მთავარი » სხვადასხვა

ღვინის ტურიზმის მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.03.2014 3 კომენტარი | 4,064 ნახვა

29–30 მარტს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ღვინის ტურიზმის მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაში ღვინის მაგისტრები, მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლები, უცხოური მედიისა და მსხვილი ტურისტული სააგენტოები იღებდნენ მონაწილეობას. ღონისძიებას ესწრებოდნენ ღვინის იმპორტიორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ღვინო

კონფერენციაზე ღვინის ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული ძირითადი საკითხები, სიახლეები და ტენდენციები განიხილებოდა.

ორდღიანი ინტენსიური პროგრამა მოიცავს მოხსენებებს ღვინის ტურიზმის თემებზე, ღვინის დეგუსტაციებსა და შეხვედრებს ღვინის ტურიზმზე მომუშავე ორგანიზაციებს შორის.

კონფერენციის მიმართ დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება საერთაშორისო ტურ-ოპერატორების, ჟურნალისტების, ფოტოგრაფებისა და ბლოგერების მხრიდან, რაც კონფერენციის მონაწილე ქვეყნებს თავიანთი ტურისტული მიმართულების ცნობადობის ამაღლებაში, კომპანიებს კი საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და პარტნიორების მოძიებაში ეხმარებათ .

ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში პირველად გაიმართა. გასულ წლებში აღნიშნულ ღონისძიებას ღვინის ტურიზმის წამყვანი ქვეყნები – იტალია, ესპანეთი, პორტუგალია და ხორვატია მასპინძლობდნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი: “ღვინის ტურიზმის მიმართულებით წინა წლებშიც იყო აქტივობები, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ უფრო ორგანიზებულები ვიყოთ და მეტად გავაქტიურდეთ. დღევანდელი კონფერენცია ამის ერთ–ერთი მაგალითია. ღვინის ტურიზმი ღვინის ტურიზმის ინფრასტრუქტურის გარეშე წარმოუდგენელია, რაც რამდენიმე მნიშვნელოვან ელემენტს გულისხმობს: გიდების ტრენინგი, ინფორმაციის სწორი მიწოდება მომხმარებელზე, ტურ–ოპერატორების დაინტერესება, ტურების დაგეგმვა, კატალოგები, გიდები – ამ ყველაფერზე მუშაობა დაწყებულია. ჩართულები არიან ტურიზმის ადმინისტრაცია, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, რომელსაც ბევრი ეთნოგრაფიული ინფორმაციის მოწოდება შეუძლია. დავიქირავეთ მწერლები, ჟურნალისტები, რომლებიც ქართული ღვინის ტურიზმის გიდს მოამზადებენ. მოხდება ფოტომასალის დახარისხება, ღვინის ტურიზმთან დაკავაშირებით ვებ- საიტის განყოფილების გაკეთება– ყველაფერი ეს ის ელემენტია, რომელიც ღვინის ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს”.

ღვინის დაყენებისა და დაჭაშნიკების გარდა რას მოიცავს ღვინის ტურიზმი საქართველოში ?

ღვინის ტურიზმი მთელ მსოფლიოში ბევრ ელემენტს მოიცავს, რაც მხოლოდ მარნებში ვიზიტით არ შემოიფარგლება, თუმცა მარანი, თვითონ ღვინის შესახებ ცოდნა, საგანმანათლებლო ელემენტი დიდი კომპონენტია. ამავე დროს, მნიშვნელოვანია იმ ადგილებთან დაკავშირებული კულტურული ძეგლების მონახულება, ისტორიული, არქეოლოგიური საიტები, ლამაზი ბუნება, ნებისმიერი ტურისტული ელემენტი შეიძლება ღვინის ტურიზმთან იყოს კომბინაციაში. სათავგადასავლო ტურიზმი, კულტურული ტურიზმი. – ტურიზმის ნებისმიერი მიმართულება, როგორც წესი, ავსებს ღვინის ტურიზმს მთელ მსოფლიოში.

როგორია ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით?

ექსპორტის კუთხით კამაყოფილები ვართ, რადგან მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. მარტის ბოლოს განახლებული იქნება პირველი კვარტლის მოანაცემები, თუმცა წინასწარ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო მუშაობს და წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი არ ხდებოდა რუსეთში. გვაქვს 300 % – ზე მეტი ზრდა, თუმცა რუსულ ბაზარს თუ გამოვრიცხავთ, 30%–იანი მატება გვექნება სხვა მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. დაახლოებით 10 მილიონ ბოთლზე მეტია უკვე რეალიზებული და ეს არის 40 მილიონ დოლარზე მეტი პროდუქცია მხოლოდ ღვინისა, აღარ ვსაუბრობ მაღალ გრადუსიან ალკოჰოლურ სასმელებზე. პირველი კვარტლის მონაცემებით ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველი კვარტალი ყოველთვის ნაკლები აქტივობით გამოირჩევა.

ღვინო

როგორია მეღვინეობის განვითარების ღონისძიებებისთვის დახარჯული თანხების რაოდენობის სხვაობა წინა წლებთან შედარებით ?

ჩვენ ძირითადი ხარჯები ქართული ღვინის პოპულარიზაციის კუთხით გვაქვს, ანუ ცნობადობის შესაქმნელად. წინა წლებში დაახლოებით მილიონი- მილიონ ანხევარი ლარი იხარჯებოდა წელიწადში ამ მიმართულებით. 2014 წელს გასამმაგებული ბიუჯეტი გვაქვს და მეტ შედეგს ველოდებით. ძირითადი გამოწვევა ისაა, რომ ქართული ღვინო დასავლურ ბაზრებზე ნამდვილად გამოჩნდეს. დღეს დსთ –ს გარდა პროფესიულ არხებში ქართული ღვინო წარმოდგენილი არსად არაა. ფრაგმენტულადაა წარმოგენილი 40-ზე მეტ ქვეყანაში, მაგრამ სწორედ ამ მიზნობრივ ბაზარზე უნდა დავამკვიდროთ, როგორც კატეგორია. ეს მიზნობრივი ბაზრებია: ამერიკა, ბრიტანეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, ჩინეთი, ჰონკონგი. ეს არის აღმოსავლეთ ევროპა, ბალტიისპირეტი ძირითადად,სადაც ასევე გასააქტიურებელია ჩვენი მუშაობა.

სამომავლოდ რა პროექტების განხორციელება იგეგმება ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციისთვის?

გვაქვს როგორც ორიგინალური მიდგომები, ასევე ტრადიციული. ესაა დეგუსტაციების, გამოფენების გამართვა, სტატიების გამოქვეყნება ჟურნალებში, პრეს–ტურების ორგანიზება და ა. შ. ასეთი ტიპის ღონისძიებებიც ის ელემენტია, რომელიც ქმნის ქართული ღვინის ცნობადობას.

ღვინო

რა პრობლემებს გამოყოფდით ღვინის ბიზნესის მიმართულებით?

როგორც ყველა სფეროში, პრობლემები ღვინის სფეროშიც არსებობს. რამდენიმე მიმართულებაა. გვინდა ბაზრების დივერსიფიკაცია, ანუ შევქმნათ ქართული ღვინო, როგორც კატეგორია სხვა ბაზრებზე და არ გვქონდეს დიდი დამოკიდებულება ერთ რომელიმე ბაზარზე, რომ რყევებმა ბიზნესის სტაბილურობა არ შეარყიოს. აგრეთვე, ადგილობრივ ბაზარზე რესურსების სიმწირე. ვენახების არსებული რაოდენობა მნიშვნელოვან ზრდას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ უზრუნველყოფს. გასაშენებელია ვენახები, ჯიშობრივი სტრუქტურა შესაცვლელია, რაზეც დიდი აქცენტი იქნება გაკეთებული. შარშან იყო პირველი წელი, როდესაც 500 ჰექტარზე მეტი ვენახი გაშენდა საქართველოში. 10 წლის განმავლობაში პირველად როცა ხდება ვენახების ფართობის ზრდა და არა შემცირება, ეს ზრდა მეტად მნიშვნელოვანია, რათა შევუქმნათ საფუძველი ქართული ღვინის ინდუსტრიის ზრდას.

რამდენად დიდი დარტყმა მიაყენა ქართული ღვინის ბიზნესს რუსულმა ემბარგომ და რა ვითარებაა რუსეთის ბაზართან მიმართებაში?

რუსეთის ბაზარი ყოველთვის სარისკოა. ამიტომ, სიფრთხილით ვუდგებით. რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება არ გვინდა შევქმნათ. თუმცა ეს ყველა კომპანიამ თვითონ უნდა გაითვალისწინოს თავის გადაწყვეტილებებში. რუსულმა ემბარგომ ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა. ფაქტობრივად, დეპრესიულ ფაზაში იმყოფებოდა 3–4 წელი ქართული ღვინის ინდუსტრია. ბოლო სამი წლის განმავლობაში შედარებით გამოცოცხლება დაიწყო. ბუმი მოახდინა რუსეთის ბაზრის გახსნამ. ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები და თანმიმდევრულები, რომ შემდგომმა რაიმე შეფერხებებმა დიდი გავლენა ქართული ღვინის ინდუსტრიაზე არ მოახდინოს.

რაც შეეხება ღვინის კულტურის ფაქტორს, რამ განაპირობა ქართველი მომხმარებლის იაფფასიან ღვინოზე ორიენტაცია?

ღვინის კულტურის ამაღლება პრობლემაა საქართველოში. ეს მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორი არ მგონია. ხშირ შემთხვევაში, ეს კულტურული და ფსიქოლოგიური ფაქტორებია, რომ ბოთლში ჩამოსხმული არის ქარხნული ინდუსტრიული და ა.შ. ამიტომ ღვინის კულტურის დამკვიდრება, გაზრდა დიდი ამოცანაა რაზეც მუშაობა ასევე ინტენსიურად ხდება.

კარგი ტენდენციაა იმ მხრივ, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა სვამს ბოთლის ღვინოს. ესმის, რომ არსებობს ჯიშური, რეგიონალური მრავალფეროვნება, რაც ღვინის ფესტივალზე მაისში შეიმჩნევა ხოლმე, რამდენად აინტერესებს ახალგაზრდა თაობას, 20–30 წლის ადამიანებს ღვინო. ყოველწლიურად იზრდება იმ ქალბატონების ინტერესი ღვინის მიმართ, რომლებიც ადრე ღვინოსგან უფრო შორს იყვნენ, რაც კარგი ტენდენციაა. ჯერ შორს ვართ, მაგრამ, ალბათ, სასურველ რეალობამდეც მივალთ.

ღვინო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა: “ღვინის ტურიზმი საქართველოში სწრაფად ვითარდება. გვაქვს 21 მარანი, რომელთა უმეტესობას ირგვლივ სასტუმროები გააჩნია. შარშან საკმაოდ მაღალი აქტივობა იყო, განსაკუთრებით კახეთის რეგიონში, სადაც შატოები და მეურნეობაა. შესაძლებელია ტურისტებმა არა მარტო დაათვალიერონ, არამედ თავად მიიღონ მონაწილეობა საღვინე პროცესებში. წელს უფრო მაღალ აქტივობას ველოდებით, ვინაიდან უფრო ახალი განთავსების საშუალებები იხსნება ასეთ რეგიონებში, მეურნეობებში.

ღვინის ტურიზმის განსავითარებლად ჩვენ რეკლამიზაციას 18 ქვეყანაში გამოფენებითა და 12 ქვეყანაში პირდაპირი მარკეტინგული აქტივობით ვახორციელებთ. ამის გარდა, ხელს ვუწყობთ ამგვარი კონფერენციების ჩატარებას.

დღევანდელი კონფერენციის ერთ–ერთი მთავარი სპონსორი ვართ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად. ასევე, ინვესტორებთან მოლაპარაკებისას საინვესტიციო პაკეტების მომზადების მნიშვნელოვან ნაწილს ვუთმობთ საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს და რომ ეს ის ქვეყანაა, სადაც უფრო მეტი საერთაშორისო მოგზაურია, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებელი”.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი