მთავარი » ქრისტიანობა

როგორ წარმოიშვა დიდი მარხვა?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.02.2023 | 3,964 ნახვა

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე: “დიდმარხვასა და ვნების კვირას ერთ მთლიანობად მოვიაზრებთ. თუმცა ეს არის წლიური ეკლესიური ციკლის ორი განსხვავებული პერიოდი. დმანისის სიონი მათ შორის არის ორი არასამარხვო დღე: ლაზარეს შაბათი და ბზობის კვირა.

დიდმარხვისა და ვნების კვირის წარმოშობას სხვადასხვა მიზეზები გააჩნია.
ვნების კვირის წარმოშობა დაკავშირებულია ქრისტიანთა სურვილთან – ქრისტეს ვნების გახსენება მარხვითა და ლოცვით აღინიშნოს.

დიდმარხვის წარმოშობა მიეკუთვნება ნათლობისთვის განმზადებულთათვის (კათაკმეველთათვის) განკუთვნილ მოსამზადებელ პერიოდს. ორივე ეს მოვლენა აღდგომის წინ აღესრულებოდა. ვნების კვირაც და ნათლობაც აღდგომის წინა დღეებს უკავშირდება.

ამრიგად, ექვსი არასრული კვირა – ორმოცი დღე ვმარხულობთ, ლაზარეს შაბათისა და ბზობის კვირის გამოკლებით.

მოდით ვნახოთ, როგორ წარმოიშვა ეს ორი ტრადიცია. დაახლოებით მესამე საუკუნემდე ვნების კვირაში მარხვასთან დაკავშირებით სხვადასხვანაირი მიდგომა არსებობდა. ზოგი მიიჩნევდა, რომ მხოლოდ წინა დღე უნდა ემარხულა, ზოგი თვლიდა, რომ მხოლოდ ორი დღე, ზოგიც მთელი კვირა მარხულობდა.

რაც შეეხება კათაკმეველთათვის განკუთვნილ მარხვას, მას სხვა საფუძველი გააჩნია. ძველი ტრადიციის მიხედვით, ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდების წინ მარხულობდნენ. კათაკმეველთა მიმართაც ამგვარი მოთხოვნა ვრცელდებოდა, თუმცა თავდაპირველად მკაცრად განსაზღვრულ ორმოც დღემდე არ იყო შეთანხმება.

თუკი დღეს ნათლობის ყველა მსურველს მაშინვე ვნათლავთ, ძველ ეკლესიაში კათაკმეველს სურვილი ქმედებით უნდა დაემოწმებინა. ამის შესახებ მოგვითხრობს წმ. იუსტინე ფილოსოფოსი II საუკუნეში. იგი ამბობს, რომ კათაკმეველებმა ლოცვითა და მარხვით ნათლობის წინ ღმერთისგან ცოდვათა შენდობა უნდა გამოითხოვონ და შემდგომ ამატებს: “ჩვენც მათთან ერთად ვლოცულობთ და ვმარხულობთ”.

უკვე IV საუკუნიდან ეკლესიამ კათაკმეველთა მარხვას, მაცხოვრის მაგალითისამებრ, ორმოცი დღე განუსაზღვრა. მაგალითად, წმ ამბროსი მედიოლანელი ამბობს: “თუკი ქრისტიანად გახდომა გსურს, მაშინ ქრისტეს მსგავსად მოიქეცი: მან, უცოდველმა, ორმოცი დღე იმარხულა, ხოლო შენ ცოდვილს არ გინდა მარხულობა! თავად განსაჯე. .., ქრისტიანი როგორ ხარ, თუკი იმ დროს მაძღრობ, როდესაც ქრისტე შენს გამო შიმშილობდა; მაშინ ტკბები, როდესაც იგი მარხულობდა.

საბოლოოდ, მე-4 საუკუნის დასასრულისათვის აღდგომის წინ მარხვის დაცვის ვალდებულება მოციქულთა 69-ე კანონით ყველა მორწმუნისათვის ერთმნიშვნელოვნად განისაზღვრა: ,,ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი, იპოდიაკონი, წიგნის მკითხველი ან მგალობელი, რომელმაც აღდგომის წინ წმიდა ორმოცი, ან ოთხშაბათი და პარასკევი არ იმარხულოს, განკვეთილ იქნეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხორციელი უძლურება ამის საშუალებას არ აძლევს. ერისკაცი კი, ასეთივე ქმედებისათვის უზიარებლობით დაისაჯოს”.
თუმცა დასავლეთის ეკლესიაში დიდი მარხვა ყოველთვის და ახლაც შედარებით მსუბუქი სახით აღესრულება, ვიდრე აღმოსავლეთში.

რაც შეეხება თავად მარხვის შენახვის სიმძიმეს, თავდაპირველად ამ საკითხის მიმართაც არ იყო ერთგვაროვანი ტრადიცია. ზოგი ხორცის ან რძის ნაწარმის მიღებისგან იკავებდა თავს, ზოგი დღის რაღაც პერიოდი საერთოდ არ იკვებებოდა.

საბოლოოდ, მონასტრული ცხოვრების ჩამოყალიბებამ მარხვის წეს-განგებაზე დიდად იმოქმედა. ეს უმთავრესად მონაზვნურ ავტორიტეტთან იყო დაკავშირებული. მაგალითად, რუსეთის ეკლესიამ ჯერ თეოდორე სტუდიელის, ხოლო შემდეგ იერუსალიმის წესდების განჩინება შეითვისა, თუმცა ერისკაცთათვის გარკვეული შეღავათები დააწესა.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი