მთავარი » ქრისტიანობა

ღვთისმშობლის ხატი – საიდანაის – სირიაში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.11.2017 | 809 ნახვა
  1. ღვთისმშბლის ხატი - საიდანაის - სირიაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საიდანაის ქალწულთა მონასტერი აღმოსავლეთში დიდი პატივით სარგებლობს,რადგან აქ იმყოფება სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც საიდანაის დედოფალი ეწოდება.ყოველდღიურად აქ ათასობით მლოცველი მოდის: ქრისტიანები, მაჰმადიანები და სხვა აღმსარებლობის ადამიანები. საიდანაის სასწაულთმოქმედი ხატის ამბავი ეგვიპტისა და სირიის საზღვრებს გასცდა. ხატის მიერ აღსრულებული სასწაულებისა და ნიშნების შესახებ დაწვრილებით ცნობები ლათინურენოვანი პატარა ხელნაწერით დაცულია რომში, ვატიკანის ბიბლიოთეკაში, სათაურით: ,,ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სასწაულები დამასკოს სიახლოვეს”. მონასტრის დაარსების შესახებ ისტორიული დოკუმენტებითაა ცნობილი. 546 წელს იმპერატორმა იუსტინიანემ პალესტინის სიწმინდეების მოსალოცად წმინდა მიწაზე იმოგზაურა. ყველგან, სადაც კი გზად შეჩერდა,მან ეკლესიები და მონასტრები დააარსა. ის შეყოვნებულა სოფელ საიდანაისთანაც, საიდანაც იწყება შიშველი კედლები, მაღლა-მაღლა რომ მიემართება და ქვის მაღალი მთით ბოლოვდება. იმპერატორი იუსტინიანე ნადირობის დროს მოიცვა არაჩვეულებრივმა ზეციურმა სინათლემ, რომელიც ამ მთის მწვერვალიდან მოდიოდა. ცნობისმოყვარეობით აღვსილი იმ ადგილს მიუახლოვდა და იხილა დიდებული ქალი, რომელსაც სახე უბრწყინავდა. მან უთხრა იმპერატორს, რომ ღვთისმშობლის მიერ მინიშნებულ ადგილას მონასტრისთვის ჩაეყარათ საფუძველი. მართლაც დაფუძნდა საიდანაის სავანე, რომელსაც იუსტინიანე მამობრივ სიყვარულს არ აკლებდა. მალე მონასტერი იმდენად განითქვა,რომ აქ ბერები სირიის, ეგვიპტის და სხვა ქვეყნების ყოველი მხრიდან მოდიოდნენ.

VIII ს-ის დასასრულს ამ სავანის წინამძღვარი იყო ღირსი მარინა, რომელმაც წმინდა ცხოვრებით გაითქვა სახელი. ერთხელ ეგვიპტელი ბერი თეოდორე, რომელიც იერუსალიმის სიწმინდეების მოსალოცად მიდიოდა, საიდანაიში მონასტრის სასტუმროში შეჩერდა. იღუმენია მარინამ მას ფული გაატანა და სთხოვა, იერუსალიმიდან ხატი ჩამოეტანა, მაგრამ თეოდორეს დანაბარები დაავიწყდა და უკან ხატის გარეშე ბრუნდებოდა. ქალაქის ახლოს ის უცხო ხმამ შეაჩერა: ,,რამე ხომ არ დაგრჩა იერუსალიმში? იღუმენია მარინას დავალება რად დაივიწყე?!” ის სასწრაფოდ ქალაქში დაბრუნდა და იქ ნახა ღვთისმშობლის ხატი, რომელმაც თავისი სხივმფენი სახით განაცვიფრა. დაბრუნებისას ხატმა მრავალი სასწაული აღასრულა. პირველად ის და მისი ამხანაგები ავაზაკებისაგან დაიხსნა, მეორედ – გარეული მხეცისაგან. ამიტომ სურვილი აღეძრა, ძვირფას სიწმინდეს დაუფლებოდა. როცა წმინდა ადგილებს მიუახლოვდა, აკრში ჩავიდა, რათა საიდანაისთვის გვერდი აევლო და ზღვით ჩასულიყო ეგვიპტეში. მაგრამ გემზე ასვლა ვერ მოასწრო, რომ ისეთი საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, დაღუპვა გარდაუვალი იყო. სინდისმა ამხილა იგი, ამიტომ გემი სასწრაფოდ დატოვა და საიდანაის გავლით გზა ხმელეთზე განაგრძო. აქ კვლავ მონასტრის სასტუმროში შეჩერდა, მაგრამ ისევ გაუჩნდა სურვილი, რომ ღვთისმშობლის ხატი, რომელმაც ამდენი სასწაული და ნიშანი აჩვენა, თავისთვის დაეტოვებინა. ოთხი დღე ცხოვრობდა სასტუმროში და ემალებოდა იღუმენია მარინას, რომ მას არ ეცნო ბერი. აპირებდა, მონასტერი საიდუმლოდ დაეტოვებინა, მაგრამ, მისდა გასაოცრად, გალავნიდან გასვლა ვერასგზით ვერ შეძლო. მიდიოდა ჭიშკართან და მყის მის წინაშე ქვის კედელი აღიმართებოდა. აქ მან თავისი ცოდვა შეიცნო, შეინანა და იჩქარა, რომ იღუმენია მარინასთვის მისი ფულით ნაყიდი ხატი მიეტანა, სინანულით მოცულმა ხატის მიერ აღსრულებული სასწაულების შესახებაც მოუთხრო. იღუმენიამ მადლიერების ცრემლით განადიდა უფალი და მისი ყოვლადწმინდა დედა. სასწაულთმოქმედი ხატის დიდება მთელ აღმოსავლეთს – მაჰმადიანებს და ქრისტიანებს მოედო. ათასობით მლოცველი მიმართავს ღვთისმშობლის საფარველს, აქ სნეულნი განიკურნებიან, მწუხარენი ნუგეშს იღებენ, ჭირვეულნი – ღვთისმოსაური ცხოვრებისათვის საჭირო რჩევასა და დარიგებას. სულიერი გავლენა სავანემ მოიპოვა იმ ნიშნებითა და სასწაულებით,ღვთისმშობლის ხატი რომ აჩვენებს. ის პატარა, მდიდრულად მოწყობილ სამლოცველოში, მონასტრის ეკლესიის მარჯვენა მხარეს იმყოფება. სასწაულთმოქმედი ხატი აღმოსავლეთის კედელზე, მარმარილოს დაფაზე, ოქროს კიოტშია მოთავსებული, მასზედ პატარა ჩაღრმავებაა,რომელშიც ხატიდან დროდადრო გადმოღვრილი მირონი გროვდება.

წყარო: „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“, თბილისი, 2001 წ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის"- წმ. ისააკ ასური.