მთავარი » ეკლესია-მონასტრები

საინგილოს ხუროთმოძღვრული ძეგლები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.05.2012 | 6,612 ნახვა

საინგილო არის ისტორიული კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი თანამედროვე აზერბაიჯანში. იგი საქართველოს ისტორიული პროვინციის, ჰერეთის შემადგენელობაში იყო. ლექართი ძველი ჰერეთის ქრისტიანულ ქართულ სოფლებში არსებობს ქრისტიანული ეკლესიები და ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები, რომლებიც ჩვენი წინაპრების მიერაა შექმნილი და ამჟამად ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მდებარეობს. განვიხილოთ საინგილოში არსებული არქიტექტურული ძეგლების არასრული ნიმუშები.

თამარის მეფობის დროს საქართველოს ყველა მხარეში დიდი მასშტაბით მშენებლობა ყოფილა გაჩაღებული. ხიდებს, ეკლესიებს, მონასტრებსა და ციხე-კოშკებს ყველა პროვინციაში თამარის სახელს მიაწერდნენ.ერთ-ერთი ასეთია თამარის ციხე – “ფერი-ყალა” (თამარს საინგილოში “ფერის” უწოდებდნენ, “ყალა” თურქულად ციხეს ნიშნავს). ციხე მდებარეობს ბელაქნის რაიონში. “ფერი-ყალა” გალავანია, რომლის შიგნითაც სხვადასხვა ზომის შენობები ყოფილა განლაგებული. ამ ციხეს არ გააჩნია აშკარა ნიშნები, რომლებიც მისი დათარიღების შესაძლებლობას მოგვცემდა. გალავნის სიმაღლე პირვანდელი სახით არაა მოღწეული. მის შიგნით არსებული ნაგებობებიდან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.

სოფელი ლექართი, ანუ როგორც ლეკები უწოდებენ – “ლექერთ”, მდებარეობს ქალაქი კახის ჩრდილო-დასავლეთით. ეს სოფელი და ამავე სახელწოდების მონასტერი ჯერ კიდევ ადრეულ ხანაში მოიხსენიება ერთ-ერთი წერილობითი ძეგლის “ანდერძში”, რომელიც დაწერილი ყოფილა 1310 წელს. ლექართი აქ ჩამოთვლილია ოცზე მეტი სოფელი, მათ შორისაა ლექართიც, რაც ამ სოფლის სიძველეს მოწმობს. სოფლიდან სამი კილომეტრის დაშორებით, კავკასიონის მთის ძირას მდებარეობს ლექართის მონასტრის ნანგრევები. ვარაუდობენ, რომ ამ ადგილას უნდა ყოფილიყო სხვადასხვა დანიშნულების სამონასტრო ნაგებობები და თორმეტამდე ეკლესია. მონასტერი გალავნით ყოფილა შემოზღუდული, რომლის ნაშთებიც დღემდეა შემორჩენილი. ნანგრევთა შორის ყურადღებას იპყრობს დიდი ტაძარი, რომელიც ყველაზე უძველესია, აგებულია კლდის ქვით, ჯვარედინ გეგმაზე და ძალიან მაღალია.

ზემოთ ხსენებულ “ანდერძში” მოხსენებულია წმიდა ნინოს სახელზე აგებული ტაძარიც. იგი წრიული მოხაზულობის ყოფილა და თითქმის მთელ პერიმეტრზე თაღები ჰქონია შემოვლებული. აგებულია წითელი აგურით. ინგილოების გადმოცემით, კედელში სუფთად გათლილი, წარწერებიანი თეთრი ქვებიც არსებულა, მაგრამ დღეს ისინი აღარაა კედლის წყობაში. სავარაუდოდ, ტაძარი შუა საუკუნეებს მიეკუთვნება.

გიში მთის ტიპიური სოფელია, რომელიც გაშენებულია მთის ძირას და ამჟამად აზერბაიჯანის ფარგლებში მდებარეობს. აღმოსავლეთით ყველაზე მაღალ ადგილას მდებარეობს გიშის საყდარი, საიდანაც თვალწარმტაცი სანახაობა იშლება. სოფელი გიშისა და მისი საყდრის შესახებ დაცული ცნობების მიხედვით, საყდარი ღვთისმშობლის სახელობის ყოფილა. იგი მაღალყელიანი, გუმბათოვანი ნაგებობაა. ეკლესიის კედლის სისქე ერთ მეტრს აღემატება. გუმბათს ცილინდრის ფორმა აქვს. ადვილი შესამჩნევია ძეგლის მშენებლობის სხვადასხვა პერიოდი და ამ გადაკეთების შედეგად გამოწვეული ცვლილებები. მისი დათარიღება რთულია, რადგან ძეგლი რამდენჯერმეა აღდგენილი. მკვლევართა აზრით, ძეგლის აგება-განახლების პირველ პერიოდად შეიძლება VI-XI საუკუნეები მივიჩნიოთ, ხოლო მეორე პერიოდად – XVII-დან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე.
საყდარს გარშემო ქვის დიდი გალავანი ჰქონია შემოვლებული. ნანგრევების ნაშთები დღესაც საკმაოდაა შემორჩენილი. დღემდე კარგადაა შემონახული პირამიდული ფორმის გუმბათიც.

ბახათალას ეკლესია ზაქათალას რაიონში მდებარეობს ბახათალას ეკლესია, რომელიც დგას ფეოდალური ხანის კახეთის სამეფოს ერთ-ერთი უძველესი სავაჭრო ცენტრის, ძეგამის ნაქალაქარზე. მაღალი, გუმბათოვანი ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისაა. შესასვლელი ჰქონია ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან. ფასადები სადაა, მოხატული იყო მხოლოდ საკურთხევლის აფსიდი. აგებულია XVI საუკუნეში.

ვაჩნაძიანთ მადლის ეკლესია მდებარეობს ლაგოდეხ-კახის მაგისტრალური გზიდან 5 კმ-ზე. ამჟამად ისიც აზერბაიჯანის საზღვრებშია მოქცეული. ძეგლის კომპოზიცია აშკარად ორ პერიოდზე მიუთითებს. პირველ პერიოდში თვით ეკლესია უნდა იყოს აგებული რიყის ქვებითა და კირის ხსნარით. მეორე პერიოდში კარიბჭის დასავლეთ კედელზე აგურის სამრეკლო მიუშენებიათ. ძეგლი XVI საუკუნემდე კარგად ყოფილა შენახული. ახლა სამრეკლოს კედლებს ალაგ-ალაგ ქვები აქვს გამოცლილი, მაგრამ პირველადი მოცულობითი ფორმა დღემდე აქვს შენარჩუნებული. ასევე, შემორჩენილია სამრეკლოებისა და კარიბჭის ზღუდეები. მადლის ეკლესიის მშენებლობის პირველი პერიოდი XI-XII საუკუნეებს არ უნდა სცილდებოდეს, მეორე – XII-XIII საუკუნეებს უნდა მივაკუთვნოთ.

წითელი ხიდი (გატეხილი ხიდი) ძველი ხიდთმშენებლობის შესანიშნავი ნიმუშია, რომელიც XVII საუკუნეშია აგებული. წითელი ხიდი იგი თავდაპირველი სახითაა შემონახული და ახლაც ამიერკავკასიის ერთ-ერთ მთავარ მაგისტრალს ემსახურება. ხიდი შედგება ოთხი ლამაზი მოხაზულობის თაღისგან. იგი სილამაზით, სიდიდითა და სიმტკიცით გამოირჩევა. მის ბურჯებში ფართო ოთახებია მოთავსებული. მარცხენა ნაპირის საყრდენში ორი ოთახია, მარჯვენაში – ერთი. შუა ბურჯში ერთი პატარა ოთახია გუმბათოვანი ჭერით, ბუხარითა და ხიდის ორივე მხარეს აივნებით. ამ ოთახში ჩასვლა ხიდიდანაა შესაძლებელი ქვის გრეხილი კიბით. როგორც ჩანს, ეს ოთახი სადარაჯო, ან მებაჟის სამყოფი უნდა ყოფილიყო. კიდურ ბურჯებში მოწყობილი ოთახები კი იყო ქარვასლები, სადაც გამვლელებს შეეძლოთ გაჩერება. ხიდი ყველა მნახველს აღფრთოვანებას ჰგვრიდა. მრავალმა მოგზაურმა დაწვრილებით აღწერა იგი: ჟან შარდენი, პროფესორი დერნი, ა. გრიბოედოვი, ვახუშტი ბაგრატიონი და მრავალი სხვა. სავარაუდოდ, “გატეხილი ხიდი” მისი ადრეული სახელწოდება უნდა იყოს, წითელი ხიდი მას XIX საუკუნის დამდეგს დაერქვა იმ წითელი აგურის გამო, რომლითაც არის აგებული. ამჟამად არსებული ხიდი საქართველოს ერთ-ერთი მონუმენტური არქიტექტურული ნაგებობაა.

ისტორიული კახეთის გაღმა მხარეში არის ქალაქი ბოეთანი. საფიქრებელია, რომ ბოეთანი ჯერ კიდევ ადრინდელ ფეოდალურ ხანაში სამეფო ქალაქი იყო. აქ არის ნაეკლესიარი. ბოეთანის დარბაზული ეკლესია აგურით გახლდათ ნაშენები. ეკლესიას გარედან მთელ პერიმეტრზე თაღები გასდევდა. ძეგლის პირველი მკვლევრის ლ. ჭილაშვილის ვარაუდით, ეკლესია XVI საუკუნეში უნდა ყოფილიყო აგებული, მაგრამ არქიტექტურული დეტალები, სარკმლის ფორმა და დეკორი საშუალებას იძლევა, ძეგლი VIII-IX სს-ით დათარიღდეს. ბოეთანი ყიზილბაშთა შემოსევების დროს განადგურდა. შენობიდან დღეისთვის მხოლოდ საკურთხეველია გადარჩენილი.

საინგილოში, სოფელ ალიბეგლოს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ნინოწმინდის ეკლესია. ნინოწმინდის პატრონობა ეკლესიის ახლოს მოსახლე ყიყიშვილებს ჰქონიათ მინდობილი. ნინოწმიდის ეკლესია მათ დაბარებული ჰქონდათ შიშიანობის დროს განძეულის გადამალვა. მტერთა შემოსევების დროს, განძეულობის გაზიდვის ტრადიციამ ცალკეულ ოჯახებში ქრისტიანული სამლოცველოების მოწყობა გამოიწვია. ალ. ხახანაშვილის ცნობიტ, ასეთი სამლოცველო გამართული ყოფილა ხუციშვილების ოჯახში, სადაც ინახებოდა მეფე ვახტანგ VI-ის მიერ თბილისში დასტამბული სახარება. ნინოწმინდა მრავალჯერ ყოფილა დანგრეული და აღდგენილი.

აზერბაიჯანში არსებული კულტურული მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია: ბაშ-კუნგუთის ეკლესია, ქურმუხის ტაძარი, კავკასიის დიდი კედელი, ანუ საინგილოს გრძელი გალავანი და სხვ.

მოამზადა სოფიკო აბულაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი