მთავარი » ქრისტიანობა

როგორ ხდება ეპიტიმიის დადება?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.04.2013 7 კომენტარი | 10,588 ნახვა

ეპიტიმია გარკვეული ცოდვის საწინააღმდეგო წამალია. ეს არის საეკლესიო სასჯელი, რომლის გამოტანის უფლება მხოლოდ მღვდელმთავარს აქვს.
რისთვის არის ეპიტემია საჭირო, როგორ ხდება საეკლესიო სასჯელის დადება და ემორჩილებიან თუ არა მას? ამ თემებთან დაკავშირებით “ამბიონს” ესაუბრა წმიდა პარტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური გიორგი კიკვაძე:

sasjeli“ეპიტიმია – ეს გახლავთ საეკლესიო სასჯელი, თუმცა უნდა განვმარტოთ, რომ არსებითად განსხვავდება ამ სიტყვის კლასიკური გაგება. საეკლესიო სასჯელი არ ითვალისწინებს ადამიანის დასჯას დანაშაულისთვის. მისი მიზანია, ეპიტიმიის გამოყენებით ადამიანს დაეხმაროს, განაშოროს მას ვნებები და ამა თუ იმ ცოდვებისაკენ მიდრეკილება. საეკლესიო სასჯელის დანიშნულება განკურნებაა. ეპიტიმია წამალია გარკვეული ცოდვის საწინააღმდეგო.

საეკლესიო სასჯელის დადებას სჯულის კანონი განსაზღვრავს, რითაც ხელმძღვანელობს ეკლესია.

ეპიტიმიის დადების უფლება მღვდელმთავარს აქვს, რომელიც საეკლესიო კანონებზე დაყრდნობით ამა თუ იმ პირს გარკვეული ცოდვების გამო განაკანონებს. ანუ ადამიანს გარკვეული პერიოდით აეკრძალება წმიდა ზიარებასთან მიახლება, ან დაევალება გარკვეული რაოდენობის მეტანიების შესრულება. სასჯელის სხვადასხვა სახე არსებობს.

ბუნებრივია, ყველა ცოდვა იკურნება, გარდა მიუტევებელი ცოდვებისა, როგორიც არის ღვთის გმობა და თვითმკვლელობა. საეკლესიო სასჯელი დამოკიდებულია ცოდვის სიმძიმეზე. ცოდვა შეიძლება იყოს მომაკვდინებლი და არამომაკვდინებელი. 7 მომაკვდინებლი ცოდვა არსებობს, ამიტომ გაცილებით მეტი დრო სჭირდება ადამიანს, თავი დააღწიოს ამგვარ ცოდვით დაცემას, ვიდრე შედარებით ,,მსუბუქი” ცოდვა დაძლიოს. ამაზეა დამოკიდებული ეპიტიმიის სიმძიმე და ამას სასულიერო პირი განსაზღვრავს.

კლასიკური გაგებით, ეპიტიმია, რომელიც გამოიტანება საეკლესიო კანონებზე დაყრდნობთ, მღვდელმსახურის პრეროგატივაა, რადგან მას აქვს სრული უფლება ხელდასმით, ქიროტონიით მიცემული, შეკვრისა და გახსნის. მღვდელმთავრებისგან ხელდასხმული სასულიერო პირები ასრულებენ ახალი აღთქმის 6 საიდუმლოს ხელდასხმის ქიროტონიის გარდა.

მღვდელმთავარს თუ შეუძლია ადამიანს გამოუტანოს 7 წლიანი განკანონება ზიარებიდან, საეჭვოა, რომ რომელიმე მღვდელმა ეს თავის თავზე აიღოს. მოძღვრის დადებული ეპიტიმია შეიცავს მეტანიებს და სხვა საეკლესიო სასჯელს ისევ მისი სულიერი შვილის საკეთილდღეოდ. ეპიტიმია მღვდელმთავრის პრეროგატივაა.

არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს სასჯელის შესრულება უჭირს. წმიდა მამების რჩევებით, არ შეიძლება ერთი და იგივე ეპიტიმია დაედოს ტაძარში ახალ მოსულს, შედარებით გამოცდილს, ან ისეთ ადამიანს, რომელიც გარკვეულია საეკლესიო ცხოვრების სულისკვეთებაში.

საეკლესიო პირი ადამიანს ეპიტიმიას იმის მიხედვით ადებს, თუ როგორ იტვირთავს, შეძლებს თუ არა მისი სულიერი ძალებიდან გამომდინარე.
შესაძლებელია ერთი და იგივე ცოდვისთვის ერთ ადამიანს დაედოს გაცილებით მძიმე ეპიტიმია და მეორეს – შედარებით მსუბუქი. ეს დამოკიდებულია ადამიანის სულიერ მდგომარეობასა და მის გამოცდილებზე. მოძღვარი ამ საკითხს შემოქმედებითად უდგება, საეკლესიო კანონის ჩარჩოებში, თუ რომელი ადამიანის მდგომარეობა როგორია იმ მოცემული მომენტისათვის.

საეკლესიო სასჯელს სჯულის კანონი განსაზღვრავს, მაგალითად, კაცის კვლისთვის ეკლესია მრავალი წელი განაჩინებს უზიარებლობას. ზუსტად იგივე სასჯელს ექვემდებარება ადამიანი, რომელიც არის მკითხავი. კაცის მკვლელის ეპიტიმია გატოლებულია „ექსტრასენსის“ ეპიტემიასთან.

დღეს ეპიტიმიის, საეკლესიო სასჯელის ფორმები, რომელიც მოცემულია დიდ სჯულის კანონში, შერბილებულია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გაუქმებულია.
ამას საეკლესიო იკონომია ეწოდება, რაც შემდეგს ნიშნავს: საეკლესიო იკონომიის მიხედვით, ეკლესია სასჯელს ადებს ადამიანს არა იმიტომ, რომ დასაჯოს, არამედ იმ დროისა და ვითარების გათვალისწინებით, რაც მოცემულ ადამიანს უდგას ცხოვრებაში. 7 წელი ისჯებოდა ადამიანი მრუშობისთვის, ან სხვა მძიმე ცოდვისთვის. დღეს საეჭვოა, რომ ვინმემ ასეთ სასჯელს გაუძლოს. ნებისმიერი მოძღვარი გახარებული იქნება, თუ ადამიანი მცირე სასჯელსაც შეასრულებს გულწრფელად და სინანულით, რასაც მოცემულ ვითარებაში უწესებს ეკლესია ამა თუ იმ მომაკვდინებელი ცოდვის ჩადენისას.

ადამიანი, რომელიც აღსარებაზე გულწრფელია, ის თავად ითხოვს ეპიტიმიის დადებას, რადგან ის თავისი ცოდვების სიმძიმეს განიცდის და წამალი სჭირდება.“

რა წინააღმდეგობები უჩნდება ამ დროს მორწმუნე ადამიანს?

100%-დან 99%-ის შემთხვევაში ადამიანი არანაირ წინააღმდეგობას არ აწყდება, პირიქით, ის გრძნობს, რომ ამით იკურნება და უკეთესად ხდება.
ცოდვით დაცემისგან მას უფალი აღადგენს და პირვანდელ პატივსა და მდგომარეობაში აბრუნებს.

რომელ ცოდვებზე შეიძლება დაადოს მღვდელმთავარმა ეპიტიმია მორწმუნე ადამიანს?

გამორჩეულად მძიმე ცოდვებია აბორტი და სიძვა. განსაკუთრებით აბორტს გამოვყოფდი, რომელიც თავისი შინაარსითა და საეკლესიო შეხედულებით გატოლებულია და აბსოლუტურად იდენტურია კაცის კვლასთან. ამიტომ გაცილებით დამძიმებულია, რადგან ამ შემთხვევაში საქმე საკუთარი შვილის მკვლელობასთან გვაქვს. ეპიტიმიის დადება ორივე შემთხვევაში ხდება.

როგორ ხდება ეპიტიმიის დადება?

ცოდვის გარკვეული ხარისხები არსებობს. როდესაც მორწმუნე ადამიანი აღსარებაზე მიდის მღვდელთან, მოძღვარი განსაზღვრავს, ესაჭიროება თუ არა კონკრეტულ აღმსარებელს მღვდელმთავართან შეხვედრა. თუ ადამიანის დაცემის ხარისხი ძალიან დიდია, მოძღვარი მას ადგილობრივი ეპარქიის მღვდელმთავართან აგზავნის, მცხეთა-თბილისის შემთხვევაში – ქორეპიკოპოსთან, რომელსაც აღმსარებელი ხვდება და მღვდელმთავარი მასთან კონსულტაციის შემდეგ შესაბამის საეკლესიო სასჯელს განუჩინებს.

თუ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ეპიტიმია ვერ შეუსრულებიათ?

დიახ, ალბათ, იქნებოდნენ და დღესაც არიან ადამიანები, რომლებმაც ვერ შეასრულეს ეპიტიმია. აჯობებდა, რომ ეს ეპიტიმია მათ საერთოდ არ დადებოდათ, რადგან შეიძლება ორმაგი ცოდვა მოიწიონ საკუთარ თავზე. ეპიტიმია აუცილებლად სრულყოფილად უნდა შესრულდეს.

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

7 კომენტარი »

  • ირინა says:

    ძალიან მიხარია, რომ სამშობლოს მოშორებულს, აქაც შემიძლია ჩემტვის საინტერესო საკიტხებზე პასუხი მოვისმინო.ხშირად ვერ ვახერხებ ქარტულ ეკლესიაში წასვლას და ეს ისე მტრგუნავს:( გაიხარეტ, უფალმა დაგლოცოტ და გაგაძლიეროტ სასიკეტო საქმის კეტებისტვის.

    • გიორგი says:

      ძალიან მიმდა ეკლესიას მიუახლოვდე, ვინაიდან ღვთის გზა ვიპოვო, როგორ მოვიქცე რო ცოდვილი ვარ ამა თუ იმ ცოდვებზე რომელიც შინაგანად კარგად გარკვეული არავარ, მინდა მივახწიო ხვთის მსახურებას და მქეჯნის ჩემი ცოდცები! აქიდან გამომდინარე ზემოთ ხსენებულ საღმრტო სიტყვებში ეპიტემია მემუქრება თუარა ან სხვა რაიმე სასჯელისთვის მზად ვიყო უფალს მივაგო ჩემი არაადამიანური წარსული ცოდვები და აწყმო იყოს ჩემი და ჩემი სულიერი მამების რჩევა დარიგების ცხოვრებით ვიცხოვრო, შინაგანად ვცდილობ ეო წავრსდგე უფლის წინაშე,

      • მოძღვარი says:

        ნუ გეშინიათ, მიდით ტაძარში პირადი მოძღვარი აიყვანეთ, როცა მოუყვებით თქვენ გასაჭირს, ის დაგეხმარებათ მონანიებაშიც და სწორი გზის პოვნაშიც.
        ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

  • ქეთინო says:

    კარგი სტატიაა ძალიან

  • გიორგი says:

    ძალიან დიდი მადლობა :)

  • თეა გაიხარე!!!გადმოხვეწილ თანამემამულეებისთვის გაწეული ამ უდიდესი დახმარებისთვის…! ბოდიშით მინდა გითხრა ჩემი გულისტკივილი…და გთხოვთ შეძლებისდაგვარად დამეხმაროთ:—საქართველოში ყოფნის დროსაც დავდიოდი ეკლესიაში,მყავდა მოძღვარი რომელიც მაზიარებდა,თუმცა მითხრა აბორტი მიუტევებელი ცოდვააო,…აქ იტალიაშიც ბარში ვცდილობდი მაქსიმალურად გამომეყენებია თავისუფალი დრო და წმ.ნიკოლოზის საფლავთან მიმეღო მონაწილეობა წირვა-ლოცვაში,დროდადრო ვეზიარებოდი კიდეც,მაგრამ სული ვერ თავისუფლდებოდა,ალბათ ეს აბორტის ცოდვით დამძიმებული ვიყავი,ახლა ვმუშაობ ისეთ ადგილზე სადაც არაა ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესია,ქრისტიანული საიტებით და ჩემთვის ლოცვებით გადის უფერული მძიმე დღეები,ცრემლით სინანულით,ქართველების , ოჯახის გარეშე ვცხოვრობ –ხსნა ღმერთის ძიებაში ვხედავ,თუმცა მოძღვრის გარეშე ძნელია,აქ კომპიუტერში ვიპოვე -,, დაუჯდომელი საკითხავი ლოცვა- აბორტის ცოდვით დაცემულ დედათათვის,”-მაგრამ კურთხევის გარეშე ვერიდები წაკითხვას, თუმცა მიწერილი აქვს ყოველდღე იკითხეთო.გთხოვთ დაგვეხმაროთ და გაგვიმარტოთ, როგორ შეგვიძლია ასეთ დროს მოვიქცე, მაქვს თუ არა უფლება ვიკითხო ეს ლოცვა,და დედის ლოცვებში მითითებული აბორტის ლოცვა…ღმერთმა დაგლოცოთ!!! წინასწარ გიხდით მადლობას!!!!

  • მინდია says:

    მანანა თქვენს შესახებ ვუამბე ჩემს მოძღვარს მამა დავითს და მან მთხოვა გადმომეცა თქვენთვის, რომ იგი გაძლევთ ლოცვა-კურთხევას ამ დაუჯდომლის კითხვაზე.
    ასე რომ შეგიძლიათ იკითხოთ და სული დაიმშვიდოთ.
    ღმერთს ებარებოდეთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი