოპედის მონასტერში აგრეთვე ჩვენი ქართველი ბერები მოღვაწეობენ და ჩვენ თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ და მთელ მონასტერს.

დღეს კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ თუ რამდენად რთულია ადამიანის ცხოვრება. ვინ წარმოიდგენდა რომ მონასტრის წინამძღვარს საბერძნეთის მთავრობა ციხეში შეიყვანდა, ოთახში სადაც ავაზაკები და ქურდები არიან, მაგრამ ღმერთი მოწყალეა და გაათავისუფლებს მას.

გისურვებთ მშვიდობას, სიხარულს, გიყვარდეთ ადამიანები, არა მარტო ის, ვინც სიკეთეს აკეთებს თქვენთვის, არამედ მტრებიც გიყვარდეთ, ეს ძალიან რთული პროცესია… და თუ არ შეგიძლიათ სიყვარული ილოცეთ მაინც მათთვის. ღმერთმა დაგლოცოთ, უფალმა დალოცოს გვირგვინი წელიწადისა ამის მშვიდობით ამინ!

დალოცვილნი და გახარებულნი იყავით!

შეგახსენებთ, რომ შაბათს შობაა უფლისა ჩვენისა ისეო ქრისტესი, არ დაგავიწყდეთ ფანჯარაში სანთლის დანთება. როდესაც შობის დრო დადგა, იოსებ მართალმა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ბეთლემში ვერ ნახეს სასტუმრო და გამოქვაბულში შევიდნენ, სადაც პირუტყვი ცხოვრობდა. როდესაც სანთელს ვანთებთ და ფანჯარაში ვდგამთ, ამით ვეპატიჟებით ღვთისმშობელ დედას და მართალ იოსებს, რათა შემოვიდნენ ჩვენს სახლებში და ჩვენს გულებში იშვას ქრისტე მაცხოვარი.

დალოცვილნი და გახარებულნი იყავით, მრავალს დაესწარით.
ჩვენთან არს ღმერთი!

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქი ტაძარი

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი