მთავარი » ქრისტიანობა

რა არის ღვთის ნება და რა მნიშვნელობა აქვს ღვთის განგებულებისადმი დამორჩილებას?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.11.2019 ერთი კომენტარი | 3,881 ნახვა

რა არის ღვთის ნება, განგებულება, როგორ ჩავწვდეთ ადამიანები მის არსს? გვესაუბრება მღვდელი ლუკა რუსაძე(ლიკანის წმინდა გაბრიელ აღმსარებელის სახელობის ტაძარი):

“სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა! თემა, რომელზეც ჩვენ გვიწევს საუბარი ძალიან სიღრმისეულ განმარტებას მოითხოვს. როგორც შეგვიძლია ჩვენ ისე განვმარტავთ. ღვთის ნება და განგებულება დიდი საიდუმლოებაა, რომლის ბოლომდე ჩაწვდომა ადამიანურ გონებას არ შეუძლია. რამდენადაც ახლოსაა ადამიანი ღმერთთან, იმდენად შეიცნობს მის წმიდა ნებას. უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, როდესაც ღმერთმა ადამიანი შექმნა მისი დანიშნულება და მიზანი იყო ღმერთთან ერთობა და სიახლოვე. ანუ ღმერთის მიზანი იყო ადამიანს აღესრულებინა ღვთის ნება სამოთხეში. სამწუხაროდ, ადამიანმა (ადამი) დაარღვია ღვთის ნება და გამოდევნილ იქნა სამოთხიდან.

თუმცა, ღმერთს, როგორც მოწყალე მამას არ დაუტოვებია ადამიანი, რადგან იცოდა, ადამიანი ღმერთის გარეშე დაღუპულია და დაუწესა წეს-განგებულება თუ როგორ დაუბრუნებოდა დაკარგულ ადგილს (სამოთხე). როგორც წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) გვასწავლის: ნება ღვთისა ჩვენს მიმართ ისაა, რომ ამქვეყნად მისი სჯული და მცნება კეთილად აღვასრულოთ და მომავალ ცხოვრებაში დაუსრულებელი ნეტარება მივიღოთ. სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს არ ესმის თუ რა არის მისი ამქვეყნად მოვლინების მიზანი, რა დანიშნულება აქვს მის არსებობას და რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ აღასრულოს ღვთის ნება. ამ თემაზე, როგორც წესი, იშვიათად ფიქრობენ, რადგან მიჯაჭვულნი არიან ამქვეყნიურ საზრუნავს. ფიქრობენ მხოლოდ იმას, რომ ხორცი გამოკვებონ და ავიწყდებათ სულიერი ზრუნვა. ვფიქრობ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ გაჰკრავს გულში ამაზე ფიქრი, მაგრამ ეს იმდენად იშვიათი ხდება, თუ არ მიიტანე გულთან, გონებიდან ძალიან მალევე გაიფანტება.”

ყოველდღიურად ვამბობთ “იყავნ ნება შენი”, “იყოს ღვთის ნება”, თუმცა ღვთის განგებუკებას ხშირად ვეწინააღმდეგებით… რა მნიშვნელობა აქვს ღვთის განგებულებისადმი დამორჩილებას?

ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ მამაო ჩვენოს ლოცვაში “იყავნ ნება შენი”. ერთ-ერთი წმინდა მამა ბრძანებს: ამ სიტყვებს იმიტომ კი არ შევღაღადებთ, რომ ვინმეს შეუძლია ღვთის ნებას ხელი შეუშალოს, არამედ იმისათვის ვევედრებით რომ მან თავისი წმინდა ნება გამოგვიცხადოს და მათ შესასრულებლად მოგვცეს ძალა. კაცთმოყვარე ღმერთს სურს ყველა ადამიანი ცხონდეს. ეს მტკიცდება მისი სამი თვისებით, რომელიც ურთიერთს არ ეწინააღმდეგება… ღვთაებრივი მართლმსაჯულებით, მოწყალებით და განგებულებით. ღმერთმა მთელ სამყაროს მოგვმადლა სჯული გამურჩევლად და სურს, ის ყველამ აღასრულოს. როგორც წმინდა ბასილი დიდი ამბობს: “ღმერთი ყოველივეს ითვალისწინევს და ყოველივეზე ზრუნავს”. ღვთის ბრძანებით ისევე ამოდის მზე მორწმუნეთათვის, როგორც – ურწმუნოთათვის. ღმერთს, როგორც მოწყალე მამას, არცერთი ადამიანის დაღუპვა არ სურს და ყველაზე ზრუნავს, მაგრამ ეს სულაც არ არის საკმარისი ადამიანის ცხონებისთვის. ეს არის ღვთის მადლი, წინაპირობა, მაგრამ ადამიანი მას თავისი ნებით უნდა გაჰყვეს…
ღმერთს სურს და თუ ადამიანსაც უნდა, ეს უკვე განჩინებულია და სწორედ ეს ნიშნავს ადამიანის ღვთის ნებისადმი მორჩილებას.

ღმერთმა ადამიანი თავისუფალი შექმნა. მის საკუთარ ნებასვე მიანდო, ადამიანი საკუთარი გადაწყვეტილებით განვითარდეს, თვითონ უნდა რომ აირჩიოს რა სურს – ღმერთთან თუ ეშმაკთან ერთობა. ადამიანი გონიერია, მას გონება მართავს, შეუძლია განასხვავოს სიკეთე – ბოროტებისაგან, ნათელი – ბნელისაგან…

სამწუხაროდ, თავისუფალ ნებას ადამიანები ბოროტად იყენებენ. ხშირად ფიქრობენ მხოლოდ იმაზე, თუ როგორ გაატარონ დრო გარყვნილებასა და გართობაში. ასეთი ადამიანები არ იყურებინ წინ. არ ფიქრობენ, რომ მათი უმსგავსო და ღვთისთვის არასათნო საქმის გამო ღმერთი განსაცდელს მოუვლენს… თითოეული ადამიანი უნდა ფიქრობდეს როგორ დაემორჩილოს ღვთის ნებას. როგორ? ეკლესიის წმინდა საიდუმლებებში მონაწილეობით. აღსარებით და სულიერი მოძღვრის ლოცვა- კურთხევით,ზიარებით, რომელიც წმინდავს ადამიანს სულიერი თუ ხორციელი სნეულებებისაგან.

ის ყველაფერი რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ღვთის განგებულებად უნდა ჩავთვალოთ? მათ შორის ბოროტება… – როგორ გავიგოთ რომელი საქმეებია ღვისათვის სათნო და პირიქით? – თუ ყველაფერი ღვთის განგებულების მიხედვით ხდება, რას გულისხმობს ადამიანის თავისუფალი ნება?

ღვთისთვის ჩვენ ძალიან ძვირფასები ვართ, მან ჩვენზე უკეთ იცის თუ რა სჯობს ჩვენთვის. მაგ.: მოყვარული დედა თავის პატარა შვილს ყველაფრის ნებას არ რთავს, იმიტომ რომ არ დაზიანდეს, რაც მისთვისაა საუკეთესო მხოლოდ მისი გაკეთების უფლებას აძლევს. ადამიანის ცხოვრებაში არსებობს მკაცრი სხვადახვა სახის განსაცდელები. ეს ყველაფერი ღვთის განგებით ხდება, რადგან ხშირადაა, ადამიანს გგონია რაღაცას მიაღწევს ღვთის გარეშე და ღმერთს შორდება და არა მარტო შორდება, არამედ უკვე დაღუპვის გზას ადგას. ამიტომ, ღმერთი როგორც მოწყალე მამა, რომელიც ზრუნავს მის შვილებზე, უშვებს იმ საზომის განსაცდელს, რა საზომითაც ამ ადამიანს შეეძლება დაინახოს რომ ესა თუ ის განსაცდელი მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ღმერთის გარეშე გადაწყვიტა ცხოვრება და დაუბრუნდეს ისევ ღვთის წიაღს…

სამწუხაროდ, ადამიანებს გვგონია, თუ რაიმე სახის განსაცდელი დაუშვა ღმერთმა ე.ი. მან მიატოვა ან დასაჯა. იმას კი არ იხსენებენ, რომ ღმერთი მათ ცხოვრებაში მეორე ხარისხოვანი იყო. არ ფიქრობდნენ, რომ ღვთის მცნებებით ეცხოვრათ… არ ფიქრობდნენ მარხვის შენახვას, ლოცვას, აღსარების ჩაბარებას და ზიარებას. და თუ ღმერთმა ისევ მისი სულის გამოსაფხიზლებლად დაუშვა მცირე განსაცდელი ღმერთმა დასაჯა. ეს არაა სწორი აზროვნება. როგორც ეპისკოპოსი ილია მინიატისი ამბობს: ცხონდები ან წარწყმდები არა იმიტომ რომ ღმერთმა ეს წინასწარ განჭვრიტა, არამედ იმიტომ რომ შენი კეთილი საქმეებით ღვთის მადლთან თანაიმოქმედე. ამით უნდა გადარჩე და ღმერთი ჭვრეტს შენს ცხონებად. ან იმის გამო წარწმყდი რომ შენი ბოროტი საქმეებით ღვთის მადლს გაექეცი და ღმერთმა ესეც განჭვრიტა. იუ დამ იმიტომ კი არ გასცა ქრისტე, რომ უფალმა ეს წინასწარ განჭვრიტა, არამედ პირიქით, ქრისტემ განჭვრიტა იუდას ღალატი, რადგან მას განზრახული ჰქონდა ქრისტეს გაცემა. ამიტომ თითოეული ადამიანი უნდა ცხოვრობდეს ღვთისთვის სათნოდ, ეკლესიის წმინდა საიდულმოებებში მონაწილეობით რათა გაუადვილდეს, დაინახოს რა არის ღვთის ნება და რა არის ეშმაკის ნება… ნებისმიერი ბოროტება რაც ხდება, სიბილწე თუ გარყვნილება ეშმაკისგანაა და ამას მაზიარებელი და ეკლესიური ადამიანი ამჩნევს და ვინც ამ ცოდვებით ცხოვრობს, მას ეს ჰგონია ნორმა, რომლითაც უნდა იცხოვროს.

მივენდოთ უფალს ყველაფერში, თუ მივმართოთ მას “თხოვნით”?

ადამიანის ცხოვრება დგას მის სარწმუნოებაზე… რწმენა ეს ცხოვრების წესია, ჩვენ რწმენით უნდა ვიცხოვროთ და თუ ჩვენი ცხოვრება რწმენას არ ეთანხმება, ასეთი რწმენა მკვდარი და გამოუსადეგარია. უფალი იესო ქრისტე ბრძანებს :”არა ყოველმან მრქუას მე უფალო, უფალო, შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამეფ რომელმან ყოს ნება მამიდა ჩემისა ზეცათასა”. უფლის ამ სიტყვებიდან ჩანს, ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს არა მხოლოდ სიტყვა, არამედ უმეტესად საქმე, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთი გვიყვარს, ეს ჩვენი სწორი ცხოვრებით უნდა დავამტკიცოთ. ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ სათნო ეყოს ჩვენი საქციელები ღმერთს… არასოდეს როგორი დიდი განსაცდელი თუ მწუხარებაც არ უნდა შეგვემთხევს ცხოვრენაში, არ ჩავიქნიოთ ხელი და არ ვთქვათ ყველაფერი დასრულდა, მე ამას ვერ გავუძლებ. ასეთი აზრები და ფიქრები ეშმაკს გაახარებს. პირიქით, ღმერთის მინდობით ,ახალი ძალებით უნდა გავუმკვლავდეთ ყველა განსაცდელს და წმ.იოანე ოქროპირის სიტყვები ვთქვათ: “დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვი”. აი, ასეთი რწმენითა და შემართებით გავაგრძელოთ ცხოვრება. ეს ყველაზე დიდი გამოხატულებაა ადამიანის ღმერთზე მინდობისა. ასევე აუცილებლად მივენდოთ ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ძვირფას და საყვარელ პატრიარქს, ჩვენს მღვდელმთავრებს და მოძღვრებს, რომლებიც დაუღალავად იღვწიან მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერებისა და ადამიანების სულის გადარჩენისათვის.

დღეს ძალიან რთული ჟამი უდგას მსოფლიოს და ამავდროულად, ჩვენს სამშობლოს და ეკლესიას. ბოროტი ცდილობს, სიკეთე და ბოროტება, ნათელი და ბნელი ერთმანეთში აურიოს, რათა ადამიანებმა დაკარგონ რწმენა ღვთისა და ეკლესიისა… ჩვენ ამ ურთულეს ჟამს, ღმერთმა დიდი წყალობა გაიღო რომ ჩვენ ერს ასეთი დიდი პიროვნება აჩუქა, როგორიც ბრძანდება მისი უწმინდესობა და უნატარესობა ილია მეორე. მან თავის პატრიარქობის წლების მოღვაწეობით დაამტკიცა, რომ ძალიან უყვარს ჩვენი სამშობლო და მასში მცხოვრები თითოეული მკვიდრი. ამიტომ, ჩვენ ერთადერთი რამ დაგვრჩენია მივენდოთ პატრიარქს და ჩვენი სამშობლო და ეკლესია აუცილებლად გაერთიანდება…
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ! ღვთი კურთხევა ყოფილიყოს საქართველოში და თქვენს ოჯახებში, ამინ!

თეონა ნოზაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი