მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

რუსუდან ფოჩხუას ხატწერა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.12.2016 | 5,538 ნახვა

რუსუდან ფოჩხუა სოფელ ღორეშის გზაზე, ქვის ლოდზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატია შესრულებული. მისი ავტორი ამავე სოფლის მაცხოვრებელი, ხატმწერი რუსუდან (ეფემია) ფოჩხუა გახლავთ. ხატი 2012 წლით თარიღდება. ეს ადგილი მოგვიანებით კეთილმა ადამიანებმა გადახურეს. ხატი ყველა გამვლელის ყურადღებასა და კრძალულობას იწვევს.

ხატმწერმა რუსუდან ფოჩხუამ პირველი ხატი 19 წლის ასაკში სენაკში, კლდეზე დაწერა. მაშინ ხატწერის კანონიკასა და დოგმატებში ვერ ერკვეოდა. 1986 წლის ჟურნალ „ფრესკაში“ „ვლადიმერის ღვთისმშობლის“ ხატის შესახებ ინფორმაციას გაეცნო, ხატის ფოტოც ნახა. რუსუდანს განსაკუთრებით ღვთისმშობლის სახე მოეწონა. გადაწყვიტა ეს ხატი ზეთის საღებავებში შეესრულებინა. დილით ადრე ჩანჩქერთან ახლოს ერთი ლამაზი ადგილისკენ გაემართა, სადაც ხალხი ხშირად სანთლებს ანთებდა. დიდი ქვები ერთმანეთზე მიაწყო და ხატწერას შეუდგა. ეს იყო მოგვიანებით, თუმცა ხატვისადმი სიყვარული მას ბავშვობიდან ჰქონდა. როცა თანატოლები მდინარეზე მიდიოდნენ, რუსუდანი სახლში რჩებოდა და ხატავდა.

რუსუდან ფოჩხუა მომავალმა ხატმწერმა სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში განაგრძო, ხატწერა კი სასულიერო აკადემიაში შეისწავლა. 14 წელია მეუღლესთან, სოსო ორჯონიკიძესთან და 4 შვილთან ერთად სოფელ ღორეშაში ცხოვრობს. ამავდროულად, სოფელ ღორეშის საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელია და მოსწავლეებს ხატვას ასწავლის.

რუსუდანი 22 წელია ხატწერითაა დაკავებული. ხატი მისთვის მხოლოდ ხეზე შესრულებული ნახატი არ არის, ხატვის დროს იგი ცოცხლდება და ცხოველმყოფელი ხდება.

რუსუდან ფოჩხუა: – ღვთის გზას პატარობიდან დავეძებდი. მახსოვს, მასწავლებელი რომ გვეტყოდა ღმერთი არ არსებობსო და მაგალითები მოჰყავდა, გულში ვეწინააღმდეგებოდი, როგორ არ იცის, რომ ღმერთი არსებობს და მოწყენილი ვდუმდი.

რუსუდან ფოჩხუამოგვიანებით მონაზვნობა გადავწყვიტე, 1992-1993 წლებში თბილისის ფერისცვალების მონასტერში მივედი, მაშინ 28 წლის ვიყავი. იქიდან ხატწერაზე დავდიოდი სასულიერო აკადემიაში. იქ წმინდა გიორგისა და მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატები შევასრულე. მონასტერში მხოლოდ 6 თვე ვიცხოვრე, სახელი ეფემიაც იქ დამარქვა მოძღვარმა. მერე ერში დავბრუნდი და ღვთის ნებით 31 წლის ასაკში დავოჯახდი, შემეძინა 4 შვილი.

მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ჩაბარებამდე ჩაის ფაბრიკაში ვმუშაობდი. სულ რაღაც წამებში მივიღებდი ტრავმას, შემთხვევით გამოვწიე ხელი და მხოლოდ თითზე გადამიარა რკინის ბორბალმა, შეეძლო მაჯა მოეჭრა და მარჯვენა ხელი დამკარგვოდა. ვთქვი, ფულს არ ავიღებდი ხატებზე, მაგრამ მაშინდელმა მოძღვარმა უარი მითხრა: ” ეგ შენი პროფესიაა და ნუ იტყვი ასეთ რამეს, ფუნჯი და საღებავი ხომ უნდა იყიდოო”.

პირველი ხატი ფერისცვალების გახლდათ, რომელიც მონასტერში 25 ლარად გაიყიდა. მრცხვენოდა ხატში ფულის აღება და მხოლოდ 5 ლარი მოკრძალებით წამოვიღე. ხატები ტაძრებისთვის უფრო ხშირად შემიწირავს და მიჩუქნია ნაცნობებისთვის, გაყიდვით კი – ცოტა.

რუსუდან ფოჩხუარა სირთულეები ახლავს ხატწერას?

– ხატწერა დიდ შრომას მოითხოვს და სირთულეებიც ახლავს. მომწონს მინიატურების ქვებზე ხატვაც. ძირითადად ხატებს დიდ მარხვაში ვწერ და ხატწერას დიდი სიფრთხილით ვუდგები. ხატს ვთხოვ შემწეობას არა მხოლოდ ახლობლებისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც იმ დროს გონებაში მოდის, ვიხსენებ გარდაცვლილებს. ბევრჯერ საღებავს ცრემლები შერევია, ეს უფლის სიყვარულის განცდა და საკუთარი უსუსურობის სევდა, დაცემული ბუნების დანახვაა. რთულია გადმოსცე წმინდანის სახე, თუ ის არ შეგეწევა. ზოგჯერ ვფიქრობ, არაფერი ვიცი და რატომ ვაკეთებ, მაგრამ მაინც ვაგრძელებ, რადგან ხატი გზაა უფალთან მისასვლელი, მე კი მას გამუდმებით ვეძებ. ჩემი აზრით, ხატის დაწერისთვის საჭიროა გვქონდეს ღვთის სიყვარული, სარწმუნოება, მადლიერება ამ საქმის კეთებისთვის, შემუსვრილი და დამდაბლებული გული.

ქალბატონ რუსუდანის (ეფემია) დაწერილი ხატები მის სოფელშია დაბრძანებული – წმინდა გიორგის სახელობის და ახალ აშენებულ ტაძრებში, გურიაში – ერკეთის დედათა მონასტერში და უდაბნოში თავის სულიერ მოძღვართან. მისი თქმით, ხატს რასაც გულით შესთხოვ, მსწრაფლ შეისმენს და შეგეწევა.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი