მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

როგორ ყალიბდება მიჯაჭვულობა და რა შეიძლება გამოიწვიოს მიჯაჭვულობის გრძნობის დარღვევამ?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.08.2014 | 3,491 ნახვა

ნებისმიერი ასაკის ადამიანს სჭირდება გვერდით ვინმე, ვისთანაც თავს დაცულად, კომფორტულად იგრძნობს. უფროსები თავს ლაღად, ბედნიერად გრძნობენ, დედა–შვილი თუ ვინმესთან მიჯაჭვულობის გრძნობა აკავშირებთ, ბავშვებისთვის კი ამ გრძნობის განცდა აუცილებელია, რადგან მათი ნორმალური განვითარება სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად აქვთ ჩამოყალიბებული ადრეულ ასაკში მიჯაჭვულობის გრძნობა.

ჩვილს განვითარებისთვის სჭირდება უფროსი ადამიანი, თავისზე ძლიერი და უშიშარი, რომელთანაც თავს დაცულად, უზრუნველყოფილად იგრძნობს. ასეთია დედა, რომელიც უკმაყოფილებს ჩვილს მოთხოვნილებებს, რითაც ხელს უწყობს მას, განუვითარდეს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა რეაქციას უნდა ელოდოს მისგან სხვა დროს… დედა არის ადამიანი, რომელსაც მცირე ხნის შემდეგ შეუძლია გაარჩიოს საკუთარი და სხვისი შვილის ტირილი, შეუძლია გაარკვიოს, რა არის ბავშვის მოუსვენრობის, წუხილის მიზეზი, დედას შეუძლია უპირობოდ უყვარდეს შვილი. თუმცა ზოგიერთ ქალს ბავშვის მიმართ გრძნობა თავიდანვე არ უჩნდება, ისინი დედის როლში თავს არაკომფორტულად გრძნობენ, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან დედასა და ბავშვს შორის ადრეული ურთიერთობა მნიშვნელოვანია მიჯაჭვულობის ფორმირებისთვის. მიჯაჭვულობა უვითარდება ყველა ბავშვს, მაგრამ მისი ხასიათი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.

მ. ევინსონმა მიჯაჭვულობის ოთხი ტიპი გამოყო: სანდო, განრიდებული, ამბივალენტური და დეზორგანიზაციული.

სანდო მიჯაჭვულობის დროს ბავშვი დედისკენ მიილტვის, აქვს მისი მხარდაჭერის იმედი. ბავშვმა იცის, რომ შეუძლია ჰქონდეს მშობლის იმედი, რადგან მას აქვს იმის გამოცდილება, რომ ის მშობელს ყოველთვის ახსოვს. სანდო მიჯაჭვულობის მქონეა ბავშვი, როცა დედა (ან ადამიანი, რომელიც მასზე ზრუნავს) არის თბილი, მგრძნობიარე, თანმიმდევრული, როცა სწრაფად რეაგირებს ბავშვის ტირილზე. ამ დროს ბავშვი სიამოვნებით შეიმეცნებს სამყაროს, საბავშვო ბაღში ადვილად პოულობს მეგობრებს, ადვილად უმკლავდება სტრესს, აქვს კარგი თვითშეფასება.

განრიდებული მიჯაჭვულობის მქონეა ბავშვი, თუ დედა (ან ადამიანი, რომელიც მასზე ზრუნავს) ხშირ შემთხვევაში ემოციურად მიუწვდომელია. დედას არ მოსწონს, რომ ბავშვი მასზეა დამოკიდებული და ყოველი დამოუკიდებელი ქმედების შემთხვევაში აქებს მას. ასეთი მიჯაჭვულობის დროს ბავშვი არ მიილტვის დედისკენ ფიზიკურ კონტაქტზე.ბავშვი დამოუკიდებელია, დედისგან არ იღებს თანაგრძნობას, გუგრილია და მოწყენილი, როცა რაღაც აწუხებს ან სტკივა არ ითხოვს დახმარებას, ყველას ერიდება. საბავშვო ბაღში შეიძლება იყოს აგრესიული, ბრაზიანი და დაუმორჩილებელი, რის გამოც შეიძლება არ უყვარდეთ ჯგუფში და აღმოჩნდეს იზოლაციაში.

ამბივალენტური მიჯაჭვულობის მქონე ბავშვის დედა არათანმიმდევრულია, ქაოტურია და ძნელია მისი ქცევის განჭვრეტა. ასეთი მიჯაჭვულობის მქონე ბავშვები არ არიან დარწმუნებულნი, რომ მშობლის ნდობა შეიძლება, რომ საფრთხის შემთხვევაში ისინი დაცულნი იქნებიან და მიიღებენ თანაგრძნობას მშობლისგან. ასეთი ბავშვი ბევრს ტირის, ებღაუჭება დედას და მომთხოვნია. საბავშვო ბაღში არის კრიზისული და შფოთავს, დამოკიდებულნი არიან უფროსებზე, აღმზრდელები მათ ან ეთამაშებიან, ან უბრაზდებიან.

მიჯაჭვულობის მეოთხე ტიპია დეზორგანიზაციული. ეს არის ყველაზე სუსტი მიჯაჭვულობა. დეზორგანიზაციული მიჯაჭვულობის მქონე ბავშვები ხშირად განიცდიან ძალადობასა და იგნორირებას მშობლების მხრიდან.

ბავშვი და აგრესიული მშობელი

დედის დეპრესია და ფსიქოლოგიური ტრავმა ხელს უწყობს ასეთი სახის მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებას. დეზორგანიზაციული მიჯაჭვულობის მქონე ბავშვები მშობლების მიმართ შიშს გამოხატავენ. მათ უჭირთ გრძნობებისა და ქცევების კონტროლი, არ აქვთ ემპათია, უჭირთ ემოციების გამოხატვა, არ იციან, ვის შეიძლება ენდონ და ვის – არა.

მიჯაჭვულობის დარღვევის მიზეზი შეიძლება გახდეს ოჯახურ ურთიერთობათა დარღვევა. მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი ემოციური ურთიერთობა აქვს ბავშვს მშობელთან, სასურველი შვილია ის თუ – არა. მიჯაჭვულობის დარღვევის მიზეზი შეიძლება იყოს ასევე ძალადობა, უგულებელყოფა და მშობელთან მოულოდნელი ან მტკივნეული განშორება, საცხოვრებელი ადგილის ხშირად შეცვლა და ა.შ.

მიჯაჭვულობის გრძნობის დარღვევა ადამიანში იწვევს მთელ რიგ პრობლემებს. მიჯაჭვულობის დარღვევა ზეგავლენას ახდენს არა მარტო სინდისის, პირადი ღირსების გრძნობების ჩამოყალიბებაზე, ემპათიის უნარზე, არამედ ის ბავშვის ემოციურ, სოციალურ, ფიზიკურ და გონებრივი განვითარების შეფერხებასაც იწვევს. მიჯაჭვულობის გრძნობის გარეშე ბავშვი სრულფასოვნად ვერ ვითარდება, ამ გრძნობის დარღვევის სამომავლო შედეგებია: ცხოველებისა და ადამიანების მიმართ სისასტიკე, თვითდაზიანება, საკვების ქურდობა, ჭამის დროს სიხარბე, ქრონიკული ქურდობები, პათოლოგიური ტყუილები, გამომწვევი ქცევა ან ჩაცმულობა, შეკითხვაზე პასუხის გაუცემლობა, სექსუალური აქტივობა სხვა ბავშვებთან მიმართებაში, დანაშაულის უარყოფა და სხვებისთვის გადაბრალება.

მართალია, მიჯაჭვულობის პრობლემის მქონე ბავშვებისთვის ძნელია სამყაროსა და ადამიანების მიმართ ნდობის სწავლა, მაგრამ თუ ისინი ხანგრძლივად იქნებიან მზრუნველ და მოსიყვარულე გარემოში, მათ საკუთარი თავისა და მთელი სამყაროსადმი რწმენა აუცილებლად აღუდგებათ!

მოამზადა თეონა ფიცხელაურმა

წყარო: ეკატერინე თავართქილაძის, ქ. დავითაშვილის, ი.შარაბიძის, ნ. გოგიჩაძის, ქ. მარგალიტაძის “ბავშვზე ძალადობის ძირითადი საკითხები”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.