მთავარი » ქრისტიანობა

საეკლესიო მმართველი იერარქიის ტიტულატურა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.06.2018 | 1,051 ნახვა

მამა საბა ნატროშვილი საეკლესიო მმართველი იერარქიის ტიტულატურის შესახებ გვესაუბრება წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი – სქემმღვდელმონაზონი საბა (ნატროშვილი):

„მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველ იერარქიას მიეკუთვნებიან ეპისკოპოსები. როგორც მოგეხსენებათ, სამღვდელმთავრო მსახურება სამოციქულო საქმიანობის გაგრძელებაა და ნებისმიერი კანონიკურად ხელდასხმული ეპისკოპოსი მოციქულთა მადლის მატარებელი გახლავთ.

ეკლესია იცნობს სამღვდელო ხარისხის სამ საფეხურს. ესენია-დიაკონი, მღვდელი და ეპისკოპოსი. თუმცა, კონკრეტული მღვდელმთავარი შეიძლება ატარებდეს პაპის, პატრიარქის, კათალიკოსის, ეგზარქოსის, პრიმასის, მიტროპოლიტის, მთავარეპისკოპოსისა და ეპისკოპოსის ტიტულს. თითოეული წოდების მნიშნველობა დაკავშირებულია ამა თუ იმ ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულთან, რომელთა ერთობლიობაც ქმნის მსოფლიო ეკლესიის სისავსეს.

ისტორიულად, რომის იმპერია იყოფოდა 4 ნაწილად და მათ ეპარქიები ეწოდებოდა. ეპარქიები კი თავის მხრივ 17 დიოცეზს აერთიანებდნენ. მიტროპოლიტის ტიტული ერთ-ერთი თავდაპირველი სამღვდელმთავრო პატივია.. ტერმინი ,,მიტროპოლიტი“ მოიხსენიება ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრების მე-4 მუხლში. მიტროპოლიტები იყვნენ პროვინციათა დედაქალაქების (ბერძნ.მეტროპოლიების) ეპისკოპოსები… მოციქულთა კანონების 34-ე მუხლში ნათქვამია ,, ყველა ერის ეპისკოპოსებმა უნდა იცოდნენ მათ შორის პირველი და თავი ეპისკოპოსი და არაფერი ზედმეტი არ უნდა გააკეთონ მის გარეშე“. ცნობილი კანონისტი ზონარა აღნიშნავს, რომ ძველად ერთი პროვინციის შემადგენლობაში რამდენიმე საეპისკოპოსო იყო, ყველას განაგებდა საკუთარი ეპისკოპოსი, რომელნიც ექვემდებარებოდნენ მეტროპოლიაში მჯომ მღვდელმთავარს, ანუ მიტროპოლიტს. განსხვავებულ მოწყობას ვხვდებით ალექსანდრიის ეკლესიაში, სადაც პროვინციის პირველ იერარქად გვევლინება არა მიტროპოლიტი, არამედ ქიროტონიით უხუცესი მღვდელმთავარი.

რაც შეეხება ეგზარქოსის ტიტულს, მისი მნიშნველობა საუკუნეების განმავლობაში რადიკალურად იცვლებოდა. როგორც მაქსიმე სარდიკიელი წერს, თავდაპირველად ეგზარქოსი იყო დამოუკიდებელი, ავტონომიური მღვდელმთავარი, ხოლო მოგვიანებით ეგზარქატი გადაიქცა საპატრიარქო ხელისუფლების აღმასრულებელ ორგანოდ ამ პერიოდში ეგზარქოსი შეიძლება ყოფილიყო როგორც უბრალო მღვდელი, ასევე დიაკონი და ერისკაციც კი… საეგზარქოსოს უწოდებდნენ მიტროპოლიაზე უფრო დიდ ტერიტორიულ ერთეულს. ისტორიულად ალექსანდრიის და ანტიოქიის ეკლესიები საეგზარქოსოები იყვნენ და მოგვიანებით გარდაიქმნენ საპატრიარქოებად. ხოლო პონტოს, ასიის, ფრაკიის, კესარია-კაბადოკიის, ეფესოსა და ირაკლიის ეპისკოპოსები, რომელნიც ასევე ეგზარქოსებად იწოდებოდნენ, გაერთიანდნენ და შეერწყნენ კონსტანტინოპოლის ახლაც ჩამოყალიბებულ საპატრიარქოს…დასავლეთში ტერმინ ეგზარქოსს შეესატყვისება პრიმასის ტიტული, რაც კონკრეტული ადგილობრივი, ნაციონალური ეკლესიის მეთაურს ნიშნავს.

1054 წლის დიდ სქიზმამდე ადგილობრივი ეკლესიები ერთიანდებოდნენ 5 საპატრიარქოში. დასავლეთის ეკლესიები ექვემდებარებოდნენ რომს, ხოლო აღმოსავლეთს აერთიანებდნენ კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია და იერუსალიმი. საეკლესიო მოწყობის ამგვარ სისტემას ,,ხუთთა მმართველობა“ ანუ პენტარქია ეწოდებოდა. ტერმინი ,,პატრიარქი“ ეტიმოლოგიურად მამამთავარს ნიშნავს და მას პირველად ვხვდებით ტრულის კრების კანონებში. ამ ტიტულის მინიჭებას მასიური სახე მიეცა მე-6 საუკუნიდან.

მთავარეპისკოპოსები ეწოდებოდათ ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიის პირველიერარქებს. მაგალითად დღეისათვის, მთავარეპისკოპოსები არიან კვიპროსის და ელადის ეკლესიის მეთაურები. შუა საუკუნეებში ეს ტიტული ენიჭებოდათ ეპისკოპოსებს, რომელნიც ამა თუ იმ მიტროპოლიის შემადგენლობაში იყვნენ,თუმცა რიგი მიზეზების გამო ემორჩილებოდნენ არა მიტროპოლიტს, არამედ უშუალოდ პატრიარქს… თანამედროვეობაში რუსული ტრადიციის მქონე ეკლესიებში მთავარეპისკოპოსის პატივი ეძლევა უშუალოდ კონკრეტულ მღვდელმთავარს და იგი არანაირად არაა დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სულიერ ძალაუფლებასთან.

დასავლეთში, რომის ეპისკოპოსს ჰქონდა მრავალი ტიტული, მაგალითად ,,ქრისტეს მოსაყდრე“ , ,,ღვთის მონების მონა“ (Servus Servorum Dei) და ა.შ…. სიტყვა ,,პაპი“ ნიშნავს მამას. იგი მე-3 საუკუნეში იხმარებოდა არა როგორც ტიტული, არამედ როგორც ეპითეტი,მხატვრული შედარება და შეიძლებოდა ნებისმიერი ეპისკოპოსისთვის ეწოდებინათ.

ტერმინ კათალიკოსს თავდაპირველად ვხვდებით 410 წელს და იგი დაკავშირებულია ბაბილონის სელევკიის ეპისკოპოსის სახელთან. კათალიკოსობის პატივით იმოსებოდნენ ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთ საზღვრებთან მდებარე პროვინციების მღვდელმთავრები. ისინი ძალზე ფართო ავტონომიით სარგებლობდნენ, რადგან სპარსეთსა და ბიზანტიას შორის საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობდა ომი და შესაბამისად კავშირი ანტიოქიის საპატრიარქოსთან თითქმის შეუძლებელი იყო.“


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.