მთავარი » სხვადასხვა

როგორი იყო ზედაშის კულტურა საქართველოში?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.06.2012 11 კომენტარი | 12,598 ნახვა

ტერმინი “ზედაშე” განსხვავებული შინაარსის მატარებელი სიტყვაა, მაგრამ უპირველესად ის ღვინოსთან და ქვევრთანაა დაკავშირებული. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით, “ზედაშე – შესაწირავი ღვინო”-ა. ნ. ჩუბინაშვილის ქართულ ლექსიკონში კი ამგვარი განმარტებაა: ყოვლადწმიდა სამება “ზედაშე – ღვინო, ხმარებული ჟამის წირვასა ზედა სეფისკვერსა თანა, მსოფლიონი უხმობენ ღვინოსა შენახულსა სთულის დროს პატარა ქოცოში, ვიდრე დღეობადმდე სალოცავის ადგილისა და მაშინ მოხდიან, თან წაიღებენ ნაკვების ზვარითურთ ეკლესიის კარს, სადაცა ნაწილსა ზედაშისა და დაკლულის ზვარისას მიართმევენ სამღუდელოთა. ზოგს დაურიგებენ გლახაკთა და დანაშთენს მიიღებენ თჳთ მუნვე”.

ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონაში ვკითხულობთ: “ზედაშე – (მთიულ.) ბამბის ნართი, რომელიც ხატში ეკლესიას სამჯერ უნდა შემოავლონ, როცა ხატი ვინმეს დაჲმიზეზავს (ლ. კაიშ.)”. მეტეხ-ერთაწმინდის მახლობელ სოფლებში გავრცელებული ადათით, ზედაშე, ღვინის პარალელურად, ეწოდება ასევე ერბოსაც, რომელიც ღვინის მსგავსად ეკლესია-მონასტრებში შესაწირავად იყო განკუთვნილი. მოსახელობას საამისოდ სპეციალური ჭურჭელიც კი გააჩნდა ტაძარში მისატანად. ეს იყო მცირე მოცულობის თიხის ქილები, რომლებიც, მათი გახარჯვის შემთხვევაში, შემწირველებს უკანვე უბრუნდებოდათ. თუმცა ტერმინ ზედაშის შინაარსში, უპირველესად, ღვინო იგულისხმება, მაგრამ, მაგალითად, ქართლ-კახეთში და უმთავრესად, კახეთში აღნიშნული სიტყვა ქვევრებთანაც ასოცირდება.

საქართველოში ზედაშის კულტურის შესახებ გვესაუბრება მევენახეობა–მეღვინეობის მკვლევარი გიორგი ბარისაშვილი:

„ზედაშის ქვევრი მარანში ერთგვარ ორიენტირს წარმოადგენდა და მას ყოველთვის გამორჩეული ადგილი უნდა სჭეროდა ღვინის ხარისხიანად შენახვის თვალსაზრისით. იგულისხმება სიგრილე, მზის სხივების მიუწვდომლობა და შედარებით მყუდრო ადგილი. თუმცა ქართველი კაცი მარანს ისე აწყობდა, რომ არა მხოლოდ ზედაშის, არამედ სხვა ყველა ქვევრი დაცული ყოფილიყო არასასურველი მდგომარეობისაგან. იმ შემთხვევაში, თუკი მარანი საცხოვრებელი სახლის ქვედა სართულს წარმოადგენდა, ზედა სართულზე საძინებელი ოთახი ისეთ ადგილას იყო მოწყობილი, რომ უშუალოდ მის ქვემოთ ზედაშის ქვევრები არ ყოფილიყო მოხვედრილი…”

რა განსხვავება არსებობდა ჩვეულებრივისა და ზედაშის ქვევრების დამზადების ტექნოლოგიას შორის?

ამის შესახებ წერილობითი მასალა დღემდე არ მოგვეპოვება. განსხვავებას ზედაშისა და ჩვეულებრივ ქვევრებს შორის არც მათი ცვილით დამუშავებისა, თუ კირით დადუღაბების შემთხვევაში ვხვდებით, თუმცა სავარაუდოა, რომ ზედაშის ქვევრები უფრო გულმოდგინედ ირეცხებოდა და ამ მნიშვნელოვან პროცესს მეტი დრო და ენერგია დაეთმობოდა წარსულ დროში. ძველად, პრაქტიკულად, არ არსებობდა არც ერთი მარანი, სადაც ზედაშის თუნდაც ერთი ქვევრი არ ყოფილიყო ჩაფლული. ამავე ადგილას იყო მოწყობილი სახატე ნიშაც, სადაც ინთებოდა სანთელი. აქედან გამომდინარე, თითქმის ყველა მარნის მფლობელ ოჯახს ჰქონდა ზედაშის ქვევრი, რომელშიც მზადდებოდა როგორც ტაძარ-მონასტრებისათვის შესაწირი, ისე საეკლესიო დღესასწაულებზე საკუთარი მოხმარებისთვის განკუთვნილი ღვინო. ხშირად ზედაშის ქვევრი წინასწარვე იყო განკუთვნილი რომელიმე დღესასწაულისათვის, მაგალითად, გიორგობისთვის, მარიამობისთვის, შობისთვის… ზოგიერთ შემთხვევაში ამგვარი წესი ვენახის ზვრებზეც ვრცელდებოდა. ვენახის მეპატრონე წინასწარ გამოყოფდა ვენახში გარკვეული რაოდენობის ზვრებს, რომლიდან დაკრეფილი ყურძენიც განკუთვნილი იყო რომელიმე წმიდანის სახელზე თუ დღესასწაულზე ზედაშის ღვინის დასაყენებლად. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით, განსაკუთრებით კახეთის მხარეში, არაერთი ტრადიციული მარანი აშენდა და აღდგა, ის ძირძველი ქართული ადათი, რასაც წარმოადგენს ზედაშის ღვინის დაყენება, თითქმის დავიწყებულია, რაც, სამწუხაროდ, საქართველოს ღვინის კულტურის დაბალ დონეზე მიანიშნებს, რადგანაც ზედაშის ღვინის დაყენება პირდაპირ კავშირშია ადამიანის სულიერ სიმაღლესთან და მდგომარეობასთან. მარანში საზედაშე ქვევრის არსებობა იგივეა, რაც, მაგალითად, ოჯახში ხატისა და სალოცავი კუთხის არსებობა… საზედაშე ღვინის დაყენება, თავის მხრივ, ერის კულტურის განვითარებაზე მეტყველებს.

როგორია საზედაშე ღვინის დაყენების წესი?

საზედაშე ღვინოს ესაჭიროება განსაკუთრებული ყურადღება, მოვლა, მოპყრობა, დაწყებული ქვევრის რეცხვითა და მარნის სისუფთავით, ვიდრე ყურძნის გადამუშავებითა და მისი დადუღება-დაღვინებისა, თუ შენახვის პროცესამდე. ქვევრებში მადუღარ ჭაჭას ალკოჰოლური დუღილის პერიოდში სჭირდება ხშირი ჩარევა. ეს პროცესი შესაძლოა დღეში მინიმუმ 5-ჯერ განმეორდეს. საერთოდ კარგია, თუ ქვევრში ჭაჭას ყოველ ორ-სამ საათში ერთხელ მაინც ჩაურევენ დღე-ღამის განმავლობაში, განსაკუთრებით კი მძაფრი დუღილის პერიოდში. დუღილის დამთავრების შემდეგ ჭაჭა და ღვინო უნდა განცალკევდეს და ღვინო უნდა გადავიღოთ ცალკე ქვევრში, რის შემდეგაც საზედაშე ღვინოს გარკვეული დროის განმავლობაში ესაჭიროება სრული სიმშვიდე.

ჩვენი წინაპრები საზედაშე ღვინოს ჭაჭიდან მეშვიდე დღეს მოხსნიდნენ. ეს წესი ხანგრძლივი დაკვირვების შედეგადაა დაწესებული, რაც, უპირველესად, ღვინის ხარისხიდან გამომდინარეობს. ზოგადად ზედაშის ღვინის დაყენება, ანუ დუღილი, ჭაჭიდან მეშვიდე დღეს მოხსნა და ახლად დადუღებული ღვინის გარკვეული ხნით დასვენება, თავისი შინაარსით წააგავს ბიბლიაში აღწერილ ქვეყნიერების შექმნის 7 დღეს, რომლის შემდეგაც ქვეყნის შემოქმედმა დაისვენა…

საზედაშე ღვინის დასაყენებლად უნდა დაიწუროს მხოლოდ წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის ყურძენი. დაუშვებელია თეთრი ყურძნის გამოყენება, ან თუნდაც მისი უმცირესი ნაწილის შერევა წითელ ყურძენში (საუბარია საბარძიმე ღვინოზე). ასევე, არ შეიძლება წითელ საზედაშე ღვინოში თეთრი ღვინის შერევაც, თუნდაც ეს იყოს ღვინის სულ მცირედი რაოდენობა. ამის გარდა, უნდა გამოირიცხოს საზედაშე ღვინოში წყლის მოხვედრაც. ამის თავიდან ასაცილებლად ჭურჭელი (ქვევრი, კასრი, მინის ჭურჭელი და სხვ.) უნდა გამოიყენოთ მაშინ, როდესაც იგი რეცხვის შემდეგ კარგად გაშრება. საზედაშედ, ასევე, არ გამოიყენებენ ვარდისფერი ღვინის მომცემ ვაზის ჯიშებს, რომელთა ღვინის შეფერილობის ინტენსივობა სუსტია. ზოგადად, საზედაშე და აქედან გამომდინარე, საბარძიმე ღვინისათვის უმჯობესია, თუ გამოვიყენებთ ქართულ წითელყურძნიან საღვინე ვაზის ჯიშებს, როგორებიცაა, მაგალითად: “საფერავი”, “ძელშავი”, “ოცხანური საფერე”, ქართლისა თუ კახეთის “თავკვერი”, “შავკაპიტო” და სხვა, დასავლეთისა თუ აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი ჯიშები.

საზედაშე ღვინის დასაყენებლად ე.წ. “უწამლი” ვაზის ყურძნის გამოყენება არ არის გამართლებული. საქართველოს ყოველი მხარე განთქმულია და გააჩნია ათეულობით ადგილობრივი წითელყურძნიანი ვაზის ჯიში, რომლებიც ჩვენი წინაპრების მიერ საუკუნეების წინაა გამოყვანილი და ჩვენ რატომ არ უნდა გამოვიყენოთ საზედაშედ. აქედან გამომდინარე, საბარძიმედ ისეთი, ხშირ შემთხვევაში, გაურკვეველი წარმოშობის შემოტანილი ვაზის სახეობათა შორისი ჰიბრიდები თუ სხვა, როგორებიცაა, მაგალითად: ვაქირულა, დირბულა, მოლდავანკა, ადესა და სხვ. მათი გამოყენება საზედაშედ მიზანშეწონილი არაა. საგულისხმოა, რომ ჩამოთვლილთაგან ზოგიერთი ყურძნის გამოყენება არათუ წმიდა ბარძიმში, არამედ საქართველოს ვაზისა და ღვინის კანონის თანახმად, მეღვინეობაშიც იკრძალება… ჩვენმა წინაპრებმა ქართული ვაზის ჯიშების სახით არათუ ქართული, არამედ მსოფლიო მემკვიდრეობის გენოფონდი შექმნეს და ყოველივე ამის შემდეგ ჩვენ წმიდა ბარძიმში “ადესა” და მისთანა ყოვლად უვარგისი და “უჯიშო ჯიშების” ღვინო უნდა ჩავასხათ?

ოჯახურ პირობებში დაყენებულ საზედაშე ღვინოს დამუშავება არ ესაჭიროება. ასევე, არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს და არც არის რეკომენდებული ალკოჰოლური დუღილის დაწყების წინ საფუვრის წმიდა კულტურის დამატებაც. ზოგადად, ოჯახურ პირობებში, არათუ საზედაშე ღვინოს, არამედ ჩვეულებრივ ღვინოსაც არ ესაჭიროება ზემოთ ჩამოთვლილი დანამატები და ფილტრაცია, რადგან ღვინო, თუკი მას ცოდნით მივუდგებით, ბუნებრივად და ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე გაივლის დაღვინების ყველა ეტაპს. ერთადერთი მეთოდი, რომლის გამოყენებაც დაშვებულია ზედაშის ღვინის დაყენებისას, ესაა ქვევრებში გოგირდის ჩაბოლება, რომელ მეთოდსაც ჩვენი წინაპრებიც იყენებდნენ. რა თქმა უნდა, გოგირდის ჩაბოლება არ გამორიცხავს ჭურჭლისა და მარნის ჰიგიენის წესების დაცვას, რაც ერთ-ერთი წინაპირობაა ხარისხიანი ღვინის მისაღებად. აქედან გამომდინარე, საზედაშე ღვინოს ესაჭიროება არა ფილტრაცია და ქიმიური დანამატებით გაჯერება, არამედ ჭაჭიდან დროული მოხსნა, გადაღების სწორი დროის შერჩევა, წესების დაცვით შენახვა და როგორც უკვე ითქვა, მარნისა და ქვევრების ჰიგიენური წესების ზუსტი დაცვა.

სხვადასხვა ეთნოგრაფიული წყაროებიდან ირკვევა, რომ საზედაშე ღვინის დაყენების პროცესის დროს არა მხოლოდ ჰიგიენური წესების დაცვა იყო აუცილებელი, არამედ ეთიკურისაც. კერძოდ, ღვინის დაყენების პროცესში ნასვამი მამაკაცი მონაწილეობას არ იღებდა, ხოლო ვინც ამ დროს მარანში ბილწსიტყვაობდა, ან ზედმეტს ხმაურობდა, მას მარნიდან ითხოვდნენ. ყურძნის წურვის დროს მარანში აუცილებლად ინთებოდა წმიდა სანთელი. რაჭაში ძველად უარსებია ერთ წესს: მამაკაცი, რომელიც საწნახელში უნდა ჩამდგარიყო ყურძნის დასაწურად, გარკვეული დროით, რამოდენიმე დღე, მეუღლისგან განცალკევებულად იძინებდა…

საზედაშე ქვევრთან დედაკაცებს შეხება არასდროს არ ჰქონდათ. საქართველოში, როგორც წესი, მანდილოსნები ქვევრში ღვინის დაყენებაში არ მონაწილეობდნენ. იკრძალებოდა მასთან უცხო ადამიანების შეხებაც და ამ სახის ქვევრთან და ღვინოსთან, შეძლებისდაგვარად, ერთსა და იმავე პირს ჰქონდა ურთიერთობა.

ძველ საქართველოში, როდესაც საზედაშე ქვევრი ზიანდებოდა და საჭირო იყო მისი შეცვლა, მაგალითად, 100 ლიტრიანი საზედაშე ქოცოს სანაცვლოდ მარნის მეპატრონე შეიძენდა 110 ლიტრიან, ან უფრო მეტი მოცულობის ჭურჭელს. ეს ფაქტი ზედაშეს თემის განსაკუთრებულობაზე მიგვანიშნებს.

ქართულ ქვევრებს მექვევრე ოსტატები პირებზე უკეთებდნენ დამღებს, რომლებზეც გამოსახული იყო: მექვევრის ინიციალები; დამზადების წელი თუ ადგილი; ორნამენტები; რაიმე რიტუალი; ბორჯღალი… ზოგიერთ ქვევრზე ხშირია ჯვრის გამოსახულებაც, რაც გვაფიქრებინებს, რომ ასეთი ქვევრის უპირველესი დანიშნულება სწორედ საზედაშეა.

ამ ღვინით ქართველი კაცი ადიდებს ცისა და ქვეყნიერების შემოქმედს, ეს ღვინო მართლმადიდებლური წირვის დროს მაცხოვრის სისხლად გარდაიქმნება. ზედაშის კულტურა ქართული მეღვინეობისათვის დამახასიათებელი, განუყოფელი ფენომენია. ქართული მარანი ზედაშის ქვევრის გარეშე ისევე წარმოუდგენელია, როგორც ქართველი კაცი – წინაპართა დანატოვარი ადათის გარეშე.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

11 კომენტარი »

  • ნესტანი says:

    ძალიან საინტერესოა! კარგია რომ ჩვენს მივიწყებეულ ტრადიციებს აღვადგენთ შეძლებისდაგვარად. ყველა თუ გაითვალისწინებს და უძველეს ქართული ვაზის ჯიშებს მოაშენებს, უცხოეთიდან შემოტანილი ჰიბრიდების ნაცვლად ძალიან კარგი იქნება!

  • გიორგი says:

    მადლობა სტატიის ავტორს, დიდი ხანია მაინტერესებდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რაიე ინფორმაციის გაგონება. მინდა ავღნიშნო, რომ მართლაც უდიდესი ტრადიციის ამბავთან გვაქვს საქმე და რაც მთავარია გარკვეულწილად ქართული კულტურის სიწმინდესთან და მის ძალასთან გვაქვს საქმე.
    ჩემი ოჯახიც ამ მოვლენის მონაწილეა და გადმოცემით ვიცი, რომ ზედაშეში ჩაწურული ღვინო რომელიმე წმინდანის სახელზე ყენდებოდა, უფრო ხშირად ე.წ. ფუძის ანგელოზის, საიდანაც ამოღებული ღვინო მხოლოდ საეკლესიო დღესასწაულებზე გამოიყენებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ჭურჭელი სასწაულებრივი მოვლენითაც გამოირჩეოდა, კერძოდ მისი მცირედი დანაკლულების შემთხვევაში, იგი თავისით ივსებოდა. ერთი სიტყვით თუ მასში არსებულ ღვინოს მთლიანად არ ამოიღებდი, მისი დანაკლულება შეუძლებელი იყო.
    სტატიის ავტორთან მაქვს ერთი სათხოვარი, ჩემო სულიერო დაო თეონა, ამჟამად ჩემი წინაპრების მიერ ჩაგდებული ზედაშე (ქვევრი), არის მიტოვებული ნამოსახლარის ადგილზე ისევ ისე ჩაგდებული მიწაში, სამწუხაროდ ჟამთა ცვლამ იგი დააზიანა, თუ შეგიძლიათ იქნებ გვითხრათ ასეთ სიტუაციაში, როგორ იქცეოდნენ ჩვენი წინაპრები, რა შეიძლება გაკეთდეს? შეიძლება თუ არა მისი ამოღება და გადატანა? სად, როგორ და ა.შ.
    გადმოცემით ვიცი რომ მისი უკურადღებობა არ შეიძლება და ალბათ ასეც არის, მეც ვეთანხმები, მაგრამ ვინაიდან იმ ადგილზე აღარავინ არ ცხოვრობს და დიდი ხნის წინათ იქნა მიტოვებული, მისვლას და ყურადღების მიქცევა გვიჭირს, ასეთ სიტუაციაში ვფიქრობ რაღაც გამოსავალი უნდა არსებობდეს, გთხოვთ იქნებ რაიმე ინფორმაცია თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენც გაგვანდოთ, დამერწმუნეთ არა ერთი ოჯახი დაგრჩებათ მადლიერი.
    დიდი მადლობა წინასწარ.

  • ნათია says:

    გამარჯობათ. დიდი ხანია ველოდი ამ თემას,მაინტერესებს ზედაშე რომ დაიკარგოს (ვგულისხმობ არ იცოდნენ რომელია და სად არის) და სხვის ზედაშეს ასუფ
    თავებდნენ შეიძლება?დაძუსტებით არ იციან მათია თუ სხვისი.რა უნდა მოიმოქმედონ?

  • გიორგი ბარისაშვილი says:

    მოგესალმებით.
    თქვენის ნებართვით მე გავცემ პასუხებს თქვენს შეკითხვებს.
    ბოლო შეკითხვა (“ზედაშე რომ დაიკარგოს”…). ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ახალი ქვევრი უნდა შეირჩეს საზედაშედ. თუ ახალი ქვევრის მოტანის საშუალება არ არის, მაშინ მარანში ჩაყრილი ქვევრებიდან ოჯახის უფროსი შეარჩევს რომელიმეს და იმ დღიდან ის ქვევრი აიღებს ამ ფუნქციას.
    რაც შეეხება პირველ შეკითხვას (“მიტოვებული და დაზიანებული ზედაშის ქვევრი”…). ასეთ შემთხვევაში ჩვენი წინაპრები ასე იქცეოდნენ: ამოიღებდნენ დაზიანებულ ქვევრს და მიჰქონდათ იმ ტაძრის ეზოში, სადაც ხდებოდა ამ საზედაშე ქვევრის ღვინის შეწირვა. ასეთი ქვევრები დღესაც მრავლადაა საქართველოს ტაძრბის ეზოებში (განსაკუთრებით ქართლ-კახეთში). მოკლედ: თუ იმ ადგილს დანგრევა ემუქრება მაშინ სასურველია, რომ ზედაშის ქვევრი ამოიღოთ და მიიტანოთ იქვე ახლოს, რომელიმე ტაძარში. მე თქვენს ადგილას დანარჩენ ქვევრებსაც ამოვიღებდი და ასე მოვიქცეოდი: კახეთში ძალიან ბევრი მარანი შენდება და ქვევრებზე დიდი მოთხოვნილებაა და ამ რომელიმე მარანს ვაჩუქებდი, ან უბრალოდ შევინახავდი. ქვევრს, თუკი მას გარეთ, ეზოში დავაწყობთ არაფერი მოუვა, თუნდაც ათწლეულებით ეწყოს. ამასობაში გამოუჩნდება რაიმე ფუნქცია, ან დეკორატიული, ან პრაქტიკული.

  • გიორგი says:

    პირველ რიგში დიდი მადლობა გიორგი ბარისაშვილს პასუხებისთვის. მაგრამ რომ არ ვკითხო არ გამოდის. იქნებ მითხრათ ისიც თუ საიდან ფლობთ ამ ინფორმაციას,მე არაერთი თაობის წარმომადგენელთან მქონია საუბარი და დაზუსტებული და დამარწმუნებელი პასუხი ვერც ერთისგან ვერ მოვისმინე. ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ ეს საკითხი გარკვეულწილად სიწმინდესთან და წმინდანებთან არის კავშირში, გამოცდილება და პრაქტიკა კი სიფრთხილეს ქადაგებს, ვინაიდან ერთ-ერთი გვარის წარმომადგენლები რომლებსაც ზედაშე მიტოვებული აქვთ, ფუძეც აშლილი და არეული აქვთ. უფრო მეტიც თითქმის ყოველ მესამეს შთამომავლობა არ ღირსებია (უშვილოები არიან). არ მინდა ეს უკანასკნელი ჩვენს თემას დაუკავშირო, მაგრამ ფაქტები მაიძულებენ რომ მსგავსი სახით ვიფიქრო. ამიტომ ვთვლი რომ ფაქიზი თემაა და მცირე უზუსტობაც კი შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს შთამომავლობისთვის.
    იცით, მე ისიც მსმენია, რომ დაზიანებული ქვევრის ამოღებას შესაბამისი რიტუალური ხასიათი ქონდაო, თუმცა ზუსტად რა სახით ხდებოდა ვერ დავადგინე, ამის თაობაზე თუ ქსმენიათ რაიმე?
    სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ ჩვენი დედა ეკლესიის წიაღში ამ საკითხთან დაკავშირებით გადაჭრითი პასუხი არ მოიპოვება, ყოველ შემთხვევაში ჩემი მცდელობის ფარგლებში წარუმატებლობა განვიცადე. რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია ამ ტრადიციის შენარჩუნება მემკვიდრეთათვის და რა გავლენას ჰპოვებს მათზე? და თუ ოჯახს არ დარჩა გვარის გამგრძელებელი ვაჟი, რომლის პირდაპირი მოვალეობაც იყო ხოლმე ოჯახის ტრადიციების გაგრძელება, ამ შემთხვევაში ვინ უნდა გააგრძელოს ან არ გააგრძელოს და სხვ…?
    ვთვლი რომ მსგავსი ნიუანსები ერთობ მნიშვნელოვანია ქართული რეალობისათვის და აქედან გამომდინარე მათზე პასუხებიც ზუსტად უნდა დასაბუთებული.
    გთხოვთ მომიტეოთ ჩაკირკიტებისათვის.

    • გიორგი ბარისაშვილი says:

      არაერთი თაობის წარმომადგენელი “ძირეულად რომ დავკითხე” და თქვენი არ იყოს, მეც ხელმოცარული დავრჩი სწორედ ამან მაიძულა ბირჟვიკების დაკითხვებისათვის თავი დამენებებინა და ჩვენი ქართული ლიტერატურისათვის მიმემართა. ამასთან ეთნოგრაფებთან, ისტორიკოსებთან და არქეოლოგებთან დავიჭირე მჭიდრო კავშირი და სწორედ მათი მეთვალყურეობითა და კონსულტაციებით შევუდექი იმ საქმიანობას, რომელსაც ამჟამადაც მივდებ… ძეგლის მეგობარი, მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, მასალები საქართველოს შინამრეწველობის ისტორიისათვის, ათეულობით სტატია, თუ ვრცელი ნაშრომის გაცნობა საჯაროში თუ სხვაგან, ძველი ფოტოსურათების კოლექცია, რომლებიც არაერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალს ხდიან ფარდას, ქართული სამართლის ძეგლები და სხვა ათეულობით წიგნი თუ ბროშურა ქართულ ვაზზე და ღვინოზე. აი აქედანაა ეს ყველაფერი ამოკრებილი. ამას ემატება ჩემი ეთნოგრაფიული გასვლები საქართველოს რეგიონებში და ჯერ კიდევ შემორჩენილი ძველი ხელოსნების გამოკითხვა შინამრეწველობის იმ უნიკალურ დარგზე, როგორიცაა მექვევრეობა და ზოგადად მეთუნეობა. ბატონო გიორგი, თუ დამიჯერებთ თავიდან, სანამ სულ მთლად ბოლომდე არ ჩავყევი ამ საკითხს, მანამდე, ერთი ხანობა ისიც კი ვიფიქრე, რომ იქნებ ზედაშის კულტურა სულ სხვაგვარად საქართველოში და იქნებ რაც მე ინფორმაცია მოვაგროვე მთლად ფუჭია-მეთქი, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ რაც ჩემს მიერ ზემოთ მოცემულ სტატიაშია, რომელსაც “ამბიონმა” კითხვა პასუხის, ანუ დიალოგის სახე მისცა მისი ერთგული მკითხველის მეტად დაინტერესებისათვის, მართლაც ასეა! თქვენს მიერ დასმული შეკითხვები იმდენად მართებული და აქტუალურია, რომ შემიძლია ვთქვა, რომ ახალი სტატიის თემაც კია. ეს საკითხი, თქვენი თქმისა არ იყოს მართლაც ძალიან საფრთხილო საქმეა… აბა ერთხელ კიდევ გადავავლოთ იმ ადგილს თვალი, სადაც ვამბობ, რომ თუ მარანი, და მასში მყოფი ზედაშეები სახლის ქვედა სართულზეა, მაშინ საძინებელი ისე უნდა მოეწყოს, რომ იგი ზედაშეების თავზე არ მოხვდეს… ან რაჭაში გავრცელებული ის ტრადიცია, როდესაც მამაკაცი, რომელიც საზედაშე ყურძნის დასაწურად საწნახელში უნდა ჩამდგარიყო გარკვეული დროით, რამოდენიმე დღე მეუღლისაგან განცალკევებით იძინებდა… ამაზე მეტი განა რაღა შეიძლება ითქვას? ალბათ თქვენი შეკითხვებიც სწორედ ამიტომ გაჩნდა და ეს მართებულიცაა. დაზიანებული ქვევრის შესახებ მოძღვარს უნდა შეუთახნდეს კაცი და მისი კურთხევის შემდეგ ქვევრი მიწიდან ამოიღოს და ტაძრის ეზოში მიიტანოს და იქ დაყოვოს. არ შეიძლება მისი გადაგდება და მართლაც რას არ ნახავს კაცი სოფლის ნაგავსაყრელზე, მაგრამ ერთადერთი რაც იქ არაა, ესაა, როგორც ზედაშის, ისე ზოგადად ქვევრი. ჩვენთნ ქვევრსამარხების პრაქტიკაც კი იყო. წარმოვიდგინოთ, რომ ქვევრსამარხში იმარხებოდა მამაკაცი (და არა დედაკაცი), რომელიც იმავე ქვევრში წლების ნამძილზე ღვინოს აყენებდა… ეს ქრისტიანობამდელი ფაქტია, მაგრამ განა ეს ვაზისა და ღვინის უაღრესად მაღლი კულტურის გამოვლინება არ არის? და ეს მაშინ, როდესაც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში (გვარს არ დავასახელებ:)) სასაფლაოები არც კი არსებობდა… არ ვაკონკრეტებ რას უშვებოდნენ მიცვალებულებს. მარა ჩვენ ჩვენსას მივხედოთ. რაც შეეხება ზოგიერთ იმ საკითხს, რომლის დროსაც საქმე ადამიანთა უშვილობითა და სხვა განსაცდელებით მთავრდება, ვიტყვი, რომ ამგვარ ყოფაში არა მხოლოდ რამოდენიმე, არამედ მთელი ქვეყანაა. ანუ საქართველოში ზედაშის კულტურა მიზეზთა და მიზეზთა გამო შეწყვეტილია და მაშინ მთელი ქართველი ერი უნდა იყოს უშვილო…(ნახევრად ვიხუმრე, მომიტევეთ). მოკლედ ურთულეს დროში ვცხოვრობთ და ერთგვარი უწიგნურობის ხანა დაგვდგომია. ამ საქმეს აღდგენა უნდა და ჩემი სტატიაც შეძლებისდაგვარად ამას ემსახურება და ერთმანეთის გვერდშ დგომით უნდა აღვადგინოთ ზედაშის კულტურა, ურომლისოდაც ქართული მეღვინეობა ყოველთვის ნახევარი იქნება და არა მთლიანი… თუ ოჯახში, სადაც ზედაშის ღვინო და ქვევრები იყო აღარ არის გვარის გამგრძელებელი მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ ამის თქმა ძნელია. ერთი კია, რომ ასეთი სახლის მთლად მიტოვებაც არ შეიძლება და ალბათ დანგრევას ჯობია გაიყიდოს და სხვა და სხვა… ამაზე რთულია კონკრეტული პასუხის გაცემა. ძალზედ საინტერესო შეკითხვები გაქვთ და აუცილებლად გამოვიყენებ მათ ჩემს შემგომ ნაშრომბში. მართალია ამომწურავად ვერ გიპასუხეთ, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ახლო მომავალში ამ საკითხის გარშემო პასუხგაუცემელი კითხვა აღარ იარსებებს. ზოგადად კი ყოველთვის იქნება ისეთი დეტალური კითხვები, როგორიცაა, მაგალითდ: “თუ ზედაშის ქვევრი დაზიანდა და მიწიდან ამოვიღე, ტაძრამდე რითი უნდა მივიტანო, ზურგით თუ მანქანით?” და სხვა :) ამ სახის კითხვები რა თქმა უნდა ყოველთვის შეიძლება გაუჩნდეს კაცს და მათი პასუხებიც, ზოგიერთი ჩვენივე გონებაში უნდა ვეძებოთ. თუ არადა მაშინ მოძღვართან ერთად უნდა გადავწყვიტოთ. მე მაგალითდ ასე ვიქცევი ხომლე, რადგან არის ბერი კითხვა, რომელთაც ესაჭიროება მსჯელობა და ლოგიკა და პასუხიც ამის შემდეგ მიიღება. რადგან ზედაშე ჩვენს დედა ეკლესიას უკავშირდება ამ საკითხების გარშემო ზოგიერთი შეკითხვა მოძღვარსაც უნდა ვკითხოთ და მიუხედავად იმისა, რომ შეაძლოა მათმა უმეტესობამ ამის შეასხებ არაფერი იცოდეს, რაც ასეც ხდება ხოლმე, ამ შემთხვევაში ამის მერე მაინც მოიძვეს რაიმე ინფორმაციას…
      ბატონო გიორგი თუ როდესმე მცხეთაში მოხვდებით მექვიეთ ჩემს მარანში, მერწმინეთ, აქ თქვენ არაერთ საინტერესოს ნახავთ და გაიგებთ. მოგართმევთ ჩემს დაწერილ ბროშურებსაც ვაზზე და ღვინოზე და დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ. წარმატებებს გისურვებთ!

  • გიორგი says:

    კიდევ ერთხელ გმადლობთ საინტერესო დისკუსიისათვის. სანამ თქვენს კომენტარს ვნახავდი, შევეცადე ამბიონის რედაქციასთან დაკავშირებას და მათმა თქვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი მიბოძეს. როგორც კი საშუალება მომეცემა, თქვენს მოწვევას გავითვალისწინებ და თუ ნებას მომცემთ, სიამოვნებით მოვინახულებ მცხეთაში თქვენს მარანს.
    ამ თემასთან დაკავშირებით დიდი ილიას სიტყვები მახსენდება, სიტყვა-სიტყვით შეიძლება არ მახსოვდეს, მარა მგონი ასე ამბობდა, რომ: “ჩვენი ყოფა ჩვენივე გაუნათლებლობის ბრალიაო“. დღეს, სამწუხაროდ მწარე რეალობის ქვეშ ვართ აღმოჩენილი და გამოსავლის ძიებაში აქეთ-იქით ვაწყდებით, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ამ თემაზე, ზედ გამოჭრილი ერთი ანდაზა მახსენდება, რომელიც იძახის, რომ: “პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს კბილი მოსჭრაო“. იმედია შეგვინდობს უფალი და გზასაც დაგვანახებს მასთან დასაბრუნებელს.
    თქვენ ბრძანეთ, რომ კარგი იქნებოდა თუ იმ სახლს, რომელშიც ზედაშეები არსებობს კი არ დაანგრევენ, არამედ გაყიდიან ან გადასცემენ ვინმეს, რომ მასში სიცოცხლე არ შეწყდეს და შესაბამისად ტრადიციაც გაგრძელდეს, რაშიც მე სრულად გეთანხმებით და ეგ შეიძლება ითქვას იდეალური შემთხვევაა. მაგრამ ჩემი გამოხმაურებაც სწორედ ამ ფაქტის სხვაგვარმა რეალობამ გამოიწვია. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ერთდროს რამოდენიმე ძმის საერთო ოჯახი და მის მარანში ჩაყრილი ზედაშეები, დღეს დანგრეული და მიტოვეულია. მათი არსებობა ისტორიამ მეხსიერებაში შემოინახა, მაგრამ ვაჟი, ტრადიციის გამგრძელებელი არ შემორჩათ, მხოლოდ ქალები. მე ამ ერთ-ერთი ქალის შვილიშვილი ვარ, ანუ სხვა გვარიშვილობის გამგრძელებელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათი ყოფა შინაგანად აღმაფორიაქებს და მავალდებულებს გამოსავლის პოვნაში.
    ცხადია, რომ ეს ყოველივე საქართველოში რწმენის განმტკიცებას ემსახურებოდა და ამავე დროს ოჯახის ერთობას, სიძლიერეს, სიწმინდეთა პატივისცემას და მადლის მოხვეჭას განაპირობებდა, ჰკრავდა და ადუღაბებდა ერს ქრისტეს გარშემო, უმაგრებდა ფესვებს მამულისათვის თავდადებაში და მის სიყვარულში, მაგრამ ასეთ სიტუაციაშიც, ხომ უნდა იყოს რაღაც გამოსავალი, რატომღაც მგონია, რომ სიწმინდეთა და წმინდანთა პატივისცემის გაგრძელება სხვა სახითაც შეიძლება, ბოლოს და ბოლოს ყველა ხომ არ მიჰყვება მევენახეობას. პირველი და უმთავრესი რაც ადამიანს მართებს, როგორც დავით მეფსალმუნე ბრძანებს “გული შემუსვრილი, სული შემუსვრილი და დამდაბლებული” ესაჭიროება და ზედაშის ტრადიციის ვერ გაგრძელების გამო, არა მგონია, ოჯახების სიმშვიდე და ყოფნა არ ყოფნა წყდებოდეს. თუმცა ქართული სული და სისხლი, როგორც ჩანს იმდენად ძლიერია რომ წინაპართა ფესვების მოშლას მშვიდად ვერ ეგუება. ალბათ ესეც ის ერთ-ერთი მიზეზია რამაც დღევანდლამდე მოგვატანინა.
    და მაინც ვინაიდან ჩემი გამოხმაურება თქვენთვის სტიმულს წარმოადგენს და ჩემთვის და არამარტო ჩემთვის, არამედ უამრავი გაუგებრობაში მყოფი ადამიანისათვის კი მეტად საჭირო ინფორმაციას შეიცავს, ჩამოვწერ რამოდენიმე შეკითხვას, რომელიც მჯერა რომ თქვენს მიერ პასუხ გაუცემელი არ დარჩება:
    1) თუ შეიძლება ზედაშის ამოღება და სად უნდა იქნას გადატანილი ან სხვა რა უნდა მოუხერხდეს?
    2) აუცილებელია თუ არა მასში, კვლავინდებურად, შესაბამისი ჯიშის ყურძნის ჩაწურვა?
    3)ტრადიციის შეწყვეტას აქვს თუ არა ზეგავლენა ოჯახზე, მის წევრებზე?
    4)თუკი ზედაშის ჩამგდებს გვარის გამგრძელებელი მემკვიდრე (ანუ ვაჟიშვილი) არ ყავს და შესაბამისად ყურძნის მომყვანიც არავინაა, რომ მასში კვლავინდებურად ღვინო დააყენონ, ამ შემთხვევაში რა ხდება?
    5) რამდენად მნიშვნელოვანია ამ სახით ტრადიციის შენარჩუნება?
    ყრმობის ასაკიდან მაწუხებდა ადამიანთა ყოფა და მათი გამომწვევი მიზეზების ძიებაში ვატარებ დღემდე ჩემს ცხოვრებას. გარკვეული შეხედულების ჩამოყალიბების შედეგად, მიმაჩნია, რომ ეს და ამ სახის საკითხები პირდაპირ კავშირშია ჩვენს მდგომარეობასთან.
    ჩემი საქმიანობა ძირითადად ტექნიკურ მეცნიერებათა სფეროა და შესაბამისი ხარისხი და კომპეტენციაც ამ კუთხით გამაჩნია, მაგრამ რეალობის შეგრძნება, სამშობლოს სიყვარული და მისი შვილების უბედურება, შინაგანად მოსვენებას არ მაძლევს და ერთობ “ჰობად“ მაქვს ნაქცევი, წარსულის ნაშთებში შეცდომათა ძიება და გამოსასწორებელი გზების დასახვა. ამიტომაც გამიხარდა, რომ ამ ტიპის მქონე შინაარსის საკითხი წამოიჭრა და იმედი მაქვს რომ ბევრ ნიუანს მოჰფენს ნათელს ჩვენი ყოფიერების გასაუმჯობესებლად, რაღა თქმა უნდა თქვენაირი მამულიშვილების დახმარებით.
    ხმამაღლა ნათქვამი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ მადლობას გიხდით არა ერთი ადამიანის სახელით თქვენი საქმიანობისათვის და გისურვებთ ღვთის შეწევნას, წყალობასა და წარმატებებს ქართული საქმის კეთებაში.

  • გიორგი ბარისაშვილი says:

    მაშ ასე:
    1)ზედაშის ქვევრის ამოღება შესაძლებელია არა მხოლოდ მისი დაზიანების შემთხვევაში, არამედ ოჯახის სხვა ადგილას გადასახლების შემთხვევაშიც. ამის პრაქტიკა არსებობს. გადასახლების შემთხვევაში ზედაშეებს ამოიღებენ და წაიღებენ და ჩაფლავენ ახალ ადგილას, მარანში. ზედაშე ნაკურთხია და ამ შემთხვევაში ახლიდან სპეციალური კურთხევა არ ესაჭიროება. იკურთხება მხოლოდ სახლი.მისი დაზიანების შემთხვევაში როგორც უნდა მოვიქცეთ ეს ჩემს სტატიაშიცაა ნახსენები, მაგრამ აქ ცოტა კონკრეტულად ვიტყვი: ამოიღებენ დაზიანებულ ზედაშეს (იმ შემთხვევაში თუ მისი შეკეთება აღარაა შესაძლებელი)და ან დადებენ ეზოში, მარანთან ახლოს დეკორაციის თვალსაზრისით (ეს ძალიან იშვიათი შემთხვეაა და მეორე ვერსია ჯობია) ან მოძღვრის კურთხევით მიიტანენ ტაძრის ეზოში, თუ რა თქმა უნდა ზედაშის ქვევრი მთლად ნამტვრევებად არაა ქცეული… ტაძრებთან, ქართლ-კახეთში ძალიან ხშირია ქვევრების არსებობა. ეს ხშირ შემთხვევაში სწორედ მოსახლეობის მიტანილი დაზიანებული ზედაშეებია. ან დაუზიანებელი, თუ ქალაქში გადავიდნენ და სახლი დანგრევის პიარაა მისული, ან რაიმე ასეთი მსგავსი შემთხვევა.
    2)ჯიშების შესახებ მოგახსენებთ, რომ საზედაშედ გამოიყენება წითელყურძნიანი ვაზის ქართული საღვინე ჯიშები და არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება საფერავი, თავკვერი თუ სხვა რომელიმე წითელყურძნიანი ჯიში. შესაძლებელია ერთ წელს ერთი ჯიშის დაწურვა და მეორე წელს მეორესი. ასევე შესაძლებელია ყურძნის შეძენა სხვა ადგილას, მაგრამ მაინც სიფრთხილეა საჭირო. უნდა დავრწმუნდეთ, რომ საზედაშე ყურძენი დიდი ხნის მოკრეფილი არ იყო სადმე დაწყობილი ან დაყრილი და სხვა დეტალები… მოკლედ საკუთარი დაკრეფილი ჯობია. თუ საკუთარი ვენახი არა გვაქვს მაშინ რთველში მაინც უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ზოგადად კახური საფერავი ესაა უნიკალური ვარიანტი ზედაშის ღვინის დასაყენებლად და თუკი ამის საშუალება არსებობს ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ. დანარჩენ შემთხვევაში ვიქცევით ისე, როგორც ჩვეულებრივი ღვინის დაყენებისას, ანუ ჩარევა, ჭაჭიდან დროული მოხსნა, “ძირის გამოცვლა”.საზედაშე ღვინო კარგია თუ არ გაიფილტრება და მას რაიმე სხვა დანამატები არ დაემატება, თუმცა ამაზე უკვე ვისაუბრეთ.
    3)ტრადიციის შეწყვეტა ჩემი გაგებით ესაა ჩვენი წინაპრების ფესვებს მოწყვეტა. მოდით თავად განვსაჯოთ ეს ყველაფერი კარგია თუ ცუდია.თუმცა ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და თუკი ზედაშის დაყენების ტრადიცია შეწყდა ამ შემთხვევაში ამას რაიმე გამართლება მაინც უნდა მოეძებნოს და თუ ეს ყოველივე იმიტომ მოხდა, რომ ვიღაცას სოფელში ცხოვრება, ვენახის მოვლა და მუშაობა მოწყინდა და ურჩევნია ელიავაზე ათენ-აღამოს ორი შაურის ძიებაში, ეს ის შემთხვევა ნამდვილად არ არის, რითაც ტრადიციების შეწყვეტაა გამართლებული. ვიმეორებ, რომ რთული საკითხია და ამას ალბათ არ შეიძლება ცალსახა და მკაცრი პასუხი გაეცეს.

  • გიორგი ბარისაშვილი says:

    ვაგრძელებ მესამე შეკითხვას:)
    წარმოვიდგინოთ კახეთის რომელიმე ლამაზი სოფელი, მაგალითად გავაზი (ყვარელში). მივდივართ ამ სოფელში და ვხედავთ სოფლის ულამაზეს სახლს. ნამდვილი კახური სახლი, ქართული აგურით ნაგები, ქართული კრამიტით გადახურული, ბუხრით, მარნით, ზედაშეებით,რიკულებიანი აივნით, ეზოკარში უზარმაზარი კაკლებით… მაგრამ ეს ყველაფერი მიტოვებულია. თბილისში გადავიდნენ… ალბათ აღარც დაბრუნდებიან… ალბათ იქიდან მერე უცხოეთში წავიდნენ საცხოვრებლად, ალბათ აღარც იქიდან დაბრუნდებიან…რას ვიზავთ , პატივცემულმა ოჯახის უფროსმა ასე გადაწყვიტა და წავიდნენ. ალბათ თავის დროზე ამ სახლის ამშენებელმა რიკულებიანი აივნიდან თოფი ისროლა, როდესაც პატივცემული ოჯახის უფროსი შეეძინათ… ალბათ იმ საღამოს ქვევრიც მოხადეს, ალბათ თავზეც დაითენეს, ალბათ ასე ლოცავდნენ”იხაროს და იხაროს ამ ფუძე-კერაზეო”… აბა მითხარით რა უნდა ექნა პატივცემულ ოჯახის უფროსს, არ უნდა წასულიყო და არ უნდა მიეტოვებინა აქაურობა თავისი ზედაშეებით? რა, პირველი იქნებოდა თუ უკანასკნელი? ბავშვებს ამ ჯურღმულ სოფელში ხომ არ დაამთავრებინებდა სკოლას? მერე სადმე რომელიმე ე.წ. უმაღლეს სასწავლებელშიც ხომ უნდა მიეცა განათლება ბიზნეს-მენეჯმენტის განხრით?
    აგერაა ჩემო ბატონებო ის მიზეზიც, რისთვისაც ზედაშეები მივატოვეთ და ეხლა ამ მესამე შეკითხვას შეკითხვითვე ვპასუხობ, ეს ყველაფერი ხომ არ იმოქმედებს პატივცემული ოჯახის უფროსის რომელიმე შვილზე ან ცოლზე უარყოფითად?
    4)ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს ოჯახის ზედაშის კულტურას კონკრეტულად რომელი გვარის წარმომადგენელი ასრულებს. რა თქმა უნდა სასურველია თუ შთამომავლობის ჯაჭვი არ დაირღვევა და ყოველთვის ვაჯიშვილი გააგრძელებს ამ საქმეს, მაგრამ ჩვენი მიზანია უფლის სამსახური და უნდა გვახსოვდეს, რომ ზედაშის ღვინო იმისათვის ყენდება, რომ იგი ტაძარში შეიწიროს და შემდგომად მაცხოვრის სისხლად გარდაიქმნეს მართლმადიდებლური წირვის დროს. ასეთ შემთხვევაში ეს ყველაფერი წააგავს იმ შემთხვევას, როდესაც საქართველოში მტერი შემოიჭრებოდა ხოლმე. მაშინ მნიშვნელობა არ ქონდა იმას, თუ რომელი გვარის წარმომადგენლები იბრძოდნენ მრტის წინააღმდეგ, არამედ იმას, რომ იმავე გვარის წარმომადგენლები ბრძოლაში შესულიყვნენ ერთმანეთის გვერდით და არა გაქცევით ეშველათ თავისათვის. ეს შეკითხვაც ერთგვარად რთული შეკითხვაა. რა ხდება ამ დროს? ამ დროს ცარიელდება სახლი და ასე შემდეგ. ამაზე უკვე ვისაუბრეთ. მოკლედ თუ ზედაშეებს გაუქმება ემუქრება და სახლ-კარსაც დანგრევა მაშინ ჯობია თუ ზედაშეებს ამოვიღებთ და შევინახავთ. რატომაა ამის საშიშროება, რომ ოჯახი დაცარიელდეს, სად შევინახავთ ამოღებულ ზედაშეებს, როგორ შევინახავთ, ვისთან შევინახავთ, როგორ ამოვიღებთ მათ მიწიდან და სხვა ათს შეკითხვაზე კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი.
    5)ამ სახის ტრადიცია უმნიშვნელოვანესია! ესაა საქართველოს ნაწილი და რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ნაწილი და კუთხეა მნიშვნელოვანი იმდენადაა ზედაშის კულტურაც ნმიშვნელოვანი. ღმერთი მოწყალეა და ზედაშის ადათი აღდგება ჩვენში.

    • ბ-ნ გიორგი, მადლობას გიხდით საინტერესო ინფორმაციისათვის. მითუმეტეს, რომ ჩვენთვის ასეთი მზამზარეული შინაარსის გაცნობას, თქვენი მხრიდან გასაგებია რა დიდი რუდენება და ჯაფა დაჭირდა. ეხლა კი ერთი შეკითხვა მეც მაქვს: თუკი ზედაშის ადგილსამყოფელი
      მარანი გამოუსადეგარია ან ძალიან უხერხულია… ღვინის დაწურვისათვის (ამ შემთხვევაში არც კედლები და არც ჭერი არაა შემორჩენილი) – შეიძლება თუ არა სხვაგან დაიწუროს შესაბამისი ყურძენი და სითხე შემდეგ გადავიტანოთ, ჩავასხათ უკვე კონკრეტული ზედაშის ქვევრში.
      თუ ჯერ აღვადგინოთ მარანი და შედეგ დავწუროთ მტევანი, იქვე.
      თუ ან ერთი ან მეორე განვახორციელოთ – გვარში და მოძღვართან შეთანხმებით? მადლობა..

  • ლომიძე says:

    დაგლოცოთ ღმერთმა ბატონო გიორგი! ასეთი შესანიშნავი და სამაგალითო მამულიშვილური საქმისათვის,ამრავლოს თქვენებურად მოაზროვნე ქართველები. მჯერავს, რომ ღვთის წყალობით აღსდგება საქართველოში ზედაშის ადათ-წესი. ჩემის აზრით, სასწრაფოდ ყველა ქართველი უნდა მიილტვოდეს დაბრუნებას იმ ქართული აგურითა და კრამიტით ნაშენებ სახლებში, თქვენ რომ ასე ლამაზად აღწერთ, ერთ კახურ სოფელში და მიზეზსაც აქვე საფუძვლიანად, შეუდარებლად განმარტავთ ზედაშეების მიტოვებისა, რადგან ღვთისადმი ლოცვა-კურთხევით, ყველა ქართველის ოჯახს დაბრუნებოდეს სალოცავზე შეწირული ზედაშის მადლი … ასევე ძალიან დამაინტერსა თქვენმა მარანმა მცხეთაში და ნაშრომებმა ვაზსა და ღვინოზე, რის ნახვასაც, რაღა თქმა უნდა შევეცდები თქვენის გაცნობით… პატივისცემით ბორჯომის ხეობიდან.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი