მთავარი » საზოგადოება

საერთაშორისო კონფერენცია “რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.02.2018 | 1,143 ნახვა

12 თებერვალს სასტუმრო “რედისონში” ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია “რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება”, რომელიც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ და დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგნენ საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი ირაკლი კობახიძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი მღვდელმთავრები, საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობების სულიერი ლიდერები და ქართველი და უცხოელი მეცნიერები.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარების წინაშე მდგარ ურთულეს გამოწვევებს შორის საზოგადოებრივი ჯგუფებისა და ცალკეული მოქალაქეების გადაჭარბებული აგრესიის დონე, განსხვავებული აზრის მიუღებლობა და არსებული უიმედობა დაასახელა.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას თავისი განვითარების გზა გვაქვს – სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს, ეკლესიას და სახელმწიფოს, არის საკითხები, რომლებშიც ჩვენ ყველანი ვთანხმდებით. ეს არის საკითხები, რომლებიც თითოეული ჩვენგანის მიზანს და ზრუნვის საგანს წარმოადგენს: ეს არის ჩვენს საზოგადოებაში არსებული მაღალი აგრესიის დონე, განსხვავებულის მიუღებლობა, მზაობა, რომ განსხვავებული დათრგუნონ, და გაანადგურონ.

ყოველი ჩვენთაგანისთვის – ეკლესიისა და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქე ამ თვალსაზრისით არ იყოს ორიენტირებული აგრესიაზე და სხვის განადგურებაზე.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაბნეულ, ხშირად ღირებულებამოშლილ, არეულ გარემოში ჩვენი მოქალაქე არ იყოს უიმედოდ, ხედავდეს თავისი ყოფის, თავისი ცხოვრების ლოგიკურ მიზანს, არ იყოს ისეთ გარემოში, რომელშიც ხვალინდელი დღე უპერსპექტივო ჩანს.

ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ეკონომიკურ ან ყოფით პირობებზე, სულიერი უიმედობა ბევრად უფრო რთულია და ბუნებრივია, ეკლესიაც, ძირითადი საზოგადოებრივი ჯგუფებიც და სახელმწიფოც მოწოდებულია იმისთვის, რომ მოქალაქისთვის ეს ყოფა გახადოს იოლად გადასატანი, აჩვენოს და დაუსახოს მას მიზანი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებაში აგრესიულობის დონის შესუსტების წინაპირობად იერარქიულობის წესის დაცვა და სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა დაასახელა.

,,ეს ერთერთი წინაპირობა საზოგადოებაში აგრესიის შესუსტებისა. როდესაც ინგრევა ძირითადი ინსტიტუტები, ამას მოჰყვება, არამხოლოდ უბრალოდ თავისუფლება, არამედ მოყვება მნიშვნელოვანი ზიანი, იმ ადამიანებისთვისაც კი, ვინც ამ დანგრევაში არ მონაწილეობს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით: ,,საზოგადოებასა და ეკლესიას შორის ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის ტრადიცია და კულტურა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი და უძლიერესი საყრდენი გახლავთ და ამაზეა დაშენებული საქართველოს სახელმწიფოებრიობა.“

მისივე თქმით, ,,საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში განუსაზღვრელი წვლილი მიუძღვის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის ცხოვრებაში და ერის მაკონსოლიდირებელ ძალას წარმოადგენდა.

ქართული საღვთისმეტყველო სიტყვა და აზრი ყოველთვის საინტერესო იყო და არის ქრისტიანული სამყაროსთვის. ამიტომაც, ვფიქრობ, სრულიად ბუნებრივია, რომ სამეცნიერო კონფერენცია და დისკუსიები ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიცაა რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება, იმართება საქართველოში, სადაც სასულიერო და საერო სფეროებს შორის ჰარმონიული ურთიერთობის მრავალსაუკუნოვანი, მდიდარი გამოცდილება არსებობს. ეკლესიის სიძლიერე, ეკლესიისა, რომელიც 15 საუკუნე იყო ქართველი ერის სულიერი წინამძღოლი, მორალური საყრდენი, გამაერთიანებელი, იყო ის მიზეზი, რის გამოც იმპერიამ გაილაშქრა მის წინააღმდეგ და შეუჩერა ავტოკეფალური მმართველობა. ამით, იმპერიული რეჟიმი შეეცადა, დაესუსტებინა ეკლესია, შეერყია ერის სიძლიერე და ეჭვქვეშ დაეყენებინა ეროვნული იდენტობა. საბედნიეროდ, ჩვენს წინაპრებს აღმოაჩნდათ უდიდესი ძალა თავგანწირული ბრძოლისათვის და ეს ბრძოლა 100 წლის წინ ავტოკეფალიის აღდგენით დაგვირგვინდა, რამაც ერის ცნობიერებაში გარდამტეხი როლი შეასრულა. 1917 წელს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენით ისტორიული სამართლიანობა აღდგა, ჩვენ დავიბრუნეთ დედაეკლესია, რომლის წიაღშიც ჩვენი წინაპრები და სულიერი მამები საუკუნეების განმავლობაში ინახავდნენ სარწმუნოებას, დიდი რუდუნებით უფრთხილდებოდნენ იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყანა. ამას მოჰყვა 1918 წელს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადება, რომლის 100 წლის იუბილეს წელს ვზეიმობთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ბევრჯერ მდგარა განსაკუთრებული განსაცდელის წინაშე და ასეთ დროს საქართველოს ეკლესია, მღვდელმთავრები და პატრიარქები ყოველთვის გამორჩეულ როლს ასრულებდნენ.

„ამ მხრივ განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, ჩვენს სულიერ მამას, რომელიც 40 წელია, საქართველოს ეკლესიას უდგას სათავეში და რომლის დამსახურება ჩვენი სამშობლოს წინაშე ფასდაუდებელია. მისი სიბრძნე და სიყვარულის უნარი უდიდესი პატივისცემით განაწყობს სხვადასხვა აღმსარებლობისა და ეროვნების ადამიანებს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. სწორედ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, პირადად მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დამსახურება გახლავთ ჩვენი ტოლერანტობის ისტორიული ტრადიციის შენარჩუნება და განმტკიცება, რაც სხვადასხვა რელიგიის მიმართ პატივისცემას და საზოგადოებაში სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენელთა მშვიდობიანად თანაცხოვრებას განაპირობებს”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ,,ქართველი სასულიერო პირები ყოველთვის იდგნენ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე

ეკლესია მთავარი ბასტიონია ეროვნული ღირებულებების, თვითმყოფადობისა და დემოკრატიული ფასეულობების დასაცავად“.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული თარიღია. პარლამენტის თავმჯდომარემ ეკლესიის როლზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართულ სახელმწიფოებრიობის ხელყოფა და ერის წელში გატეხვის მცდელობა ყოველთვის ეკლესიასთან ბრძოლით იწყებოდა.

„ასი წლის წინ, ქართველი ერისთვის უმძიმეს პერიოდში, ქართული ეკლესიის გათავისუფლება ჩვენი დამოუკიდებლობისა და ეროვნული თავისუფლების დაბრუნების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა.

ეკლესია ყოველთვის გამორჩეულ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში და ქართველი სასულიერო პირები ყოველთვის იდგნენ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე. ჩვენი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდებში, ჩნდებოდნენ გმირი მამები, რომლებიც საერო პირების მხარდამხარ იბრძოდნენ და ხშირად კი, სწორედ ისინი იყვნენ ლიდერები იმ ბრძოლაში, რომელმაც დღემდე მოგვატანინა საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს სახელმწიფოებრიობა.

ყველას გვახსოვს საქართველოს ისტორია და ვიცით, რომ ქართველმა მეფეებმა სწორედ ეკლესიისა და ქრისტიანული ღირებულებების ირგვლივ გააერთიანეს ქართული სახელმწიფო. ეს კარგად იცოდნენ საქართველოს მტრებმაც. სწორედ ამიტომ იყო, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის ხელყოფისა და ერის წელში გატეხვის მცდელობა ყოველთვის ეკლესიასთან ბრძოლით იწყებოდა. ასე მოხდა ორი საუკუნის წინაც.

1811 წელს, რუსეთის იმპერატორმა, კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების მეორე კანონის უხეში ხელყოფით, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა.

106 წლის განმავლობაში, ერმა სულიერი წინამძღოლის – კათალიკოს-პატრიარქის გარეშე იცხოვრა, ხოლო ქართული ეკლესია, კანონიკური სამართლის დარღვევით, რუსეთის სინოდს დაექვემდებარა.

ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლამ შედეგი 106 წლის შემდეგ გამოიღო. ქართულმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია და აირჩია კათალიკოს-პატრიარქი, წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II-ე, თუმცა ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ამით არ დასრულებულა. ათწლეულების მანძილზე ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ამოქმედებული საბჭოური მანქანით ქართული ეკლესია-მონასტრების დახურვის, სიწმინდეების ქვეყნიდან გატანისა და ქართული სამღვდელოების მიმართ რეპრესიების წინააღმდეგ გმირულად იბრძოდნენ ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლები – ამბროსი ხელაია, კალისტრატე ცინცაძე, მელქისედეკ III, ეფრემ II-ე და სხვა წმინდა მამები. შეუფასებელია მათი დამსახურება და ღვაწლი ჩვენი ერისა და სარწმუნოების წინაშე. ეს ადამიანები არიან ჩვენი ეროვნული სიმდიდრე და ეროვნული სიამაყის განსაკუთრებული მიზეზი“.

„უფლის ნება იყო, რომ ოთხი ათწლეულის წინ საქართველოს ეკლესიას სათავეში ჩაუდგა უწმინდესი და უნეტარესი ილია II. სწორედ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს დაუღალავი მოღვაწეობით, მსოფლიოს საპატრიარქომ 1990 წელს ოფიციალურად სცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა. ჩვენი წინაპრების ხანგრძლივი ბრძოლა ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად საბოლოოდ, გამარჯვებით დაგვირგვინდა.

უწმინდესისა და უნეტარესის ღვაწლისა და დამსახურებების შესახებ უამრავი რამ შეიძლება ითქვას და ეს კარგად იცის არა მხოლოდ ქართველმა ხალხმა, არამედ მთელმა ქრისტიანულმა სამყარომ. უწმინდესისა და უნეტარესის ცხოვრებითა და მოღვაწეობით, მან დაამტკიცა, რომ ქართველი ერი არასდროს შეურიგდება მისთვის ყველაზე ძვირფასის – სარწმუნოების დათმობას. უწმინდესმა დაამტკიცა, რომ ბრძოლა ყველაზე წმინდა, მამულიშვილური მიზნისთვის, ყოველთვის გამარჯვებით მთავრდება. მინდა, ამისთვის, როგორც ქართველმა და მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, ქედი მოვიხარო უწმინდესისა და უნეტარესის წინაშე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისტორიის საფუძვლიანი ცოდნა საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია და წინაპრების მიერ გაღებული მსხვერპლი არასდროს უნდა დაგვავიწყდეს.

ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ერის წიაღიდან იშვნენ გმირები, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში, ჩვენამდე მოიტანეს ყველაზე წმინდა: მამული, ენა და სარწმუნოება. და ბედნიერები ვართ, რომ ასეთი გმირები კვლავ ჩვენს გვერდით ცხოვრობენ.

არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეკლესია მთავარი ბასტიონია ეროვნული ღირებულებების, თვითმყოფადობისა და დემოკრატიული ფასეულობების დასაცავად“.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყრდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მისი უწმინდესობის სახელით დამსწრეთ ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას თანამედროვე ეპოქის გამოწვევებზე ისაუბრა: ,,გილოცავთ დღევანდელ დღეს. ჩვენ აღვნიშნავთ 100 წლისთავს ეკლესიის ავტოკეფალიისა, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი უმთავრესი პირობა ეკლესიის და ერის განვითარებისა.

როცა ვსაუბრობთ ურთიერთობებზე რელიგიებსა და საზოგადოებას შორის, ეს უპირველეს ყოვლისა გულისხმობს აზროვნების სფეროს, მისი განვითარება კი დამოუკიდებელი ეკლესიისა ქვეყნის გარეშე შეუძლებელია.

რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს ვფიქრობთ, მის უწმინდესობის როლსა და დამსახურებაზე ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. მადლობას ვუხდით მას, რომელიც სამწუხაროდ, დღეს ვერ მობრძანდა. მე მაქვს პატივი მოგილოცოთ და დაგლოცოთ მისი სახელით.

ერთ-ერთი მთავარი თემა თანამედროვე გამოწვევებია, მაგალითად ის, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ცნობიერება ერისა, სულიერი ღირებულებები გლობალიზაციისა და პოსტმოდერნის ეპოქაში. მოგეხსენებათ, რომ დიდად მიღებული თეზისი დღევანდელი პოსტმოდერნის ფილოსოფიაში გახლავთ უარის თქმა იერარქიულობაზე, რამეთუ ეს ითვლება გარკვეულ დიქტატურად”

,,ჩვენი ერი არის იდეალისტი თავისი აზროვნებით. ჩვენთვის უმთავრესი ყოველთვის იყო და არის იდეა. ჩვენი სახელმწიფო ჩამოყალიბდა როგორც ქრისტიანული ღირებულებების მატარებელი და სხვათაშორის, ის თანამემამულეებიც, რომლებიც არ არიან ქრისტიანები, მათი აზროვნებაც ტრადიციულ ღირებულებებს ეფუძნება. თანამედროვე ტენდენციები, რომელიც თავს გვახვევს დესაკრალიზაციის იდეოლოგიას, რა თქმა უნდა, დამღუპველია ჩვენი ერისთვის. დღევანდელი კონფერენციის მიზანიც ვფიქრობ ის არის, წარმოჩნდეს თუ როგორ გავუმკლავდეთ ამას და რა დავუპირისპიროთ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ჩვენი ღირებულებების საფუძველზე”.

კონფერენცია საქართველოს მთავრობის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტისა და საქართველოს საპატრიარქოს ერთიანი ორგანიზებით გაიმართა.

წყარო: http://patriarchate.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი