მთავარი » საზოგადოება

როგორ ხდება სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა?

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 28.02.201324 კომენტარი | 6,783 ნახვა

სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა მიმდინარეობს.

სავალდებულო სამსახურში გაწვევას 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები ექვემდებარებიან და მიმდინარე წლის გაზაფხულზე 1 650-მდე წვევამდელის გაწვევა მოხდება, ჯარი მათ შორის, 600 წვევამდელის – თავდაცვის სამინისტროში, 670-ის – შსს-ში, 365-ის კი – სასჯელაღსრულების სამინისტროში. წვევამდელთა კონტიგენტის შემცირება ეტაპობრივად სამხედრო-საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლას უკავშირდება.

წვევამდელები უწყების მიღების შემდეგ მითითებულ ვადაში უნდა გამოცხადდნენ შესაბამის გამწვევ კომისიებში.

სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის თემაზე მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ფერაძე გვესაუბრება:

- წელიწადში რამდენჯერ ხდება სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა და რა ეტაპების გავლა უწევს წვევამდელს?

გაწვევა ხორციელდება წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე.
სავალდებულო სამსახურში გაწვევას 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები ექვემდებარებიან და მიმდინარე წლის გაზაფხულზე 1 650-მდე წვევამდელს გაიწვევენ.

- გამოძახების შემთხვევაში, თუ წვევამდელი არ გამოცხადდება კომისარიატში, რა სახის სასჯელი ელის მას?

არ გამოცხადება ორი სახისაა: ერთი – როდესაც გამწვევ კომისიაზე არ გამოცხადდება, ეს ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით, მეორე – თუ კომისიას გაივლის და შემდგომ ჯარს აარიდებს თავს, მაშინ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

- ამჟამინდელი კანონის მიხედვით, რამდენ თვეს მოიცავს სამხედო-სავალდებულო სამსახური ?

ამჟამად სამხედრო-სავალდებულო სამსახური არის 15 თვე.

- რაც შეეხება სამედიცინო შემოწმებას, რა სახის გამოკვლევები უტარდებათ წვევამდელებს?

სამედიცინო შემოწმება ხდება წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში, სადაც წვევამდელს ყველა პროფილით სინჯავენ. აქვე უტარდებათ სამედიცინო გამოკვლევებიც. იმ შემთხვევაში, თუ წვევამდელს ესაჭიროება ღრმა კვლევა, მაშინ მას ვაგზავნით შესაბამის დაწესებულებებში.

- რა შემთხვევაში ხდება წვევამდელის ე.წ. “დაბრაკვა”? და თუ უქმნის ის ახალგაზრდას პრობლემებს შემდგომ სამსახურეობრივ წინსვლაში?

“დაბრაკვა” ხდება ნებისმიერი ექიმის დასკვნის საფუძველზე. თუმცა ძირითადად ჭარბობს თერაპიული, ფსიქიატრიული და ტრავმატოლოგიური დაავადებები.

რაც შეეხება სამსახურეობრივ წინსვლას, არანაირი პრობლემა არ ექმნებათ, გარდა ძალოვანი სტრუქტურებისა, ესენია: პოლიცია, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სამსახური და სხვა. დანარჩენ სამოქალაქო სტრუქტურებში არანაირი პრობლემა არ ექმნებათ.

- არის თუ არა შესაძლებელი გადავადება და რა თანხასთანაა დაკავშირებული იგი?

სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება ხდება კანონის შესაბამისად დაწესებული მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში 18 თვით, მოსაკრებელი თანხა შეადგენს 2000 ლარს. ამით სარგებლობა პირს შეუძლია მხოლოდ 2-ჯერ.

- რა პრინციპით ხდება წვევამდელების გადანაწილება სხვადასხვა უწყებებში და ითვალისწინებთ თუ არა წვევამდელთა სურვილს?

გადანაწილება ხდება შემდეგნაირად: მოთხოვნები შემოდის სახელმწიფო სტრუქტურებიდან. ესენია: თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო, მათი მოთხოვნის შესაბამისად გადანაწილდება სხვადასხვა ადგილას. გარკვეული კრიტერიუმები აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ძირითადად, ეს არის ფიზიკური მონაცემები და სიმაღლე.

- როგორ ხდება კარანტინის გავლა, რამდენი ხანი გრძელდება იგი?

კარანტინის გავლა იმ უწყებების პრეროგატივაა, სადაც გაიწვევიან, მაგრამ არის სხვადასხვა ვადიანი კარანტინები, მაგ.: თავდაცვის სამინისტროს უფრო ხანგრძლივი კარანტინი აქვს, ვიდრე სხვა უწყებებს.

- როგორც ვიცით, წვევამდელს შეუძლია სამხედრო ვალდებულება მოიხადოს არასამხედრო ალტერნატიულ სამსახურში. ამ კუთხით ხომ არ იგეგმება რაიმე ცვლილება და კონკრეტულად რა სახის სამუშაოების შესრულება უწევს ჯარისკაცს?

ალტერნატიული სამსახური მოქმედებს ჩვეულებრივად. ამჟამად არანაირი ცვლილება არ არის ამ კუთხით. ხოლო სად შეიძლება მოიხადონ, რომელ დაწესებულებებში, ეს ნუსხა განსაზღვრულია პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით. ისე, ძირითადი ნაწილი მაინც ალტერნატიულ სამსახურს იხდის საპატრიარქოს შუამდგომლობით.

- როგორ ხდება ალტერნატიულ სამხედრო სამსახურში მოხვედრა?
წვევამდელი მიმართავს განცხადებით გამწვევ კომისიას. კომისია შეისწავლის განცხადებაში მოყვანილი არგუმენტების სისწორეს და შემდგომი დასკვნისთვის ამ განცხადებას უგზავნის უკვე ალტერნატიულ სახელმწიფო კომისიას.

- ალტერნატიული არასამხედრო სამსახურის ვადა შეესაბამება თუ არა ჩვეულებრივ სამხედრო სამსახურს?

არა. ჩვეულებრივი სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან განსხვავებით არასამხედრო ალტერნატიული სამსახური არის 18 თვიანი.

რაც შეეხება სამუშაო კვირას, ეს არის კანონით განსაზღვრული, ანუ 41 საათიანი სამუშაო კვირა და უნდა განაწილდეს ისე, როგორც ჩვეულებრივ სამოქალაქო სამსახურში.

- გადიან თუ არა კარანტინს არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში მიღებული წვევამდელები?

ალტერნატიულ სამსახურში მომსახურე ჯარისკაცები კარანტინს არ გადიან.

- და ბოლოს, ალტერნატიული სამსახურის გავლის შემდეგ რა საბუთს იღებს მოქალაქე და აქვს თუ არა რაიმე შეზღუდვა სამსახურეობრივი თვალსაზრისით?

არასამხედრო ალტერნატიული სამსახურის გავლის შემთხვევაში, პირი ჩაითვლება ალტერნატიული შრომითი სამსახურის და არა სამხედრო სამსახურის რეზერვში. აქედან გამომდინარე, მას ძალოვან სტრუქტურებში შეზღუდვები დაუწესდება.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

24 კომენტარი »

დატოვეთ კომენტარი!

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ აუცილებელი ველები.

"გქონდეს ჭეშმარიტი კეთილზნეობა და მაშინ ჭეშმარიტი ბედნიერებაც გექნება," - წმ. ტიხონ ზადონელი.