მთავარი » ხატები და ფრესკები

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი “ვნებისა”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.10.2010 ერთი კომენტარი | 4,740 ნახვა

ვნებისასოფელ პალიცში, ნიჟეგოროდის გუბერნიაში ცხოვრობდა გლეხი ქალი ეკატერინე, რომელიც გათხოვებისთანავე ეშმაკეულმა ძალამ შეიპყრო. ის სრულიად შეშლილი იყო, ადამიანებს ერჩოდა, ტყეში დაეხეტებოდა, არაერთხელ თვითმკვლელობაც სცადა, მაგრამ კეთილი ადამიანების მეშვეობით უფალი ყოველ ჯერზე შეეწეოდა მას. ამგვარ მდგომარეობაში 7 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ერთხელ ის გრძნობაზე მოვიდა, ცრემლით შეევედრა ღვთისმშობელს, ამ უბედურებისაგან გაეთავისუფლებინა და აღთქმა დადო, რომ გამოჯანმრთელებისთანავე მონასტერში განმარტოვდებოდა. მალე ის მართლაც განიკურნა, მაგრამ თავისი აღთქმა დაივიწყა და ქმართან და შვილებთან ერთად კეთილდღეობით ცხოვრობდა.

ერთხელ, როდესაც ლოცვაზე იდგა, აღკვეცის შესახებ დადებული პირობა გაახსენდა. ისეთმა შიშმა შეიპყრო, რომ სულიერად დაუძლურებული ლოგინად ჩავარდა. ღამით გაიგონა, რომ მისი ოთახის კართან ვიღაც მიმოდიოდა და ლოცვას კითხულობდა. კარი გაიღო და ოთახში მეწამულით მოსილი, გამოუთქმელი ოქროსფერი სინათლით გაბრწყინებული ქალწული შემოვიდა. მას მეორე, ასევე ნათლითშემოსილ ქალწული ახლდა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თქვა: “ეკატერინე, რატომ არ ასრულებ შენს აღთქმას, მონაზვნად რომ უნდა აღკვეცილიყავ და ჩემი ძისა და ღმერთისათვის გემსახურა. წადი ახლავე, ჩემი გამოცხადების შესახებ იქადაგე და უთხარი ყველას, ვინც ერში ცხოვრობს, რომ ბოროტების, შურის, ლოთობის და ყოველგვარი არაწმიდენისაგან თავი შეიკავონ. უმანკოებით და ერთმანეთისადმი გულწრფელი სიყვარულით იცხოვრონ. ნუ დაივიწყებენ კვირა დღეს და დღესასწაულებს, რომლებიც უფლისა და ჩემდამი არის მოძღვნილი”.

შიშით მოცული ეკატერინე ღვთისმშობლის ბრძანების შესრულებად აყოვნებდა. გამოცხადება ორჯერ განმეორდა. მაგრამ ეკატერინე შიშობდა, რომ არ დაუჯერებდნენ და ბრძანება კვლავ შეუსრულებელი დარჩა. ამ ურჩობისთვის ის მკაცრად დაისაჯა, თავი ერთ მხარეს გაუშეშდა, პირი მოეღრიცა და ძალიან დაუძლურდა. მალე ყოვლადწმიდამ კვლავ შეიწყალა იგი. ერთხელ სიზმრად ეკატერინემ საიდუმლო ხმა გაიგონა, რომელიც ავალებდა, რომ დაუყოვნებლივ წასულიყო ხატმწერ გრიგორთან – ნიჟნი-ნოვგოროდში, მისთვის თავისი ხილვის შესახებ მოეთხრო, ღვთისმშობლის სახელზე შეგროვილი შვიდი ვერცხლის მონეტა მიეტანა და მის მიერ დაწერილი ოდიგიტრიად წოდებული ღვთისმშობლის ხატი შეემკობინებინა: “როდესაც შენ ამ ხატის წინაშე სარწმუნოებით ილოცებ, გამოჯანმრთელდები და შენთან ერთად სხვაც ბევრი განიკურნება”.

ეკატერინემ ბრძანება შეასრულა. ხატმწერთან ოდიგიტრიის ხატი იპოვა და მის წინაშე მხურვალე ლოცვის შემდეგ განიკურნა. ამის შემდეგ ხატმა მეორე სასწაული აღასრულა. საოცარი მოვლენების შესახებ ხმები სწრაფად გავრცელდა შემოგარენში. ამ ხმებმა თავად ბორის მიხეილის ძე ლიკოვის ყურამდეც მიაღწია. მან მრავალრიცხოვანი სამღვდელოება შეკრიბა, ხატის წინაშე პარაკლისი იგალობეს და ამის შემდეგ ის ნიჟეგოროდის გუბერნიაში, სოფელ პალიცში – კოსმა და დამიანეს ეკლესიაში გადააბრძანეს. 1641 წელს მეფე ალექსი მიხეილის ძის სურვილით ეს ხატი მოსკოვში გადაიტანეს და ტვერის კარიბჭესთან – მისი მიგებების ადგილას, ეკლესია ააშენეს. 1654 წელს აქ დედათა მონასტერი დაარსდა, რომელსაც ვნებისა ეწოდება. ვნებისა ამ ხატს ჰქვია იმიტომ, რომ ღვთიმსშობლის სახესთან გამოსახულ ორ ანგელოზს ხელთ უფლის ვნების იარაღები უპყრიათ. ხატის დღესასწაული აღესრულება აღდგომიდან მე-6 კვირას.

თარგმნა თინათინ გოგოჩაშვილმა
“ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება
და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია”
თბილისი, 2001 წ.

ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისადმი “ვნებისა”
ევედრებიან ბრმები და კოჭლები, ასევე ხანძრის დროს
ტროპარი 4, ხმა 4

გამოუთქმელად გაბრწყინდა დღეს სამეუფოსა ამას ქალაქსა შინა ხატი ღუთისმშობელისა და ვითარცა სხივცისკროვანმან მზემან გამოჩინებითა თჳსითა ქუეყანაჲ ყოველი განანათლა. დღესასწაულობენ გონებითა ზეციურნი ძალნი და სულნი მართალნი, ჩუენცა მჭვრეტელნი მისნი ვიხარებთ და ცრემლითა ვხმობთ ღუთისმშობელისა მიმართ: ჰოი, ყოვლადმოწყალეო დედუფალო ღუთისმშობელო, შენგან განხორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა ევედრე, რაჲთა მშვიდობაჲ და სიმრთელეჲ მოანიჭის ყოველთა ქრისტეანთა, დიდითა და გამოუთქმელითა წყალობითა თჳსითა.

ლოცვა

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღუთისმშობელო, უმაღლესო წმდათა ანგელოსთა და მთავარანგელოსთაო, და ყოველთა დაბადებულთა უპატიოსნესო, შეუწევნელთა შემწეო, უსასოთა სასოო, გლახაკთა შესავედრებელო, მწუხარეთა ნუგეშინისმცემელო, მშიერთა გამომზრდელო, შიშუელთა სამოსელო, სნეულთა მკურნალო, ცოდუილთა ცხორებაო და ყოველთა ქრისტეანეთა შემწეო და შესავედრებელო!

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ქალწულო ღუთისმშობელო, მოწყალებითა შენითა აცხოვნე და შეიწყალე ღუთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი.

აცხოვნე დედუფალო და შეიწყალე დიდი მეუფე ჩუენი – უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, მამაჲ ჩუენი ილია და ყოვლად-სამღუდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამუღუდელონი და სამონაზვნო წესნი. კეთილმორწმუნენი – მხედართმთავარნი, და ყოველნი ქრისტესმოყუარე მხედრობა და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, სამოსელითა შენითა პატიოსნითა დაიფარენ. ევედრე დედუფალო, შენგან უთესლოდ განხორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა დაგჳფარნეს ძალითა თჳსითა ხილულთა და უხილავთა მტერთა ჩუენთაგან.

ჰოი, ყოვლადმოწყალეო დედუფალო ღუთისმშობელო, აღმომიყუანენ ჩუენ სიღრმეთაგან ცოდუათასა, და მიხსენ ჩუენ სიყმილისაგან, სვრისა, ძვრისა, ცეცხლისა, მახჳლისა და ზედამოსვლისაგან უცხო თესლთასა, და ტომითისაგან ბრძოლისა და უცნაურისა სიკუდილისა, და ზედა დასხმისაგან მტერთასა და განმხრწნელისაგან ქარისა, და ყოვლისაგან სიკუდილშემოსილისა წყლულებისა და ყოვლისაგან ბოროტისა, მომეც, დედუფალო, მშვიდობაჲ და სიმართლე მონათა ამათ შენთა – მართლმადიდებელთა ქრისტეანთა, და განანათლენ გონებანი ჩუენნი, და თუალნი გულისა ჩუენისა, რაჲთა ვსცხონდეთ, და ღირს ვიქმნეთ ცოდუილნი მონანი შენნი სასუფეველსა ძისა შენისასა, დაუსაბამოთ მამით მისით და ყოვლად-წმიდით და ცხოველს-მყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წყარო: http://www.orthodoxy.ge/khatebi/vnebis.htm


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი