მთავარი » დღესასწაულები

სააღდგომო ქადაგება (24.04.2011)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.04.2011 ერთი კომენტარი | 2,257 ნახვა

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი!
ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!

სააღდგომო ქადაგებაუპირველეს ყოვლისა, თქვენ, რომელნიც ბრძანდებით წმიდა სამების ამ დიდებულ ტაძარში, ასევე, მთელ საქართველოს, ყველა ქართველს, მათ შორის უცხოეთში მყოფთ, საქართველოში მკვიდრ უცხო ტომების, უცხო ერების წარმომადგენელთ – ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, ქრისტეს აღდგომას და შევთხოვ უფალს, რომ ჩვენი გულიც დათბეს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულით! ბედნიერია ერი, სადაც მეფობს უფალი, სადაც მაცხოვარი არის გამგებელი ერისა, ქვეყნისა და მე და თქვენ, ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენთან, საქართველოში მეფობს უფალი,მეფობს უკვე მრავალი საუკუნეა და ჩვენ ვმადლობთ მას ამ დიდი წყალობისათვის. სადაც უფალია, იქ სიყვარული, სიმშვიდე, ურთიერთთანამშრომლობა და ურთიერთგაგებაა.

მახსენდება ჩემი ბავშვობა. მზიან აღდგომის დღეს გამოგვიყვანდა მამაჩემი და გვეტყოდა მზისთვის შეგვეხედა. მზე თამაშობდა, იცვლიდა ფერებს: აი,როგორ ზეიმობს მზე, როგორ უხარია ეს დღესასწაულიო. ეს უდიდესი სასწაულია,რომელსაც ვერასოდეს ვერ მიხვდება, ვერ მისწვდება და ვერ ახსნის ადამიანი.

ბზობის წინ დღესასწაული იყო, აღინიშნებოდა ლაზარეს აღდგინება. ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს დები ეუბნებიან უფალს: “შენ რომ აქ, ჩვენთან ყოფილიყავი, ლაზარე არ მოკვდებოდა”. ღვთისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს დღეებსა და დროს. მისთვის ყველაფერი აწმყოა. უფალმა აღადგინა ლაზარე, რათა დაერწმუნებინა მოწაფეები, რომ უფალი არის ქრისტე, ძე ღვთისა. უნდა განმტკიცებულიყო მოციქულების რწმენა,რადგან მოახლოებული იყო ვნება ქრისტესი. მოციქულებს უნდა ენახათ ჯვარცმა უფლისა, ეს საშინელი ცილისწამება და დაცინვა და რომ არ შეშინებულიყვნენ, არ დაეკარგათ სარწმუნოება, უფალმა აღადგინა მართალი ლაზარე.

რა არის აღდგომა? აი,მაგალითად, ლაზარეს აღდგომა მოხდა უფლის ლოცვით. შეხედა ცას უფალმა და დიდი ხმით თქვა: “ლაზარე, გამოდი გარეთ!” ლაზარე ადგა და გამოვიდა. რას ნიშნავს ეს? რა თქმა უნდა, ადამიანს ებადება ეს კითხვა. ეს იმაზე მიგვითითებს, რომ უფალი ყოვლისშემძლებელი, მწყალობელი და თავად სიყვარულია.

მახსენდება ერთი პატარა ბროშურა, სადაც აღწერილი იყო დისპუტი მორწუნესა და ურწმუნოს შორის. რევოლუციის შემდეგ გამოდიოდნენ ე.წ. მეცნიერები და ასრულებდნენ მთავრობის დავალებას, ხსნიდნენ დისპუტს, ე.ი. კამათობდნენ მღვდელი და ურწმუნო ადამიანი და ამ კამათს მთელი სოფელი ესწრებოდა. პირველი სიტყვა მისცეს, რა თქმა უნდა, ურწმუნო ადამიანს. მან მოიტანა სხვა ავტორების რამდენიმე ბროშურა და ციტირებას ახდენდა, რომ ღმერთი არ არსებობს, ყველაფერი ოპიუმიაო. შემდეგ სიტყვა მისცეს მღვდელს. ეს სწორედ აღდგომის ბრწყინვალე კვირას მოხდა. მოძღვარმა თქვა: “ჩემო ძმებო და დებო, აი, ეს ადამიანი მეცნიერად თვლის თავის თავს, მაგრამ ჭეშმარიტი მეცნიერება არ გააჩნია. ჭეშმარიტ მეცნიერებას ადამიანი მიჰყავს ღმერთთან და ამ პატარა ბროშურით მას უნდა დაგვიმტკიცოს, რომ ღმერთი არ არის. ეს შეუძლებელია! ღმერთი ჩემს გულშია და ყველგანაა. მისთვის, ურწმუნო ადამიანისათვის ღვთის არსებობის შეცნობა შეუძლებელია და აი, ამ პატარა ბროშურით გვიმტკიცებს მაცხოვრის არარსებობას. მე არ დაგიწყებთ ბევრ ლაპარაკს, გეტყვით მხოლოდ ერთს: ქრისტე აღსდგა!” და მთელმა ხალხმა უპასუხა: ჭეშმარიტად აღსდგაო! “თქვენ თუ ამაში დარწმუნებული ხართ, რომ ჭეშმარიტად აღსდგა, მაშინ რაღად გვინდა ეს ადამიანი?” – იკითხა მღვდელმა. მაშინ ურწმუნო დარცხვენილი წავიდა კრებიდან. ასე რომ, უპირველეს ყოვლისა, უფალი ადამიანის გულში უნდა სუფევდეს. ერთი მეგობარი მეორეს ეუბნება, არ მინახავს ღმერთიო, მაშინ მეორე პასუხობს: “შენ არ ჩაგიხედავს შენს გულში, იქ არის ღმერთი!”

ღმერთმა დაგლოცოთ და ბედნიერი გამყოფოთ! ეს აღდგომა, ღვთის მადლით, განსაკუთრებულია და საქართველოს ელოდება სიხარული. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ სიხარულისათვის.
ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!
დალოცვილი და გახარებული იყავით თქვენ და საქართველო. ამინ!

თამარ საბანაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი