მთავარი » ეკლესია-მონასტრები

რუსთავის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.04.2013 ერთი კომენტარი | 7,808 ნახვა

რუსთავის სიონი

“როდესაც უწმიდესმა ილია II-მ რუსთავის სიონი მოიხილა, ქადაგებაში 4-ჯერ წარმოთქვა:
“მე ვნახე საოცრება”…”

რუსთავის სიონის მშენებლობა 2011 წლის აგვისტოში დასრულდა. ტაძარი აშენებულია ძველი სამშენებლო ტექნოლოგიების გამოყენებით – ქვითა და კირით, რუსთავის სიონი ცემენტისა და არმატურის გარეშე. ნაგებობის არქიტექტურაში შერწყმულია თავისუფალი ჯვრისა და მრგვალი ტაძრის მახასიათებლები.

2001 წელს რუსთაველი მოძღვრის, მამა დიმიტრი გორგიძის მრევლში გაჩნდა სურვილი, რომ მესხიშვილის ქუჩაზე, იქ, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ფუნდამენტის მიტოვებული ქვაბული იყო, აშენებულიყო მცირე ზომის ბაზილიკა. ამ იდეის ავტორი და ინიციატორი გახლდათ ადგილობრივი მკვიდრი (მაშინ დამწყები ბიზნესმენი) თამაზ გველუკაშვილი, რომელსაც ღმერთმა ნიჭები უბოძა და შემდგომში სწორედ ის გახდა რუსთავის სიონის მშენებლობის მთავარი ქტიტორი (დამფინანსებელი).

მამა დიმიტრი თამაზთან ერთად შეხვდა საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრის მდივანს, მამა ბესარიონ მენაბდეს (განათლებით არქიტექტორს), გაუზიარა თავისი მრევლის სურვილი და თანადგომა სთხოვა ეკლესიის არქიტექტურული პროექტის მომზადებაში. მამა ბესარიონის მხრიდან გაჩნდა შეკითხვა: თუ იქნებოდნენ თანახმა, რომ რკინაბეტონით ნაგები მცირე ზომის ბაზილიკის ნაცვლად აშენებულიყო დიდი ზომის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი ტრადიციული სამშენებლო ტექნოლოგიების – ქვითკირის, ცემენტისა და არმატურის გარეშე. ძალზე საშური საქმე გახლდათ, რომ დროში არ დაკარგულიყო და აღდგენილიყო ტაძართმშენებლობის მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიცია. ქტიტორმა ერთთვიანი ვადა ითხოვა მოსაფიქრებლად და ამ დროის გასვლის შემდეგ თანხმობა განაცხადა. ასე დაიწყო ამ დიდებული ტაძრის პროექტირება და მშენებლობა.

მშენებლობის დაწყება უწმიდესის ლოცვა-კურთხევით 2001 წელს მეუფე ათანასემ აკურთხა.
რუსთავის სიონის საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელია დეკანოზი ბესარიონ მენაბდე (მთავარი არქიტექტორი). წევრები არიან: არქიტექტორი ნიკოლოზ აბაშიძე, მხატვარ-დიზაინერი ნიკოლოზ დადიანი, ხელოვნებათმცოდნე ქეთევან აბაშიძე-დადიანისა.

ტაძრის კონსტრუქციული პროექტი ბატონმა გიგლა ჭანუყვაძემ გაიანგარიშა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე წარადგინა, სადაც შეისწავლეს და დადებითი რეცენზია მოგვცეს აშენების თაობაზე.

მშენებლობას ხელმძღვანელობდა ინჟინერ-ტექნოლოგი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი თეიმურაზ ბურკიაშვილი, რომელიც 1981 წლიდან მუშაობს ძეგლთა დაცვასა და რესტავრაციაში. მან მეცნიერულად შეისწავლა და აღადგინა სხვადასხვა ეკლესიის კირდუღაბის რეცეპტურები და ქვითკირით მშენებლობის დავიწყებული ტექნოლოგიები. ტაძრის ბარელიეფზე მაშენებლის ფიგურის ქვეშ ამოკვეთილია წარწერა: “თეიმურაზ – კირიონ ბურკიაშვილი ამა ეკლესიის აღმაშენებელი, გალატოზთუხუცესი, კირითხუროთუხუცესი, ზედამდგომელი”. ტაძრის ისტორიის შესახებ სწორედ ბატონი თეიმურაზ ბურკიაშვილი გვიამბობს:

“ბარელიეფი განთავსებულია დასავლეთ მკლავის სამხრეთ ლავგარდანის ქვეშ. ბარელიეფი „აძიკვას“ ტაძრის (მანგლისის ეპარქია) ანალოგია . მასზე მარჯვნიდან მარცხნივ პირველი მოჩანს მღვდელი, რომელსაც ხელში ეკლესიის მაკეტი უჭირავს და იმდენად დინამიურია, რომ თითქოს ზეცაში აფრენას ლამობს ( სიმბოლურად მოიაზრება, რომ ეს არის მამა ბესარიონ მენაბდე,პროექტის მთავარი არქიტექტორი). შემდეგ დგას 4 ხელაპყრობილი მლოცველი (სიმბოლურად – მამა დიმიტრი გორგიძე და პროექტის ავტორები: არქიტექტორი ნიკოლოზ აბაშიძე, მხატვარი ნიკოლოზ დადიანი და კონსტრუქტორი გიგლა ჭანუყვაძე). შემდეგი ფიგურა დგას შვეულითა და გონიოთი ხელში ( ამა ტაძრის მაშენებელი თეიმურაზ ბურკიაშვილი), და ბოლოს – ხელაპყრობილი ქტიტორი (თამაზ გველუკაშვილი). ამის მერე ცალკე მოჩარჩოებულ ქვაზეა გამოსახული 2 ქვისმთლელის ფიგურა ჩაქუჩებით ხელში ( რომლებიც სიმბოლურად ყველა მაშენებელ ხელოსანს გამოსახავს ერთად).
როგორც აღვნიშნეთ, რუსთავის სიონი აშენებულია ძველი ტექნოლოგიით, მხოლოდ ქვითკირით, ცემენტისა და არმატურის გარეშე. კირდუღაბი მზადდებოდა კარბონატულ, სილიკატურ და კეცის ქვიშებზე. სადაც საჭირო იყო კირს ემატებოდა კვერცხი და ამით ვიღებდით ძალიან მაგარი სიმტკიცის ქვითკირს (პოლიმერ ბეტონს). სალესი ბათქაშის მოსამზადებლად კირდუღაბში ვურევდით ნამჯას, ნახშირსა და კვერცხის ცილას.

საძირკველი მოწყობილია კარგად დატკეპნილი 1მ. სისქის ბალასტის ბალიშზე, დახერხილი ბაზალტის ქვის დიდი კვადრებით, კეცის ქვიშაზე მომზადებულ მაღალი სიმტკიცის ჰიდრავლურ კირდუღაბზე. ქვების ჰორიზონტალური ბმებისთვის გამოიყენებულია როგორც წყობაში კეტვის პრინციპი, ასევე ე.წ. „ გამერები“ (ქვაში ამოკვეთილ ფოსოებსა და ღარებში ჩასხმულ გამდნარ ტყვიაში ჩაძირული მეტალის ჩანგლები).

ტაძრის პერანგის ქვად ძირითადად გამოყენებულია ხეკორძ-ნიჩბისის მოლურჯო-მოყვითალო შეფერილობის ქვიშაქვები. ეს სწორედ ის „ხვლიკისფერი ქვაა “ , რომლითაც თავის დროზე სვეტიცხოველი ააშენეს. ქვის ლოდები სვეტიცხოვლის იმავე ძველი კარიერებიდან გამომქონდა („ხეკორძულას წყალიც მისვამს“), შემდეგ ძეგვსა და რუსთავში საჭირო ზომის ბლოკებად იხერხებოდა, მერე ადგილზე მიგვქონდა, ხელით ითლებოდა, ჩუქურთმდებოდა და მონტაჟდებოდა.
ისევე, როგორც სვეტიცხოველში, კედლის პერანგის ფერადოვნების გასამშვენებლად გამოყენებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შემოტანილი ქვები: თეძმისა და თეთრიწყაროს მომწვანო და მოყვითალო ტუფები, დმანისისა და ახალქალაქის შინდისფერი და მოწითალო პემზა-ტუფები.
სარკმლებში ჩავამონტაჟეთ ბოლნისის მწვანე ტუფში გამოთლილი ორნამენტული ჭვირული, რომელიც მზის სხივს ფანტავს და ტაძარში განფენილ სინათლეს წარმოქმნის.

სახურავის საბურველად გამოყენებულია ლორფინი (ქვის კრამიტი), რომელიც მარნეულის ბაზალტისა და ყაზბეგის ანდეზიტო-დაციტის ლოდებიდან ითლებოდა.

მშენებლობის პროცესში გამოვიყენეთ ისეთი ხერხები, მეთოდები და ტექნოლოგიები, რომელიც დღეს მივიწყებულია. მაგალითად:

გამოვიყენეთ ანტი სეისმური შვერილები სვეტებისათვის (აწყური);
საბჯენ თაღებად – დმანისის სიონის გამოცდილება, სადაც თაღი არ არის სხივზე გაჭრილი, არამედ წანაცვლებული სხივია ზიგზაგისებური. ეს ნიშნავს,რომ პრაქტიკულად 7 სმ-ზე უნდა გახსნას მიწისძვრამ, რომ ის ჩამოვარდეს;

გამოვიყენეთ ოშკის მაგალითი და ტაძრის ტანში სხვადასხვა დონეზე მოვაწყვეთ ქვისგან გათლილი ანტისეისმური სარტყელები. ეს არის რუსული “П” – ს ფორმის ქვები, რაც ამობრუნებული სახით არის დამონტაჟებული (ფეხებით ზემოთ) და ზემოდან ისევ “П”-სავით გათლილი ქვების რიგი კეტავს (ფეხებით ქვემოთ). სხვათაშორის, ჩვენ სპეციალურად გამოვაჩინეთ კარნიზის ქვეშ ეს ანტისეისმური ჩამკეტი ქვის სარტყელი ისევე, როგორც ოშკში ჩანს.

გამოვიყენეთ, ასევე, ბოლნისის სიონის გამოცდილება, როდესაც ტიმპანის ქვა არ არის დატვირთული კედლის წონით და ტიმპანის ქვის თავზე თაღი არის შექმნილი ქვის წყობის მეშვეობით, რაც ტიმპანის ქვის გაბზარვას გამორიცხავს.

მშენებლობა თითქმის 10 წელი სწორედ იმიტომაც გაგრძელდა, რომ შენდებოდა ძველი ტექნოლოგიით და ჩვენ გვიხდებოდა მშენებლებისთვის ამ ტექნოლოგიების შესწავლა. “ღია კარი“ გვქონდა და გამოსაცდელი ვადით ვიღებდით ყველას, ვისაც სურდა, უფლისთვის შრომა შეეწირა. მათ მუშაობას ვაკვირდებოდით. დაახლოებით ათასმა ადამიანმა გაიარა ჩვენს ხელში და შევარჩიეთ 30 კაციანი ბირთვი.

ხელოსნებს არა მხოლოდ ადგილზე ვასწავლიდით, თუ რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ, არამედ დავდიოდით და ვსწავლობდით სხვადასხვა ტაძრის მშენებლობის გამოცდილებას, რომ გადმოგვეღო და გაგვეთვალისწინებინა.

რუსთავის სიონი XI-XII საუკუნეების საქართველოს ნაკრებია. ნიკორწმინდა, ფიტარეთი, გელათი, ქვათახევი, ბანა, ოშკი, ხახული, სვეტიცხოველი, სამთავრო, ჰუჯაბი და ა.შ. ჩვენ ვეცადეთ,რომ გაგვეკეთებინა მაქსიმუმი და რაც კი შეიძლებოდა, ყველა მხრიდან აგვეღო საუკეთესო ისე, რომ ეკლექტიკაში არ გადავსულიყავით.

რუსთავის სიონი სულ ჩუქურთმაშია. მათი ესკიზები ქეთევან აბაშიძისა და ნიკოლოზ დადიანის მიერ თითქმის ყველა გამორჩეული ეკლესიიდანაა აღებული და ჩვენი ტაძრისთვისაა გადამუშავებული. სხვა მცირე არქიტექტურული ფორმებიც მათი დამუშავებულია: ქვის კანკელი, ხეზე კვეთა, რკინის ჭედური ჯვარი, რომელიც ტაძარზეა აღმართული და ა.შ.

საეკლესიო ხუროთმოძღვრების საბჭოს ხელმძღვანელმა, ამბა ალავერდელმა, მეუფე დავით მახარაძემ ასე დაახასიათა რუსთავის სიონი: „ეს ტაძარი არის წარსულის შემოკრების თვალსაჩინო მაგალითი“ .

რუსთავის სიონი 2011 წლის 27 აგვისტოს ეკურთხა რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე იოანეს (გამრეკელი) მიერ ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. 28 აგვისტოს, მარიამობას კი უწმიდესი მობრძანდა და პარაკლისი აღავლინა.

ტაძრის გეგმარება არის თავისუფალი ჯვარი, რომელსაც აქვს წრიული გარშემოსავლები. ამან გააადვილა ტაძრის ლიტურგიული გარშემოვლა. ასეთი სტილის ტაძარი პირველად აშენდა და მსგავსი არ ყოფილა ჩვენს ისტორიაში. მრგვალი ტაძრისა და თავისუფალი ჯვრის შერწყმამ წარმოქმნა ტაძრის გარშემოსავლები უბეებით, ასე რომ, უცებ შემოსულ ადამიანს თავისუფლად შეუძლია სწრაფად მოილოცოს და ისე გავიდეს ტაძრიდან , რომ წირვა-ლოცვას ხელი არ შეუშალოს და მრევლი არ დააბრკოლოს.

ტაძრის მშენებლობა 2001 წელს დავიწყეთ და 2006 წელს გუმბათი უკვე ამოყვანილი გვქონდა. თუმცა მომდევნო 4 წელი გალერეამ და სახურავის ლორფინმა წაიღო, რადგან გარე და შიდა პერანგიცა და სახურავიც სულ ქვისაა, რაოდენობრივად ძალიან ბევრი ქვა სულ ხელით გაითალა. პერანგის ქვები 15-20 სმ. სისქისაა. ქვის ერთი კვადრის წონა მინიმუმ 150 კგ. იყო. ზოგჯერ თითქმის ნახევარტონიან ქვებთან გვიხდებოდა ჭიდილი. მაგალითად, ცენტრალური ტიმპანი და ტრომპის ქვები. ამიტომ მოცულობითი თვალსაზრისით, რუსთავის სიონში იმდენი ქვაა გამოყენებული, რომ ოთხ ამხელა ზომის რკინაბეტონის ტაძარს მოაპირკეთებდა.
ამჟამად ტაძრის ეზოში ფილაქანია დასაგები.

ეზო გალავნითაა შემოზღუდული, მაგრამ ჭიშკრები ჯერ არ აქვს.
არსებობს სამრეკლოს პროექტიც, რომლის აშენებაც ქტიტორზეა დამოკიდებული.

რუსთავის სიონის ტაძრის წინამძღვარი არის დეკანოზი დიმიტრი გორგიძე.
რუსთავის სიონს ჰყავს ვაჟების მგალობელთა გუნდი.

ტაძართან ფუნქციონირებს: ხატწერის, მინანქრის, გალობის, თექის მხატვრული დამუშავების შემსწავლელი ჯგუფები.”

თეა სულაბერიძე

ფოტო: ნინო ჩალაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი