მთავარი » საზოგადოება

საგანგაშო მდგომარეობა სამცხე-ჯავახეთის ტყეებში!

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.04.2013 2 კომენტარი | 1,874 ნახვა

სამცხე–ჯავახეთის უნიკალურ საკურორტო ტყეებში საგანგაშო მდგომარეობაა. ნაძვის განსაკუთრებით საშიში მწერის – ქერიჭამის ტიპოგრაფის გავრცელებამ შესაძლოა ბორჯომის უნიკალური ტყისა და ხე მისი მომიჯნავე ტერიტორიების განადგურება გამოიწვიოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “ამბიონს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მანანა ჭყოიძე ესაუბრა, რომელიც საქართველოში მწერების პათო-ფიზიოლოგიის ერთადერთი სპეციალისტია. იგი მუშაობს ტყისა და ბაღის მავნე მწერების მასობრივი გამრავლების მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზების განხრით, რაც გარემოსა და ტყის დაცვის საქმეში ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებაა.

საქართველოს ტყეებში შექმნილი საშიში პროცესის შესახებ ქალბატონმა მანანამ დასაწყისშივე განაცხადა შესაბამის პირებთან, თუმცა მეცნიერთა გარკვეულმა ჯგუფმა მისი განცხადების ბიუროკრატიული გზებით სრული იგნორირება მოახდინა.

მანანა ჭყოიძე: “მსოფლიო პრაქტიკაში პირველად მე შევიმუშავე ნაძვის განსაკუთრებით საშიში მწერის – ქერიჭამია ტიპოგრაფის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგია. აღნიშნული მწერი მასობრივად გამოვლინდა ბორჯომის ხეობის უნიკალურ ტყეებში, ასევე ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და აბასთუმნის ტყეებშიც. ეს პროცესი უკვე მესამე წელიწადია გრძელდება და თუ არ მოხდება ამ მწერთან აქტიური და შედეგობრივი ბრძოლა, განადგურება ემუქრება ბორჯომის უნიკალურ ტყესა და მის მომიჯნავე ტერიტორიას.

ჩემ მიერ 2006 წელს ინოვაციური მეთოდით შემუშავებულ გრძელვადიან პროგნოზს “ბორჯომის ხეობაში ტიპოგრაფის პოპულაციათა გააქტიურების შესახებ” ქერიჭამია ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილების გამგე, ბატონი არჩილ სუპატაშვილი შეგნებული გულგრილობით მოეკიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ნაშრომში ხაზგასმით მივუთითებდი ტყის ამ გამანადგურებელ მწერებთან ბრძოლის დაწყების და საჭირო ზომების მიღების აუცილებლობის თაობაზე, პრევენცია ამ მხრივ არ განხორციელებულა.

2010 წელს უკვე გამოვაქვეყნე მოკლევადიანი პროგნოზი ტიპოგრაფის მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი აფუტკარების შესახებ ბორჯომის ხეობაში. გარდა ამისა, 2008-2009 წლებში ჩემ მიერ განათლების სამინისტროს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში დასაფინანსებლად წარდგენილი პროექტი საერთაშორისო ექსპერტების მიერ შეფასდა მაღალი ქულებით და აღნიშნული კვლევა – ძიება მიიჩნიეს სიახლედ, თუმცა პროექტი ორჯერ დაუფინანსებელი დარჩა. სამაგიეროდ, ტყის დაცვის განყოფილებიდან დაფინანსდა არაერთი უმიზნო პროექტი, რომელთა უშედეგობაც დასაწყისშივე ცხადი გახლდათ.

აღნიშნულ პროგნოზთან დაკავშირებით, მოხსენებითი ბარათი წარვუდგინე სატყეო ინსტიტუტის დირექტორს – ბატონ ნიკოლოზ ბურდულს, აგრეთვე აგრარული უნივერსიტეტის პრორექტორს – ბატონ ზვიად ჭეიშვილს, რომელიც კურირებდა სატყეო დარგს. საქმის კურსში ჩავაყენე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე – ბატონი კახა ბენდუქიძე, მაშინდელი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი – ბატონი ა.ხეთაგური, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თაცმჯდომარე – ა.ბობოხიძე. გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” გამოვაქვეყნე წერილი – “ვიდრე საბოლოოდ არ დაგვიანებულა, ქერიჭამია გადავარჩინოთ ბორჯომის ხეობის უნიკალური საკურორტო ტყეები”, თუმცა ჩემი ყოველგვარი მცდელობა ადექვატური რეაქციის გარეშე დარჩა.

ამ მავნე მწერის მოქმედების შედეგად ტყე ხმება, რის შედეგადაც სახელმწიფოსგან ხდება გარკვეული დაფინანსების გაცემა, ტყე იჭრება და გარკვეული პირები ამ პროცესით მათი ინტერესების შესაბამისად არაკანონიერად სარგებლობენ. ტარდება ტენდერი აბსოლუტურად გაურკვეველი მიზნით საქმიანობისთვის, რომლებიც ვითომდა მწერებთან ბრძოლას ემსახურება.

მიუხედავად საქართველოს ტყეების გადარჩენის ჩემი მრავალჯერადი მცდელობისა, წინა ხელისუფლების არცთუ დაბალი ეშელონებიდან მომავალმა მიზანმიმართულმა გულგრილობამ და არაპროფესიონალიზმმა უნიკალური ნაძვის კორომების მასობრივი ხმობა გამოიწვია.”

ქალბატონი მანანა ჭყოიძე იმედოვნებს, რომ ყოველგვარი უსამართლობა წარსულს ჩაბარდება და მავნე მწერების წინააღმდეგ ბრძოლის ინოვაციური მეთოდი არა დისკრიმინირებული, არამედ სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემის აღმოსაფხვრელად ეფექტურად იქნება გამოყენებული.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი