მთავარი » დღესასწაულები

სადღესასწაულო ქადაგება (12 ივლისი, 2011 წელი)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.07.2011 | 1,759 ნახვა

პეტრე-პავლობის დღესასწაული
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!

პატრიარქის წირვადავით წინასწარმეტყველი ფსალმუნში ამბობს: “უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი”. დიდება უფალს, რომ გვაძლევს ძალასაც და მშვიდობასაც და ჩვენ ვმადლობთ მას ამ დიდი წყალობისათვის.

დღეს არის ხსენება ორი დიდი სვეტისა და მოციქულისა – პეტრესა და პავლესი. პეტრე, რომელიც არის კლდე, როგორც უფალი ამბობს: და კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას და პავლე, რომელმაც მიიღო დიდი განათლება მოსეს სჯულისა. ის იყო მქადაგებელი ძველი აღთქმისა, მდევნელი ქრისტიანებისა და ერთ-ერთი უდიდესი მქადაგებელი სახარებისა. სავლე გახდა პავლე. ამ ორი დიდი მოციქულის დღესასწაულია დღეს.

პეტრე მოციქული ეფიცებოდა უფალს, რომ მისი ერთგული იქნებოდა. უფალი კი ეუბნება მას: მამალი რომ იყივლებს, შენ სამჯერ უარმყოფ მე. და ასეც მოხდა.

ნურავინ ნუ იფიქრებს იმას, რომ ის ძლიერია. ძალასა და მადლს უფალი აძლევს ადამიანს და ჩვენ მუდამ უნდა ვმადლობდეთ მას დიდი წყალობისათვის. ეს ადამიანი, რომელმაც უარყო ქრისტე, ფლობს ისეთ დიდ ძალასა დ მადლს, რომ თავის მტანჯველებს ეუბნება: მე ღირსი არა ვარ ისე მაცვათ ჯვარს, როგორც ქრისტე. არამედ მაცვით მე თავდაღმაო. და ეს შეუსრულეს მას.
არსებობს ასეთი გადმოცემა: როცა რომში გაძლიერდა ქრისტიანების დევნა, იქ იმყოფებოდა პეტრე მოციქულიც, რომელიც რომისა და ანტიოქიის ეკლესიების დამაარსებლად ითვლება. მოწაფეების თხოვნით, მან ქვეყნიდან წასვლა დააპირა. გარიჟრაჟი იყო. უფალი უკვე ჯვარცმული და ამაღლებული გახლდათ. ამ დროს პეტრემ შორს მისკენ მომავალი იესო ქრისტე იხილა, რომელსაც მხრით ჯვარი მოჰქონდა. მოციქულმა ჰკითხა: სად მიხვალ, უფალოო, მაცხოვარმა კი უპასუხა: მივდივარ რომში, რათა მეორედ ვეცვა ჯვარსო. ეს იყო მინიშნება, რომ ის უკან უნდა დაბრუნებულიყო. ასეც მოხდა და წმიდა პეტრე მართლაც ჯვარს აცვეს.
პეტრე მოციქული არის სარწმუნოების კლდე. პავლე მოციქულმა კი, რომელიც თავს მასწავლებლად თვლიდა და ამაყი იყო, იმდენად დიდი მადლი მიიღო, ისეთი თავმდაბალი გახდა, რომ თქვა: ცოდვილთა შორის პირველი მე ვარო.

ვფიქრობ, რომ ვერც ერთი ჩვენგანი ვერ იტყვის ამას. თუმცა არიან რჩეული ადამიანები, თუნდაც ჩვენი დიდი მეფე დავით აღმაშენებელი. ის, ანდერძის მიხედვით, კარიბჭეში დაასაფლავეს, რათა ადამიანებსა და პირუტყვს მის გულზე ევლო: გულზე დამადგით ფეხიო. ეს განსაკუთრებული მადლია და უფალს შევთხოვთ, რომ მადლი ღვთისა უხვად მოვიდეს ჩვენზე და საქართველოზე. მიენიჭოს მადლი სული წმიდისა ჩვენს ქვეყანას, მადლი, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი, რაც გვაცოცხლებს ჩვენ და იცავს საქართველოს. ეს ჩვენი დამსახურება არაა. ეს ღვთის საჩუქარია. ყველაზე დიდი რამ, რაც კი უფალმა გვიბოძა, სიყვარულია. ქართველი ადამიანი მოსიყვარულეა. ჩვენ უნდა შევუნდოთ ერთმანეთს. ბედნიერია ის, ვინც მიუტევებს სხვას.

გავიხსენებ ერთ მაგალითს: I საუკუნეში ცხოვრობდა ერთი მოძღვარი და ერის კაცი. კაცმა აწყენინა მღვდელს. მამაო გაუწყრა და დასაჯა, დაადო ეპიტიმია, აღარ პატიობდა მას. სულიერი შვილი შენდობას სთხოვდა. ეს ხდებოდა იმ დროში, როცა ადამიანს მხოლოდ იმის გამო სჯიდნენ, რომ ქრისტიანი იყო. მწვალებლებმა მღვდელი შეიპყრეს და წაიყვანეს წამების ადგილისაკენ. ერის კაცი უკან მისდევდა მოძღვარს და ეხვეწებოდა: რამდენიმე წუთი დარჩა შენს წამებამდე და მაპატიეო. ვერ ამოიღო ღვარძლი მოძღვარმა და ბოლომდე ვერ შეუნდო მას. მაშინ მოხდა სასწაული: წამების ადგილზე მისულმა მღვდელმა ქრისტე უარყო, ერის კაცმა კი თავი ქრისტიანად დაუფარავად ცნო და აწამეს. ის წმიდა მოწამე გახდა. აი, რას ნიშნავს შეუნდობლობა.
ხვალ არის სვეტიცხოვლობა, 12 მოციქულის დღესასწაული. მცხეთის სვეტიცხოველი 12 მოციქულის სახელზეა აშენებული.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

დალოცვილი იყავით.

სალომე ლილუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი