მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

საბავშვო ბაღის როლი ბავშვის განვითარებაში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.10.2013 2 კომენტარი | 16,150 ნახვა

ბევრი მშობელი, იმის გამო, რომ საბავშვო ბაღებში „არაკომფორტული გარემოა“, ბავშვის სახლში აღზრდას ამჯობინებს… არსებობს თუ არა ბავშვისთვის სათანადო პირობები დღეს ბაღებში და რა გავლენას ახდენს საბავშვო ბაღი ბავშვის გონებრივ განვითარებაზე? „ამბიონს“ 211-ე ბ/ბაღის დირექტორი, მაია ქვლივიძე ესაუბრა:

“საბავშვო ბაღი აღსაზრდელს სკოლაში წასვლისთვის ამზადებს. ბავშვებს უვითარდებათ შემეცნებითი ინტერესი, გონებრივი მუშაობის უნარი, მეტყველება. 211-ე საბავშვო ბაღის არსაზრდელი სწავლობს თანატოლთა პატივისცემას, მათი აზრის მოსმენას. ბავშვის ცხოვრება საბავშვო ბაღში მოიცავს ბავშვის დამოუკიდებელი მოქმედების პერიოდებს, რაც გულისხმობს პირად თავისუფალ დროსა და დამოუკიდებელ მხატვრულ შემოქმედებას.

არ დავეთანხმები იმ აზრს, რომ „ბ/ბაღებში არაკომფორტული გარემოა“. დღეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სტანდარტები ძალიან მაღალია და შესაბამისად, ძალიან დიდი მოთხოვნაა მათზე. საკმაოდ კარგია როგორც კვება, ასევე აღზრდა და სწავლა, ამიტომაც გაზრდილია მსურველთა რაოდენობა. სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა ორგანიზებულია და შემუშავებულია UNICEF –თან ერთად. შექმნილია ჰიგიენური, კვების, ჯანდაცვის, ბავშვის მიღებისა და უსაფრთხოების, ჯანსაღი და ბავშვის საჭიროებებზე ორიენტირებული გარემო. ბ/ბაღი ზრუნავს ბავშვის უსაფრთხოებაზე და ყველა პირობას უქმნის ბავშვს განვითარებისათვის. აქტივობები ამა თუ იმ მეცნიერებასთანაა კავშირში. კონსტრუქციული და დრამატული თამაშები, წიგნიერება, სენსორული აქტივობები, მეცნიერება – ბავშვებს უვითარებს წარმოდგენებს ზომაზე, ფორმაზე, წონაზე, სივრცესა და რაოდენობაზე. აქტივობები ითვალისწინებს არა მხოლოდ ცალკეული უნარების (კოგნიტური, მეტყველების, მოტორული, შემოქმედებითი) განვითარებას, არამედ ბავშვის პიროვნული განვითარების ხელშეწყობასაც. ბავშვები ბაღში სწავლობენ კარგ მანერებს, სწორი და მარტივი ქცევის წესებს, სწავლობენ ბავშვებთან ურთიერთობას: სათამაშოების გაზიარებას, თამაშის დროს რიგში დგომას, მეგობრისთვის დახმარების თხოვნას, დახმარების გაწევას. უნვითარდემათ თვითმოვლის უნარები. სამაგიდო აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია პირველდაწყებითი მათემატიკური უნარების განვითარებისათვის.

საბავშვო ბაღში აღზრდისა და სწავლების მთელი პროცესი აგებულია აღსაზრდელთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. დღის რეჟიმი ისეა აგებული, რომ ბავშვისთვის მოსახერხებელი იყოს, რათა არ შებოჭოს მისი თავისუფლება. მეცადინეობათა ორგანიზებული ფორმა სხვადასხვაგვარია: ტრადიციული, თემატური, კომპლექსური, ინტეგრირებული. ბავშვს საშუალებას ვაძლევთ ხატოს და ძერწოს მაშინ, როცა მას სურს, ის, რაც მას სურს და რასაც ხედავს თავისი გონების თვალსაწიერით, მაგრამ აღმზრდელის როლი, მაია ქვლივიძე როგორც ამ პროცესის ხელმძღვანელისა განსაზღვრულია, რადგან იგი არჩევს ბავშვის ასაკობრივ თავისებურებებთან შესაბამის ხატვისა და ძერწვის თემატიკას. მთელი სააღმზრდელო პროცესი აღსაზრდელთა ასაკობრივი თვისებების გათვალისწინებით არის აგებული. სკოლამდელი ასაკის ბავშვებში უპირატესობას დიდაქტიკური თამაშის ფორმით ჩატარებულ მეცადინეობას ვანიჭებთ. მეცადინეობის დროს აღსაზრდელებმა თავისუფლად რომ იგრძნონ თავი აღმზრდელებიც მათთან ერთად თამაშობენ. აღზრდის გონივრულად მოწყობილი მაღალზნეობრივი და ესთეტიკური, დახვეწილი გარემო ხელს უწყობს ინდივიდის ცნობიერების ფორმირებას, აზროვნებასა და მისი ნიჭის, უნარისა და შესაძლებლობების განვითარებას. ბავშვებს უვითარდებათ ღირსების გრძნობა, შემოქმედებითი აზროვნება, ინიციატივის გამომჟღავნების უნარი. ბავშვი სწავლობს არჩევანის გაკეთებას, ეუფლება თანატოლებთან, უფროსებთან საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს, სწავლობს თანატოლთა პატივისცემას, მათი აზრის მოსმენას.

ასაკის შესაბამისად, ბავშვებს უყალიბდებათ საჭირო უნარ-ჩვევები. ისინი სწავლობენ სამშობლოს სიყვარულს, სილამაზის აღქმას, სუფთად ჭამას, იღებენ შესაბამის ცოდნას ადამიანების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ.
სასწავლო სააღმზრდელო მუშაობის ძირითად მიმართულებად ვირჩევთ იმ უნარებსა და პიროვნული თვისებების განვითარებას, რომლებიც ინტენსიურად სკოლამდელ ასაკში უყალიბდებათ. ჩვენი მიზანია სწავლების პროცესში არა მარტო აღქმა და მეხსიერება განვუვითაროთ ბავშვებს, არამედ უმარტივესი ინტელექტუალური პროცესის ფორმებს მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. ელენე ლოლაძე უფროსი ასაკის ბავშვებს ვაჩვევთ ჯგუფურ მეცადინეობებს, რადგან ბოლომდე იყვნენ ყურადღებიანი, ამით ნებისყოფას და სკოლაში წასვლისთვის საჭირო სხვა უნარ-ჩვევების გამომუშავებას ვუწყობთ ხელს. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საბავშვო ბაღის ბავშვები სკოლებში უფრო მეტად კომუნიკაბელურნი, მეტად გახსნილები და გაკვეთილებზე უფრო აქტიურები არიან, ვიდრე ის ბავშვები, ვისაც ბაღში არ უვლიათ.

ბავშვის აღზრდისა და განვითარების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს მის ინტერესებზე ორიენტირებულ სოციალურ გარემოს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ჩართულია სააღმზრდელო დაწესებულებაში, რაც თითოეული აღსაზრდელის ჰარმონიულ განვითარებასა და პიროვნებაზე ორიენტირებული ღირებულებების დამკვიდრებას უწყობს ხელს. საბავშვო ბაღში თითოეული ბავშვისთვის შექმნილია პორტფოლიო, სადაც აღმზრდელი ბავშვის შესახებ ნებისმიერ მნიშვნელოვან ინფორმაციას აფიქსირებს. აქვე ინახება ბავშვის საინფორმაციო ბარათი, რომელსაც ავსებს მშობელი და მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ეხმარება აღმზრდელს გაეცნოს ბავშვის ფსიქოლოგიასა და მიდრეკილებებს, რათა ბავშვის განვითარება წარმართოს დონის, ინტერესებისა და საჭიროების გათვალისწინებით. პორტფოლიო არის ინფორმაციის წყარო და ერთგვარი საყრდენი აღმზრდელისათვის. საბოლოოდ ამ მონაცემების საფუძველზე აღმზრდელი კარგად არის გარკვეული თითოეული აღმზრდელის შესაძლებლობში, თავისებურებებსა თუ მიდრეკილებებში.

მშობელი ბ/ბაღში ჩართულია როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამენეჯმენტო სფეროში. ბავშვებს ყოველთვის აქვთ ახალ გარემოსთან შეგუების შიში. იმისათვის, რომ აღსაზრდელმა მშობელთან დაშორება ნაკლებად მტკივნეულად განიცადოს, ბაგა-ბაღში მშობლებს საშუალება ეძლევათ გარკვეული დრო გაატარონ ბავშვებთან ერთად. მშობელსა და აღმზრდელს შორის მუდმივი კონტაქტია. მშობელს საკუთარი შვილის მონახულებისა და გარემოზე დაკვირვების დაბრკოლება არ ექმნება. მშობლებს ვურჩევდი მიაჩვიონ ბავშვი დამოუკიდებლად ჭამას. 211-ე ბაგა ბაღი ბაღში ბავშვს ეხმარებიან ჭამაში, ირგვლივ თუ უკვე შეჭამეს და მას კი ჯერ კიდევ ხელით აჭმევენ, მას ეს დიდად არ სიამოვნებს. უმჯობესია თავად მიირთვას და გადაიხადოს მადლობა. ასე ვითარდება თავმოყვარეობის გრძნობა.

ბ/ბაღში გვაქვს სამჯერადი კვება. სამზარეულოში მუშაობენ გამოცდილი და კეთილსინდისიერი მზარეულები. კვება ჯანსაღი და მრავალფეროვანია, ბავშვებს კარგად ბალანსირებული საკვები მიეწოდებათ. ბალანსირებული კვება რაციონში ყველა ძირითადი საკვები ნივთიერების შემცველობას გულისხმობს: ცილა, ცხიმი, ნახშირწყლები, მინერალური ნივთიერებები, ვიტამინები, წყალი. მენიუს შედგენის დროს დაცულია ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შეფარდება. დაცულია საკვების უსაფრთხოების პროცედურები, ჰიგიენური ნორმები, რაც მნიშვნელოვანია აღსაზრდელების ჯანმრთელობის დაცვისა და პრევენციისთვის. ფიზიკური გარემო ბავშვის საჭიროებებზეა ორიენტირებული. ბ/ბაღის პერსონალი იცნობს ბავშვის უფლებების კონვენციას, პატივისცემით ეკიდებიან ბავშვის აზრსა და არჩევანს. პროგრამა ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ინკლუზიის პროცესს.

დღეს, ბავშვის კოგნიტური და სენსორული უნარების განვითარებისათვის ბ/ბაღებში არსებობს საჭირო სათამაშოები და შესაბამისი მასალა.“

ქალბატონი მაიას თქმით, სახელმწიფო ბაგა/ბაღებს ძალიან დიდი ხელშეწყობა აქვს ქ.თბილისის მერიისა და ბაგა/ბაღების სააგენტოს მხრიდან. საბავშვო ბაღებს მთლიანად აფინანსებს ქ.თბილისის მერია. მიმდინარე წლის ზაფხულში მერიისა და სააგენტოს ხელშეწყობით ბ/ბაღს ჩაუტარდა კოსმეტიკური რემონტი, მთლიანად შეცვლილია მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები, კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა სამზარეულოს, შეიცვალა მისი ინვენტარი და დღეისათვის მთლიანად აკმაყოფილებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს. დღის წესრიგში დგას თბილისის ბ/ბაღების შენობების ცენტრალიზებული გათბობისა და ცხელწყალმომარაგების სისტემის მონტაჟი.

თეონა ნოზაძე

211 -ე საბავშვო ბაღში “ამბიონის” სტუმრობა ბაღის დირექტორის მიერ აღსაზრდელებისთვის ახალი სათამაშოების გადაცემას დაემთხვა…


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი