მთავარი » დღესასწაულები

სადღესასწაულო ქადაგება (6 მაისი 2011 წელი)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.05.2011 ერთი კომენტარი | 1,709 ნახვა

გიორგობის ქადაგება

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!

სამებაგილოცავთ წმიდა გიორგის დიდებულ დღესასწაულს თქვენ და მთელ საქართველოს, ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს. ისტორიიდან ცნობილია, რომ წმიდა გიორგი საქართველოს განსაკუთრებული მფარველი იყო და არის. ყოველმა თქვენგანმა იცის ტროპარი წმიდისა გიორგისა: “ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელისაღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის“. ამინ!

დიდია წმ. გიორგის სასწაულთმოქმედება. მოწყალეა წმიდა გიორგი ისევე, როგორც წმიდა ნიკოლოზი. მას ხალხის მიერ შერქმეული მრავალი სახელი გააჩნია: “თეთრი გიორგი”, “პიროფლიანი გიორგი”. მისი სასწაულები საოცარია, განსაკუთრებული. ჩვენ ვმადლობთ წმ. გიორგის დიდი წყალობისათვის.

ყოველი ადამიანი ეძებს ჭეშმარიტებას, სიმართლეს. ჩვენ ვიცით ორი პიროვნება, რომლებიც ცხოვრობდნენ მე-4 საუკუნეში. ესენი იყვნენ წმიდა გიორგი და იმპერატორი დიოკლიტიანე, ორივე ეძებდა ჭეშმარიტებას, ორივეს სიმართლის პოვნა სურდა. ადამიანმა თავისი გული, გონება უნდა გაუხსნას „სულსა წმიდასა“, რომ შემოვიდეს უფალი ჩვენში და გვიკარნახოს, თუ სად არის ჭეშმარიტება. უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. აი, ეს ჭეშმარიტება იპოვა წმ. გიორგიმ, რაც ვერ ნახა იმპერატორმა დიოკლიტიანემ. წმიდა გიორგი მოთმინებით შეუდგა ამ წამების გზას. იგი ძალიან უყვარდა დიოკლიტიანეს და ვინაიდან მას მემკვიდრე არ ჰყავდა, ფიქრობდა, წმ. გიორგი იქნებოდა მის შემდეგ იმპერატორი რომისა. დიოკლიტიანემ როცა გაიგო გიორგის ქრისტიანობის ამბავი, სთხოვა, უარეყო, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ მისი წამება ბრძანა. რამდენადაც უყვარდა ადრე, იმდენად შესძულდა შემდგომ. ისე აწამებდნენ, რომ ცოცხალი დარჩენილიყო. ერთხელ საკანში მყოფ სისხლმდინარე წმ. გიორგის უფლის სიტყვები გაახსენდა: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევე მე. მაშინ წმიდანს მოესმა მაცხოვრის ხმა: გიორგი, ნუ გეშინია, მე შენთანა ვარ! ეს სიტყვები ჩვენ ყოველდღე გვესმის: საქართველო, ნუ გეშინია, წმიდა გიორგი ჩვენთან არს და ვერავითარი მტერი, ვერც ხილული და ვერც უხილავი, ვერ დაამხობს, ვერ დააჩოქებს მას!

დღევანდელი დღესასწაული განსაკუთრებულია. ჩვენ მოვამზადეთ ილორის წმიდა გიორგის ხატი აფხაზეთიდან. ეს არის ისტორიული ხატი, შეწირული დადიანების მიერ. ილორის წმ. გიორგი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს, შეეწიოს აფხაზეთს და ღმერთმა მისცეს გზა ჭეშმარიტებისაკენ. აფხაზი ხალხი იმდენად ჭკვიანია და ბრძენი, იმედი მაქვს, ნახავს, სად არის ჭეშმარიტება და ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით. თერთმეტი წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი, იქ არის სწორედ ილორის წმ. გიორგის ტაძარი, საიდანაც არის ხატი ჩამობრძანებული. ვულოცავ აფხაზებს აქედან და დადგება აუცილებლად ის დრო, როცა ჩვენ ჩავალთ აფხაზეთში, ჩავიტანთ ხატს და იქ დავლოცავთ აფხაზეთსაც და მთელ საქართველოსაც.

მინდა გავიხსენო ერთი შემთხვევა, სასწაული, რომელიც მოხდა ილორის წმ. გიორგის ეკლესიაში ჩემი იქ ყოფნის დროს. ეკლესიის წინამძღვარი იყო მამა დავით ფიფია. მასთან მივიდა ორი ქალი და ორი ახალგაზრდა ბიჭი. ერთ-ერთი ქალბატონი უნდა გადაეცათ წმ. გიორგის ხატზე ქურდობისათვის. ქალბატონი მოთქვამდა და უარყოფდა დანაშაულს. მამა დავითმა პატიებისაკენ მოუწოდა მათ, მაგრამ ამაოდ. მაშინ უთხრა, რომ ისინი დაისჯებოდნენ წმ. გიორგისგან ამისთვის. ეკლესიაში შესულმა დედამ თავისი ორი ვაჟით რომ დაუწყო ლაძგვა ხატის წინ საცოდავ ქალბატონს, თვითონ დავარდა მიწაზე და სულს ლევდა. მამა დავითმა შეახსენა მათ დანაშაული. ქალბატონი გამოიყვანეს გარეთ და მამაომ აღავლინა შენდობის ლოცვები, რის შემდეგაც ქალი მოსულიერდა და გაუჩნდა სინანული. შვილებმაც შეინანეს. შეწირეს თხა ეკლესიას, რომელიც მოყვანილი ჰყავდათ და მშვიდობიანად წავიდნენ სახლებში. ასეთია წმიდა გიორგის ძალა და მადლი.

წმიდა გიორგის მადლი გეწეოდეთ თქვენ და საქართველოს!

ღმერთმა ინებოს, რომ წმ. გიორგის ლოცვით მალე დადგეს ის დრო, როცა გამთლიანდება საქართველო.

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ უფალმა თქვენ და სრულიად საქართველო!

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. აწ და მარადის
და უკუნითი უკუნისამდე. ამინ !

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი

თამარ საბანაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.