მთავარი » დღესასწაულები

სადღესასწაულო ქადაგება (27.09.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.09.2012 ერთი კომენტარი | 1,899 ნახვა

ჯვართამაღლება

ილია მეორესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!

“ჯვარსა შენსა თაყვანის ვსცემთ ქრისტე მეუფეო და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ”.
დღეს არის უდიდესი დღესასწაული ჯვარისა პატიოსნისა და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, თუ როგორ გამოისახება ჯვარი ჩვენში. ან ჩვენ როგორი დამოკიდებულება გვაქვს ჯვრისადმი. ეს არის უდიდესი ძალა ღვთისა. ეს იყო იარაღი ადამიანის წამებისა, როცა ჯვარს აკრავდნენ ადამიანებს და ეს გახდა უდიდეს ძალად, ღვთის მადლი გადმოვიდა ჯვარზე და ეს არის დღეს მკურნალი, მფარველი. ყოველი ადამიანი, რომ იბადება და ნათლობას ღებულობს, მას უკეთებენ ჯვარს. რომ მიდის ამ ქვეყნიდან, მის საფლავზე გამოსახავენ ჯვარს.
წმიდა მამები ამბობენ, რომ ეშმაკს შეუძლია გაჩვენოს ნებისმიერი საგანი, მაგრამ არ შეუძლია ჯვრის გამოსახვა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხილვა. თუ ადამიანი იხილავს ჯვარს, ან ღვთისმშობელ დედას, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ჩვენება, ეს ხილვა ღვთისაგანაა.

დღეს მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჯვარის ძალაზე. ჯვარი შედგება ვერტიკალისაგან და ჰორიზონტალისაგან. ვერტიკალს მიჰყავს ადამიანი ცაზე, ღმერთთან და ჰორიზონტალს – ადამიანისაკენ. ეს განუყოფელია და ჩვენ სათანადო ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთსაც და მეორესაც. არის შემთხვევა, როცა ადამიანები ამბობენ, რომ მთავარია ადამიანი მორწმუნე იყოს და ავიწყდება, რომ გვერდზე გიდგას გაჭირვებული მოყვასი და უნდა დაეხმარო მას, უნდა მოუსმინო მას.

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა საჭიროა მოსმენა ადამიანების. მოახლოვდა არჩევნები და ეს ვნებები უფრო და უფრო ძლიერდება. ჩვენ უნდა მივანდოთ უფალს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ეკლესია. მე მინდა ვთქვა, რომ ამ გაჭირვების პერიოდში ჩვენმა ახალგაზრდობამ, ჩვენმა სტუდენტობამ, გამოიჩინა განსაკუთრებული ყურადღება ამის მიმართ. ეს ძალიან მოსაწონია იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი სულიერების ბარომეტრი. ჩვენი ქართველი ადამიანი არ დაუშვებს იმას, რომ ასეთი უმსგავსოება, რომელსაც აჩვენებენ ტელევიზიით მოითმინოს. მე ერთ-ერთ ქადაგებაში ვთქვი, რომ სხვაგანაც ხდება ხანდახან. მე არ ვგულისხმობდი იმ საშინელებას, რომელსაც გვაჩვენებენ, არამედ ადამიანის შეურაცხყოფას, ცემას. მე არაერთხელ მითქვამს მინისტრისთვის, მისი მოადგილეებისთის, რომ ასეთი ამბები მოდის და თქვენ რას უყურებთ. ყოვლად დაუშვებელია, რომ ადამიანი ისედაც დასჯილია, პატიმრობაშია და კიდევ შეურაცხყოფენ მას, მის ღირსებას. მე მიმტკიცებდნენ, რომ არავითარი ასეთი შეურაცხყოფა არ არისო. მაგრამ სინამდვილეში ყოფილა და ჩვენ დიდად ვწუხვართ, რომ ეს ხდება საქართველოში, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, ჩვენს სამშობლოში.

სტუდენტების მღელვარება ნამდვილად სამართლიანია და მე მინდა ვთქვა, რომ ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია ასეთი მოპყრობა ამ გაჭირვებული ხალხის მიმართ. ეს არასდროს არ უნდა განმეორდეს. ვფიქრობ, შეიქმნება ისეთი საზოგადოებრივი კომისია, სადაც იქნებიან სასულიერო პირები, ჩვენი მღვდელთმთავრები, სამღვდელოება და უფრო ყურადღებით იქნებიან და გამოიძიებენ, რომ ასეთი რამე არ განმეორდეს. ზოგიერთმა მიიღო ჩემი სიტყვები, თითქოს მე ვამართლებდი ამას. როგორ შეიძლება პატრიარქმა ასეთი მოქმედება გაამართლოს. ეს იყო დიდი ტკივილი ჩემთვის, როცა მე ეს მესმა და ასეთი დამოკიდებულება ყოვლად დაუშვებელია. იმედი მაქვს, რომ ღვთის მადლითა და ძალით ყველაფერი გამოსწორდება. იმედი მაქვს, რომ მსგავსი მოქმედება საქართველოში არასდროს არ იქნება დაშვებული.

მე არაერთხელ დამიწერია ეპისტოლეებში, არაერთხელ მივსულვარ ციხეებში და მიკითხავს თუ როგორ არიან, ხომ არ აწამებენ და მათ მსგავსი არაფერი უთქვამთ. შეიძლება შიშის გამო. ციხეებში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არიან დაავადებული ტუბერკულიოზით, შიდსით და მათი იქ ყოფნა დაუშვებელია, იმიტომ, რომ შეიძლება ისინი გადასდონ სხვა პატიმრებს. ეს საშინელი ავადმყოფობაა. ამიტომ, მე მივმართავ ჩვენს ხელისუფლებას, რომ იქნება ეს მძიმე ავადმყოფები გაუშვან სახლებში, რომ მათ იქ იმკურნალონ. ბევრი რამ არის სათქმელი, მაგრამ მე ამაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.

მე მინდა ორიოდე სიტყვით გავიხსენო ის ადამიანები, რომელნიც დაეცნენ აფხაზეთის ომის დროს. უპირველეს ყოვლისა, დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვიხსენებ მღვდელ-მონაზონ ანდრია ყურაშვილს, რომელიც იყო ბერი და რომელიც დახვრიტეს იქ, აფხაზეთში. არ შემიძლია დიდი პატივისცემით არ გავიხსენო ბატონი ჟიული შარტავა. ფაქტობრივად, თავისი თავი შესწირა სამშობლოს. მე არაერთხელ მქონია მასთან საუბარი. ის იყო დიდად მორწმუნე. როცა ქუთათელ-გენათელი, მღვდელთმათავარი, მიტროპოლიტი და საერო ხელისუფალი ჩავიდნენ სოხუმში და შეხვდნენ ჟიული შარტავას, მას აუწევია ხელები ზეცისკენ და უთქვამს, ჯობს ღმერთმა მე დამსაჯოს და გადარჩეს სამშობლოო. მართლაც, ძალიან მოკლე ხანში იგი დახვრიტეს. რამდენიმე თვის შემდეგ, მივიღე წერილი რუსეთიდან, მაგრამ წერილს ეტყობოდა, რომ ის ქართველის მიერ დაწერილი არ იყო და არც რუსის. უცხო ადამიანი იყო, შეიძლება თვითონ რომელიმე რუსეთის ტომთაგან. მწერდა, რომ ვესწრებოდი ჟიული შარტავას დახვრეტას, არ ვიცოდი ვინ იყო იგი, ვკითხე ვიღაცას და მან მითხრა, რომ ეს იყო ჟიული შარტავაო. მე არც ქაღალდი მქონდა, ასანთი ამოვიღე და იმაზე დავწერე მისი გვარი და სახელიო. ბოლოს მწერდა, რომ თქვენ უნდა იამაყოთ, რომ საქართელოს ასეთი თავდადებული შვილები ჰყავსო. მართლაც, გმირულად დაეცა ეს დიდი ადამიანი.

იური ანუა დიდი ადამიანი იყო. აფხაზი იყო თვითონ ეროვნებით და იგი იყო დახვრეტილი. მამია ალასანია, როგორც მითხრეს, თითქმის გამოსული იყო სოხუმიდან და უკან დაბრუნდა. თავისი შვილი ირაკლი გამოუშვა, რომელსაც თქვენ იცნობთ და თვითონ დაბრუნდა ჟიული შარტავასთან. უთქვამს, რომ მე მას არ დავტოვებ მარტოო. გურამ გაბისკერია, ეს იყო გმირი ქალაქისა. ძალიან დიდი პიროვნება იყო გენო ადამია, გენერალი. ღმერთა ნათელში ამყოფოს იმათი სული, მრავალი სხვა ათასობით ადამიანი დაეცა. მე მინდა დავლოცო ამ ადამიანების მშობლები, გარდაცვლილი და ცოცხალნი. მინდა დავლოცო ამ ადამიანების ოჯახები, დავლოცო ჩვენი ახალგაზრდობა, ყველანი, ვინც დაეცა ამ საშინელ დაპირისპირებაში.

მე თერთმეტი წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და განსაკუთრებული სითბო სუფევდა ჩვენ დროს აფხაზებსა და ქართველებს შორის. დღესაც ჩამოდიან აფხაზეთიდან ჩემთან ჩემი ნათლულები, აფხაზები. მინდა დავლოცო აფხაზები, რუსები, ყველანი, ვინც დაეცნენ ამ საშინელი ომის დროს. შევთხოვ უფალს, რომ ჯვარის ძალა გადაეფაროს საქართველოს და მთელ მსოფლიოს. ჯვარის ძალამ დაიფაროს სრულიად საქართველო, ჩვენი ეკლესია, ყოველი თქვენგანი და მოგცეთ თქვენ მრავალჟამიერი სიცოცხლე. გამთლიანდეს საქართველო და ჩვენ ვიყოთ ერთი სამწყსო და გვყავდეს ერთი მწყემსი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამინ !
ჩვენთან არს ღმერთი.

დღეს, 6 საათზე იქნება პარაკლისი მეტეხის ხიდზე და იქიდან ამოვალთ აქ. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ ჩვენს მიცვალებულებს და დავლოცავთ სრულიად საქართველოს. ამინ!

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამა ზეციერმა.

ჩვენთან არს ღმერთი.

დღეს რადგან არის ჯვართამაღლება, ვემთხვევით იმ ჯვარს, რომელიც იყო გამოსვენებული გუშინ საღამოს და ვიგალობოთ ჯვარს შენსა.

სოფიკო აბულაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი