მთავარი » ქრისტიანობა

საკურთხეველი – ცათა სასუფეველს განასახიერებს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.04.2010 ერთი კომენტარი | 6,238 ნახვა

საკურთხეველისაკურთხეველი სულიერი მნიშვნელობით, ცათა-სასუფეველს, ზეცას განასახიერებს.

საკურთხეველში შესვლის უფლება, მხოლოდ მღვდელმსახურებს აქვთ. განსაკუთრებული კურთხევა, მღვდელმსახურთაგან ერის ადამიანებს ეძლევათ, მხოლოდ მამაკაცებს და ისინი სასულიერო პირებს, ღვთისმსახურების დროს ემსახურებიან. მათ სტიქაროსნები ჰქვიათ. იმიტომ, რომ სპეციალურ სამოსელს ატარებენ, რომელსაც სტიქარი ეწოდება.

საკურთხევლის მნიშვნელობაზე წირვა-ლოცვის დროს, “ამბიონს” ესაუბრა მამა გიორგი კიკვაძე, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძრის მღვდელმსახური:

“მართლმადიდებლური ტაძარი სამ ნაწილად იყოფა. სტოა, შუა ტაძარი და საკურთხეველი. თითოეულ მათგანს, თავისი სიმბოლური და პრაქტიკული დატვირთვა აქვს.

სტოა, არის ტაძრის შესასვლელი, სადაც ძველ დროში კათაკმეველნი იდგნენ. ანუ ის ხალხი, ვინც მონათლული არ იყო. ისინი წირვას კათაკმეველთა ლიტურღიის შემდეგ ტოვებდნენ. წირვის გარკვეულ მონაკვეთს ესწრებოდნენ.

ტაძრის შუა ნაწილში, მორწმუნე, მონათლული მრევლი დგას და იღებენ წმინდა ზიარებას. სრულად ესწრებიან ლიტურღიას. შუა ტაძრის სიმბოლური დატვირთვა, ის არის, რომ განასახიერებს მიწას, დედამიწას. ადგილს, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.

ტაძრის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, არის საკურთხეველი. ის შუა ტაძრისგან გამოყოფილია სპეციალური აღმართული კედელით, რომელსაც კანკელი ჰქვია.

კანკელის ცენტრში არის კარი, რომლითაც მხოლოდ მღვდელმსახურები სარგებლობენ ღვთისმსახურების დროს და ამ კარს აღსავლის კარი ეწოდება.

კანკელზე, რომელიც საკურთხეველს ჰყოფს შუა ტაძრისგან, შესაბამისი კანონიკით, წმიდა ხატებია დაბრძანებული. უსათუოდ, უნდა იყოს ღვთისმშობლის, მაცხოვრის და ტაძრის წმიდანის ხატები.

ტაძრის წმიდანი არის ის წმიდანი, რომლის სახელზეც ტაძარია აშენებული.

თავად საკურთხეველიც სამ ნაწილად იყოფა. საკურთხევლის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, უშუალოდ საკურთხეველია. სადაც არის ოთხკუთხა მაგიდა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში ქვისგან, ზოგჯერ კი ხისგან არის მოპირკეთებული. ამ მაგიდას წმინდა ტრაპეზი ეწოდება.

ყველა ტაძრის წმინდა ტრაპეზში, ჩასვენებული არის რომელიმე მოწამის წმიდა ნაწილი. ამას თავისი ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

ძველად, პირველ-მეორე საუკუნეებში, მსხვერპლშეწირვა უფლისადმი, პურისა და ღვინისა, დღევანდელი გაგებით წირვა, მოწამეების საფლავებზე ტარდებოდა. რადგან ამის პრაქტიკული საშუალება აღარ არსებობს, ის ტრაპეზში ჩასვენებულმა მოწამის ნაწილმა შეცვალა.

ტრაპეზზე, წირვის შესრულება ხდება, ღვთისადმი პურისა და ღვინის შეწირვა, რომელიც წირვის დროს, მაცხოვრის უხრწნელ სისხლად და ხორცად გადაიქცევა. ტრაპეზზე შეხების უფლება ერისკაცს არ აქვს. ტრაპეზს მხოლოდ და მხოლოდ სასულიერო პირები ეხებიან და ემსახურებიან. ტრაპეზი სიმბოლურად, მოწამეთა საფლავს წარმოადგენს, რომელზეც ლიტურღიას აღვასრულებთ.

ტრაპეზის ჩრდილოეთ მხარეს განლაგებული არის სამკვეთლო, მცირე ზომის ხის ან ქვის შემოსილი მაგიდა. აქ ხდება, მღვდელმსახურების მიერ პურისა და ღვინის მომზადება წირვისათვის, ხოლო სამხრეთ მხარეში განლაგებულია სადიაკვნე.

სადიაკვნეში ღვთისმსახურთა შესამოსელია დასვენებული. სტიქრები და ყველა ის საჭირო ინვენტარია განლაგებული, რაც ღვთისმსახურებისთვის არის საჭირო”.

მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციის მიხედვით, საკურთხეველში არ შედიან მანდილოსნები.

ვიცით, რომ ეკლესია არის ტრადიციულ ღირებულებათა ინსტიტუტი და რა ტრადიციებიც არის დამკვიდრებული ისინი არ ეწინააღმდეგებიან წმიდა მამათა ნაშრომებს და შვიდგზის მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებებს, ამიტომ ამ საკითხებში რაიმე ცვლილებებზე საუბარი დაუშვებელია?

– “საეკლესიო სწავლებით და სჯულის კანონით, რომელიც მსოფლიო საეკლესიო კრებებზეა შედგენილი და დამტკიცებული, საკურთხეველში მსახურების უფლება აქვს, კანონიერად ხელდასმულ სასულიერო პირს, რომელიც უსათუოდ მამაკაცი უნდა იყოს. ღმერთმა დაგლოცოთ”.

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • ნუ გადატვირთავთ ეკლესიებს რიტუალებით, აღასრულეთ ოდენ წესი უფლისა ჩვენისა, რომლითაცა აღდგების მშვიდობა და წესრიგი ქუეყანასა ზედა და მოუწოდეთ ყოველსა, რამეთუ: უპირველეს ყოვლისა ტაძარი წმინდა – არს სხეული შენი, ვითარცა მოუწოდებდა უფალი იესო, რამეთუ ითქმს: – ნუ შებღალავთ მას!
    წაიკითხეთ და მეორედ მოსვლა, უდიდეს ცოდნას შეიძენთ!
    გააზიარეთ და გააცანით ყველას, რათა გავრცელდეს სრულად ენა იგი სამეტყველო, “რომელსა შინა დამარხულ იყო საიდუმლო”!
    ეს არის ზღაპარი, რომელიც ყველა ზღაპარზე ტკბილია.
    “უსასყიდლოდ მოგიღებიეს და უსასყიდლოდვე გაეცი”!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი