მთავარი » ჯანმრთელობა

ღორის გრიპი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.02.2011 2 კომენტარი | 6,345 ნახვა

ღორის გრიპის ეპიდემია 2009 წლის მარტი-აპრილის თვეებში მექსიკის სამ რეგიონში ერთდროულად დაფიქსირდა და ძალიან სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში, რამაც პანიკაში ჩააგდო მოსახლეობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მდგომარეობა შეაფასა, როგორც პანდემიის | ფაზა. აღსანიშნავია, რომ შეფასების ეს სკალა 6-საფეხურიანია.

ღორის გრიპიპირველად საქართველოში H1N1 ტიპის ვირუსი გერმანიიდან, ესპანეთიდან და ინგლისიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს აღმოაჩნდათ.

A (H1N1) ვირუსის ე.წ ,,ღორის გრიპის’’ შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის „ამბიონი“ ესაუბრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფექციურ დაავადებათა სამსახურის უფროსს, ქალბატონ ხათუნა ზახაშვილს:

როგორია ღორის გრიპის სიმპტომები?

ე.წ. ,,ღორის გრიპი’’, ანუ A(H1N1) 2009 არის სწორედ ის ვირუსი, რომელმაც 2009-2010 წლებში გრიპის პანდემია გამოიწვია. გარდა იმ თვისებისა, რომ ამ ვირუსმა შეძლო პანდემია გამოეწვია, შეიძლება ითქვას, რომ მასში უჩვეულო არაფერია და ის ავლენს ისეთივე სიმპტომებს, როგორსაც ჩვეულებრივი სეზონური გრიპის ვირუსები. სხვათა შორის, 2010 წლის აგვისტოდან A(H1N1) 2009-ს უკვე სეზონურ ვირუსად მიიჩნევენ.

რა გზებით გადადის ეს ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე?

გრიპი A(H1N1) ადამიანიდან ადამიანზე გადადის 2 გზით. პირველს ჰქვია ჰაერწვეთოვანი გზა. ხორციელდება შემდეგნაირად: დაავადებული ადამიანი საუბრის, ხველის, ცემინების დროს გამოისვრის წვეთებს, რომლებიც შეიცავენ გრიპის ვირუსებს. თუ ასეთი წვეთი მოხვდება ჯანმრთელი ადამიანის ლორწოვანზე, შეიძლება მოხდეს მისი დაავადება. მე-2 გზას კონტაქტურს უწოდებენ და შემდეგნაირად ხორციელდება: დაავადებული ადამიანის მიერ გამოსროლილი ინფიცირებული წვეთები გამოილექება სხვადასხვა ზედაპირზე. ჯანმრთელი ადამიანი უნებურად შეიძლება შეეხოს ასეთ ზედაპირს ხელით და იმ შემთხვევაში, თუ ამავე ხელით (დაბანის გარეშე) ის შეეხება საკუთარ ლორწოვან გარსებს (პირი, ცხვირი, თვალები), მოახდენს გრიპის ვირუსის გადატანას და დაიინფიცირებს თავს.

რა სამკურნალო საშუალებები არსებობს ამ ვირუსის დასამარცხებლად?

მთავარი პროფილაქტიკაა, ანუ როგორ არ დავავადდეთ გრიპით. პროფილაქტიკის საუკეთესო საშოუალება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაა. 2010-2011 წლებისთვის რეკომენდებულ გრიპის ვაქცინაში ერთ-ერთ კომპონენტად შედის A(H1N1) 2009, ანუ ღორის გრიპის ვირუსისგან დამცველი ერთეული. ზოგადად, გრიპის ვაქცინები სამ კომპონენტიანია და იცავს გრიპის იმ 3 შესაძლო ვირუსისგან, რომელთა სეზონური ცირკულაციის პროგნოზირება ხდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.
რაც შეეხება სამკურნალო საშუალებებს, გრიპის შემთხვევათა ძირითადი რაოდენობა არ საჭიროებს სპეციალური სამკურნალო საშუალებების გამოყენებას. მათი უმრავლესობა გამოჯანსაღებით სრულდება მხოლოდ სიმპტომური თერაპიის გამოყენებით (სიცხის დამწევები, ტკივილგამაყუჩებლები). იშვიათად აუცილებელი ხდება ე.წ. ანტივირუსული საშუალებების გამოყენება. ანტივირუსული პრეპარატებიდან A(H1N1)-ზე მოქმედებს ორი: ოსელტამივირი (მწარმოებლის დასახელება – ტამიფლუ) და ზანამივირი (მწარმოებლის დასახელება – რელენზა). ამ პრეპარატების დანიშვნა განსაკუთრებით ეფექტურია სიმპტომების დაწყებიდან პირველ 48 საათში, რაც ამცირებს დაავადების მიმდინარეობას საშუალოდ 1,5 დღით და ასევე, ამცირებს გრიპის შემდგომი გართულებების ალბათობას.

საშიშია თუ არა საკვებად ღორის ხორცის მოხმარება?

არა, ღორის ხორცის საკვებად გამოყენება არაა საშიში.

შესაძლებელია თუ არა ამ ვირუსისგან ბოლომდე განკურნება, რაიმე გართულებას ხომ არ ტოვებს ადამიანის ორგანიზმში?

ჩვეულებრივ, გრიპი განკურნებადი დაავადებაა და არ ტოვებს გართულებებს. მაგრამ მკურნალობის რეჟიმის დარღვევის, ან სხვა ქრონიკული დაავადების ფონზე გრიპით ინფიცირებისას შესაძლებელია გარკვეული გართულებები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ მკურნალობას.

ამ დროისთვის საქართველოში A (H1N1) ვირუსით ინფიცირების სულ რამდენი შემთხვევაა გამოვლენილი?

2011 წლის 1 იანვრიდან 2 თებერვლამდე ჩვენი ცენტრის ლაბორატორიის მიერ დადასტურებულია A (H1N1) ვირუსით დაავადების 194 შემთხვევა. ეს არის მხოლოდ შემთხვევათა ნაწილი. ამავე წლის მე-4 კვირის მონაცემებით, ყოველ 100000 მოსახლეზე გრიპით დაავადებულია 400.

საქართველოში რამდენი ადამიანი იმსხვერპლა ღორის გრიპმა?
2011 წლის 1 იანვრიდან 2 თებერვლამდე A (H1N1) ვირუსით გარდაიცვალა 6 ადამიანი.

როგორ განვასხვაოთ ღორის გრიპი ჩვეულებრივი გრიპის ვირუსისგან?

ასეთი განსხვავების მოძებნა კლინიკური სიმპტომების მიხედვით შეუძლებელია. გრიპის კონკრეტული ვირუსის ტიპის, ან ქვეტიპის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ღრმა ლაბორატორიული კვლევით, რასაც აქვს მხოლოდ ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა და არავითარ როლს არ თამაშობს დაავადებულის მკურნალობაზე.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, თებერვალში A (H1N1) ვირუსის მომძლავრებას ვარაუდობენ. რა პრევენციული ზომებია მიღებული ჯანდაცვის ორგანოების მხრიდან ვირუსის წინააღმდეგ?

ჯანდაცვის ორგანოების მხრიდან გრიპის წინააღმდეგ მიმართულ პრევენციულ ზომებს წარმართავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შემიძლია დავადასტურო, რომ სამკურნალო ქსელი მომარაგებულია ანტივირუსული პრეპარატებით (ტამიფლუ, რელენზა).

როგორ დავიცვათ თავი ღორის გრიპისგან, რას ურჩევთ საქართველოს მოსახლეობას?

დაავადების თავიდან ასაცილებლად საჭიროა გატარდეს გრიპის პრევენციის ზოგადი ღონისძიებები:

მოერიდეთ კონტაქტს იმ ადამიანებთან, რომლებიც თავს შეუძლოდ გრძნობენ, აღენიშნებათ ცხელება და ხველა.
• ხშირად და საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით.
• ეცადეთ, იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. კერძოდ: კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ სასარგებლო საკვები, იყავით ფიზიკურად აქტიურნი.

დავით დანელია

strong


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი