მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

რთული ქცევის ბავშვები სკოლას ჩამოშორდებიან?!

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.12.2011 8 კომენტარი | 5,858 ნახვა

პარლამენტი განათლების კანონში ახალ ცვლილებას განიხილავს, რომელიც ე.წ. ძნელადაღსაზრდელი მოზარდების სკოლიდან გადამისამართებას ეხება. კანონპროექტმა უკვე გამოიწვია როგორც განათლების სპეციალისტების, ასევე ფსიქოლოგებისა და იურისტების სერიოზული შეშფოთება.

მანდატური კანონპროექტის მიხედვით, 10-დან 18-წლამდე მოზარდები, რომლებიც ექვსი თვის განმავლობაში გამოავლენენ ისეთ ანტისაზოგადოებრივ ქმედებებს, როგორიც საფრთხეს უქმნის მის, ან სხვა ადამიანის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას ან მართლწესრიგს, 6 თვის ვადით გადაიგზავნებიან სპეც-სკოლაში, ან პანსიონში. მოზარდის გადამისამრთების საკითხის დასმის უფლება მანდატურს, მშობელს, პროკურორსა და სკოლას ექნება, შემდეგ კი საბოლოო გადაწყვეტილებას სამინისტროს მულტიდისციპლინარული კომისია მიიღებს, რომელიც 9 ადამიანისაგან შედგება. თუ მოსწავლე ამ 6 თვის განმავლობაში “გამოსწორდება”, მას სახლში დააბრუნებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეც-სკოლაში კიდევ 6 თვის გატარება მოუწევს.

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი არ დაემორჩილება მულტიდისციპლინარული კომისიის გადაწყვეტილებას, მას 500 ლარით დააჯარიმებენ, განმეორებით შემთხვევაში კი – 1000 ლარით. თუ ოჯახი ჯარიმას არ გადაიხდის, მას სახლი და სხვა ქონება დაუყადაღდება და აუქციონზე გაიყიდება.

დღესდღეობით ერთადერთი ასეთი სკოლა სამტრედიაში მდებარეობს. ქვეყნის ნებისმიერი კუთხიდან მშობელი იძულებული იქნება, შვილი სამტრედიის სკოლაში გაუშვას.

განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი კანონპროექტს უარყოფითად აფასებს და რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. “აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა შეეხოს ეს კანონი 10 წლის მოზარდს, ცოტა ცინიკურადაც კი მეჩვენება. როგორ შეიძლება გონებაში გაივლო, რომ 10 წლის მოსწავლე მოაშორო ოჯახს და იზოლაციაში მოაქციო. არ მგონია, იქ ისეთი გარემო იყოს, რომ მოზარდი “გამოსწორდეს”. ამ ცვლილებამ დაგვანახა, რომ უსაფრთხო სკოლის არსებული მოდელი აბსოლუტურად არაეფექტურია. ნამდვილად შეიძლება ვთქვათ, მანდატურის ინსტიტუტმა არ გაამართლა. კანონპროექტში წერია, რომ იმ შემთხვევაში მოხდება მოსწავლის გადაგზავნა, თუ 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება მისი ასეთი ქცევა. მაგრამ საკითხავია, როგორ ეხმარება მოზარდს სკოლა, სადაც მუშაობს ეს მანდატური და არ ჰყავთ სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და ა.შ.?!

გაუგებარია თავად ტერმინიც – “დევიანტური ქცევა”. დღეს შეიძლება სხვა რაღაც ითვლებოდეს დევიანტურ ქცევად, ხვალ – სხვა,” – ამბობს თამარ მოსიაშვილი.

კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარ შენიშვნებს ამზადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ერთ-ერთი შენიშვნა გასაჩივრების წესს უკავშირდება. კანონპროექტის მიხედვით, მშობელს მულტიდისციპლინარული კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეუძლია. ახლაგაზრდა იურისტები მიიჩნევენ, რომ მათ უფლება უნდა ჰქონდეთ, გადაწყვეტილება საცხოვრებელ ადგილთან ახლოს არსებულ სასამართლოში გაასაჩივრონ.

კანონპროექტში ასევე არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რა შეიძლება მოხდეს, თუ მანდატური ან სხვა უფლებამოსილი პირი მოსწავლის გადამისამართების საკითხს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე დააყენებს.

კანონპროექტის კრიტიკისას ბუნებრივად ისმის კითხვა: რა შეიძლება შესთავაზოს სკოლამ რთული ქცევის მოზარდს მსაგვსი სასჯელის სანაცვლოდ? თამარ მოსიაშვილი გამოსავალს ზრუნვაზე დაფუძნებულ მიდგომაში ხედავს. “დღესდღეობით არსებობს კონტროლზე ორიენტირებული უსაფრთოხება და ჰგონიათ, რომ ამ მეთოდითაა შესაძლებელი წესრიგის დამყარება. მაგრამ რეალურად გამოსავალი ზრუნვაზე ორიენტირებული მიდგომაა, რომლითაც გაცილებით ეფექტურად შეიძლება პრობლემის გადაჭრა,”- განაცხადა ქალბატონმა თამარმა.

სალომე ლილუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

8 კომენტარი »

  • გიორგი says:

    კანონპროექტის იდეა მომწონს, თუმცა აქედანვე ჩანს, რომ იურიდიული თვალსაზრისით ეს კანონი დასახვეწია

  • ეკა ქურიძე says:

    ჩემი აზრით აუცილებლად გასათვალისწინებელია ძნელადაღსაზრდელი ბავშვების სოციალური და ოჯახური მდგომარეობა, ცნობილია რომ პრობლემატური ბავშვები, თავიანთი არადამაკმაყოფილბელი და აგრესიული გარემოს მსხვერპლნი არიან…
    “საქართველო შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?!”

  • კახა says:

    ჩემი აზრით აუცილებელია კონსულტაცია უნდა გაიარონ საპატრიარქოსთან, ეკლესია თუ მიიღებს მონაწილეობას ასეთგვარ პროექტებში ყველაფერი კარგად იქნება, მე არ ვარ მომხრე მოზარდების ამგვარი დასჯის მეთოდით

  • რა უაზრობაა,ასეთი დაუხვეწავი კანონით ხისტი მიდგომით,ათასგვარი რეფორმით საცდელ ექსპონატებად გვიქცევენ ბავშვებს,სკოლა ბავშვის სულიერ,გონებრივ,ფიზ განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.სკოლას ჭირდება განათლებული სულიერი და ზნეობრივი კუთხით მისაბაძი პედაგოგები კარგი პსიგოლოგი,რომლებიც შესანიშნავად გაარტმევენ თავს ყველა პრობლემას და მაგალ ჯგუფებში თუ ბავშვი შეიმჩნევა რაიმე სერიოზულ გადახრაში გადააგზავნონ მასეთ სკოლაში,სადაც აქტიურად იკნება ჩართული ეკლესია… და არა 10 წლის ბავშვი,რომელმაც ავის და კარგის გარჩევა ოჯახში და თანატოლებში უნდა ისწავლოს და არა შეგზავნილი პიროვნებების შიშის ქვეშ,რომლების სკოლაში ყოფნა სკოლის კოლექტივისთვის შეურაცხყოფაა…სკოლა უნდა იყოს დაინტერესებული ჰუმანური , კაცთმოყვარე თაობის აღზრდაზე და არა დასჯაზე,ჯარიმებზე,ოჯახის დაყადაღებაზე…სადაა ჩვენ უკანონო ქვეყანაში გარანტია იმის რომ მაგ კანონით ახალგაზრდის გამოსწორება მოხდება ან არ დაიღუპებიან და გაიწირებიან ბავშვები მავანტა ზერელე მოსაზრებებით და პირადული ინტერესებით??…გაუმართლებელი რეფორმები მძიმე ტვირთად აწვება და ღუპავს საექსპერიმენტო თაობებს,მერე თითქოს არაფერი იტყვიან:რეფორმამ არ გაამართლაო….

  • მაია says:

    ძალიან კარგი იქნება დახვეწილი ფორმით ასეთი სახის სკოლის და კანონის ძალაში მოყვანა. მე მყავს ასეთი მოსწავლე. მოხარული ვიქნები თუ პედაგოგებს ვინმე დაეხმარება მსგავსი პრობლემების მოგვარებაში.

  • ნესტანი says:

    ქალბატონ თამარს ვეთანხმები,სრული სიზუსტით განმარტა ამ უსამართლო კანონის უსამართლობა.

  • ნათია says:

    საშინელებაა ეს ყველაფერი. მიმიფურთხებია ასეთი კანონებისთვის და მათი “შემქმნელთათვის”. კიდევ 1 უნიჭოდ გადმოკოპირებული კანონი რომელიც უგვანოდ და ყოველგვარი შესწორებისა და დახვეწის გარეშე მოარგეს ქვეყანას. ბევრი არ გაუშვებს შვილს “გამოსასწორებლად”, მაშინ დავაჯარიმოდ, გავუყიდოთ სახლ-კარი. აბა რა !!! სწორედ ასე არ შენდება ჯანსაღი ქვეყანა ?! თუმცა აშენებულია უკვე !!! უბრალოდ ჩვენ – ბრმები ვერ ვხედავთ ამას.

  • მერაბი says:

    იმ სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, რაც ქვეყანაშია, ასეთი ბავშვი ძალიან ბევრი იქნება მერწმუნეთ. ეს კარგს არაფერს მოიტანს.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი