მთავარი » საზოგადოება

საკანონმდებლო ცვლილების შესახებ…

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.07.2011 6 კომენტარი | 3,093 ნახვა

საპატრიარქოს ლოგოსაქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შესახებ კანონი “იმდენად რთული და საპასუხისმგებლოა, რომ შეიძლება ბოროტად, ცუდად იყოს გამოყენებული. ამიტომ ყველაფერი უნდა გაეთვალისწინებინათ. ეკლესიამაც უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ საკითხის განხილვაში, იმიტომ რომ ბევრ შემთხვევაში ეს ეკლესიასაც ეხება, სახელმწიფოსაც ეხება…ეს არის საკითხი, რომელიც შეეხება მთელ ჩვენ ერს, ეკლესიასაც და განსაკუთრებით შეეხება სახელმწიფოს…

მინდა ვთხოვო ჩვენს პრეზიდენტს, რომ ვეტო დაადოს ამ კანონს იქამდე, სანამ ეს არ იქნება განხილული, შემოწმებული. მთავარი პასუხისმგებლობა მაინც პრეზიდენტს ეკისრება და მე მინდა, რომ მშვიდად იყოს ჩვენი პრეზიდენტი და ჩვენი ქვეყანა.”– ეს სიტყვები უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რელიგიური გაერთიანებების შესახებ მიღებული კანონის შესაებ წარმოთქვა. მისივე თქით, “ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ იმ რელიგიებს, რომელიც ჩვენთან არის, არ უნდა მიეცეთ სტატუსი, არამედ ჩვენ ვამბობდით იმას, რომ დავსხდეთ, მოვიწვიოთ მეცნიერები, მოვიწვიოთ სასულიერო პირები, სპეციალისტები და განვიხილოთ. სამწუხაროდ, ისე იჩქარეს კანონმდებლებმა, რომ ერთ დღეში მიიღეს ყველაფერი.” (07.07.11).

აღნიშნული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით 1 ივლისს მიიღო; 5 ივლისს, დღის პირველ ნახევარში მეორე მოსმენით უყარა კენჭი, ხოლო დაახლოებით საღამოს რვის ნახევარზე ერთხმად დაამტკიცა. კანონის მიღებას უმრავლესობის 70-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საპარლამენტო ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არ მიუღია, რადგან ისინი 4 ივლისს, პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადების გათვალისწინებას ითხოვდნენ, რომლითაც პატრიარქი კანონპროექტის განხილვის შეჩერებას მოითხოვდა.

4 ივლისს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ეკლესია არასოდეს წასულა წინააღმდეგი და ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოში არსებული სხვა რელიგიებისადმი სტატუსის მინიჭებას და მათი უფლებების განხორციელებას, მაგრამ ამ პროცესს სათანადო გაგრძელება არ მოყოლია, ანუ ხელისუფლების მხრიდან არ შექმნილა მრავალმხრივი სახელმწიფო კომისია, სადაც საკითხი იქნებოდა შესწავლილი და შეჯერებული.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სხვა სახელმწიფოებში არც ქართული მართლმადიდებლური ტაძრების საკუთრების და მოვლა-პატრონობის საკითხი არ დასმულა დღემდე და არც ჩვენი ეკლესიის სტატუსის განხილვა არ დაწყებულა. ამის ფონზე, სრულიად გაუგებარია ჩვენი ქვეყნის პარლამენტის მიერ ესოდენ მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღება საჯარო განხილვის გარეშე და ასეთი დაჩქარებული წესით.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შეჩერდეს კანონის მიღების პროცედურა (მეორე და მესამე მოსმენა) და აღნიშნულ საკითხზე გაიმართოს საჯარო დებატები (თუნდაც, ტელევიზიის პირდაპირ ეთერში), რათა ჩამოყალიბდეს საერთო-საზოგადოებრივი აზრი და მოხდეს კონსესუსი მართლამადიდებელ ეკლესიასთანაც, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია.

ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ეს საკითხი არის უმნიშვნელოვანესი, რადგან იგი არსებითად განსაზღვრავს სახელმწიფოს მოწყობის ძირითად პრინციპებს. (04.07.2011)

კარგად ვიცით, საქართველოს მოსახლეობის 80% მართლმადიდებელია. იმ გარემოებას თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს მათგან ეკლესიურად, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ყველა მართლმადიდებლისათვის, ვინც მონათლულია და თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს, მნიშვნელოვანია ის საკითხები, რაც ზოგადად მართლმადიდებლურ ეკლესიას, მრწამსს და სარწმუნოებას ეხება.

ამ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი, არა მარტო ეხება ამ მდგომარეობას, არამედ კარდინალურად ცვლის დამოკიდებულებას სახელმწიფოს მხრიდან მართლმადიდებლური ეკლესიისათვის.

არსებობს საკონსტიტუციო შეთანხმება “კონკორდატი”, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა განსაკუთრებული სტატუსი მართლმადიდებლური ეკლესიისა, რომელსაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს ისტორიის ჩამოყალიბებაში და კონსტიტუციაშიც გახლავთ ამის შესახებ ჩაწერილი. თუმცა, სამწუხაროდ, ამას განვითარება არ მოყვა სახელმწიფოს მხრიდან.

როგორც პატრიარქის განცხადებიდან ჩანს, ჩვენ არანაირი სტატუსი არ განგვესაზღვრა, ანუ ჩვენ ჯერ კიდევ არ გაგვაჩნია საკუთრების უფლება ეკლესიებზე.

ფაქტობრივად, იურიდიულად ნონსენსურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, კონსტიტუციით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს განსაკუთრებული სტატუსი, მაგრამ დღემდე არ არსებობს კანონი ამ ეკლესიის საკუთრების შესახებ.

ამ ფონზე, როცა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი და გადასაწყვეტია საკუთარი ეკლესიის პრობლემა, სხვა კონფენსიების მიმართ საჯარო იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება ნიშნავს გათანაბრებას ამ რელიგიური ორგანიზაციებისა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, რაც კონსტიტუციაში ჩაწერილ განსაკუთრებულობას აბათილებს.

ამ კანონის მხარდამჭერთა მხრიდან საუბარია იმის შესახებ, რომ სახელმწოფო გააკონტროლებს მათ და ეს კარგია, რაც ნაკლებად დასაჯერებელია, ვინაიდან სახელმწიფო არც აქამდე აკონტროლებდა და არც სამომავლოდ გააკონტროლებს არც ერთ კონფესიას, პირიქით, ის ხელს უწყობდა სხვადასხვა სექტების განვითარებას, როგორიც გახლავთ – იეღოველთა სექტა და ა.შ…

ცნობილია, რომ საქართვლოს პატრიარქთან ოფიციალური ვიზიტით საქართველოში სომხეთის კათოლიკოსი გარეგინი იმყოფებოდა. მათი მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ საქართველოში აშენებულიყო ახალი მონოფიზიტური ტაძრები. ამასთანავე გადასცემოდათ გარკვეული ტაძრები,რომლებზეც მათ პრეტენზიები გააჩნიათ. მოთხოვნა გახლდათ როგორც თბილისში ასევე რეგიონებშიც.

აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით პატრიარქმა გამოთქვა თანხმობა იმ პირობით, თუ ერთი ტაძარი გადაეცემოდათ მათ, ანალოგიურად, სომხეთის ეკლესიასაც საქართველოსთვის უნდა გადაეცა ერთი ტაძარი.
სომხეთის პატრიარქი მიბრძანებული გახლდათ საქართველოს პრეზიდენტთან და მან გამოთქვა სურვილი, რომ სომხეთის ეკლესიას საქართველოში მინიჭებოდა საჯარო იურიდიული პირის სტატუსი და მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

ეხლა რა შეიძლება ამან გამოიწვიოს. თუ სომხეთის ეკლესია უარს მიიღებს რომელიმე ეკლესიის გადაცემის შესახებ, მას როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, უფლება ექნება შეიტანოს სარჩელი სასამართლოში და მოითხოვოს სახელმწიფოსაგან მისი პირობების დაკმაყოფილება. რომელიმე პირობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში იგი მიმართავს საერთაშორისო სასამართლოს, სადაც სავარაუდოდ დააკმაყოფილებენ მის მოთხოვნას.

თუ ჩვენ მხოლოდ იმაზე ვისაუბრებთ, რომ ისტორიული მემკვიდრეობით ეკლესია საქართველოს ეკუთვნის და არავითარ შემთხვევაში სხვას, შეგახსენებთ, რომ ასეთივე პრინციპით ვამტკიცებდით, აფხაზეთს და ოსეთს საქართველოს განუყოფელ ტერიტორიებად, თუმცა ამ ქმედებამ სამწუხაროდ შედეგი ვერ მოგვცა.

“საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ 4 ივლისს გაკეთებული განცხადების შემდეგ, საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები თავისი ინიციატივით მოვიდნენ, რათა პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის შეცვილილი ვარიანტი შემოეთავაზებინათ, სადაც კვლავ უპირობოდ იყო დაფიქსირებული რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად აღიარების საკითხი.

საპატრიარქო კვლავ აყენებდა წინადადებას, კანონის მიღების პროცესის შეჩერების, მისი საჯარო განხილვისა და საზოგადოებრივი აზრის კონსენსუსის მიღწევის თაობაზე. შემდეგ კი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით კომპრომისული ვარიანტიც შესთავაზა.

შეთანხმება ვერ შედგა, რაც მეტად სამწუხაროა, რადგან აწ უკვე მიღებული კანონი ეწინააღმდეგება, როგორც ეკლესიის, ისე ქვეყნის ინტერესებს.

ვფიქრობთ, ეს კანონი თავის უარყოფით შედეგებს ახლო მომავალშივე გამოიღებს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება”.- საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (5 ივლისი, 2011 წ.)

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

  • ani says:

    SOS ..ეს კანონი ქართველი ერის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის , საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი ტაძრების შეურაცხყოფაა..

    ამასთანავე, სახელწიფო არღვევს დემოკრატიულ პრინციოებს, როცა არ ითვალისწინებს, ქვეყნის მოსახლეობის(80%) სურვილსა და მოსაზრებას.

    დემოკრატიულ სახელმწიფოში მოსახლეობის უმრავლესობის აზრი დომინირებს, აქ კი ..ცხადია რა სიტუაციაც გვაქვს..!!!! SOS

  • თამარი says:

    ანიი მეც ვეთანხმებიი შენს მოსაზრებას და ესე ადვილად არ უნდა ვუყურებდეთ ამ ფაქტს რაც მოხდა 4 ივლის ,აუცილებელია ყველა მართმადიდებელმა ხმა აღიმაღლოს ამ კანონის საწინაღმდეგოდ და გამოვთქვათ ჩვენი პროტესტი.ალბათ ყველა მართმადიდებელი დაგვეთანხმება ამაში.

  • თამარი says:

    (უკაცრავად უნდა დამეწერა 1 ივლისი შემეშალა თარიღი პარლამენტის დადგენილებას ვგულისხმობ)

  • თორნიკე says:

    დღეს საღამოს 8 საათზე ქაშვეთის ეკლესიასთან, შედგება მართლმადიდებელთა შეკრება ამ საკითხებთან დაკავშირებით.
    ყველას ვისაც გაწუხებთ, ჩვენი რწმენისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის ბედი გთხოვთ მობრძანდეთ.

  • ani says:

    ძალიან ბევრი ქართთველი მაჰმადიანი მეგობარი მყავს, რომელიც ისევე ასძრწუნებული ამ კანონის მიღებით, როგორც ნებისმიერი მართლმადიდებელი, უფრო მეტადაც თუ არა.
    რადგან ეს კანონი არა მარტო საქართველოს მართლმადედებლური ეკლესიის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ ქართული სახელმწიფოებრიობის დამანგრეველია.

  • თორნიკე says:

    ანი ბოდიშს ვიხდი, ცოტა გაუზრებლად დავწერე, ამიტომ:

    დღეს საღამოს 8 საათზე ქაშვეთის ეკლესიასთან, შედგება საქართველოს მოქალაქეების შეკრება ამ საკითხებთან დაკავშირებით.
    მიუხედავად თქვენი რწმენისა, ეროვნებისა, კანის ფერისა და სქესისა, ყველას ვისაც გაწუხებთ, მართლმადიდებლური რწმენისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის ბედი გთხოვთ მობრძანდეთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი