მთავარი » ქრისტიანობა

რომის პაპის მისასალმებელი სიტყვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ (საპატრიარქო 30.07.2016)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.10.2016 ერთი კომენტარი | 2,467 ნახვა

რომის პაპი და პატრიარქი რომის პაპის მისასალმებელი სიტყვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ
საქართველოს საპატრიარქო

ჩემთვის დიდი სიხარული და განსაკუთრებული მადლია შევხვდე თქვენს უწმიდესობასა და უნეტარესობას, ღრმადპატივცემულ მიტროპოლიტებს, მთავარეპისკოპოსებსა და ეპისკოპოსებს, წმიდა სინოდის წევრებს. მივესალმები ბატონ პრემიერ მინისტრს და მეცნიერებისა და კულტურის სფეროების გამოჩენილ წარმომადგენლებს.

თქვენო უწმიდესობავ, თქვენ გადაფურცლეთ ახალი გვერდი ურთიერთობებისა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და კათოლიკე ეკლესიას შორის, როცა აღასრულეთ საქართველოს პატრიარქის პირველი ისტორიული ვიზიტი ვატიკანში. მაშინ თქვენ და რომის ეპისკოპოსმა მშვიდობს ამბორი მიაგეთ ერთურთს და შეჰპირდით, რომ ილოცებდით ერთმანეთისთვის. ამგვარად, გაძლიერდა ის მნიშვნელოვანი კავშირები, რომლებიც ჩვენს შორის არსებობდა ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან. ეს კავშირები განვითარდა და კვლავაც რჩება ურთიერთპატივისცემისა და გულითად ურთიერთობად. ამის ნათელი დასტურია აქ ჩემი წარგზავნილებსა თუ წარმომადგენლების თბილი მიღება, ქართველ მართლმადიდებელთა მიერ გაწეული სასწავლო და კვლევითი საქმიანობა ვატიკანის არქივებსა და პონტიფიკალურ უნივერსიტეტებში, მართლმადიდებლური საკრებულოს არსებობა რომში, ჩემი ეპარქიის ერთ-ერთ ეკლესიაში და ადგილობრივ კათოლიკურ საკრებულოსთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით, კულტურის სფეროში.

მე, როგორც მომლოცველი და მეგობარი, ჩამოველ აქ, ამ ღვთით კურთხეულ მიწაზე, მაშინ, როცა კათოლიკეთათვის გულმოწყალების საიუბილეო წელიწადი თავის მწვერვალს მიუახლოვდა. წმიდა პაპი, იოანე პავლე II-ც, პეტრეს მემკვიდრეთაგან პირველი, ასევე მეტად მნიშვნელოვან მომენტში, 2000 წლის იუბილის ზღურბლზე ჩამობრძანდა აქ, რათა განემტკიცებინა „ღრმა და ძლიერი კავშირები” რომის საყდართან (დახვედრის ცერემონიისას წარმოთქმული სიტყვა, თბილისი, 1999 წლის 8 ნოემბერი. სწავლებანი XXII, 2 [1999], 843 ) და შეეხსენებინა თუ რაოდენ საჭიროა, მესამე ათასწლეულის მიჯნაზე, „საქართველოს, კულტურათა და ტრადიციათა გზაჯვარედინზე მყოფი უძველესი ქვეყანის წვლილი სიყვარულის ცივილიზაციის ასაშენებლად” (სიტყვა, წარმოთქმული საპატრიარქოში, თბილისი, 1999 წლის 8 ნოემბერი: სწავლებანი XXII, 2 [1999], 848).

ახლა კი, ღვთის განგებამ ისევ შეგვახვედრა ერთმანეთს და გულწმოწყალებას, ერთობასა და მშვიდობას მოწყურებული მსოფლიოს წინაშე მოგვიწოდებს, რომ ჩვენს შორის არსებულ კავშირებს ახალი ბიძგი მივცეთ, ახალი გზნებით აღვავსოთ. სწორედ ამის ნათელი ნიშანია ჩვენი მშვიდობის ძმური ამბორი. სამოციქულო ქადაგებაში, განსაკუთრებით კი ანდრია მოციქულში ფესვგადმულ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და პეტრე მოციქულის მოწამეობაზე დაფუძნებულ რომის ეკლესიას დღეს აქვთ მადლი სამოციქულო ძმობის სიმშვენიერის განახლებისა, იესო ქრისტეს სახელითა და მის სადიდებლად. მართლაცდა, პეტრე და ანდრია ძმები იყვნენ: იესომ უხმო მათ, რათა მიეტოვებინათ ბადე და ერთად გამხდარიყვნენ ადამიანთა მებადურენი (შდრ. მარ. 1, 16-17). უძვირფასესო ძმაო, დაე, უფალმა იესომ ახლებურად შემოგვხედოს, დაე, კვლავაც მივყვეთ მის მოწოდებას, რომ მივატოვოთ ყოველივე ის, რაც გვაბრკოლებს უფლის სუფევის ერთად გაცხადებაში.

ამაში ის სიყვარული დაგვეხმარება, რომელმაც მოციქულთა ცხოვრება გარდაქმნა. ეს შეუდარებელი სიყვარულია, უფლის მიერ ხორცშესხმული: „არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, როცა ვინმე თავს წირავს თავისი მეგობრისთვის” (შდრ. იოან. 15,13). ამასთან დაკავშირებით, დიდი ქართველი პოეტი თითქოს ჩვენ მოგვმართავდეს თავისი ცნობილი სიტყვებით: „წაგიკითხავს სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ? ვით იტყვიან, ვით აქებენ? ცან, ცნობანი მიაფერენ. სიყვარული აღგვამაღლებს, ვით ეჟვანნი ამას ჟღერენ. . . „ (შ. რუსთაველი, „ვეფხისტყაოსანი”, თბილისი, 1988, სტროფი 785). მართლაც, უფლისეული სიყვარული აღგვამაღლებს, რადგან წარსულის გაუგებრობებზე, აწმყოს ანგარიშიანობასა და მომავლის შიშზე გვამაღლებს.

ქართველმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე დაამოწმა ამ სიყვარულის სიდიადე. სწორედ იქიდან იკრებდა იგი ძალას, რათა ათას ჭირვარამგამოვლილი კვლავ ფეხზე წამომდგარიყო; სწორედ მასში მიაღწია მან ხელოვნების გასაოცარ მწვერვალებს. მართლაც, კიდევ ერთი დიდი პოეტისა არ იყოს, უსიყვარულოდ ხომ „მზეც არ სუფევს ცის კამარაზე” და ადამიანთათვის „არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება…” (გ. ტაბიძე, „უსიყვარულოდ”, კრებული „გალაქტიონ ტაბიძე”, თბილისი, 1982, გვ 25). სიყვარულში ჰპოვებს ყოფიერების არსს თქვენი კულტურული მემკვიდრეობის უკვდავი სილამაზე, მრავალი ფორმით გამოხატული, როგორიცაა მუსიკა, ფერწერა, ხუროთმოძღვრება, ცეკვა. თქვენ, უძვირფასესო ძმაო, ღირსეულად გამოხატეთ ეს სილამაზე თქვენი არაჩვეულებრივი საეკლესიო გალობებით. ზოგი მათგანი ლათინურ ენაზეა დაწერილი და ამდენად, განსაკუთრებულად ძვირფასია კათოლიკური ტრადიციისთვის. ისინი ამდიდრებენ თქვენს რწმენასა და კულტურულ საუნჯეს, რომელიც მთელი საქრისტიანოსა და კაცობრიობის უნიკალური მონაპოვარია და იმსახურებენ ყოველმხრივ აღიარებასა და დაფასებას.

ქართულ მიწაზე სახარების დიადი ისტორია განსაკუთრებით დავალებულია მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს წინაშე, რომელმაც რწმენა ვაზის ლერწისგან გამოსახული ჯვრით გაავრცელა. ეს ჯვარი ქრისტეს სხეულს როდი იყო მოკლებული – ვაზის სახება ხომ ამ მიწისათვის ეგზომ ძვირფასი ნაყოფის გარდა, თვით იესო ქრისტეს განასახიერებს. მართლაცდა, იესოც ხომ „ჭეშმარიტი ვაზია” – აკი სთხოვა კიდეც თავის მოციქულებს დარჩენილიყვნენ მასში, როგორც ლერწები, რათა ნაყოფი გამოეღოთ (შდრ. იოან. 15, 1-8). უძვირფასესო ძმაო, სახარებამ დღესაც რომ გამოიღოს ნაყოფი, მოგვეთხოვება, რომ კიდევ უფრო განვმტკიცდეთ უფალში და ჩვენს ერთობაში. დაე, თქვენი ქვეყნის მრავალრიცხოვან წმინდანთა დასმა გაგვაძლიეროს, რათა სახარება ყველაფერზე მაღლა დავაყენოთ და განვავრცოთ იგი ისე, როგორც ამას წარსულში ვაკეთებდით და იმაზე მეტადაც კი, გავთავისუფლდეთ წინასწარ შექმნილი წარმოდგენებისაგან და გავეხსნათ ღმერთის მარადიულ სიახლეს. სირთულეები ნუ დაგვაბრკოლებს – პირიქით, ვეცადოთ უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი, გავუზიაროთ ერთმანეთს რწმენის მაცოცხლებელი დვრიტა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ერთურთისთვის ლოცვა და ვითანამშრომლოთ მოციქულებრივი სიყვარულით, რათა ერთად დავამოწმოთ სახარება, ზეცაში უფლის სადიდებლად და მიწაზე მშვიდობას მსახურებისთვის.

ქართველ ხალხს სჩვევია ვაზის ნაჟურით შესვას მისთვის ყველაზე ძვირფასი ფასეულობების სადღეგრძელო. სიყვარულთან ერთად, რომელიც აღგვამაღლებს, აქ განსაკუთრებული ადგილი უკავია მეგობრობას. „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია” – შეგვახსენებს პოეტი (რუსთაველი, „ვეფხისტყაოსანი”, სტროფი 847). მსურს გულწრფელად ვუმეგობრო თქვენს ქვეყანასა და მის ძვირფას ხალხს, რომელიც არ ივიწყებს მიღებულ სიკეთეს და რომლის სტუმართმოყვარე ბუნება სრულად მიესადაგება იმედით აღსავსე მის ცხოვრების წესს, მიუხედავად უამრავი სირთულისა. ეს დადებითი სულისკვეთებაც ხომ რწმენიდან იღებს სათავეს. სწორედ ამიტომაც შესთხოვენ ღმერთს სადღეგრძელოში სუფრასთან მსხდომი ქართველები საყოველთაო მშვიდობას და მტრებსაც კი არ ივიწყებენ.
დიახ, მოწოდებულნი ვართ მშიდობითადა და მიტევებით ვძლიოთ ჩვენს ნამდვილ მტრებს, უხორცოსა და უსისხლოს – ბოროტ სულებს ჩვენს გარეთ და ჩვენ შიგნით (შდრ. ეფეს. 6, 12). ეს მიწა მდიდარია მამაცი, სახარებისეული გმირებით, რომელთაც წმიდა გიორგის მსგავსად, სძლიეს ბოროტებას; უამრავი ბერ-მონაზონით, და განსაკუთრებით, უამრავ წამებულით, რომელთა სიცოცხლემაც „სარწმუნოებითა და მოთმინებით” (იოანე საბანისძე, „აბოს წამება”, III) გაიმარჯვა, გაიარა ტკივილის საწნახელში, არ განეშორა უფალს და ამგვარად გამოიღო აღდგომის ნაყოფი, მორწყა რა ქართული მიწა სიყვარულისთვის დაღვრილი სისხლით. დაე, მათმა შუამდგომლობამ მოჰგვაროს შვება უამრავ ქრისტიანს, რომლებიც დღესაც იდევნებიან და ეწამებიან მთელს მსოფლიოში, და გააძლიეროს ჩვენში კეთილი სურვილი ძმური ერთობისა მშვიდობის სახარების გასაცხადებლად.

http://patriarchate.ge/


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • დი says:

    სასიამოვნოდ წავიკითხავდი ამდენჯერ ,,ერთობა” რომ არ მომხვედროდა თვალში. მემგონი ეკუმენიზმისკენ უნდა გადაგვიბიროს.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი