სადღესასწაულო ქადაგება (07.04.2012)
ხარება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ჩვენთან არს ღმერთი!
გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა.
დღეს ცა და ქვეყანა უგალობს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელ დედას, რომელმაც, როგორც ამბობენ წმიდა მამანი, მოსდრიკა ცანი და გარდამოვიდა ზეციდან უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა გახდა ღირსი, მისგან შობილიყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მას გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი და უთხრა: “გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა”.
დღეს ყოველი ჩვენგანი, გულიდან ამოსული ლოცვითა და ვედრებით, ვღაღადებთ, ვუგალობთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელ დედას: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გახდა მიმადლებული, მადლმოსილი. განსაკუთრებული მადლი გარდამოვიდა მას ზედა. ისეთი მადლი, რომელმაც ღირსი გახადა იგი, ყოფილიყო დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ეს მიმართვა – “გიხაროდენ” იყო მიღებული ებრაელთა ერში. ებრაელები ასე მიმართავდნენ ერთმანეთს: “გიხროდეს, ან გიხაროდენ”. მთავარანგელოზი გაბრიელიც მიმართავს ასე: “გიხაროდენ”.
მართლაც, რა არის ამაზე უკეთესი, როცა ადამიანს უხარია. საიდანაა ეს სიხარული? ეს სიხარული არის ღვთის მადლიდან და სიყვარულიდან. მადლი შობს სიყვარულს, სიყვარული – სიხარულს და ადამიანი ბედნიერია. დღეს, როცა კაცობრიობა ასე იტანჯება ურწმუნოებით, შევთხოვთ უფალს, მოგვცეს მადლი სულისა წმიდისა, რომელიც შობს სიხარულსა და სიყვარულს. წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენ შორის. ამინ! დალოცვილი და გახარებული იყავით.
მოამზადა ირინა ბეგლარაშვილმა
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.