მთავარი » დღესასწაულები

სადღესასწაულო ქადაგება (27.09.2011)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.09.2011 | 1,915 ნახვა

ჯვართამაღლება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.

ჩვენთან არს ღმერთი!

ჯვართამაღლება“დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი” ვერავითარი გონება ვერ მისწვდება უფლის განგებას. აღმოსავლური სიბრძნე მეტყველებს: “ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა. ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა”. როდის იწყება სიხარული, მწუხარება და როდის მთავრდება იგი – უფალმა უწყის. უნდა მივენდოთ განგებას და ღვთის მადლს. რწმენა, მართლმადიდებლური სარწმუნოება, სიყვარული და სასოება მოგვცემს ჩვენ ხედვას, თუ რას ნიშნავს მწუხარება და სიხარული.

დღეს არის ჯვრის თაყვანისცემა, როცა იერუსალიმში აღმოაჩინეს ჯვარი და თაყვანი სცეს მას. იქ იყო სამი ჯვარი – ორი ავაზაკის და ერთი მაცხოვრისა. მაცხოვრის ჯვარმა ჰყო სასწაული და მათ შორის აღადგინა მკვდარი. მას შემდეგ ეს სასწაულმოქმედი და თაყვანისსაცემი ჯვარი არის სათაყვანებელი. ადრე იყო ის საშინელი, სამარცხვინო სასჯელი. მაგალითად, პავლე მოციქული ვერ დასაჯეს ჯვარცმით, რადგან ის იყო რომის მოქალაქე და ამიტომ თავი მოჰკვეთეს მას. რომაელების გაგებით თავის მოკვეთა უფრო საპატიო გახლდათ, ვიდრე ჯვარცმა. პეტრე მოციქული ჯვარს აცვეს, მან სთხოვა ჯალათებს: მე ღირსი არა ვარ ისე გამაკრათ, როგორც მაცხოვარიო, თავდაღმა გამაკარითო.

დიდება უფალო ჯვარსა შენსა პატიოსანსა. ჯვარი არის მფარველი ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისა, ჩვენი ხალხისა. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ აფხაზეთის და სოხუმის დაცემას. მე არ ვიცი, ეს იყო გამარჯვება აფხაზეთის თუ დამარცხება საქართველოსი. სად არის გამარჯვება და სად არის დამარცხება – ეს მეტად რთული საკითხია. ეს არ იყო გამარჯვება აფხაზეთის, ან დამარცხება საქართველოსი. ეს გახლდათ დამარცხება აფხაზეთის და საქართველოსი ერთად. ომი ქართველებისა და აფხაზების იმათ წინააღმდეგ, რომელთაც შურდათ ჩვენი მეგობრობა და ძმობა. მაგრამ ეს ძმობა აღდგება, მეგობრობა გაიმარჯვებს. ქართველებიც და აფხაზებიც უკვე ვგრძნობთ იმას, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ერთმანეთის გარეშე. ქართველები გრძნობენ, რომ აფხაზები ჩვენი სისხლის დები და ძმებია, აფხაზებიც ამასვე გრძნობენ და მალე დადგება ის ბედნიერი ჟამი, როცა ჩვენ ვიქნებით ისევ ერთად. ინებოს უფალმა, ამინ!

დღეს ვუსამძიმრებ და, ამასთან ერთად, ვულოცავ იმ ოჯახებს, რომელთა შვილები დაეცნენ ამ საშინელ ტრაგედიაში. მინდა ვახსენო ზოგიერთის სახელი და გვარი. უპირველეს ყოვლისა, ვახსენო ბატონი ჟიული(დავითი) შარტავა. ეს იყო მამაცი, გმირი, თავდადებული ადამიანი. მას შეეძლო ცოცხალი გადარჩენილიყო, მაგრამ, არ დატოვა თავისი სამსახრური და თავისი ადგილი. ქუთაისის მიტროპოლიტი კალისტრატე და ქალაქის მეთაური წინა დღეს ჩავიდნენ სოხუმში და ეწვივნენ ჟიული შარტავას. მიტროპოლიტი მიამბობდა: “შარტავამ აღაპყრო ხელები მაღლა და შევედრა ღმერთს, რომ მე დამსაჯე და საქართველო გადაარჩინეო”. და ეს აღსრულდა. მე რამდენიმე თვის შემდეგ მომივიდა წერილი. მასში ეწერა: “მე ვესწრებოდი შარტავას დახვრეტას. არ ვიცოდი ვინ იყო ის, ვკითხე სხვას და მიპასუხა, რომ ჟიული შარტვააო. ქაღალდი არ მქონდა და მისი სახელი და გვარი ასანთის კოლოფზე ჩავიწერეო” ბოლოს წერილი ამთვარებდა იმით, რომ საქართველომ და თქვენ უნდა იამაყოთ, რომ გყავთ ასეთი გმირებიო.

მრავალი სხვა დაეცა. მღვდელმონაზონი ანდრია (ყურაშვილი), რომელიც წინა დღეებში ჩამოვიდა თბილისში, დაემშვიდობა თავის ოჯახს, წავიდა და დახვრიტეს. იქვე დაეცა ეროვნებით აფხაზი იური (გიორგი) ანუა. მე ძალიან კარგად ვიცნობდი ამ პიროვნებას. მან აღადგინა და დაამშვენა იოანე ოქროპირის ტაძარი. აღადგინა ვასილისკოს წყარო. მინდა ვახსენო მამია ალასანია, რომელიც ერთგული იყო ჟიული შარტავასი და არ დატოვა იგი. გურამ გაბისკირია სოხუმის მერი იყო, სრულიად ერთგული საქართველოსი. გენადი ადამია, გენერალი, თვადადებული პიროვნება. პაატა (მირიანი) დათუაშვილი – გენერალი, თამაზი (ბაგრატი) ნადარეიშვილი, მათთან ერთად მინდა ვახსენო ვაჩე, ჩვენი ახალგაზრდა, შეიძლება გახსოვთ, როცა პირველი ნათლობა იყო მტკვარში, ვინც ესწრებოდა მას, სვეტიცხოვლობის დღეს, ის ნავში იდგა და დროშას აფრიალებდა, ის იყო ვაჩე, მაგრამ მისი სახელი მალხაზია და ვაჩეიშვილია. როცა მოდიოდა ჩემთან, მეძახოდა “მოძღვარო, რაღაც საკითხი მაქვს”. დღეს ვუსამძიმრებ კიდეც და ვულოცავ მათ ოჯახებს და მთელ საქართველოს. მალე დადგება დრო, როცა მათი სახელები ბრწყინვალე სახელებით ჩაიწერება ჩვენს ისტორიაში და მთავარი ისაა, რომ მათი სახელები ჩაიწერება “წიგნსა მას ცხოვრებისასა უფლისა ჩვენისასა.

ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ გავუძლოთ ამ მწუხარებას და გავუძლოთ აღდგენისა და ამაღლების სიხარულს!
ამინ!

სალომე ლილუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.