მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

საეკლესიო სამოსი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.06.2011 3 კომენტარი | 8,241 ნახვა

“ღვთისმსახურებისას გამოყენებული სამოსი მაცხოვრის თანდასწრებას განასახიერებს…”

ახალი აღთქმის ეკლესიამ ღვთისმსახურთათვის დააწესა სამოსი, რომლის წარმოშობაც მოციქულთა ცხოვრებას უკავშირდება.ფელონი

სამოსში, რომლითაც ქრისტიანული ეკლესიის მსახურნი იმოსებიან, დეტალები ძველი აღთქმიდან გადმოვიდა. იგი მთლიანად დატვირთულია ქრისტეს მაცხოვნებელი სიმბოლოებით, რაც ეკლესიის მსახურთ მუდმივად ახსენებს მათ მისიას – შეამზადონ ადამიანები უფლის მეორედ მოსვლისთვის.

დროთა განმავლობაში როგორც სამოსმა, ისე მისმა დეტალებმა ფორმისა და ფერადოვანი გამის მხრივ გარკვეული ცვლილებები განიცადა, მაგრამ სიმბოლური თვალსაზრისით უცვლელი დარჩა.

საეკლესიო სამოსის ფერისა და ფორმის სიმბოლიკის შესახებ “ამბიონს” ესაუბრება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ნაქარგებისა და ქსოვილების ფონდის წამყვანი სპეციალისტი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პრიფესორი იზოლდა მელიქიშვილი:

ოლარი“პრაქტიკაში საეკლესიო სამოსის ტარებას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: ერთი – იერარქიული საფეხური და მეორე – საეკლესიო მსახურებისა თუ ქრისტიანული დღესასწაულის რაობა.

ღვთისმსახურის მიერ ნებისმიერი საიდუმლოს აღსრულებისას გამოყენებული საგნითა თუ სამოსით ხაზგასმულია მაცხოვრის თანდასწრება, რაც იმას გულისხმობს, რომ ეკლესიის მსახურთა სამოსის ზოგადი სიმბოლური მნიშვნელობა არის ხილული, მატერიალური ფორმით გამოხატული სულიერი სამოსი, სიწმინდის, უბიწოების სიმბოლო, რომელშიც იმოსებიან ადამიანები ღვთის მადლით და ეკლესიის მიერ ხელდასხმულნი ამზადებენ ტაძარში მოსულთ მარადიული სიხარულისთვის.

სამოსი, რომლითაც მაცხოვარი გამოისახება, განსაზღვრავს მის იკონოგრაფიას, მაგრამ სამოსი, რომლითაც ეკლესიის მსახური იმოსება, თავად განასახიერებს მაცხოვარს დედამიწაზე და მხოლოდ ახალი აღთქმის რელიგიური სიმბოლიკით არის გაჯერებული.

სამოსიროგორც მართლმადიდებლური ტაძარი და მის წიაღში განთავსებული ყოველი ნივთი, კედლებზე წარმოდგენილი ფრესკები, ისე სასულიერო პირთა სამოსი და მისი ყველა დეტალი კონკრეტულ კანონიკას ექვემდებარება და გარკვეული სიმბოლური დატვირთვის მატარებელია.

საეკლესიო სამოსის განვითარების სამი ეტაპი შეიძლება გამოვყოთ:

I. ძველი აღთქმის სამოსი;
II. ადრექრისტიანული, რომელშიც გადმოდის ძველი აღთქმის სამოსის ძალიან ბევრი დეტალი;
III. შუა საუკუნეების (X-XIV) ქრისტიანული სამღვდელოების სამოსი, როდესაც ბიზანტია კარნახობს აღმოსავლეთ მართლმადიდებლურ სამყაროს სამოსისა და მისი დეტალების კანონიკას.

ეკლესიის მსახურთა სამოსის ტარება, მასთან დაკავშირებული დოგმატიკა განსაზღვრული იყო და არის საეკლესიო დადგენილებებით. აქედან გამომდინარე, დაწესდა სასულიერო პირთა იერარქიის სამი ხარისხის სამოსი და დაკანონდა სამოსთა რაოდენობა ხარისხის გათვალისწინებით. (დიაკონი იმოსება – სამ, მღვდელი – ხუთსა და მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი კი შვიდი სახის სამოსში).
ყველა ხარისხისთვის აუცილებელ სამოსს წარმოადგენს “სადიაკვნო სტიქარი”, იგივე – “ფესუედი სამოსი”.

სტიქარი, ანუ ხსნის სამოსი ყველაზე ძველია საეკლესიო სამოსთაგან. მის უძველეს ფერად მიჩნეულია თეთრი და ჭრელი აბრეშუმის ქსოვილი.
სადიაკვნო სტიქარისგან განსხვავებით, სამღვდლო სტიქარი ტრადიციულად ოქროქსოვილისაა, ხშირად ფერადი ქვებითაა მოჭედილი და მეუფისადმი სულიერი სიხარულის სიმბოლოა.

შემდგომი ხარისხის სამოსს წარმოადგენს საკოსი, რომელიც განასახიერებს კვართს, მაცხოვრის წამების დროის სამოსს.
(“საკოსი” ბერძნულად ტომარას ნიშნავს) ის არის სუფთა, შეუბღალავი სინდისის სიმბოლო. იგი ასევე იწოდება “უკერველ სამოსად”, რადგან გვერდებზე არ არის გაკერილი და სპეციალური ზანზალაკებიანი ღილებით იკვრება. მოძრაობისას ისინი ხმას გამოსცემენ, რაც “უფლის გამოცხადების” სიმბოლოა.

ამ სამოსით მღვდელმთავარი იმოსება. მას ბისონსაც უწოდებენ.

საეპისკოპოსო საკოსი და ფელონი ღვთისმსახურებისას ერთმანეთს ენაცვლება. უმაღლესი ჩინის მღვდელმთავარი ერთ-ერთში უნდა შეიმოსოს. რაც შეეხება ფელონს, იგი არის ქლამიდის სიმბოლო, რომელიც ჯვარცმის წინ მაცხოვარს ემოსა. ფელონი მარადიული მეუფებისა და სიმართლის სიმბოლოა.

სამი ძირითადი პრინციპიდან, რომელსაც საღვთისმსახურო სამოსი ემყარება (ფორმა, ფერი და წმ. რიცხვთა სიმბოლიკა), მნიშვნელოვანია ფორმა. იგი თავის თავში აერთიანებს ჯვარს, ოთხკუთხედსა და წრეს. თითოეულ მათგანს თავისი დატვირთვა და სიმბოლიკა აქვს.

ჯვარიჯვარი, რის თარგზეცაა აჭრილი სტიქარი და საკოსი, რაც მაცხოვრის მიწიერი და ზეციური ცხოვრების სიმბოლოა, იდენტური დატვირთვითაა გააზრებული სამოსშიც. “სამოსელი ცხოვრებისა და კვართი სიხარულისა” იმავდროულად ჯვრის ფორმაში ჩადებული ორი არსის ერთობისა და ურღვეველობის სიმბოლოა. ამ მადლითა და ძალით შემოსილი ღვთისმსახური მიწაზე მაცხოვარს განასახიერებს. ის მრევლისკენ მიმართული სახით, თავისი ბაგით სულიერ შვილებს აზიარებს ქრისტეს მოძღვრებას, ხოლო როდესაც საკურთხეველთან დგას და ზურგითაა შებრუნებული, მაშინ მაცხოვრის სახეს ცვლის სამოსის ზურგზე დაკერებული ჯვარი – სასულიერო პირის ყველა შესამოსელის აუცილებელი ატრიბუტი.

ამავე დატვირთვითაა ჯვარი საეპისკოპოსო ფელონზე, რომელიც წრეზეა აჭრილი (წრეს ეფუძნება ფელონი, მიტარა, არწივი) და ღვთაებრივი ძალის, მაცხოვრის მარადიულობის, სიმრთელისა და ურღვეველობის სიმბოლოა.

მესამე ფორმა, რომელიც ასევე უმთავრესია სამოსში, არის ოთხკუთხედი (საბუხარები, დაფარნა, გარდამოხსნა, ოლარ – ომფორები). იგი ქვეყნის ოთხი მხარისა და ქრისტეს მოძღვრების ოთხკუთხივ გავრცელების სიმბოლოა: აიღეს მისი სამოსელი და გაყვეს ოთხ ნაწილად (იოანე19,20).

სამოსის ფორმათა სიმბოლიკაში წმინდა რიცხვთა სიმბოლიკაც აისახა. წამყვანი ის რიცხვებია, რომლებიც მაცხოვრის მიწიერსა და ღვთიურ ცხოვრებას უკავშირდება – “ორობის”, “ოთხობისა” და “შვიდობის” სიმბოლოებს.

“ორობა” – მაცხოვრის ორბუნებოვნება გამოხატულია საქარგავი მასალის ორი სახეობის – ოქროსა (მაცხოვრის ღვთიური, ტრანსცენდენტური საწყისი) და ბამბის ან აბრეშუმის ძაფის (მაცხოვრის ბიოლოგიური საწყისი) ერთმანეთთან “შერთვაში”, “ოთხობა” მისი სამოსელის, სარწმუნოების ქვეყნიერების ოთხკუთხივ განფენის სიმბოლოა.
ეს უწინარესად, როგორც აღვნიშნეთ, სასულიერო პირთა სამოსის ფორმებში ვლინდება (საბუხარის, ოლარ – ომფორის ოთხი კუთხე, სტიქარისა და საკოსის ოთხი კალთა – ჯვრის ოთხი მკლავი).
რაც შეეხება “შვიდობას” – ის ძირითადად უმაღლესი “ჩინის” მსახურის შვიდსახედი სამოსით შემოსვასა და მღვდელმსახურთა მიერ შვიდი საიდუმლოს აღსრულების უფლებასთან არის დაკავშირებული. ეს ყველაფერი გარკვეულ კანონიკას ეფუძნება, რომელსაც მხატვრული მნიშვნელობის გარდა მკვეთრად ჩამოყალიბებული დატვირთვა აქვს.

უმნიშვნელოვანესია საეკლესიო სამოსში ფერის ფაქტორი.
ზოგადად ფერები, რომლებიც საეკლესიო სამოსში გამოიყენება, სამ ძირითად ჯგუფად შეიძლება დაიყოს:
I. თეთრი ფერი;
II. სპექტრის შვიდი ფერი;
III. შავი ფერი.

თეთრი ფერი – სინათლის სიმბოლო, ახსნილია, როგორც “მე ვარ მიუაჩრდილებელი ნათელის” განსახიერება. რადგან ეს არის ნათელი, რომლისგანაც ვისმენთ და გაუწყებთ, რომ ღმერთი არის ნათელი და არ არის მასში არავითარი ბნელი (პირველი იოანესი1,5).
ამასთანავე, “ღმერთია თავად სინათლე და იმოსება სინათლით”.…
თეთრი ფერი ანგელოზთა ზეციურსა და მაცხოვრის თეთრ სამოსს შეესაბამება.

აღსანიშნავია, რომ აღდგომის დღესასწაული სასულიერო პირთათვის თეთრი სამოსით იწყება ნიშნად ღვთიური შუქისა, რომელიც მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის საფლავიდან ამოიფრქვევა.
ოქროს სიმბოლიკაში მისი ბრწყინვალება გაიგივებულია თეთრ ფერთან. ეს ორი უკანასკნელი ღვთაებრივი სინათლის, მარადიული სიცოცხლისა და სიწმინდის სიმბოლოა.

ფერთა გამის მეორე ჯგუფში შემავალი სპექტრის შვიდ ფერს, ანუ ცისარტყელას ფერებს რამდენიმე ახსნა აქვს. ფერადოვნებას, რომელიც უძველესი დროიდანვე ღრმა სიმბოლიკით იყო გაჯერებული, ქრისტოლოგია ბიბლიურ ნოეს უკავშირებს: “ვდებ ჩემს ცისარტყელას ღრუბელში ნიშნად აღთქმისა ჩემსა და ქვეყანას შორის” (დაბ.9-13). ცისარტყელა არის სიმბოლო მიწიერ წუთისოფელსა და მარადიულ, ზეციურ სასუფეველს შორის. მისი შვიდი ფერი შეესაბამება წმიდა რიცხვს – 7. ეს არის რიცხვი, რომელშიც ზეციური და მიწიერი სამყაროს შექმნის სიმბოლო დევს. საეკლესიო სამოსის ფერადოვან გამაში სწორედ სპექტრის შვიდი ფერია წამყვანი. ამ ფერთა სტრუქტურის ცვლათა შესაბამისად, საეკლესიო სამოსის ცვლა ღვთისმსახურებასა და საუფლო დღესასწაულებთან არის დაკავშირებული.

მესამე ჯგუფში წარმოდგენილი შავი ფერი გლოვის, ან ყოველგვარი მიწიერისგან განდგომის სიმბოლოა. გულისხმობს იმის გამორიცხვას, რაც სინათლის სპექტრის მიღმაა.
საეკლესიო სამოსში ეს ფერი სიმშვიდესაც ნიშნავს.

ფერთა გამის დატვირთვა შესაძლოა არაერთგვაროვანი იყოს. ეს დამოკიდებულია ნებისმიერი კომპოზიციის თემატურ, თეოლოგიურ და იკონოგრაფიულ გააზრებაზე.
ფერის სიმბოლური “მეტყველება” ქრისტოლოგიაში განისაზღვრება მისი სტრუქტურითაც. მაგალითისთვის თუ ამ თვალსაზრისით მწვანე ფერს განვიხილავთ, საეკლესიო სამოსში მისი გამოყენება კონკრეტულ ახსნას მოგვცემს.
ქარგულობა
მწვანე ფერი – მარადიული ცხოვრების სიმბოლო. ქრისტიანულ ნაქარგობაში ფიგურირებს არა მარტო ფერადოვანი გამის სახით, არამედ კონკრეტული ფორმით. მის სიმბოლურ გამოსახულებას ხე წარმოადგენს. იგი შეიძლება ზოგ შემთხვევაში სულაც არ იყოს მწვანე ფერის, მაგრამ მასში ჩადებული სიმბოლო სიცოცხლისა, განახლებისა და ცხოველმყოფელობისა ფორმით გადმოიცემა.

ამავე თვალსაზრისით საინტერესოა იისფერიც, რომელიც აერთიანებს სპექტრის საწყის (წითელი) და ბოლო (ცისფერი) ფერებს, ამიტომაცაა, რომ იგი მაცხოვრის ჯვარცმის, წამებისა (წითელი) და ზეცაში მისი მარადიული მეუფების (ცისფერი) სიმბოლოა.

სპექტრის ფერები წრიულად რომ განვალაგოთ, საწყისისა და ბოლოს შეერთების ადგილი წითლისა და ცისფრის შესაყარია, რაც ნიშნავს “ანისა და ჰოეს” შესაყარს, მაცხოვრის მარადიული მეუფების სიმბოლოს.

ცისფერი დომინირებს წითელზე, რაც გულისხმობს “სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვას” და ამით მარადიული სიცოცხლის მოპოვებას.

ფერთა სიმბოლიკა საეკელსიო სამოსსა და მის დეკორში გვეხმარება სიმბოლოთა ამოცნობაში.

ქართული საეკლესიო ნაქარგობა, მასზე გამოხატული სახეები ძირითადად ორი ფორმით წარმოგვიდგება: ერთია სახოვანი (ერთი ან რამდენიმე ფიგურიანი კომპოზიცია) და მეორე – ორნამენტული დეკორით შემკული.
დეკორი, რომელიც სასულიერო პირთა, თუ საეკლესიო მსახურებისთვის საჭირო ნივთთა სამოსზე გვხვდება, ისეთივე დოგმატიკას ექვემდებარება, როგორც ამ სამოსის ფორმა, ფერთა გამა და მისი ხმარების წესი. მათზე გამოსახული მცენარეული სახეები კონკრეტული სიმბოლური ინფორმაციის მატარებელია.

ძირითადი მცენარეული სახეები, რომლებიც სასულიერო პირთა სამოსზე გვხვდება, არის: ნაქარგიბროწეული (სიმბოლო ურღვევი რწმენისა – მისი მრგვალი ფორმა, მაგარი კანი და მრევლისა – მარცვლები) ყველა ვარიაციებით – ნაყოფი, ყვავილი და ფოთოლი; შროშანა და მაყვალი (სიმბოლო ღვთისმშობლისა), ყვავილები და ფოთლები; მიხაკი (სიმბოლო მაცხოვრის წამებისა, მისი თესლი ზუსტად იმეორებს სამსჭვალის ფორმას). ყურძენი, როგორც წესი, ლერწით, მტევნებითა და ფოთლებით გამოისახება (მაცხოვრის, კონკრეტულ სიტუაციებში კი “მე ვარ ვენახის” სიმბოლო).

გვიანი პერიოდის (XIX ს) ქართულ ნაქარგობაზე ჩნდება თავთავისა და ვარდების გამოსახულებები, რაშიც რუსული და ევროპული ხელოვნების გავლენა აისახა.

საინტერესოა ფონისა და დეკორის ურთიერთობა ორი თვალსაზრისით – ერთი – წმიდა სიმბოლურ-სემანტიკური გააზრებით. ანუ ფონი მოიაზრება, როგორც “სიტყვაი იგი”, ხოლო მასზე გამოსახული ნაქარგი, უფლის სადიდებლად “განხორციელებული”, დაფარულის ფორმად ქმნა.
მეორე – წმინდა ტექნიკური მხარე. სახე მბზინავი, მოციმციმე ფონით განათებული, რელიეფურადაა ამოზიდული, რაც ქმნის გამომსახველობითი აღქმის სხვაობას, ხოლო დეკორი, რომელიც იშლება რბილ, თბილ, ტონირებულ ფონზე, “მიდის” სიღრმეში და ზრდის მოცულობით ეფექტს”.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • მზაღო ნინო says:

    ღვთისმსახურის ფორმას (სამოსი) გარდა თავისი დანიშნულებისა, მე დავამატებდი რომ, იგია დიდი საიდუმლოს დამტევებელი და საოცრად განმასხვავებელი მოძღვარს და მრევლს შორის.

  • თეა says:

    ძალიან კარგი იქნებოდა ცისარტყელის ყველა ფერის საღვთისმსახურო სამოსლის სიმბოლური დატვირთვა ახსნილიყო.რა დროს რა ფერია დაშვებული?აქ ნათქვამია რომ ფერთა სიმბოლური დატვირთვა თვითონ ამ ფერის სტრუქტურითაც განისაზღვრება.გარდა ამისა თუ არის შესაძლებელი სხვა განსაზღვრების მოწოდება.

    • იზოლდა მელიქიშვილი says:

      სასულიერო პირთა სამოსის წარმოშობა ძველი აღთქმის მღვდელმთავრის აარონის სახელს უკავშირდება.მისთვის სამოსი მოსეს თავად მამა ღმერთმა დაუდგინა. ეს სამოსი მღვდელმთავართა, ღვთისმსახურთა სხავათაგან გამორჩეულობის მიზნით შეიქმნა. ასე, რომ ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში სასულიერო პირის სამოსი, ასევე მრევლისაგან მათი გამორჩეულობის მიზნით დაწესდა.

      თითოეული ფერის სიმბოლური დატვირთვის განსაზღვრა დიდ ფორმატს მოითხოვს. აქედან გამომდინარე საკითხის ძალიან მოკლე განმარტებისა და განხილვის საშუალება მოგვეცა.
      ქართული საეკლესიო ნაქარგობის ლოკალურ თუ სტრუქტურულ ფერთა გამას, სამოსის ფერადოვნებასა და მისი მსახურებაში გამოყენებას ქრისტიანულ დღეასაწაულთა რაობა და კონკრეტული ღვთისმსახურება განაპირობებს.
      “ათორმეტ დღესასწაულთაგან” ყოველზე, ძველად, ღვთისმსახური თითოეული დღესასწაულისათვის განკუთვნილი, საეკლესიო დადგენილებით განსაზღვრული, ფერის სამოსით იმოსებოდა.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.